გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210018002715039
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4266 - 17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ა-----------------ი

წარმომადგენლები - თ-----------ე, თ-----------ე

მოპასუხეები - გ---------------------ი, მ------------------------ე

წარმომადგენელი - მ-----–---–---–---–ი

მესამე პირები - გ--------------ე, ი-----------------ე, ნ-----------------------ა, ჰ---–------------ი

წარმომადგენელი - თ-----------ე

დავის საგანი - გარდაცვალების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შევიდეს ცვლილება გარდაცვალების აქტის ჩანაწერში N------- (რეგისტრირებული 10.03.2008წ.) და 1----–-–------------–- დაბადებული ი----------------ის გარდაცვალების თარიღად დადგენილი იქნას 1942 წლის 01 იანვარი;

 

1.2. შევიდეს ცვლილება 2015 წლის 29 იანვარს ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის N---------) და 1942 წლის 01 იანვარს გარდაცვლილი ი----------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მემკვიდრე გ---------------------ის წილად განისაზღვროს უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თბილისი, კ---–---------------, 1/2 ნაწილი;

 

1.3. მოსარჩელე ა-----------------ი ცნობილი იქნას მემკვიდრედ 1987 წლის 02 ნოემბერს გარდაცვლილი ე------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მათ შორის უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, კ. ი-–----------------ის 1/2 ნაწილზე, რომელიც მამკვიდრებელმა ე------------------მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო 1942 წლის 01 იანვარს გარდაცვლილი მეუღლის ი----------------ისაგან;

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებული 2017 წლის 31 იანვარს (რეესტრში რეგისტრაციის N8-----------) და მ------------------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, კ---–--------------- (ს-------------------) 1/2 ნაწილის დაზუსტებული ფართის, კერძოდ, შენობა-ნაგებობის N3 -საერთო ფართით 223,73 კვ.მ. (მათ შორის პირველი სართული 89.50 კვ.მ. მეორე სართული 134,26 კვ.მ.) და შენობა-ნაგებობის N4 - საერთო ფართით 52,96 კვ.მ. მესაკუთრედ ცნობილი იქნას მოსარჩელე ა-----------------ი.

 

ქ. თბილისში, ი-–----------------ში მდებარე სახლთმფლობელობა ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებით წარმოადგენს 764 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებს. ლიტერ ,,ა“ საცხოვრებელი, ლიტერი ,,ბ“ საცხოვრებელი, ლიტერი ,,გ“ საცხოვრებელი, ლიტერი ,,ვ-ვ -ვ“-ს დამხმარე, სააღრიცხვო ბარათი N------ აღრიცხულია 1941 წელს, ხოლო მესაკუთრედ მითითებულია ი----------------ი. ეს უკანასკნელი იყო მოსარჩელის ბებიის 1987 წლის 02 ნოემბერს გარდაცვლილი ე-----------------ის მეუღლე. ე-----------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა სამი შვილი: გ----------------ი (მოსარჩელის მამა), რომელიც გარდაიცვალა 26.04.2006 წელს, ნ-----–-----------ი (ქორწინების შემდგომ ,,მ-------ა“), რომელიც გარდაიცვალა 03.05.2010 წელს და ა------------ი, რომელიც გარდაიცვალა 03.01.2009 წელს. მოსარჩელის ბებია, პირველი ქორწინებიდან მიღებული გვარით იყო გ--------ი, ხოლო ქორწინებამდელი გვარით იყო ბ----------–---–ი.

1907 წელს დაბადებულმა ი----------------მა და 1908 წელს დაბადებულმა ე-----------------–---–მა იქორწინეს 1939 წლის 23 თებერვალს (აქტის ჩანაწერი N---). ქორწინების შემდეგ, მოსარჩელის ბებიამ მიიღო გვარი ო---------ი. ქორწინების პერიოდში, 1----–-–------------–-, მათ შეეძინათ შვილი, გ---------------------ი. ე-----------------ი 1939 წლის 07 მარტს ჩაეწერა ქ. თბილისში, ი-–---------------------–----------–------------ში. საბინაო წიგნში მოხსენებული არ არის ი----------------ი. საბინაო წიგნში აღნიშვნების გაკეთება დაწყებულია 06.02.1945 წელს. ი----------------ი გარდაიცვალა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ გ---------------------მა გარდაცვალების ფაქტი დაადგინა 2008 წელს, რის საფუძველზეც გაიცა გარდაცვალების მოწმობა, რომ ი----------------ი გარდაიცვალა 100 წლის ასაკში ანუ მისი მეუღლის ე-----------------ის გარდაცვალების შემდეგ, რაც არის შეცდომა. ქონება. მდებარე ქ. თბილისი, ი-–----------------ში, მეუღლეების მიერ ერთად იქნა შეძენილი, რასაც ადასტურებს აღრიცხვის ბარათიც (1941 წ.). ი----------------ის სახელზე აღრიცხული ქონების 1/2 ნაწილი განხილულ უნდა იქნეს როგორც ე-----------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაც, რომელიც ფაქტიური ფლობით მიიღო ჯერ მოსარჩელის მამამ, ხოლო შემდეგ თავად მოსარჩელემ, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. 2015 წლის 29 იანვარს, ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რითაც გ---------------------მა მიიღო მამის, ი----------------ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ი-–---------------. ი----------------ის დანაშთ სამკვიდრო მასაში მთლიანად შევიდა მიწის ნაკვეთი და ის სახლი, რომელიც აშენებულია მოსარჩელის მამის, გ----------------ის მიერ. ი----------------ი გარდაცვლილად გამოცხადებული იქნა 2008 წლის 06 მარტს. რაც არასწორია, რადგან ი----------------ი 1941 წლის შემდეგ არავინ უნახავს. სამამულო ომის დროს დაკარგული პირი გარდაცვლილად გამოცხადდა 2008 წელს. მოსარჩელის ბებია, ე-----------------ი მთელი ცხოვრება იღებდა მარჩენალდაკარგულის პენსიას, რაც იმის დასტურია, რომ მის გარდაცვალებამდე ი----------------ის გარდაცვალების ფაქტი უკვე აღიარებული იყო. მოპასუხე გ---------------------ის მამის გარდაცვალების თარიღად სასამართლო გადაწყვეტილების თარიღის მითითებით, მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთვა უფლება, მიიღოს მისი კუთვნილი ქონება, კერძოდ, მამის, გ----------------ის მიუღებელი სამკვიდრო ქონება, რომელიც მან მიიღო თავის სიცოცხლეშივე თავისი დედის, ე-----------------ის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც თავის მხრივ ასევე ფაქტიური ფლობით მიიღო თავისი მეუღლის ი----------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მაგრამ არ გადაუფორმებია. 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით (საქმე N--------) ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. პირი რომ გარდაცვლილია მხარეთა შორის ეს გარემოება უდავოა, მაგრამ რადგან სადავოა გარდაცვალების თარიღი, სწორედ ამ ნაწილში იქნა გადაწყვეტილება ბათილად ცნობილი. ამ გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია მოსარჩელემ მიიღოს კუთვნილი მემკვიდრეობა.

მოპასუხე გ---------------------ის სახელზე, 2015 წლის 01 აპრილს გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, მას საკუთრებაში გადაეცა მთლიანი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-–--------------- (ს-------------------). მოსარჩელე მხარის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ამ ქონების 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. დღემდე სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაცემულია პირზე, რომლის გარდაცვალების თარიღი და ადგილი გაუქმებულია და დაუდგენელია, მოქმედია და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერი ითვლება უტყუარად. 2017 წლის 31 იანვარს, გ---------------------სა და მის შვილს, მ------------------------ეს შორის, გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, სადაც გ---------------------მა სადავო ქონება აჩუქა თავის შვილს, მ------------------------ეს. ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონება არ არის უფლებრივად და ნივთობრივად ნაკლის მქონეა და ამის თაობაზე ცნობილი იყო გ---------------------ისა და მ------------------------ისათვის, არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი;

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხე გ---------------------ი არ ეთანხმება სარჩელს. მოსარჩელე ა-----------------ი საერთოდ შემხებლობაში არ არის მოსარჩელის მიერ კანონიერად მიღებულ მემკვიდრეობასთან. ასევე, მოსარჩელე არანაირ კავშირში არ არის მამის, ი----------------ის გარდაცვალების თარიღის და ადგილის დადგენასთან. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. გ---------------------ის მშობლების, ე-----------------ასა და ი----------------ის ქორწინების სააქტო ჩანაწერში მითითებულია, რომ ე-----------------ს არ ჰყავს შვილები და მანამდე დაოჯახებული არ ყოფილა. ქ. თბილისში, ი-–----------------ში არსებული უძრავი ქონება ყოველთვის ირიცხებოდა მოპასუხის მამის, ი----------------ის სახელზე. ე-----------------ი ისე გარდაიცვალა, რომ მას მემკვიდრეობა არ მიუღია და ასევე პრეტენზია არ განუცხადებია არც მოსარჩელის მამას, გ----------------ს. მოსარჩელეს გაშვებული აქვს სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაყენების ყოველგვარი ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხის განცხადებით დადგინდა ი----------------ის გარდაცვალების თარიღი. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ი----------------ი თითქოს გარდაიცვალა 1941 წელს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. გ----------------მა, როგორც მდგმურმა, ამ მისამართიდან მიიღო ბინა საკუთრებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე გ---------------------მა, 2015 წლის 29 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სრულიად კანონიერ მიიღო მამის, ი----------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ი-–----------------ში. მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, უკანონოდ მოხდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების N-------- სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტი. მოპასუხე გ---------------------მა, როგორც მესაკუთრემ, თავის სიცოცხლეში კანონიერად გადასცა ჩუქებით უძრავი ქონება შვილს, მ------------------------ეს, შესაბამისად, მათ შორის ჩუქება დაიდო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები გ--------------ე, ი-----------------ე, ნ-----------------------ა, ჰ---–------------ი მხარს უჭერენ სასარჩელო მოთხოვნას და სრულად იზიარებენ მოსარჩელე მხარის პოზიციას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებით, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-–---------------, ფართობი 764 კვ.მ. მესაკუთრედ, 1941 წლის სააღრიცხვო ბარათის N------ საფუძველზე რეგისტრირებული იყო ი----------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა-დახასიათება, მომზადების თარიღი 04.02.2015 (ტომი 1, ს.ფ. 23);

 

3.1.2. ი----------------ი და ე-----------------ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ბ----------–---–ი“) დაქორწინდნენ 1939 წლის 23 თებერვალს. მათ ჰყავთ საერთო შვილი გ---------------------ი, რომელიც დაიბადა 1-.0-.1--- წელს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 36);

 

3.1.3. ე------------------ი (დაბადებული 1----–-–----------------) გარდაიცვალა 1987 წლის 2 ნოემბერს);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ტომი 1, ს.ფ. 26);

 

3.1.4. მოსარჩელე ა-----------------ი წარმოადგენს გ----------------ის და ე---------------ის (ქორწინებამდელი გვარი ,,ნ--------ე“) შვილს;

გ----------------ი გარდაიცვალა 2006 წლის 26 აპრილს. ე---------------ი გარდაიცვალა 2007 წლის 14 მაისს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 31);

- ე---------------ის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 32);

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--–-------- (ტომი 1, ს.ფ. 28);

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N- (ტომი 1, ს.ფ. 33);

 

3.1.5. ე-----------------ი (მოსარჩელე ა-----------------ის ბებია) 1939 წლის 07 მარტს ჩაეწერა ქ. თბილისში, ი-–---------------------–----------–------------ში. საბინაო წიგნში, რომლის პირველ გვერდზე აღნიშვნების გაკეთება დაწყებულია 06.02.1945 წლიდან, ჩაწერილები არიან ე-----------------ი ოთხი მცირეწლოვანი შვილით. ი----------------ი საბინაო წიგნში მოხსენებული არ არის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1945 წელს გახსნილი საბინაო წიგნი (ტომი 1, ს.ფ. 38-46);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ე-----------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა სამი შვილი: გ----------------ი (გარდაიცვალა 26.04.2006 წელს), ნ-----–-----------ი, ქორწინებით ,,მ-------ა“, (გარდაიცვალა 03.05.2010 წელს) და ა------------ი (გარდაიცვალა 03.01.2009 წელს); ე-----------------ის ქალიშვილობის გვარი იყო ბ----------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე-----------------–---–ის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 25);

- საარქივო ცნობა N--------------- (ტომი 1, ს.ფ. 27);

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--–-------- (ტომი 1, ს.ფ. 28);

- ნ-----–-----------ის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 29);

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 30);

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 35);

 

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით N--------, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტი - სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ 2008 წლის 10 მარტს გაცემული გარდაცვალების მოწმობით (აქტის ჩანაწერი N--–--------), ი----------------ის გარდაცვალების თარიღად დაფიქსირდა 2008 წლის 06 მარტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- 2008 წლის 10 მარტს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--–-------- (ტომი 1,ს ფ.. 37);

 

3.2.3. სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2008 წლის 06 მარტს გარდაცვლილი ი----------------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ორი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2015 წლის 29 იანვარს ნოტარიუს ნ-----–--ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, 2015 წლის 29 იანვარს ნოტარიუს ნ-----–--ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

2015 წლის 29 იანვარს, ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ, გ---------------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, გ---------------------მა, როგორც ი----------------ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც მოიცავს მამკვიდრებლის ი----------------ის ქონებრივი უფლებების და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის სრულად, რომელშიც შედის ასევე ქ. თბილისში, ი-–-------------ში მდებარე უძრავი ქონება.

აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ი-–------------------, ს--------------------, საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე გ---------------------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 09.02.2015 წელს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 72);

- 29.01.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1, ს.ფ. 73-83);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 23.02.2015 წელი (ტომი 1, ს.ფ. 84-85);

- მოწმე ნ--------–--ის (ნოტარიუსი) ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. 2015 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, განცხადებით მომართა ა-----------------მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გარდაცვლილად გამოცხადებული ი----------------ის გარდაცვალების თარიღის დადგენის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა-----------------ის განცხადება: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება N-------- სამოქალაქო საქმეზე, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტი - სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე;

სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 11 ივლისს გაცემულ გარდაცვალების მოწმობაში არ არის მითითებული 1-.0-.1--- წელს დაბადებული ი----------------ის გარდაცვალების თარიღი და ადგილი. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 10.03.2008 წელი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინება, საქმე N-------- (ტომი 1, ს.ფ. 95-98);

- 2016 წლის 11 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ტომი 1, ს.ფ. 99).

 

3.2.5. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 15.08.2016 წლის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა თ-----------ეს, 2016 წლის 13 ივლისის N------------ განცხადებაზე, ი----------------ის გარდაცვალების იურიდიული ფაქტის დადგენაზე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, ა-----------------ის განცხადება, ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე, დარჩა განუხილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 15.08.2016 წლის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 100-102);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილება, საქმე N---------- (ტომი 1, ს.ფ. 128-130);

 

3.2.6. 05.05.2015 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ი-–------------------, დაზუსტებული ფართობი 682.00 კვ.მ. (ს--------------------) რეგისტრირებულია გ---------------------ის, გ----------------ის, თ------------------ის და ი----------------ის თანასაკუთრების უფლება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.05.2015 წელი (ტომი 1, ს.ფ. 93-94);

 

3.2.7. 2017 წლის 31 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებით, გ---------------------მა უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, კ. ი-–---------------, 682 კვ.მ.-დან თავისი (გ---------------------ის) საკუთრებაში არსებული წილი არასასოფლო სამეურნეო N----------------, შენობა-ნაგებობა N3 საერთო ფართი 223.73 კვ.მ. (მათ შორის I სართული, 89.50 კვ.მ. II სართული, 134.26 კვ.მ.) შენობა-ნაგებობა N4 საერთო ფართით 52.96 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა მ------------------------ეს;

შესაბამისად, უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ. ი-–---------------, 2017 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით რეგისტრირებულია მ------------------------ის, გ----------------ის, თ------------------ის და ი----------------ის თანასაკუთრების უფლება;

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისი ინტერესია სწორედ ის ფართი, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა მოპასუხე მ------------------------ეს, ვინაიდან, მითითებული ფართი მოსარჩელე მხარის ფაქტობრივ სარგებლობაშია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.01.2017 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 131-132);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 06.02.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 133-134).

 

3.2.8. ა-----------------მა, 2018 წლის 04 მაისს, განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--------–--ეს. მან განაცხადა, რომ არის 26.04.2006 წელს გარდაცვლილი გ----------------ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი და სურს სამკვიდრო მოწმობის მიღება გ----------------ის დანაშთ ქონებაზე, რომელშიც ასევე შედის 02.11.1987 წელს გარდაცვლილი ე------------------ის ქონებიდან მისი მამის, გ----------------ის კუთვნილი წილი, რომელიც ასევე მოიცავს ე------------------ის მეუღლის ი----------------ის კუთვნილი ქონებიდან ე-----------------ის კუთვნილ წილს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ მოხერხდა: მამკვიდრებელ გ----------------სა და 02.11.1987 წელს გარდაცვლილი ე------------------ს შორის ნათესაური კავშირის დადგენა. გ----------------ის მიერ მისი დედის ქონებაზე სამკვიდროს მიღებისა და ფლობის ფაქტის დადგენა, ე-----------------ას მიერ ი----------------ის ქონებაზე სამკვიდროს მიღებისა და ფლობის ფაქტის დადგენა. განმცხადებელს არ წარმოუდგენია ი----------------ის ახალი გარდაცვალების მოწმობა და ამასთან, სანოტარო ბიუროს არქივში ინახება 29.01.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N---------, რომლის თანახმადაც, გ---------------------ის განცხადებისა და მის მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე, ი----------------ის ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და სამკვიდრო ქონება სრულად მიიღო გ---------------------მა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-----------------ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.05.2018 წლის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 2, ს.ფ. 31-33);

- მოწმე ნ--------–--ის (ნოტარიუსის) ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.9. 2019 წლის 18 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------------------------ემ, მოპასუხე ა-----------------ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნული დავა სასამართლოში დასრულებული არ არის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ------------------------ის სარჩელის ასლი (ტომი 2, ს.ფ. 176-191);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 192-193).

 

3.2.10. მხარეები, ა-----------------ი, გ---------------------ი და მ------------------------ე ფაქტობრივად ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ი-–---------------. საერთო ეზოში განთავსებულია ორი საცხოვრებელი სახლი, რომელიც გაყოფილია ბეტონის ღობით და ფაქტობრივად გამიჯნულია ორ დამოუკიდებელ შენობა-ნაგებობად, რომელთაც აქვთ ცალ-ცალკე შესასვლელი ჭიშკარი. ერთ მხარეს ცხოვრობს ა-----------------ი თავის ოჯახთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს ცხოვრობს მოპასუხე გ---------------------ი და მისი შვილები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოწმე გ-----------------ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.11. სადავო უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ი-–---------------, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, ი----------------ის სახელზე აღირიცხა 1941 წელს (სააღრიცხვო ბარათი N------). ი----------------ი 1939 წლის 23 თებერვლიდან იმყოფება ქორწინებაში ე-----------------თან. სხვა სახის მტკიცებულება, რაც ქორწინებამდე პერიოდში, ი----------------ის, როგორც მესაკუთრის მიერ აღნიშნული უძრავი ნივთზე უფლების წარმოშობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სადავო ნივთი, რომელიც ერთ-ერთი მეუღლის სახელზე აღირიცხა 1941 წელს, წარმოადგენს ი----------------ის და ე-----------------ის თანასაკუთრებას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 36);

- ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, მომზადების თარიღი 04.02.2015 (ტომი 1, ს.ფ. 23);

 

3.2.12. მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ი----------------ის გარდაცვალების თარიღს არ წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ 2008 წლის 10 მარტს გაცემულ გარდაცვალების მოწმობაში მითითებული თარიღი - 2008 წლის 06 მარტი. ეს თარიღი მიეთითა ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღის მიხედვით.

მოსარჩელე ა-----------------ის ბებია, ე-----------------ი ფაქტობრივად დაეუფლა გარდაცვლილი მეუღლის, ი----------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. ე-----------------ი გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ი-–---------------, თავის შვილებთან ერთად. ე-----------------ი უვლიდა, პატრონობდა, ზრუნავდა ამ საცხოვრებელ სახლზე. იგი უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა საცხოვრებელი ფართით. ე-----------------ი, მოხუცებულობის და მარჩენალდაკარგულობის გამო, იღებდა პენსიას. მისი შვილები (პირველი ქორწინებიდან) ა------------ი და ნ-----–-----------ი დაოჯახების შემდეგ გადავიდნენ სხვა მისამართზე საცხოვრებლად, ხოლო ამ მისამართზე საცხოვრებლად დარჩნენ გ----------------ი და გ---------------------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- საპენსიო მოწმობა N----- (ტომი 1, ს.ფ. 71);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 09.03.2015 წელს გაცემული საინფორმაციო ბარათები (ტომი 1, ს.ფ. 108-111);

- მოწმე გ-----------------ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.13. მოსარჩელე ა-----------------ი დაეუფლა 26.04.2006 წელს გარდაცვლილი მამის, გ----------------ის დანაშთ ქონებას, რომელსაც თავის სიცოცხლეში ფაქტობრივი ფლობის წესით მიღებული ჰქონდა დედის, ე-----------------ის (გარდაცვალების თარიღი 02.11.1987 წელი) სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ი-–----------------ში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- 1945 წელს გახსნილი საბინაო წიგნი (ტომი 1, ს.ფ. 38-46);

- 06.02.1950 წლის საგადასახდელო უწყება, 29.07.1952 წლის საგადასახდელო უწყება N3------, 03.01.1961 წლის საგადასახდელო უწყება N3----, 01.12.1965 წლის დაზღვევის მოწმობა, 22.02. 1975 წლის საგადასახდელო უწყება N4-----, გ----------------ის სახელზე 02.09.1987 წელს, 29.09.1988 წელს, 30.05,1989 წელს, 01.09.19994 წელს გაცემული სადაზღვევო მოწმობები, 1977 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულება ბუნებრივი გაზით მოქალაქეთა პირად საკუთრებაში მყოფი სახლების გაზმომარაგებაზე, კომუნალური გადახდის ქვითრები (ტომი 1, ს.ფ. 47-70);

- მოწმე გ-----------------ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს აქვს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით უფლება სადავო უძრავი ქონების შესაბამის ნაწილზე, რაც წარმოადგენს ა-----------------ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე, 54-ე, 115-ე, 183-ე, 524-525-ე, 1306-1307-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-ე, 1500, 1507-ე მუხლები.

 

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-540-ე, 544-ე, 546-ე, 556-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ა-----------------მა მოითხოვა ი----------------ის გარდაცვალების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება.

 

დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა-დახასიათებით, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-–---------------, ფართობი 764 კვ.მ. მესაკუთრედ, 1941 წლის სააღრიცხვო ბარათის N------ საფუძველზე რეგისტრირებული იყო ი----------------ი. ი----------------ი და ე-----------------ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ბ----------–---–ი“) დაქორწინდნენ 1939 წლის 23 თებერვალს. მათ ჰყავთ საერთო შვილი გ---------------------ი, რომელიც დაიბადა 1-.0-.1--- წელს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ე-----------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა სამი შვილი: გ----------------ი (გარდაიცვალა 26.04.2006 წელს), ნ-----–-----------ი, ქორწინებით ,,მ-------ა“, (გარდაიცვალა 03.05.2010 წელს და ა------------ი (გარდაიცვალა 03.01.2009 წელს); ე-----------------ის ქალიშვილობის გვარი იყო ბ----------–---–ი. ე------------------ი (დაბადებული 1----–-–----------------) გარდაიცვალა 1987 წლის 2 ნოემბერს). მოსარჩელე ა-----------------ი წარმოადგენს გ----------------ის და ე---------------ის (ქორწინებამდელი გვარი ,,ნ--------ე“) შვილს. გ----------------ი გარდაიცვალა 2006 წლის 26 აპრილს. ე---------------ი გარდაიცვალა 2007 წლის 14 მაისს. მოსარჩელე მხარე სადავო საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით პრეტენზიას აცხადებს, როგორც გ----------------ის მემკვიდრე, რომელმაც დედის, ე-----------------ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობის წესით მიიღო მისი სამკვიდრო ქონება, ხოლო, თავის მხრივ, ე-----------------ს, მეუღლის ი----------------ის სამკვიდრო ქონება, თავის სიცოცხლეში მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი დაუფლებით, თუმცა ქონება საკუთარ სახელზე არ გადაუფორმებია.

 

მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

 

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-540-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდრეძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. მამკვიდრებელი ე-----------------ი გარდაიცვალა 1987 წელს და იმ დროისათვის მოქმედებდა ზემოაღნიშნული კანონმდებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება შეძენილია ი----------------ის და ე-----------------ის ქორწინების პერიოდში, რის გამოც, ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. ამასთან, მოსარჩელის ინტერესია ი----------------ის გარდაცვალების თარიღად მითითებული იქნეს 1942 წლის 01 იანვარი, ვინაიდან იგი 1941 წელს წავიდა ომში და იმის შემდეგ, მას შემდეგ იგი არავის უნახავს. მისი მეუღლე, ე-----------------ი, მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებდა მარჩენალდაკარგულის პენსიას. შესაბამისად, ნათელია, რომ ე-----------------ი გარდაიცვალა ი----------------ის სავარაუდო დაღუპვის პერიოდიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით N-------- დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტი - სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ 2008 წლის 10 მარტს გაცემული გარდაცვალების მოწმობით (აქტის ჩანაწერი N--–--------), ი----------------ის გარდაცვალების თარიღად დაფიქსირდა 2008 წლის 06 მარტი. აღნიშნული თარიღის დაფიქსირებით, მოსარჩელე ა-----------------ს, როგორც ე-----------------ის შთამომავალს, მოესპო შესაძლებლობა, ედავა სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილ წილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, 1. პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. 2. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა, საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან. 3. პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.

 

ა-----------------მა, 2015 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გარდაცვლილად გამოცხადებული ი----------------ის გარდაცვალბის თარიღის დადგენის ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა-----------------ის განცხადება: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება N-------- სამოქალაქო საქმეზე, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტი - სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. ამდენად, მხარეებს შორის სადავო არ არის თავად გარდაცვალების ფაქტი, თუმცა სადავოა გარდაცვალების თარიღი.

 

ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადებისა და მისი დაღუპვის დღის დადგენამდე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეფასდეს, სადავო ქონება წარმოადგენდა თუ არა მეუღლეების, ი----------------ის და ე-----------------ის საერთო საკუთრებას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ი----------------ის და ე-----------------ის დაქორწინების პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობაზე. საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის (ამოქმედდა 1930 წლის 01 მაისიდან) 1-ლი მუხლის მიხედვით, ქორწინება უნდა მოხდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში რეგისტრაციით. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, ქონება, რაც მეუღლეებს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა რჩება მათ განკერძოებულ ქონებას. ხოლო ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეთა მიერ საერთო შრომით ქორწინების განმავლობაში, ეკუთვნის ორივეს თანასწორ წილად. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ი-–---------------, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ი----------------ის სახელზე აღირიცხა 1941 წელს (სააღრიცხვო ბარათი N------). ი----------------ი 1939 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში ე-----------------თან. სხვა სახის მტკიცებულება, რაც ქორწინებამდე პერიოდში, ი----------------ის, როგორც მესაკუთრის მიერ აღნიშნული უძრავი ნივთზე უფლების წარმოშობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ი-–----------------ში), რომელიც ერთ-ერთი მეუღლის სახელზე აღირიცხა 1941 წელს, წარმოადგენდა მეუღლეების, ი----------------ის და ე-----------------ის საერთო საკუთრებას, თანაბარი წილის უფლებით.

 

საქართველოს კანონმდებლობით, როგორც უკვე აღინიშნა, სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან. ამ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ი----------------ი 1941 წელს ომში წავლის შემდეგ არავის უნახავს და მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოსულა. პირის გარდაცვლილად გამოცხადების თარიღს ადგენს სასამართლო: შეიძლება იყოს მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე ან პირის სავარაუდო დაღუპვის დღე. სწორედ ა-----------------ის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით ბათილად ცნო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. ნათელია, რომ მითითებული თარიღის განსაზღვრისას, არამართებულად დაირღვა ა-----------------ის, როგორც მემკვიდრის უფლებები, რომელსაც, როგორც ე-----------------ის შთამომავალს, წაერთვა მემკვიდრეობითი უფლება, პრეტენზია განეცხადებინა სადავო ქონებაზე. მხარეებს შორის არ არის სადავო თავად ი----------------ის გარდაცვალების ფაქტი. მხარეები არც იმ გარემოებაზე დავობენ, რომ გარდაცვალების თარიღს არ წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ 2008 წლის 10 მარტს გაცემულ გარდაცვალების მოწმობაში მითითებული თარიღი - 2008 წლის 06 მარტი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი გამოაცხადოს გარდაცვლილად და ასეთ შემთხვევაში, პირის სიკვდილის დღეს დაადგინოს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----------------ი (დაბადებული 1-.0-.1--- წელს) უნდა გამოცხადდეს გარდაცვლილად და მისი სიკვდილის დღედ აღიარებულ უნდა იქნეს 1942 წლის 01 იანვარი, რის შესახებაც შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს მისი გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში (N-------).

 

მოსარჩელე ა-----------------ის მამა, გ----------------ი გარდაიცვალა 2006 წლის 26 აპრილს. ხოლო გ----------------ის დედა, ე-----------------ი, როგორც უკვე აღინიშნა, გარდაიცვალა 1987 წლის 2 ნოემბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არც ე-----------------ს და არც გ----------------ს თავიანთ სიცოცხლეში არ განუცხადებიათ პრეტენზია სამკვიდრო ქონებაზე და მათ არ მიუღიათ სამკვიდრო მოწმობა. თუმცა, მხარეთა შორის არ არის სადავო ის გარემოება, რომ ე-----------------ი ი----------------ის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემდეგ, გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა სადავო სახლში, მდებარე ქ. თბილისი, კ. ი-–----------------ში და ასევე, გ----------------ი, დედის, ე-----------------ის გარდაცვალების შემდეგ, უწყვეტად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე და ფლობდა დედის დანაშთ ქონებას. რაც შეეხება ე-----------------ის სხვა შვილების (ა------------ის და ნათელა მ-------ას (გ--------ის) მემკვიდრეებს - გ--------------ეს, ნ----- მ-------ას, ჰ---–------------ს და ი-----------------ეს, რომლებიც მოცემულ საქმეზე ჩაბმული არიან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად, ისინი მხარს უჭერენ სასარჩელო მოთხოვნას და სრულიად იზიარებენ მოსარჩელე მხარის პოზიციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. საქმის მასალებით, 2015 წლის 29 იანვარს, ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ გ---------------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, გ---------------------მა, როგორც ი----------------ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც მოიცავს მამკვიდრებლის, ი----------------ის ქონებრივი უფლებების და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის სრულად, რომელშიც შედის ასევე ქ. თბილისში, ი-–-------------ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ. ი-–------------------, ს--------------------, საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე გ---------------------ის სახელზე. უდავოა, რომ სამკვიდრო მოწმობა, რომლის ძალითაც, მოპასუხე გ---------------------ი დარეგისტრირდა სადავო ქონებაზე მესაკუთრედ, გაცემულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ 2008 წლის 10 მარტს გაცემული გარდაცვალების მოწმობის (სადაც ი----------------ის გარდაცვალების თარიღად დაფიქსირებულია 2008 წლის 06 მარტი) საფუძველზე. ი----------------ის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტი (მითითებული მონაცემებით) კი სასამართლომ ბათილად ცნო 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით. სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ გ---------------------მა სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ქონების ფაქტობრივი დაუფლებით, რაც გამოიხატება მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და დასტურდება საინფორმაციო ბარათით. მოსარჩელე ა-----------------ს კი, 04.05.2018 წლის დადგენილებით, უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

 

1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრის გახდეს, მან უნდა მიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წარმოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ანალოგიური დანაწესია მოცემული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლში, რომლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი, იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. მხოლოდ ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. რეგისტრაციის პარალელურად, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.

 

სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა-----------------ის ბებია, ე-----------------ი ფაქტობრივად დაეუფლა გარდაცვლილი მეუღლის, ი----------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. ე-----------------ი მეუღლის, ი----------------ის დაღუპვის სავარაუდო პერიოდიდან მუდმივად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ი-–---------------, თავის შვილებთან ერთად. ე-----------------ი უვლიდა, პატრონობდა, ზრუნავდა ამ საცხოვრებელ სახლზე. მას გარდაცავლებამდე არ შეუწყვეტია სადავო ქონების ფაქტობრივი პყრობა, ფლობა და როგორც მესაკუთრე, ისე ეპყრობოდა, უვლიდა საცხოვრებელ სახლს. ე-----------------ი, მოხუცებულობის და მარჩენალდაკარგულობის გამო, იღებდა პენსიას. მისი შვილები (პირველი ქორწინებიდან) ა------------ი და ნ-----–-----------ი, დაოჯახების შემდეგ გადავიდნენ სხვა მისამართზე საცხოვრებლად, ხოლო ამ მისამართზე საცხოვრებლად დარჩნენ გ----------------ი და გ---------------------ი. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ადგენს, რომ როგორც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის, ასევე დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ე-----------------ი ფაქტობრივად შეუდგა მეუღლის სამკვიდრო ქონების ფლობას, მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ზემოთ როგორც აღინიშნა, ი----------------ის დანაშთი სამკვიდრო მასას წარმოადგენდა არა მთლიანი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ. ი-–----------------ში, არამედ ამ ქონების ნახევარი. სადავო ქონებაზე სასამართლომ დაადგინა მეუღლეების, ი----------------ის და ე-----------------ის თანასაკუთრების რეჟიმი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომელიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა-----------------ის მამა, გ----------------ი, ე-----------------ის გარდაცვალების შემდეგ, ასევე დაეუფლა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მას, დედის გარდაცვალების შემდეგ, არ შეუწყვეტია სამკვიდრო ქონების ფლობა და მართვა. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, უნდა დაზუსტდეს, თუ რას შეადგენდა მამკვიდრებელ ე-----------------ის სამკვიდრო მასა, რაზეც ა-----------------ი, როგორც გ----------------ის პირველი რიგის მემკვიდრე აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ე-----------------მა მიიღო კუთვნილი წილი ი----------------ის სამკვიდრო ქონებიდან, მამკვიდრებელ ე-----------------ის სამკვიდრო მასა უნდა განისაზღვროს სადავო ქონების (მდებარე ქ. თბილისი, კ. ი-–------------------) 3/4 -ის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ა-----------------ი, გ---------------------ი და მ------------------------ე ფაქტობრივად ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ი-–---------------. საერთო ეზოში განთავსებულია ორი საცხოვრებელი სახლი, რომელიც გაყოფილია ბეტონის ღობით და ფაქტობრივად გამიჯნულია ორ დამოუკიდებელ შენობა-ნაგებობად, რომელთაც აქვთ ცალ-ცალკე შესასვლელი ჭიშკარი. ერთ მხარეს ცხოვრობს ა-----------------ი თავის ოჯახთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს ცხოვრობს მოპასუხე გ---------------------ი და მისი შვილები. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ა-----------------ი დაბადებიდან ცხოვრობს სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე და მას აღნიშნული ქონებით სარგებელობა, ფლობა და მართვა არ შეუწყვეტია. იგი ამავე სახლში ცხოვრებას აგრძელებდა მამის, გ----------------ის გარდაცვალების შემდეგაც უწყვეტად. ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელე ა-----------------ი დაეუფლა 26.04.2006 წელს გარდაცვლილი მამის, გ----------------ის დანაშთ ქონებას, რომელსაც თავის სიცოცხლეში ფაქტობრივი ფლობის წესით მიღებული ჰქონდა დედის, ე-----------------ის (გარდაცვალების თარიღი 02.11.1987 წელი) სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ი-–----------------ში.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. განსახილველი დავის ფარგლებში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, როგორც გ----------------ის მემკვიდრეს, აქვს უფლება, ე-----------------ის დანაშთ ქონებაზე იმავე რიგის მემკვიდრის ინტერების გათვალისწინებით. გ----------------ს კი, როგორც ე-----------------ის მემკვიდრეს, გ---------------------ის თანაბარწილად ჰქონდა უფლება დედის დანაშთ ქონებაზე (რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა შეადგენს მთლიანი ქონების 3/4 ნაწილს). შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ცნობილ უნდა იქნეს ე-----------------ის კუთვნილი წილისა და მის მიერ გარდაცვლილი მეუღლის - ი----------------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულ სამკვიდრო ქონების, მათ შორის, ქ. თბილისში, კ. ი-–----------------ში მდებარე უძრავი ქონების 3/8 ნაწილის მემკვიდრედ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2015 წლის 29 იანვარს. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, კანონისმიერმა მემკვიდრემ ა-----------------მა განახორციელა თავისი უფლებები და სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნული კი წარმოადგენს გ---------------------ის, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობის 3/8 ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უძრავ ქონებაზე, 2017 წლის 31 იანვარს გ---------------------სა და მ------------------------ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილით, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქმის მასალებით, 2017 წლის 31 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებით, გ---------------------მა უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, კ. ი-–---------------, 682 კვ.მ.-დან თავისი (გ---------------------ის) საკუთრებაში არსებული წილი არასასოფლო სამეურნეო N----------------, შენობა-ნაგებობა N3 საერთო ფართი 223.73 კვ.მ. (მათ შორის I სართული, 89.50 კვ.მ. II სართული, 134.26 კვ.მ.) შენობა-ნაგებობა N4 საერთო ფართით 52.96 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა მ------------------------ეს. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ. ი-–---------------, 2017 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია მ------------------------ის, გ----------------ის, თ------------------ის და ი----------------ის თანასაკუთრების უფლება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისი ინტერესია სწორედ ის ფართი, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა მოპასუხე მ------------------------ეს, ვინაიდან მითითებული ფართი მოსარჩელე მხარის ფაქტობრივ სარგებლობაშია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, გ---------------------ი არ წარმოადგენდა სადავო ქონების ერთადერთ მესაკუთრეს და მას არ ჰქონდა უფლება, სრულად განეკარგა საცხოვრებელი სახლი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ. ი-–----------------ში. სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე და მემკვიდრეობის უფლების გათვალისწინებით, სამკვიდროს ფაქტობრივი წესით მიმღები მემკვიდრის უფლება უპირატესია ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილ საკუთრების უფლებაზე. მოსარჩელე ა-----------------ს, უკვე მოპოვებული ჰქონდა, მემკვიდრეობითი საფუძვლით, უფლება ქონებაზე - თბილისში, კ. ი-–----------------ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N----------------) 255.75 კვ.მ. ფართზე, რომელიც ჩუქების საფუძველზე გადაეცა მოპასუხე მ------------------------ეს. ამდენად, არსებობს შესაბამის ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისა და მ------------------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქ. თბილისში, კ. ი-–----------------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N----------------) 255.75 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ ა-----------------ის აღიარების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდაცვალების ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ ა-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს გ---------------------ს და მ------------------------ეს მოსარჩელე ა-----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 831.25 ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელე ა-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ა-----------------ის განცხადება და ყადაღა დაედო მ------------------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე თბილისი, კ. ი-–------------------, შენობა-ნაგებობა N3, საერთო ფართით 223.73 კვ.მ. (მათ შორის პირველი სართული 89.50 კვ.მ., მეორე სართული 134.26 კვ.მ.), შენობა-ნაგებობა N4 საერთო ფართით 52.96 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, მ------------------------ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღის ნაცვლად, გამოყენებულ იქნა შემდეგი ღონისძიება: მ------------------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ. ი-–------------------, შენობა-ნაგებობა N3, საერთო ფართით 223.73 კვ.მ. (მათ შორის პირველი სართული 89.50 კვ.მ., მეორე სართული 134.26 კვ.მ.), შენობა-ნაგებობა N4 საერთო ფართით 52.96 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N----------------) - გასხვისება და ასევე ამავე ქონების იპოთეკით დატვირთვა.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. გამოცხადდეს გარდაცვლილად ი----------------ი (დაბადებული1-.0-.1---წ.) და მისი სიკვდილის დღედ აღიარებულ იქნეს 1942 წლის 01 იანვარი, რის შესახებაც შევიდეს ცვლილება მისი გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში N-------.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 29 იანვარს ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ ი----------------ის სამკვიდრო ქონებაზე გ---------------------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N---------) 3/8 ნაწილში.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი გ---------------------სა და მ------------------------ეს შორის 31.01.2017წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ. თბილისში, კ---–---------------ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------) 255.75 კვ.მ ფართზე.

 

1.4. ა-----------------ი ცნობილ იქნეს ე------------------ის კუთვნილი წილისა და მის მიერ გარდაცვლილი მეუღლის - ი----------------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდრო ქონების, მათ შორის ქ. თბილისში, კ---–---------------ში მდებარე უძრავი ქონების 3/8 ნაწილის მემკვიდრედ.

 

1.5. ა-----------------ი (პირადი N-----------) ცნობილ იქნეს მ------------------------ის (პირადი N-----------) საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, კ---–---------------ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------) 255.75 კვ.მ ფართის მესაკუთრედ.

 

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ა-----------------ს (პირადი N-----------) თ-----------ის (პირადი N-----------) მიერ 2016 წლის 20 სექტემბერს სს „ბანკი რესპუბლიკაში“ (საგადახდო დავალება N3) სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300773150), თ-----------ის (პირადი N-----------) მიერ 2016 წლის 20 სექტემბერს სს „ბანკი რესპუბლიკაში“ (საგადახდო დავალება N2) სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300773150) და თ-----------ის (პირადი N-----------) მიერ 2016 წლის 30 სექტემბერს სს „ბანკი რესპუბლიკაში“ (საგადახდო დავალება N1) სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300773150), სულ 300(სამასი) ლარი.

3. მოპასუხეებს გ---------------------ს და მ------------------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ა-----------------ის სასარგებლოდ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 831.25 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა