„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში - სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე მოსამსახურის სტატუსს, სამსახურში მიღების წესს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს. მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, პატიმრობის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობაზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ამ კანონის მიზნებისათვის და მის შესასრულებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში-მინისტრი) უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები. მუხლი 3. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი 1. სამსახური არის სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიანი სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაკისრებულ ამოცანათა შესრულებას პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებათა დაცვისა და რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 2. სამსახურში მუშაობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. 3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში-მოსამსახურე) არის პირი, რომლის საქმიანობა მიმართულია სასჯელის უშუალო აღსრულებისაკენ და უზრუნველყოფს ამ კანონის მე-5 მუხლით (გარდა მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული ამოცანის/ამოცანების შესრულებას. მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. 4. საჯარო მოსამსახურე, რომელიც მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში ასრულებს სამართლებრივ, ორგანიზაციულ, საფინანსო ან ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ფუნქციას, არ არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 5. პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური და დაწესებულების სოციალურის სამსახურების საჯარო მოსამსახურეზე ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლითა და 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6, მე7, მე-8 და მე-10 პუნქტითა და მე-40 მუხლით დადგენილი გარანტიები. მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონის უზენაესობა; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა; გ) გამჭვირვალობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) მოსამსახურის პატივის და ღირსების დაცვა; ვ) თანაზომიერება; ზ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა. 2. კანონის უზენაესობის პრინციპი გულისხმობს, რომ მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად და განხორციელდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით. 3. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის სიცოცხლეს, პატივსა და ღირსებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, არ უნდა არღვევდეს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 4. სამინისტრო ვალდებულია პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით ობიექტურად და შეძლებისდაგვარად სწრაფად უზრუნველყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, სამინისტრო ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოება, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. 5. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი. დაუშვებელია იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებდეს პოლიტიკური შეხედულებით. მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება ან მისი დასჯა პოლიტიკური შეხედულების ან პარტიული კუთვნილების გამო აკრძალულია და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამსახურეს ღირსეული შრომის პირობებით, სამართლებრივი და სოციალური გარანტიებით. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამსახურის ოჯახის უსაფრთხოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსამსახურის პატივის და ღირსების შელახვა დაუშვებელია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. 7. თანაზომიერების პრინციპი გულისხმობს, რომ კანონმდებლობით დადგენილი მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოსაყენებელი ძალა და საშუალება უნდა იყოს აუცილებელი და იმ ინტერესის პროპორციული, რომლის დაცვასაც ისახავს მიზნად უსაფრთხოების ღონისძიება ან მოქმედება. 8. ამ კანონის მიზნებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი გულისხმობს - მოსამსახურის უფლებას თავისი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების ფარგლებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თავი II სამსახურის მიზნები და ამოცანები მუხლი 5. სამსახურის მიზნები და ამოცანები სამსახურის მიზნები და ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა; ბ) პენიტენციური დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა; გ) პენიტენციური დაწესებულების დაცვის უზრუნველყოფა; დ) პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს სისტემის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეებისა წარმოება; თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია; ი) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელება. კ) პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზაციის, მათ რესოციალიზაცია/რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციასათვის ხელის შეწყობა; ლ) სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, კერძოდ პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შემუშავება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა და დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; მ) პენიტენციური დაწესებულებებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს სამართალდარღვევის ან/და დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა; ნ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების, მათ შორის სამინისტროს ბალანსზე არსებული ობიექტების დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება; ო) პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კრიზისული ვითარების მართვა. პ) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. აგრეთვე უზრუნველყოს მოსამსახურეების გადაყვანა განსაკუთრებულ რეჟიმზე; ჟ) შეიმუშავებს და ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტრანსპორტირების, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმას; რ) მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თავი III სამსახურის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და კონტროლი მუხლი 6. სამსახურის ორგანიზება 1. სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს - პენიტენციურ დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) და მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის დეპარტამენტს. 2. პენიტენციური დეპარტამენტი ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას, მათში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის,სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, შიდა უსაფრთხოებისა და გარე დაცვის უზრუნველყოფას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანას და ექსტრადიციას, პენიტენციურ დაწესებულებებში საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის დეპარტამენტი უზრუნველყოფს პენიტენციური დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული მონაცემების დამუშავებას, ანალიზს. 4. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალო აღსრულებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ექვემდებარება პენიტენციურ დეპარტამენტს. მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა და კონტროლი 1. სამსახური ექვემდებარება მინისტრს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ მინისტრის მოადგილეს. 2. მინისტრს უფლება აქვს სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის უმცროსი და საშუალო წოდების მინიჭების) თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორზე. 3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამსახურებრივ შემოწმებასა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მონიტორინგს, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - გენერალური ინსპექცია. თავი IV სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი მუხლი 8. სამსახურში მიღების წესი და მოსამსახურის სერთიფიცირება 1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და თავისი პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 2. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი შეირჩევა, როგორც წესი, სპეციალური კონკურსის საფუძველზე, რის შედეგადაც კანდიდატი დადგენილ ვადაში გადის სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომში – სასწავლო ცენტრი). სპეციალური კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი. მინისტრი ასევე ადგენს იმ თანამდებობათა ნუსხას, რომელზეც მოსამსახურეები ინიშნებიან სპეციალური კონკურსის გარეშე და უკონკურსოდ თანამდებობებზე დანისვნის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 3. სპეციალური კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატს ენიჭება კურსანტის სტატუსი. 4. სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების გავლის დასრულების შემდეგ კურსანტი აბარებს გამოცდას, რომლის მიხედვითაც იღებს შესაბამისი დონის სერთიფიკატს, ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და ინიშნება სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე. სერთიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. 5. სპეციალური მომზადების კურსი იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან, აუცილებელია შეიცავდეს პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში სპეციალურ კურსებს. 6. სამსახურში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძველია თუ კურსანტი სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების გავლის შემდგომ, გამოცდის შედეგების შესაბამისად, ვერ აიღებს სერთიფიკატს. 7. მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ სერთიფიკატის განახლების მიზნით გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსებს, რის შემდეგაც აბარებს გამოცდებს. გამოცდებზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით ხდება მოსამსახურის სერტიფიკატის განახლება. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია თუ გამოცდების შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ ვერ განაახლა სერტიფიკატი. 8. სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებსა და გავლის წესს, ასევე სერთიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს ადგენს მინისტრი. 9. იმ თანამდებობათა ნუსხას, რომელზეც მოსამსახურეები ინიშნებიან სპეციალური კონკურსის გარეშე და უკონკურსოდ თანამდებობებზე დანიშვნის წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 9. მოსამსახურის ფიცი პირი, რომელიც პირველად იქნა მიღებული სამსახურში, დებს და ხელმოწერით ადასტურებს შემდეგი შინაარსის ფიცს: „შეგნებული მაქვს რა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, და კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი“. მუხლი 10. შეზღუდვები სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამსახურში სამუშაოდ არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ არის ცნობილი; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა. თ) მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ასრულებდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში. მუხლი 11. მოსამსახურის წახალისების ფორმები 1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება. 2. მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. 4. მოსამსახურის წახალისების წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 12. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და სამინისტროს სისტემის დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. დ) მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის კანონიერი მითითებების შეუსრულებლობა. ე) მოსამსახურეთათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა. 2. დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურეს ეკისრება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა 3. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურისთვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 4. მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი. თავი V. სახელმწიფო სპეციალური წოდებები მუხლი 13. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამდებობები სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე თანამდებობების ზღვრულ სპეციალურ წოდებებს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 14. სახელმწიფო სპეციალური წოდება 1. მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. 2. სახელმწიფო სპეციალური წოდებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. თავი VI. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები და სამსახურის გავლის პირობები მუხლი 15. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები 1. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ე) დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მოქალაქის კანონიერი უფლებები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 3. კონკრეტული მოსამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მისი ფუნქციების შესაბამისად თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 16. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. მოსამსახურისათვის დადგენილია არაუმეტეს ორმოცდარვა საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე. 2. უქმე და დასვენების მოსამსახურეებისთვის. დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია, ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ გარდა ცვლაში მომუშავე ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ცვლაში მუშაობის დროის ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებისა, რომელსაც განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 4. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები. 5. მინისტრის ბრძანებით მოსამსახურეები შეიძლება გადაყვანილ იქნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე. მუხლი 17. შვებულება 1. მოსამსახურისათვის დგინდება შვებულების შემდეგი სახეები: ა) ანაზღაურებადი ყოველწლიური; ბ) დამატებითი მოკლევადიანი; გ) ანაზღაურების გარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება. 3. შვებულება მოსამსახურეს ეძლევა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ბრძანებით. მუხლი 18. ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულება 1. ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდარული დღის ოდენობით. 2. ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების დროს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება და ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად. წინა წლის გამოუყენებელი შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახლად დანიშნული მოსამსახურისათვის გამოითვლება ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამსახურის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. მუხლი 19. დამატებითი მოკლევადიანი შვებულება 1. მოსამსახურეს რომელსაც გამოყენებული აქვს ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულება განსაკუთრებული გარემოებების გამო ერთი წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს დამატებითი მოკლევადიანი შვებულება არაუმეტეს 10 დღისა. 2. მოკლევადიანი შვებულება ანაზღაურებადია და ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში არ შედის. მუხლი 20. ანაზღაურების გარეშე შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 21. სასწავლო შვებულება 1. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. 2. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება ეძლევა სამინისტროს ინიციატივით, სრულად აუნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები. მას მუხლი 22. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, დახმარება კომპენსაცია მოსამსახურეს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. და მუხლი 23. სამსახურებრივი დანიშნულების უნიფორმა 1. მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, ახორციელებს სამსახურებრივი უნიფორმით. 2. მოსამსახურის სამსახურებრივი უნიფორმის ნიმუშებსა და ატრიბუტიკას ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 24. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პროფესიული დღე. მოსამსახურის დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 სექტემბერს. მუხლი 25. გაფიცვა ან მასში მონაწილეობა მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა ან მასში მონაწილეობა. თავი VII. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა, სამსახურიდან გათავისუფლება მუხლი 26. მოსამსახურის უფლებამოსილების შეჩერება 1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამინისტროს გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია, გარდა ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 27. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) მოსამსახურის წერილობითი პატაკი (განცხადება), თუ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი ამის წინააღმდეგი არ არის; ბ) შვებულება; გ) დროებითი შრომისუუნარობა; დ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენება საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდი, ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორებისას რაიმე სხვა კანონიერი საფუძვლით; ვ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება; ზ) მოსამსახურის დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე) თ) კადრების განკარგულებაში აყვანა. მუხლი 28. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორება 1. უშუალო ან ზემდგომი უფროსი, თუ მისთვის ცნობილი გახდა მოსამსახურის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, მოსამსახურეს ჩამოაშორებს სამსახურს მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდისათვის. მუხლი 29. მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორება დისციპლინური წარმოებისას 1. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობა, შეუძლია დისციპლინური წარმოებისას მოსამსახურე ჩამოაშოროს სამსახურს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო დანამატებთან ერთად. მუხლი 30. მოსამსახურის გადაყენება 1. მოსამსახურე, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება გადაყენებული იქნეს თანამდებობიდან თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გადაყენებული მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან მისი გამართლების შემთხვევაში იგი უნდა დაინიშნოს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის თანაბარ თანამდებობაზე, ამასთან აუნაზღაურდეს სამსახურში იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო. მუხლი 31. მოსამსახურის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები მოსამსახურის უფლებამოსილების შეწყვეტის ძირითადი საფუძვლებია: ა) სამსახურიდან დათხოვნა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება კანონით დადგენილი წესით; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება. მუხლი 32. სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა 1. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლებულ/დათხოვნილ იქნეს: ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის; გ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; დ) დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოსამსახურის აღდგენის შემთხვევაში; ვ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; ზ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; კ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი; მ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ნ) პირადი პატაკით; ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; პ) სერთიფიკატის განუახლებლობის გამო, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში; ჟ) სავალდებულო პროფესიული მომზადების/გადამზადების (სასწავლო) კურსების არადამაკმაყოფილებლად გავლა; რ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურებისას, გარდა მოსამსახურის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა; ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ტ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; უ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მასზე სამსახურებრივად განპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი. მუხლი 33. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა 1. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; ბ) დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს; გ) პირადი პატაკით. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება გაფრთხილებულად სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ. მუხლი 34. საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირების სამსახურიდან დათხოვნის თავისებურებანი საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირები პენიტენციური სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ: ა) საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, თუ დასათხოვმა პირმა არ მიაღწია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს; ბ) გადადგომით ასაკის გამო – ზღვრული ასაკის მიღწევისას თადარიგში ყოფნით; გ) გადადგომით ავადმყოფობის გამო – სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეული სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. მუხლი 35. მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა 1. მოსამსახურეს, რომელსაც აქვს უმცროსი სპეციალური წოდება, შეუძლია იმსახუროს სამსახურში 60 წლის ჩათვლით. 2. მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები, შეუძლიათ იმსახურონ სამსახურში შემდეგი ასაკის მიღწევამდე: ა) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი – იუსტიციის კაპიტანი – 55 წლის ჩათვლით (თადარიგში ყოფნით); 60 წლის ჩათვლით (გადადგომით); ბ) იუსტიციის მაიორი – იუსტიციის პოლკოვნიკი – 60 წლის ჩათვლით (თადარიგში ყოფნით); 65 წლის ჩათვლით (გადადგომით). 3. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული მოსამსახურეები ექვემდებარებიან გათავისუფლებას, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით, იუსტიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების მქონე ზღვრულ ასაკს მიღწეულ მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით. 5. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს მოსამსახურის გათავისუფლების შესაძლებლობას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლებით. თავი VIII. მოსამსახურის თანამდებობაზე და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში აღდგენა მუხლი 36. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები 1. მოსამსახურე, რომელიც უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან ექვემდებარება აღდგენას სამსახურში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მოსამსახურის აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე, გამართლებული პირის განცხადება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აღდგენის შესახებ. მუხლი 37. მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენა 1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასი მოსამსახურეს მიეცემა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2. სასამართლოს მიერ სამსახურიდან დათხოვნაზე/გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში, მოსამსახურე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს აღდგენაზე. 3. სასამართლოს მიერ სამსახურიდან დათხოვნაზე/გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ ვალდებულია აღდგენას, ახალი თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების ბრძანება, განკარგულება ან შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოსცეს დაწესებულება სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოსამსახურის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოსამსახურეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. 4. ამ წესით თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში აღდგენას პირადი განცხადების საფუძველზე სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში. 5. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მასთან გათანაბრებულ თანამდებობაზე მისივე თანხმობით. თავი IX მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები მუხლი 38. მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები 1. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველასთვის. 2. დაუშვებელია მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 4. მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესახებ, უარი უნდა თქვას მის შესრულებაზე და აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტს. 5. მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 6. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ან მისი ოჯახის წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 39. მოსამსახურის სოციალური დაცვა 1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 2. მოსამსახურე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. 4. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით უზრუნველყოფს სახელმწიფო. 5. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის: ა) მიეცემა ხელფასი, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს; ბ) შეიძლება მიეცეს ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე დანამატი (ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახური, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა); გ) შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაცია. 6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო. 8. მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 9. მოსამსახურეთათვის ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატის, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობას, აგრეთვე მოსამსახურეთათვის სხვა დანამატის დანიშვნისა და გაცემისს წესს განსაზღვრავს მინისტრი. 10. პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების სოციალური სამსახურის მოსამსახურეთა დანამატების ოდენობებსა და მისი გაცემის წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 40. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები 1. მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოსამსახურისათვის, მინისტრის ბრძანებით შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 41. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. მინისტრმა არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სერთიფიცირებისთვის საჭირო პროგრამების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა, აგრეთვე განახორციელოს მათი დანერგვა მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადებში. 3. ის პირები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით არიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოს მოსამსახურეები და ახორციელებენ სამსახურებრივ საქმიანობას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველოში, უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში, სპეციალური აღრიცხვის სამმართველოში, გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოში რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას, შესაძლებელია მათივე თანხმობის შემთხვევაში, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სხვა თანამდებობაზე, თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნულ პირებს უნარჩუნდებათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება და მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. 4. ის პირები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით არიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოს მოსამსახურეები და ახორციელებენ სამსახურებრივ საქმიანობას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების განყოფილებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაში, სამორიგეოში აგრძელებენ რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას, შესაძლებელია მათივე თანხმობის შემთხვევაში, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სხვა თანამდებობაზე, თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნულ პირებს უნარჩუნდებათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება და მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. 5. თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია გაათავისუფლოს ლიკვიდაციის გამო ის მოსამსახურეები, რომლებიც უარს განაცხადებენ შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე. ლიკვიდაციის გამო გათავისუფლების შემთხვევაში გათავისუფლებულ მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეები თანამდებობაზე დანიშვნისას მუშაობას აგრძელებენ ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერთიფიკატის აღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანამდებობის პირებისა. სერტიფიცირების გავლაზე უარის თქმა ან სერტიფიკატის ვერ აღება, არის მოსამსახურის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. 7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მუხლი 42. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სერთიფიცირებასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგება 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს ის მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდგომ განაგრძობენ მუშაობას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ვალდებული არიან არაუგვიანეს 2017 წლის პირველ იანვრამდე გაიარონ სერთიფიცირება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით, თუ ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად მათი თანამდებობისთვის მოითხოვება სერტიფიკატი. 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პირობების შექმნა ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირთა დადგენილ ვადაში სერთიფიცირებისათვის მოსამზადებლად. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს გრაფიკი მოსამსახურეთა გადამზადებისა და სერთიფიცირებისათვის. მუხლი 43. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის დროებითი წესი 1. 2015 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის არყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების მიერ დაკისრებული ამოცანების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გარეშე თანამდებობებზე დანიშნონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი მოსამსახურეები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თანამდებობაზე დანიშნული პირები თანამდებობაზე დანიშვნისას მუშაობას აგრძელებენ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული სერთიფიკატის აღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანამდებობის პირებისა. სერტიფიცირების გავლაზე უარის თქმა ან სერტიფიკატის ვერ აღება, არის მოსამსახურის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. მუხლი 44. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. 2. ამ კანონის მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განაპირობა სასჯელაღსრულების სფეროს სისტემურმა რეფორმამ, რომელიც გათვალისწინებულია ამავე საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის ჩამოყალიბება მიზანია და ამ სასჯელაღსრულების სფეროში დასაქმებულ სფეროში პირთა სტაბილური სტატუსის კარიერული ახლებური სისტემის განსაზღვრა. მათ კვალიფიკაციასთან, უსაფრთხოებასთან, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების სისტემური მოწესრიგება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სფეროში ინერგება სტრუქტურის ჩამოყალიბება სამსახურების ფუნქციური გამიჯვნის პრინციპით. კერძოდ, სასჯელაღსრულების პროცესის მართვა მოიცავს ორი ტიპის ფუნქციებს: სასჯელაღსრულების სფეროში ძირითადი ტიპის ფუნქციებს, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს სასჯელის უშუალო აღსრულება, და არაძირითად ფუნქციებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ძირითადი ფუნქციების შესრულება ეფექტურად განხორციელდეს. სასჯელის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებული ფუნქციებია: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვა, რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელება, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის და ექსტრადირადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავება და ანალიზი, კრიზისული სიტუაციების მართვა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. სასჯელაღსრულების სფეროში არაძირითადი ტიპის ფუნქციებს მიეკუთვნება ყველა ის ფუნქცია, რომელიც უშუალოდ არ გულისხმობს სასჯელის აღსრულებას, თუმცა ძირითადი ფუნქციების განხორციელება შეუძლებელია მათი შესრულების გარეშე. ესენია სასჯელის აღმასრულებელი ორგანოების ლოჯისტიკა, საფინანსო უზრუნველყოფა, სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. პირველი ტიპის ფუნქციების შესასრულებლად საჭიროა ვიწრო პროფესიული სპეციალური ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლის შეძენაც შეუძლებელია ჩვეულებრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ხოლო მეორე ტიპის ფუნქციების შესასრულებლად საკმარისია მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაცია (მაგალითად, ბუღალტერი ან იურისტი), რომელიც ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შედეგად მოიპოვება. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებში მომუშავე პირთათვის სტაბილური კარიერული სტისტემის ჩამოყალიბების, მათი კვალიფიკაციის სათანადო დონეზე უზრუნველყოფისა და სამუშაო პირობებიდან გამომდინარე მათ სტატუსზე განსაკუთრებული ზრუნვის მიზნით საჭირო გახდა სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულ სპეციალური პროფესიული მომზადების საჭიროების მქონე პირთა დაჯგუფება განცალკევებულ სამსახურებრივ სისტემაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია დასაქმებული პირის განსაკუთრებული სტატუსი, სამუშაოს შესრულებისთვის სპეციფიკური მოთხოვნები, შრომის განსხვავებული პირობები და ადექვატური სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. ამ მიზნით, კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იქმნება სპეციალური პენიტენციური სამსახური. სპეციალური პენიტენციური სამსახური თავად არ წარმოადგენს რაიმე ცალკე აღებულ სტრუქტურულ ფორმას, არამედ კრებითი სახელია პენიტენციური დაწესებულებებსა და სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა, რომლებიც ზემოაღნიშნულ ძირითად სასჯელაღსრულებით ფუნქციებს ასრულებენ და რომლებშიც სპეციალური სტატუსის მქონე მოსამსახურეები არიან დასაქმებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური დაახლოებით პოლიციის იდენტური ცნებაა, რომელიც კონკრეტული სტრუქტურული ან ორგანიზაციული წარმონაქმნი კი არ არის, არამედ სპეციალური სტატუსის მქონე ორგანოთა სისტემა, რომელშიც ერთიანდება პენიტენციური დაწესებულებები და სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისკენ, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ღონისძიებების განხორციელებისკენ. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით სპეციალური პენიტენციური სამსახური წარმოდგენს სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სპეციალურ გასამხედროებულ ქვედანაყოფების სისტემას, რომელიც სამინისტროს სამოქალაქო სამსახურისგან განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციებით ხასიათდება. კანონპროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ მიზნით პირი სანამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინიშნება ვალდებულია გაიაროს სპეციალური პროფესიული მომზადების სავალდებული სასწავლო კურსი თანამდებობის მიხედვით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში და კურსის დასრულების შემდეგ ჩააბაროს გამოცდა და აიღოს შესაბამისი დონის სერტიფიკატი. მხოლოდ სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში ინიშნება პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურედ. სერტიფიკატი 3 წლიანია და მოსამსახურე ვალდებულია განსაზღვრულ ვადაში მოხდინოს სერთიფიკატის განახლება. კანონპროექტით განსხვავებული რეგულაციით ყალიბდება სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხი. სამსახურეობრივი მოვალეობის სპეციფიკიდან გამომდინარე სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებად განისაზღვრება მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილი არანორმირებული სამუშაო დროის გათვალისწინებით დგინდება შვებულების სხვადასხვა სახე (ყოველწლიური, მოკლევადიანი და ა.შ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სოციალური დაცვის გარანტიით და ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ასევე მას სრულად უნაზღაურდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი. სოციალურ გარანტიებში მნიშვნელოვანი სიახლეა ის ფაქტი, რომ მოსამსახურეებს აღარ ექნებათ თანამდებობრივ სარგოზე სასურსათო ულუფის დანამატი და აღნიშნული ეკონომიით გამოთავისუფლებული თანხა დაემატება თანამდებობრივ სარგოს და გახდება მისი შემადგენელი ნაწილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტი გავლენას ახდენს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და ეს ვალდებულებები ყველა ვალდებულება გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტის გარკვეული ნაწილი მომზადებულია ევროპის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები ჩართული არ ყოფილან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.