განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.06.2018
საქმის ნომერი
330310016001227586
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ადმინისტრაციული
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001227586 (3ბ/3039-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შ------–----–---

წარმომადგენელი - ი-------------–---–-

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ---------------–---

 

მესამე პირი - საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - მ---------------–---

 

მესამე პირი - საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ნ-------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის შ------–----–--ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ------–----–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის N2------ ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------–----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- სასოფლო პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობრივ სარგოსა და საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილების უ------------------------------–ის თანამდებობრივ სარგოს შორის სხვაობის გამო 2015 წლის 28 დეკემბრის N2------ ბრძანებით საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- სასოფლო პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ად დანიშვნიდან ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული დანაკლისის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------–----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანებით პოლიციის უფროსი ლეიტენანტი შ----- ანზორის ძე შ----–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობიდან გათავისუფლდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, ბრძანება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 23 დეკემბრის №23/12/01 განკარგულების შესაბამისად საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თ-----–-------- პატაკის საფუძველზე გამოიცა, მითითებული პატაკი კი შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მოთხოვნას შ------–----–--ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის გაცემაზე და განმარტებას მასზე, რომ აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.

 

2.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე შ------–----–---ს თანამდებობრივი სარგო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე კუთვნილ სარგოზე ნაკლები ოდენობით დაენიშნა.

 

2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

 

2.4. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მტკიცება არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანებით შ------–----–---ს შრომის უფლება დისკრიმინაციული მოტივით შეეზღუდა გ---------------ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით მონაწილეობის გამო. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მითითებული ნიშნით დისკრიმინაციის მტკიცებისას მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა გ---------------ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული და გ---------------ს საადვოკატო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, გ---------------ს მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციისადმი სახალხო დამცველის მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 134-281, ტომი 2, ს.ფ. 246-254), ასევე, გ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციის წარდგენისა და მოწმეთა დაბარების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისადმი 2014 წლის 10 მაისის მიმართვა, რომლითაც მოწმის სახით შ------–----–---ა მითითებული (ტომი 1, ს.ფ. 128). საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტები შ------–----–---სთან მიმართებით მეტყველებს მხოლოდ მასზე, რომ შ------–----–---მ გ---------------ს სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეული სახის ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანება ამ ფაქტის დაფიქსირებიდან 1 წელზე მეტი დროის შემდეგ გამოიცა და არ ირკვევა სასამართლოსათვის კონკრეტული ჩვენების მიცემის შესახებ, ჩვენების შინაარსი და მისი მნიშვნელობა, არ იქმნება ვარაუდი, რომ შ------–----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლება გ---------------ს საქმეში მის მონაწილეობასთან არის დაკავშირებული. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტოოდენ გ---------------ს საქმის შინაარსი იმგვარად, რომ გაურკვეველია ამ საქმეში შ------–----–--ის ჩართულობის ხარისხი, არ ქმნის ეჭვს მასთან დაკავშირებით შ------–----–--ის სამსახურში ვიქტიმიზაციაზე.

 

2.5. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება კონკრეტული ხარჯების მოცულობა, რისი გაღებაც შ------–----–---ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში მოუხდა. აღნიშნული ხარჯების მტკიცებისას მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით (2016 წლის 14 მარტის შუამდგომლობა - ტომი 1, ს.ფ. 47-49, დაზუსტებული სარჩელი - ტომი 1, ს.ფ. 309-342), რომელიც ბუნდოვან და ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებს შეიცავს და მოკლებულია დამაჯერებლობას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე გამწესების შემდეგ იგი ახალქალაქის რაიონში არ იყო უზრუნველყოფილი საცხოვრებლით, რის გამო ყოველდღე თბილისიდან უწევდა 300 კმ-ით დაშორებულ სამუშაო ადგილამდე მგზავრობა და ადგილზე კვების გაზრდილი ხარჯების გაღება; მოსარჩელემ, ასევე, განმარტა, რომ ახალქალაქის რაიონში ბინის დაქირავების ხარჯიც ჰქონდა (თვიური ოდენობის დაუზუსტებლად), რამაც, სხვა ხარჯებთან ერთად 10 000 ლარი შეადგინა, თუმცა, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, გაურკვეველია, აღნიშნული დანახარჯი კონკრეტულად რა თანხებს მოიცავდა, იგი შ------–----–---ს სადავო ბრძანების გამოცემიდან - 2015 წლის 28 დეკემბრიდან ამ განმარტების გაკეთებამდე - 2016 წლის მარტამდე ჰქონდა, თუ ამ დრომდე დაგროვებულ ხარჯს სამომავლო სავარაუდო ხარჯიც დაემატა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო წარმოების პროცესში თითოეულ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების მტკიცება, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს - მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-17 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლი). კონკრეტულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლი), თუმცა, მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც უარყოფილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ვერ იქნება მიჩნეული სადავო გარემოების დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად, მით უმეტეს, თუ ამგვარი განმარტებაც არ ხასიათდება დასაბუთებულობითა თუ სარწმუნოობაზე მეტყველი რაიმე ნიშნით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დეფინიციიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანება მოსარჩელის, როგორც საჯარო მოხელის შრომითი უფლების განსაზღვრასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტია, რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა. სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მან შ------–----–--ის შრომითი უფლების შეზღუდვა განაპირობა, რამეთუ შ------–----–--ის ნებისგან დამოუკიდებლად დაადგინა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და გამწესება საცხოვრებელი ადგილიდან მნიშვნელოვნად მოშორებულ ტერიტორიულ ერთეულში სამუშაო ადგილზე თანამდებობრივი სარგოს შემცირებით. ამდენად, კანონიერების თვალსაზრისით 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------–----–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებშია რეგლამენტირებული, დიდწილად საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ და უზრუნველყოფენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება. ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და, შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“ იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა-მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“ შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს აღნიშნული პრინციპის აუცილებელ გამოყენებაზე და სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ.“ ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამის დაშვება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომლის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს, რომელიც შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით (შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 11 მუხლი). აღნიშნული წესის მიხედვით, სამინისტროში სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები (მე-3 მუხლი).

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლი შემდეგ რეგულაციებს ადგენს: 1. სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ა1) სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება); ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ე) პირადი განცხადებით (პატაკი); ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად; ვ1) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად; ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო. 2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სამინისტროს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას. 3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სამინისტროს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით. 4. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. იმავე წესის 29-ე მუხლის მიხედვით: 1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ: ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან სსიპ-ში არა უმეტეს 6 თვისა; ბ) სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სამინისტროს მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის. 2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, შ------–----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნა საამისოდ შ------–----–--ის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების მისაღები მახასიათებლების გამოკვეთისა და შ------–----–--ის თანხმობის ან/და მისი წინასწარი ინფორმირებულობის პირობებში შეიძლებოდა განხორციელებულიყო, თუმცა ამგვარი გარემოებების არსებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მასალებით არ დასტურდება და არც მოპასუხის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი პოზიციით ყოფილა დასაბუთებული. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე და გაუმართლებლად ზღუდავს შ------–----–--ის შრომით უფლებას.

 

2.10. შ------–----–--ის მიმართ უკანონო აქტით შრომითი უფლების შეზღუდვის მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედება ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად, ვინაიდან დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მოსარჩელის მტკიცება არასაკმარისად ჩაითვალა შესაბამისი ვარაუდის შექმნისთვის (პუნქტი 3.5). საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში დისკრიმინაციად არ ფასდება, არამედ, საამისოდ უნდა არსებობდეს გარემოები, რომელიც რომელიმე ნიშნით მსხვერპლის უკანონო გამორჩევაზე მიუთითებს. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, საშუალება მიეცეთ ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. თანასწორობის იდეა და პრინციპები დღეს მოქმედ მრავალ საერთაშორისო სამართლის აქტში, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობაშია განმტკიცებული. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) ადგენს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს. ადამიანები თანასწორნი არიან იმ უფლებებით სარგებლობაში, რომლებსაც კონვენცია ადამიანის წარუვალ უფლებებად მიიჩნევს. მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ასეთივე თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებული უფლებებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისი უფლების განხორციელების ცალკეულ ნორმებს ადგენს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაზიის აკრძალვა გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით. პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება.

 

2.11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანებით მოპასუხემ თავისივე 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა და შ------–----–--- იმ თანამდებობაზე აღადგინა, რომლიდან გათავისუფლების გამოც სასამართლოში დავას აწარმოებდა. ამდენად, 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანება შ----- შ----–---ს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ ინტერესი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანების მოქმედების პირობებში არ არსებობს დავის საგანი თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე კუთვნილ თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ მიღებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად დამდგარი დანაკლისი.

 

2.14. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საჯარო მოხელის უფლებას, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი განსაზღვრავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდა ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება. 1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების განხორციელებისას, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია აქტიური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს აღნიშნული უფლებით სარგებლობას, არამედ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება (სუსგ Nბს-98-91(კ-13). „ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. ამ მხრივ სასამართლო ეთანხმება №ას-836-1122 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებას და მიიჩნევს, რომ იგი სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შ------–----–---ს თანამდებობიდან გადაყვანის გამო შეეზღუდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტი 2015 წლის 28 დეკემბერს არის გამოცემული და ძალაში იყო 2016 წლის მაისამდე, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება 2012-2016 წლებში შვებულების გამოყენების შეზღუდვის განმაპირობებელ აქტად, დასახელებული აქტისგან დამოუკიდებლად შრომითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს კი სარჩელი არ შეიცავს.

 

2.15. მიუღებელი ხელფასის გადახდის დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი, რომლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის კი, დამსაქმებელი ვალდებულია, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ, დავის საგანია გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და ამ აქტის გამოცემით მიუღებელი ხელფასის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სადავო თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან და მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან, რის გამოც შესაბამის დრომდე მოპასუხეს ვერ დაეკისრება გადახდის დაყოვნებისათვის კანონით განსაზღვრული თანხის გადახდა.

 

2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზიანი შესაძლოა იყოს ქონებრივი (მატერიალური) და არაქონებრივი (მორალური). სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა მიიჩნევა მატერიალურ ზიანად, ხოლო პირის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და თავისუფლებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც დაკავშირებულია პირის სულიერ ტანჯვასთან, არამატერიალური ზიანია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მოპასუხის უკანონო ქმედებას მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანების გამოცემის თვალსაზრისით და გააბათილა მითითებული ბრძანება, რაც მეტყველებს მასზე, რომ მოპასუხეს ეკისრება ამ ბრძანების გამოცემით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, თუმცა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით მოპასუხის მტკიცება საქალაქო სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად შესაბამისი გარემოების დადგენისათვის. რაც შეეხება მორალურ ზიანს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი ანაზღაურების საფუძვლად მითითებული დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

 

3. შ------–----–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ, გ---------------ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის N--------- საქმეზე 2017 წლის 7 ნოემბერს განაჩენის გამოტანით დასრულდა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც დაცვის მხარის მოწმედ ყოფნის გამო, მოსარჩელე შ------–----–--ის მიმართ გამოიცა შსს-ს მიერ უკანონო ბრძანებები, რომელიც ადასტურებს შ------–----–--ის როლს მოცემულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი N--------- საქმეზე, შექმნილია ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების - 2017 წლის 10 ოქტომბრის შემდგომ და ადატურებს გ---------------ს მიმართ საქართველოს მთავრი პროკურატურის ბრალდებების წინააღმდეგ დაცვის მხარის მოწმის სახით პოლიციელ შ------–----–--ის მოწმედ დაკითხვს ფაქტს. აპელანტის განმარტებით, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გ---------------ს მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ მოწმედ დაკითხა შ------–----–--- და პროკურატურის წინააღმდეგ იშუამდგომლა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვა დასტურდება საქმის მასალებიდან, ხოლო თუ რა სახის ჩვენება მისცა მან და მისცა თუ არა ნამდვილად პროკურატურის წინააღმდეგ და დაცვის მხარის სასარგებლოდ, დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 7 ნოემბერს გ---------------ს მიმართ გამოტანილი განაჩენიდან, რომელიც არ არსებობდა შ------–----–--ის საქმის განხილვისა და მოცემულ ადმნინისტრაციულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის პეროდში. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია პირველი ისნტანციის მოსამართლის დასკვნები მასზე, რომ შ------–----–--ის ჩართულობის ხარისხი არ ქმნიდა ეჭვს დისკრიმინაციაზე. ამ მიმართებით, საგულისხმოა, რომ მტკიცების სტანდარტიც კი მოცემულ საქმეზე არასწორად გადანაწილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე შს სამინისტროც კი არ უარყოფდა დაცვის მხარის სასარგებლოდ გ---------------ს საქმეზე შ------–----–--ის დაკითხვის ფაქტს, ხოლო მოსამართლემ ეს გარემოებაც კი ეჭვქვეშ დააყენა. ამასთან, იმ პიროებებში, როდესაც საქმე დისკრიმინაციას ეხებოდა, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ გამოუთხოვია მტკიცებულებები და არ შეუგროვებია ფაქტები. თუ კი ამ გარემოებებს დადასტურებულად არ მიიჩნებდა მოსამართლე და ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისათვის, სასამართლოს უნდა გამოეთხოვა საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის საქმიდან მასალები და ინფორმაციები, რომელზედაც ხელი არ მიუწვდებოდა შ------–----–---ს და ინახებოდა იმავე სასამართლოში. როდესაც სასამართლოწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე ან დისკრიმინაციაზე მსჯელობას ინკვიზიციურ მართლმსაჯულებას ალტერნატივა არ აქვს.

 

3.2. აპელანტის მითითებით, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული აკადემიური კურსის დასრულების შემდგომ მოსარჩელე შ------–----–--- დანიშვნის წესით 2012 წლის აპრილში გამწესებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უ-----------------------------–ის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისათვის მოსარჩელეს გააჩნია შსს-ს სპეციალური წოდება - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი. წლების განმავლობაში ხსენებული საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მთელს პერიოდში და სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისათვისაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ ჰქონიათ სამუშაოს შესრულების ხარისხზე, კვალიფიციურობაზე, ჯეროვანებასა და კეთილსინდისიერებაზე პრეტენზია. მოსარჩელე, მოპასუხესთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მთელს პერიოდში, საუკეთესო და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის არაერთგზის არის მოპასუხის მიერ წახალისებული და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არცერთ წელს არასოდეს არ ყოფილა მიცემული დისციპლინურ დევნასა და დისციპლინურ პასუხისგებაში, რაც მასზე მიუთითებს, რომ დამსაქმებელს აკმაყოფილებდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მასზე არათუ პრეტენზიები არ ჰქონია, არამედ მათ მიმართ მუდმივად წახალისების ზომებს მიმართავდა. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის მორიგი არჩევნების შემდგომ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შედეგად სამართლიანობის აღდგენის სახელით ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური მოღვაწეებისა და მაღალი თანამდებობობის პირების მიმართ საქართველოში დაწყებული მასობრივი სისხლის-სამართლებრივი დევნის პერიოდში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე და 2012 წლის 1 ოქრომბრიდან გათავისუფლების შემდგომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება/საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის მიმართულების თავმჯდომარე გ---------------, რომელიც მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამდე ადვოკატის სტატუსით იცავდა საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე თანამდებობაზე მყოფ სახელმწიფო პოლიტიკურ მოღვაწეებსა და მაღალი თანამდებობის პირებს - ს----------–-----------–-------------ს ბ----------–---ს, ს----------–----–------------ს ი------------–---–ს, ქ-------–---------ს გ--------------–---ს, ს----------–----–-----------–------------–-------------ს თ--------------ს, შ---------------–---------------- გენერალურ დირექტორს ი-----–------------ს და სხვებს. ყოფილი სამართალდამცველის და მოქმედი ადვოკატ გ---------------ს, როგორც პერსონის ფაქტმა დაძაბა სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა, მის მიმართ არსებულ ბრალდებაზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედების კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინებებით უკანონოდ აღიარების ფაქტმა, მისი, როგორც ადვოკატის მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ხშირ შემთხვევაში გამამართლებელი და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენების ფაქტობრივმა მოცემულობებმა, მისმა აქტიურმა და საყოველთაოდ ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწეობამ. შ------–----–--- გამოკითხული იქნა გ---------------ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაცვის მხარის მიერ იმ გარემოებების შესახებ, რაც მისთვის იყო ცნობილი. ამ საპროცესო მოქმედებას საფუძვლად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი, რომლის თანახმად, „ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ“. გამოკითხვის შესახებ მისი და დაცვის მხარის მონაწილეობით შედგა გამოკითხვის ოქმი, ის დაცვის მხარემ საპროცესო კანონით დადგენილი წესით წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა გაუცვალა ბრალდების მხარეს და ასევე მიეწოდა სისხლის სამართლის საქმის განმხილველ - თბილისის საქალაქო სასამართლოს. დაცვის მხარემ ასევე იშუამდგომლა ამ ოქმის მტკიცებულებათა ნუსხაში დაცვის მტკიცებულებად დამტკიცება საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევისათვის და ასევე წარადგინა სასამართლოში შუამდგომლობა მისი, როგორც დაცვის მხარის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის საქმის განმხილველი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული საოქმო განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა სრულად. გ---------ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებითად საქმის განმხილველ მოსამართლეს საქმეზე დაშვებულ მტკიცებულებად გადაეცა პოლიციის უფროსი ლეიტენანტის შ------–----–--ის გამოკითხვის ოქმი და დადგინდა მისი დაცვის მხარის მოწმის სახით დაბარება საჯარო სასამართლო სხდომაზე არსებითი განხილვის დროს. ხსენებული გარემოებები ცნობილი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ--------ს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარდამჭერი პროკურატურისათვის. ხსენებულის შედეგად, მოსარჩელე სამსახურში მიუღებელი აღმოჩნდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის ვერცერთი კანონიერი ზომა ვერ გამოიყენა. აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს 2015 წლის დეკემბერში გააცნეს „პოლიციის უფროსი ლეიტენანტის შ------–----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის N2------ ბრძანება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილების უ------------------------------–ი შ------–----–--- დასაბუთების გარეშე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავდროულად, მისი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- სასოფლო პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ად, თუმცა როგორც გათავისუფლებას, ასევე გადაყვანას საფუძვლად არ უდევს არანაირი დასაბუთება, გადაუდებელი საჭიროება, იურიდიული გამართლებულობა ან რაიმე სამართლებრივი საფუძველი. დასახელებული ბრძანების აღწერილობით ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები ზოგადია და ითვალისწინებს ისეთ უფლებამოსილებებს, როგორიცაა შს მინისტრის მხრიდან ბრძანების გამოცემა და ა.შ. აპელანტის მითითებით, მინისტრის ბრძანების შესრულებისათვის მოსარჩელე მოულოდნელად დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ თბილისიდან 300 კილომეტის დაშორებულ სამსახურში - ახალქალაქის რაიონის სოფელში უნდა გამოცხადებულიყო ყოველდღიურად, იმ პირობებეში, როდესაც მას არ გააჩნია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-----–---ში საცხოვრებელი ბინა არ რაიმე სადგომი, დამსაქმებელი მოსარჩელეს არ უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბინით ან დასაქირავებელი ბინის ქირისათვის თანხის ანაზღაურებით, მოსარჩელეს არ გააჩნია არც სამსახურებრივი და არც პირადი სატრანსპორტო საშუალება, მოსარჩელემ სამსახურში გამოცხადებისათვის 5 საათი უნდა იმგზავროს და დასრულებისას ასევე - 5 საათი პირიქით. როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებით სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურის დასრულებისას სახლში გადაადგილების პერიოდი მიჩნეულია სამუშაო დროდ. უფრო მეტიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით Nბს-281-274(კ-08) საქმეზე განიმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით სამსახურში, ასევე დანიშნულების ადგილზე და ასევე მივლინებისას სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების ფაქტი წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (ელექტრონული რესურსი www.supremecourt.ge უკანასკნელი გაცნობის თარიღი: 16.03.2016წ.). საგულისხმოა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი და სოფელი ბ-----–---ი წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობით - სომხურ-ენოვანი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ სოფელს და საქართველოს სახელმწიფო ენას - ქართულს იქ არ ფლობენ არც მოსახლეობაში, არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- სასოფლო პოლიციის განყოფილებაში. ამის გამო მოსარჩელეს არათუ უჭირდა, არამედ საერთოდ ვერ ახერხებდა კომუნიკაციას მოსახლეობასთან და თანამშრომლებთან ენობრივი ბარიერის გამო. აღწერილი პირობებით, მოსარჩელეს დამსაქმებელმა შეუქმნა სამსახურიდან საკუთარი სურვილით, თუმცა იძულებით ნაკარნახევი წასვლის გარემო, თუმცა თუ რატომ უნდა გათავისუფლბულიყო ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–-------------------------------------–ის თანამდებობიდან და გადაყვანილიყო ახალაქალაქის რაიონული სამმართველოს სასოფლო განყოფილებაში - დასაბუთებული ვერ იქნა. სახეზე არ იყო მოსარჩელის შს ახალაქალაქის რაიონული სამმართველოს სასოფლო პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დასაბუთებული საჭიროება, ობიექტური გამართლებულობა, რაც მოსარჩელეს დაუსაბუთებელ ზიანს აყენებს, ასეთ გარემოში შრომა მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და მოსარჩელის მიერ დღემდე ვერ იქნა მოსმენილი დამსაქმებლის რაიმე არგუმენტი მის მიმართ გატარებულ მმართველობით ღონისძიებაზე. აპელანტის მითითებით, ასეთ პიროებებში შ------–----–---მ მაინც შეასრულა მის მიმართ გამოცემული შს მინისტრის უკანონო ბრძანება და იძულებით სამუშაოდ გადავიდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ახალქალაქის პოლიციის ბ-----–----- სასოფლო განყოფილებაში, რამეთუ შს მინისტრის გამოცემული აქტი უნდა აღსრულებულიყო მიღებისთანავე. ბრძანების შესრულება შ----- შ----–---ს მოუწია იმ პიროებებში, როდესაც სოფელ ბ-----–---ში მას არ გააჩნდა არც საცხოვრებელი ადგილი, იგი იძულებით დაცილებული იქნა მის ოჯახს შრომის შენარჩუნების საფასურად, შეუმცირდა ხელფასი, გაურთულდა სამსახურში გამოსაცხადებლად ტრანსპორტირება თბილისიდან ახალქალაქის სოფელ ბ-----–---ში და პირიქით, საცხოვრებელით უზრუნველყოფა არ იქნა მისთვის შეთავაზებული, გაეზარდა ხარჯები კვებაზე, თავის მოვლაზე და ა.შ), რაც მიზანმიმართულად იქნა განხორციელებული შს მინისტრის მხრიდან, მისი რეალურად დასჯის გამო. აპელანტის მოსაზრებით, რეალურად, შ------–----–--- დასჯილი იქნა დაცვის მხარესთან მოწმედ გამოსვლის გამო და ის დაექვემდებარა დისკრიმინაციას, თუმცა დისკრიმინაცია შენიღბული იქნა მის მიმართ და შესანიღბად გამოყენებული იქნა ვითომ კანონიერი და ლეგიტიმური საშუალებები. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ დისკრიმინაციის სურვილის აღძვრის გამო, ის ყოველთვის ინიღბება ვითომ კანონიერი საშუალებებით. პოლიციის უფროსი ლეიტენანტის შ------–----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის N2------ ბრძანება მის მიმართ გამოცემულია დისკრიმინაციულად მოპოყრობის მიზნით, იმ გარემოების გამო, რომ გამოკითხული იქნა გ---------------ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაცვის მხარის მიერ იმ გარემოებების შესახებ, რაც მისთვის იყო ცნობილი, მის მიმართ მოპყრობა უკავშირდებოდა მისთვის ცნობილი სიმართლის გ--------ს ადვოკატისათვის განდობისა და მოწმის სახით სასამართლოში დასაკითხად მზაობის გამოხატვის გამო დასჯას. მას ავიწროვებდნენ სამსახურისა და შრომის უფლების წართმევითა და მასზე მანიპულირებით სასამართლოში გ--------ს საქმეზე პროკურატურისათვის სასარგებლო ჩვენების მისაცემად და ეს სიგნალია მისთვის, რომ თუ ის „ასე“ გააგრძელებსდა მუშაობას სამსახურში, ის სოფლის პოლიციაშიც ვერ შეინარჩუნებდა სამსახურს. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, ამგვარი ფორმით დისკრიმინაციულ მნიშვნელობას გააჩნდა გლობალური მიზნებიც, რომ სამომავლოდ არ გაებედა არცერთ პოლიციის თანამშრომელს დაცვის მხარის მოწმედ გამოკითხვა და სასამართლოში ამ სტატუსით წარდგომაზე თანხმობის გამოთქმა თუნდაც სიმართლის დადგენის მიზნით, რადგან მსგავსი ქცევებით არ გადაეღობონ სახელმწიფო მანქანას და არ შეუქმნან სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ორგანოებს პრობლემები. მოპყრობის მიზანია, ის რომ პოლიციელისათვის ობიექტურად ცნობილი სიმართლის გამხელა დაცვის მხარისათვის საზოგადოდ მიუღებლად გამოცხადდეს და მას მხოლოდ ცალმხრივად, ბრალდების მხარის სასარგებლო პოზიცია უნდა ეკავოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში ყველა პოლიციელს წინ შეხვდება შ------–----–--ის მიერ განვლილი გზა. აპელანტის განმარტებით, ამგვარ პიროებებში პირველი ინსტანციის მოსამართლის დაკსავნა მასზე, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულკად მოპყრობის ფაქტს, უკიდეგანოდ დაუსაბუთებელია. დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია საშუალება მისცეს ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი დისკრიმინაცია. პირდაპირ დისკრიმინაციას ახასიათებს არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. უნდა დადგინდეს, რომ ანალოგიურ, ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციული ნიშნით ხდება. თავის მხრივ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოპყრობა ისახავს ლეგიტიმურ მიზანს და არსებობს გონივრული თანაზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის. განსხვავებული მოპყრობა და შესადარებელი კატეგორია ერთად უნდა იქნას განხილული, რამეთუ განსხვავებული მოპყრობა არ არსებობს აბსტრაქტულად, ის იკვეთება ვინმესთან შედარებით. შესაბამისად, საჭიროა კომპარატორი - ანუ ადამიანი ანალოგიური მდგომარეობით. ამ მიმართებით ვერ გაეცა საქმეზე პასუხი, რატომ შეარჩია შს მინისტრმა თბილისის პოლიციის მრავალათასიანი პოლიციელებიდან მხოლოდ შ------–----–---ს ახალაქალაქის სოფელში სამუშაოდ გასაყვანად და რატომ მოეპყრნენ მას ამგვარად, ხომ არ იყო ამის მაპროვოცირებელი ის, რომ პოლიციელმა გადაუხვია არსებულ რელობას და სიმართლის სათქმელად დაცვის მხარის მოწმედ იქცა ის. თუ არა ეს, მაშინ სხვა რა უნდა ყოფილიყო მისი ამგვარად მოპყრობის საფუძველი? არაპირდაპირი დისკრიმინაცია თავის მხრივ არის მოცემულობა, რომლის თანახმადაც „შესაძლოა, რომ განსხვავებული მოპყრობა იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობდეს, რომელიც მართალია ნეიტრალურად არის წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს“ (იხ. საქმე D.H. AND OTHERS v. CZECH REPUBLICK). არაპირდაპირი დისკრიმინაციის კრიტერიუმებია: ნეიტრალური წესი ან პრაქტიკა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს დაცული ნიშნით გამორჩეულ რომელიმე პირზე ან ჯგუფზე. უფრო მოკლედ რომ ითქვას, განსხვავებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობა არაპირდაპირი დისკრიმინაციაა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, საზოგადოდ, ევროპული კონვენცია ადგენს დაცულ ნიშანთა ფართო ჩამონათვალს. ნათელია, რომ მე-14 მუხლით დაცულ ნიშანთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ანუ სახეზე გვაქვს ნიშანთა ეგრეთწოდებული - OPEN END. ადამიანის უფლებათა სამართალი იცნობს ასევე დიკსრიმინაციის ისეთ სახეებს, როგორიცაა შევიწროვება, დისკრიმინაცია ასოციაციით. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ ასევე გამოიყენება ე.წ. გონივრული გათანაბრების პრინციპი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში N1/1/493 საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლის არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს პირობებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით. ამავე დროს, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ კლასიკური ნიშნებით დიფერენცირებისას, სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტს. თუ თანასწორ მდგომარეობაში მყოფ პირებიდან, ზოგიერთს ეპყრობიან განსხვავებულად და არასახარბიელოდ, აქვე მოსარჩელე საკმარისად ქმნის იმის ვარაუდს, რომ ეს განსხვავებული მოპყრობა ამა თუ იმ დაცულ ნიშანს (სქესი, პოლიტიკური შეხედულებანი თუ სხვა) ეფუძნება, ხოლო მოპასუხე ვერ წარმოადგენს საკმარისად დასაბუთებულ მსჯელობას, რომ ამ განსხვავებულ და არასახარბიელო მოპყრობას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, მაშინ სახეზე გვაქვს პირდაპირი დისკრიმინაცია და პირთა თანასწორობის არალეგიტიმური გამორიცხვა. დისრკიმინაციის სამართლის ამ პრინციპების და პრაქტიკის შესაბამისია ასევე ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’. კანონის პირველივე მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად (ნათელია, რომ დაცულ ნიშანთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ანუ აქაც სახეზე გვაქვს ნიშანთა ეგრეთწოდებული - OPEN END. მოცემული რეგულაცია პირდაპირ უთითებს, რომ ეს კანონი სწორედ სხვა - კანონმდებლობით დადგენილი უფლებების თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას ემსახურება. მნიშვნელოვანია ამ კანონის მე-3 მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ,,კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში’’. ანუ, ნორმა პირდაპირ აწესებს, რომ ეს კანონი და მისი დანაწესები (რომ პირებმა უნდა თანასწორად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით), ვრცელდება არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე და ამ დაწესებულებათა საქმიანობის ყველა სფეროზე, არამედ ასევე კერძო სამართლის სუბიექტებზე კერძოსამართლებრივ ბრუნვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს კერძო სამართლის სუბიექტების მიერ პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა, ხოლო ასეთი არსებობის შემთხვევაში კი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი. აპელანტის განმარტებით, ცნობილია, რომ მტკიცების ტვირთი განსხვავებული მოპყრობის მართებულობისა და გონივრულობის დასაბუთებისათვის, ამ მოპყრობის განმახორციელებელს აწევს (იხ. საქმეები: იგივე IVANOVA V. BULGARIA; KIYTUN V. RUSSIA; D.H. AND OTHERS V. CHECZ REPUBLIC და სხვა). ხოლო მოსარჩელემ, თავის მხრივ თავდაპირველად უნდა წარმოაჩინოს, რომ მის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა და ამავე დროს, ეს განსსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რომელიმე დაცულ ნიშანს. ნათელია, რომ ზოგადად მოსარჩელის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა. მოსარჩელეს შეეძლო ლეგიტიმური იმედი ჰქონოდა, რომ ის არ იქნებოდა გადაყვანილი მოულოდნელად სასოფლო განყოფილებაზე მანამდე, სანამ არ იარსებებდა კანონით გათვალისწინებული პოლიციელის გადაყვანის კანონიერი წინაპიროებები. ეს ლეგიტიმური მოლოდინი დაცულია ყველა პირისათვის და იმედგაცრუელბული აღმოჩნდა მოსარჩელის მიმართ. საქმეში მოპასუხე რეალურად დისკრიმინაციის მტკიცების კუთხით წარუმატებლობას განიცდის, რამეთუ ვერ მიუთითებს რაიმე გონიერ ნიშანზე, რაც გაამართლებდა მოსარჩელის მოულოდნელი გადაყვანის ფაქტს თბილისიდან ახალქალაქის სოფელში სამუშაოდ. ნებისმიერი ცივილური კანონმდებლობაც კი ითვალისწინებს თანხმობის მოპოვებას პირობების შეცვლაზე, საჯარო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე აღარაფერი რომ ვთქვათ სამოქალაქო კოდექსიც კი ითვალისწინებს თანხმობას გარიგებებში, მოწონებას და ასე შემდეგ. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, კანონის გარეშე ადამიანის შრომით უფლებაში ჩარევა განხორციელდა უკანონოდ, ეს ჩარევა არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნებიდან რომელიმეს, ასეთი არ არის დასახელებული და საუბარი ზედმეტია ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების საკითხზე. აპელანტისათვის გაუგებარია, რა მწვავე საჭიროება არსებობდა შრომის უფლებაში ამგვარი ჩარევისათვის. მიუხედავად შს წარმომადგენლის მდუმარებისა, ეს აუცილებლობა დასახელებული უნდა იქნეს სასამართლო სხდომაზე. დასაქმებული, რომელიც წლებია მსახურობდა ორგანიზაციაში, ამავე დროს ის სამსახურში ხასიათდებოდა დადებითად, წარმოადგენს ასე ვთქვათ „ძვირადღირებულ რესურსს“, რომელსაც სათანადო გაფრთხილება სჭირდება. ეს ძვირადღირებული რესურსი კი, არ უნდა შეეწიროს ქვეყნის დისკრიმინაციის ინტერესებს ამგვარი რესურსის გაფრთხილების ნაცვლად შს დისკრიმინაციულად არ უნდა ეპყრობოდეს მის თანამშრომლებს. დისკრიმინაციის თაობაზე მტკიცების განაწილების ტესტის სტანდარტს მოპასუხემ საერთოდ ვერ გაართვა თავი, რაც განაპირობებს იმ რეალურ მოცემულობას, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური საფუძველი. ეს ყოველივე კი, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დადასტურებულად ჩათვალოს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა და შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა. გადაყვანის შესახებ უკანონო ბრძანების გამოცემით განხორციელდა მოსარჩელის დისკრიმინაცია, სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურის მოწინააღმდეგე - დაცვის მხარესათვის მოწმეობაზე თანხმობის გამოხატვისა და სასამართლოშიც კი დაცვის მხარედ მოწმედ გამოსვლის გამო, რომლის გაქარწყლება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო, რამეთუ შ------–----–--ის გათავისუფლების სხვა გონივრული საფუძველი საქმის მასალებიდან არ ირკვევა. საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმადაც კი, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, არათუ უკვე ჩამოყალიბებულ და გრძელვადიან შრომით ურთიერთობებში. სახელმწიფოს ეკისრება ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრას თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა მე-14 მუხლის კონსტიტუციურ სამართლებრივ შინაარსზე საქმეზე მოქალაქეები - ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება no. 2/7/219, § 1). სასამართლომ განმარტა: ,,კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება“. ევროპულმა სასამართლომ დააწესა სამართლებრივი სტანდარტი, რომ ნებისმიერ ზღვარზე მყოფ საქმეში უპირატესობა უნდა მიეცეს პირის მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთას და არა სახელმწიფოს მხრიდან უფრო მნიშვნელოვანი ინტერესების მტკიცებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სისხსლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მხრიდან გახდა თუ არა ინფორმაცია ცნობილი, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი დაკითხულ იქნა დაცვის მხარის მოწმის სახით, საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ ერთ-ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მოსარჩელს მიმართ განსხვავებული მოპყრობა. სწორედ ამ კონტექსტში იქნა მოხსენიებული შ------–----–---ც საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 24 მარტის N------ დასკვნაში, სადაც საუბარია ყოველგვარი გონივრული გამართლების გარეშე პირის დისკრიმინაციაზე. ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გ---------------ს მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ მოწმედ დაკითხა შ------–----–--- და პროკურატურის წინააღმდეგ იშუამდგომლა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვა, დასტურდება საქმის მასალებიდან, ხოლო თუ რა სახის ჩვენება მისცა მას და მისცა თუ არა ნამდვილად პროკურატურის წინააღმდეგ და დაცის მხარის სასარგებლოდ, დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 7 ნოემბერს გ---------------ს მიმართ გამოტანილი განაჩენიდან, რომელიც არ არსებობდა შ------–----–--ის საქმის განხილვისა და მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდში. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია პირველი ისნტანციის მოსამართლის დასკვნები მასზე, რომ შ------–----–--ის ჩართულობის ხარისხი არ ქმნიდა ეჭვს დისკრიმინაციაზე. ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ მტკიცების სტანდარტიც კი მოცემულ საქმეზე არასწორად გადანაწილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე შს სამინისტროც კი არ უარყოფდა დაცვის მხარის სასარგებლოდ გ---------------ს საქმეზე შ------–----–--ის დაკითხვის ფაქტს, ხოლო მოსამართლემ ეს გარემობეაც კი ეჭვქვეშ დააყენა. ამასთან, იმ პიროებებში, როდესაც საქმე დისკრიმინაციას ეხებოდა, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ გამოუთხოვია მტკიცებულებები და არ შეუგროვებია ფაქტები. თუ კი ამ გარემოებებს დადასტურებულად არ მიიჩნებდა მოსამართლე და ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისათვის, სასამართლოს უნდა გამოეთხოვა საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის საქმიდან მასალები და ინფორმაციები, რომელზედაც ხელი არ მიუწვდებოდა შ------–----–---ს და ინახებოდა იმავე სასამართლოში. როდესაც სასამართლოწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე ან დისკრიმინაციაზე მსჯელობას, ინკვიზიციურ მართლმსაჯულებას ალტერნატივა არ აქვს. აპელანტის განმარტებით, „დისკრიმინაციის აკრძალვის მიზანია ინდივიდებს საშუალება მიეცეს თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს გამოხატული იგი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშრისო სამართლის ნორმებით. აუცილებელი არ არის, რომ დისკრიმინაცია იკვეთებოდეს ღია და იოლად ამოსაცნობი ფორმით. პირდაპირი დისკრიმინაციის დამტკიცება ყოველთვის რთულია, იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული მოპყრობა „ღიად“ ეფუძნება მსხვერპლის მახასიათებელს. განსხვავებული მოპყრობის საფუძველი ხშირად გამოკვეთილ არ არის ან ხელოვნურადაა დაკავშირებული სხვა ფაქტორთან. იშვიათია შემთხვევა, როდესაც პირები ღიად აცხადებენ, რომ მათი განსხვავებული მოპყრობის მიზეზი ერთ-ერთი დაცული საფუძველია. იმ სირთულის გათვალისწინებით, რაც მოსდევს განსხვავებული მოპყრობის მტკიცებას, დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართალი მტკიცების ტვირთს მხარეთა შორის ანაწილებს. შესაბამისად, როგორც კი მოსარჩელე წამოწევს ფაქტებს, რომელთაც დისკრიმინაციის საფუძვლად მიიჩნევს, მტკიცების ტვირთი გადადის ქმედების ჩამდენზე, რათა საწინააღმდეგო დაამტკიცოს, რადგან ქმედების ჩამდენი ფლობს ინფორმაციას, რომელიც საჩივრის დასაბუთებისთვისაა საჭირო, დისკრიმინაციის აკრძალვის სამართალი მტკიცების ტვირთს სწორედ მასთან ანაწილებს“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება N2ბ/5824-15 - N180210015001072538 საქმეზე, მოსარჩელე ი-----–----–-ის ადვოკატი ი-------------–---–-, მოპასუხის - დუშეთის მუნიციპლიტეტის გამგეობის მიმართ). საზოგადოდ, პირის მიმართ განხორციელეული დისკრიმინაციული მოპყრობის დამადატურებელად არ გასცემენ ხელმოწერილ და ბეჭდდასმულ დოკუმენტებს, შესაბამისად, ყველა გარემოების შეფასების გონივრულობა არის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია დისკრიმინაციის არსებობის დადასტურება. ამ პირობებეში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ის გახდა განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლი გონივრული და ობიექტური გამართლების გარეშე, რაც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, იმ პირობებეში, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები არათანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, დისკრიმინაციულად მოჰყრობის ფაქტი დადასტურებულია და სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, რამდენადაც დადასტურებულია მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა პოლიტიკური ნიშნით და სახეზეა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების შედეგად დამდგარი შედეგი - სამსახურიდან უკანონო გადაყვანა, ამდენად, არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველიც. უფრო კონკრეტულად კი, იმისათვის, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, აუცილებელია სახეზე გვქონდეს შემდეგი პირობები კუმულაციურად: ა) დამდგარი ზიანი; ბ) მიზეზობრივი კავშირი და გ) მართლწინააღმდეგობა. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. მოპასუხე იყო მხარე, რომელმაც განახორციელა პირდაპირი დისკრიმინაცია მოსარჩელის მიმართ. ამ დისკრიმინაციის საფუძველზე მოსარჩელე გადაყვანილი იქნა უკანონოდ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. მოპასუხის მხრიდან განხორციელებული უკანონო (მართლსაწინააღმდეგო) ქმედება (მოსარჩელის უკანონო გადაყვანა) გამოხატული იყო კანონით დადგენილ მოთხოვნების დარღვევაში. შედეგად მოპასუხემ დაარღვია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი. მორალურ ზიანს იწვევს მოსარჩელის მიერ დისკრიმინაციის შედეგად სულიერი და მორალური ტკივილის განცდა, ხოლო, როგორ გამოიხატება აღნიშნული ტკივილი იმ ფულად თანხაში, რაც მოსარჩელემ სასამართლოში უნდა მოითხოვოს, კანონმდებლობა კონკრეტულ კრიტერიუმებს არ აწესებს, განსხვავებით დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისგან, რომლის მარეგულირებელ ნორმებსაც გვთავაზობს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. თავის მხრივ, მორალური ზიანის ანაზღაურების სასარგებლოდ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნორმა და სამართლის წყაროა საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მე-10 მუხლიც ითვალისწინებს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის თუ დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კონკრეტულ შემთხვევაში, დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა. მოსარჩელის ცხოვრების წესის და რითმის შეცვლა, დათრგუნულობა, უსამართლობის მსხვერპლობა, გაურკვევლობა, უკანონო გადაყვანით და ოჯახთან დაცილებით ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, არასრულფასოვნების კომპლექსი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შ------–----–---ს შს სამინისტრომ თავისი ქმედებით მორალური ზიანი უკვე მიაყენა, რაც ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე, როგორც პოლიციელს დაუფლებული ჰქონდა დაუცველობის განცდა, სამსახურში თავს გრძნობდა გარიყულად, შევიწროვებულად და დასჯილად, ის იყო მიუღებელი პერსონა, მოსარჩელე სამსახურში განიცდიდა უსამართლობის შიშს, შეიგრძნობდა მის მიმართ უკანონო ფორმებით მიზანიმართულ დევნას, განიცდიდა სულიერ ტკივილს მის მიმართ დისკრიმინაციულად მოპყრობის გამო, დაეუფლა უსამართლობის და დაუცველობის განცდა, ხსენებულის გამო უწევს მართლმსაჯულებაში სიარული პოლიციელის მოვალეობის მოხდის პარალელურად, როგორც პოლიციელს არ გააჩნია მისი დაცულობის განცდა, თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად შეასრულა მისი საზოგადოებრივი მოვალეობა - ეთქვა სიმართლე იმის შესახებ, რაც მან იცოდა და ეს სიმართლე თუნდაც განეცხადებინა დაცვის მხარისათვის, რომელიც დღეს სისხლის სამართლებრივად დევნილია, მოსარჩელე თავს მიიჩნევს უსამართლო დევნილად, შეურაცხმყოფელად დაქვეითდა დაწინაურების პერსპექტივის ნაცვლად და ხსენებულის გამო კოლეგებში შეელახა მის შესახებ არსებული პატივი და ღირსება, ასევე საქმიანი რეპუტაცია, მთელ შს სისტემას მინისტრმა მისი თავი წარუდგინა, როგორც პოლიციელისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ქცევისაგან განსხვავებულ - არანორმალური, ატიპური ქცევის მქონე პოლიციელად, რისთვისაც ის დასაჯეს საქართველოს დედაქალაქიდან სოფლის პოლიციაში გადაყვანით, ხოლო გადაყვანის ფორმად გამოყენებული იქნა ისეთი სადამსჯელო მმართველობითი ღონისძიება, რომ არც კი გახადეს იმის ღირსი აეხსნათ მისთვის შს მინისტრიდან დაწყებული ვინმეს - თუ რატომ გადაიყვანეს ის სასოფლო პოლიციის განყოფილებაში და ისიც საქართველოს უკიდურეს რეგიონში. ყოველივე ხსენებული მოპასუხისათვის არაქონებრივი ზიანის დაკისრების საფუძველია დისკრიმინაციული წესით მოპყრობის გამო. მდგომარეობას ასევე ამძიმებდა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის კმაყოფაზე იყვნენ შრომისუუნარო ასაკოვანი მშობლები, რის გამოც ვერ ახერხებდა მათზე ზრუნვას ახალქალაქის სოფელში ყოფნის გამო. კანონით და ადამიანური გრძნობებით მასზე დაკისრებული ურთიერთშეგებებული, ურთიერთსანაცვლო ხსენებული ვალდებულების შესრულება მშობლების წინაშე მოსარჩელეს აღარ ძალუძდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის სოციალური უფლების უხეშად და უკანონოდ წართმევის გამო, რაც საქმეზე სარჩელის წარმატების პირობებში განაპირობებს ამ საფუძვლითაც მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

3.6. აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არაქონებრივი ზიანი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს დაზარალებულისთვის რაიმე მატერიალური დანახარჯის კომპენსაციის წყაროს. იგი მიეცემა დაზარალებულს სულიერი ტანჯვის საკომპენსაციოდ. ამდენად, მორალური ზიანი თავისი შინაარსით არამატერიალური ცნებაა და აქედან გამომდინარეობს კანონის დანაწესი მისი ოდენობის დასადგენად მხოლოდ გონივრულობის, სამართლიანობის თაობაზე. საქმე ეხება შემთხვევას, როდესაც მოსარჩელის შრომითი უფლებანი შეილახა სწორედ თანასწორობის პრინციპის არალეგიტიმური გამორიცხვით. შესაბამისად, სახეზეა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი ჯაჭვი. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნილმა უზრუნველყოს მოსარჩელის ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება მას სულიერი წონასწორობის მიღწევაში. ამდენად, იურიდიულად გამართლებულია მოცემულ საქმეზე მორალური ზიანის დაკისრება. აპელანტს მატერიალური სახით უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც მან უსაფუძვლოდ გასწია უკანონო ბრძანების გამოცემის შედეგად ტრანსპორტირებისათვის და ბინის დაქირავებისათვის, რაც აუცილებელი გახდა ახალქალაქის სოფელ ბარალეში გადაადგილებისა და ცხოვრებისათვის, რომელიც საშუალო გონივრულობის საზომით უნდა იქნეს დაკისრებული მოპასუხისათვის, რადგნ უდავოა, რომ აგვარი ხარჯის გაწევა მოუხდებოდა მოსარჩელეს.

 

3.7. აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო დაკანლისის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან სასამართლომ ისე მიიღო ამ ნაწილზე გადაწყვეტილება, რომ არ შეუსწავლია ხელფასის განმსაზღვრელი აქტები. შესაბამისად, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის ზუსტი და კონკრეტული ოდენობა (იზ. სუსგ საქმე №ბს-776-768(2კ-4კს-15) 14 ივლისი, 2016 წელი). ამგვარი წესით ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილი შესაძლოა კვლავ სადავო გახდეს და ასანაზღაურებელი ოდენობის რაოდენობა საბოლოოდ ვერ გაარკვია და არ დაადგინა სასამართლომ. გაურკვეველია რა ოდენობას წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიკუთვნებული დანაკლისი და სხვაობა ძველ და ახალ თანამდებობებს შორის. ხსენებული კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ გამოითხოვა და არც გამოიკვლია. შესაბამისად, ამ ნაწილის გაუქმებით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3.8. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შს მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, რომელითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა შს მინისტრის ბრძანება შ------–----–--ის შესახებ. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ შეეფასა, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად აღნიშნული ბრძანების გამოცემას. ამ საკითხზე ფაქტიურად მსჯელობაც კი არაა წარმოდგენილი. რელურად, განხილული არაა ეს ნაწილი. ფაქტიურად სასამართლომ არ იმსჯელა ხსენებულ მოთხოვნაზე და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ აყენებდა ის ზიანს. ფაქტობრივად, სასამართლომ ძალაში დატოვა ის აქტი, რომლითაც სასამართლოს მიერ ბათილად გამოცხადებული აქტი, ასევე ძალადაკარგულად ცნობილად არის მიჩნეული შს მინისტრის აქტით. რეალურად სახეზეა ორი სამართლებრივი აქტი შს მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის აN2------ ბრძანების შესახებ, რომლითაც ერთი აქტი მას ძალადაკარგულად აცხადებს, ხოლო მეორე ბათილად. შესაბამისად, ამ ნაწილის გაუქმებით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3.9. აპელანტის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ განიხილა და არ იმსჯელა მინდობილობის შედგენაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე და ის არ დააკისრა მოპასუხე შს სამინისტროს, მაშინ, როდესაც ასეთი ხარჯის გაწევა სანოტარო აქტიდან დასტურდებოდა. ასევე დაუსაბუთებელია უარი სხვა საპროცესო ხარჯების მიკუთვნებაზე უარის თქმის შესახსახებ, რაც მოთხოვნილი იყო სარჩელით. პირვველი ინსტანციის სასმაართლომ არასწორად უთხრა უარი მოსარჩელეს დანაკლისი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებით დამდგარი მიუღებელი შემოსავლის ზიანის ანაზღაურებაზე 10%-ის ოდენობით, რამეთუ მოსარჩელეს ამ თანხების შეგროვებად საბანკო ანგარიშზე განთავსებით ხელი შეეშალა სარგებლის მიღებაში, რომლის მიღება მას შეეძლო.

 

3.10. აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება კუთვნილი გამოუყენებელი ყოველწლიური შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და ის არ ეფუძნება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. ხსენებულზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს ახლდადანიშნული მოსამართლის მხრიდან სათანადო პრაქტიკის არცოდნას ხსენებულ საკითხზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის უფლება, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, არ არის დამოკიდებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობაზე, არც იმაზე, გამართლდება თუ არა გათავისუფლებული პირის ინტერესები სამსახურში უკანონო გათავისუფლების გამო აღდგენაზე, ასეთი მოთხოვნის საფუძვლიანობას არ აბათილებს ის ფაქტი, წარადგინა თუ არა განაცხადი გათავისუფლებულმა ან დასაქმებულმა პირმა კუთვნილი შვებულებით სარგებლობისათვის მუშაობის პერიოდში“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება N3ბ/426-16 - N330310014679688 საქმეზე, აპელანტი - მ-----------ე, მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ვინაიდან შვებულების დროს ასანაზღაურებელი თანხა არ არის მოხელის ხელფასის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, მას უნდა აუნაზღაურდეს აღნიშნულ პერიოდში გამოუყენებელი კუთვნილი შვებულება“ (იხ. იგივე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება N3ბ/426-16 - N330310014679688 საქმეზე, აპელანტი - მ-----------ე, მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ). „ამდენად, დასახელებული სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, დასაქმებულის უფლება, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით - უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა“ (იხ. სააპელაციო პალატის ზ/მითითებული იგივე გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის დარღვეული უფლება სახეზეა, ვინაიდან მან ვერ ისარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე ამ უფლების პირდაპირი აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელის უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამოუყენებელი შვებულების საკონმპენსაციო თანხის ანაზღაურებით. საგულისხმოა, რომ „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე‑5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე‑6 მუხლის მე‑2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდაეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება. 1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24‑ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. აპელანტი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებაში (სამოქალაქო საქმეზე № ას-836-1122 თ.ც.ძის სარჩელისა გამო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ), ჩამოყალიბებულ სამართლებრივ განმარტებებსა და სასამართლო დასკვნებს გამოუყენებელი საშვებულებო დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, ძალაშია 1997 წლის 22 ივნისიდან) მე‑6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია დამსაქმებლის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე‑3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა“. აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეებზე ჩამოყალიბებული აღნიშნული განმარტება და სასამართლო დასკვნა სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე დათხოვნილ იქნა დამსაქმებლის ბრძანებით, ესე იგი, თავად დამსაქმებლის ინიციატივით, შესაბამისად, მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია „ყოველწლიური ფასიანი შვებულების“ შესახებ კონვენვიის მე‑6 მუხლის, შიდაეროვნული კანონმდებლობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სწორი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით. აპელანტი განმარტავს, რომ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების განხორციელებისას, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია აქტიური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს აღნიშნული უფლებით სარგებლობას, არამედ უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება. აპელანტი განმარტავს, რომ მისი სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურს თანამედროვე ბიუროკრატიული აპარატის სისტემაში. 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. აპელანტი არ იზიარებს მოსაზრებას მასზე, რომ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებლობა ანდა ასეთი მოთხოვნის დამსაქმებლისათვის წარუდგენლონლობა იწვევს შვებულების ანაზღაურების უფლების დაკარგვას, ვინაიდან შვებულების ანაზღაურების უფლება დათხოვნის შესახებ ბრძანების არარსებობის ან მისი თუნდაც გასაჩივრების გარეშეცაა გარანტირებული (სუს 25 ივნისი 2013 წ. გადაწყვეტილება №ბს-98-91(კ-13) საქმეზე). მოპასუხეს არ გამოუცია, არ გააჩნია მოსარჩელეთა მხრიდან ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებების მინიჭების შესახებ ბრძანებები და მათი გაცნობის, ძალაში შესვლის, ამოქმედების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მოხმობით, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს“, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას“. ვინაიდან სახეზე არაა ამგვარი ნორმებით დადასტურებული შვებულების უფლებების მინიჭების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტიები, არ დასტურდება მოსარჩელეთა მხრიდან შვებულებით სარგებლობის ფაქტები, რის გამოც მოთხოვნა დასაბუთებულია და ის უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ხსენებული მოთხოვნა დასაბუთებულია, რამეთუ მის გამართლებულობას ითვალისწინებს კანონი. შედეგად ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.11. აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 2 400 ლარის ანაზღაურება. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესკო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები“. იმავე მუხლის თანახმად, ,,სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები...’’ დასახელებული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, ,,იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა’’, რომელიც ქონებრივი დავის დროს გულისხმოს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველიე საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“. გარდა საპროცესო ნორმებისა, ხსენებული მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ–სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“. საგულისხმოა მოცემულ საკითხთან დაკავშირებული მყარი, სტაბილური და 2012 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განზოგადებული სასამართლო პრაქტიკაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ Nბს-1330-1315(კ-11) საქმეზე 2012 წლის 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით თანახმად, ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.’’ ,,საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით’’ (სტილდაცული ციტატა) (ხსენებული გადაწყვეტილება იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულზე, ბმულის მისამართი: ). აპელანტის მითითებით, ადვოკატების ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ხსენებული მიდგომა თავსებადია და გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს დამკვიდრებული ევროპული სტანდარტიდანაც. კერძოდ, ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. ევროპული სასამართლოს მეორე სექციის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე - „კაკაბაძე და სხვები (კერძოდ, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი) საქართველოს წინააღმდეგ“ განიმარტა - „სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და EHRAC-ის ქართველმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა მომჩივნებს გაუწიეს საჭირო იურიდიული დახმარება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მთელ რიგ ქართულ საქმეებში ამ ორი NGO-ს ადვოკატთა გუნდი სამართალწარმოების დროს არ შეიძლება დარჩეს კომპენსაციის გარეშე. აქედან გამომდინარე სასამართლო მომჩივნებს მიაკუთვნებს 3.970 ევროს (NGO-ს ქართველი ადვოკატებისათვის) და 1.970 ფუნტ სტერლინგს (NGO-ს ბრიტანელი ადვოკატებისათვის) მათ მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების მიზნით. კერძოდ ორი ქართველი და ერთი ბრიტანელი ადვოკატისათვის“ (საჩივრის N1489/07, სასამართლოს სექციის გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2013 წლის 2 იანვარს. ხსენებული გადაწყვეტილება იხილეთ ქართულ ენაზე სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"-ს ოფიციალურ ვებ-გბერდის ბმულზე, გამოქვეყნდა 10/01/2013; ბმულის მისამართი:ttps://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1815564&lang=ge#). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადრე მოქმედი პირველი სექციის მიერ 2005 წლის 9 ივნისს განხილულ საქმეზე - „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დასაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების 147-ე პუნქტით განმარტა, „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. რუსული კანონმდებლობის თანახმად, „ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზრაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საკითხთან მიმართებაში მსჯელობისას იგივე გადაწყვეტილების 151-ე პუნქტით განმარტა, რომ ადვოკატისათვის გადასახდელ „თანხებს უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც საჭირო იქნება მათზე დარიცხული გადასახადების ასანაზღაურებლად“. (საჩივარი N55723/00, ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს მიერ გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე კრებულში - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენთა კრებული“, იხილეთ მე- 4 ტომი (წიგნი), გვერდები 45 - 46. ინტერნეტ სივრცეში მოსაძიებლად იხილეთ ვებ - ბმულის მისამართი: http://www.coe.int/t/dgap/tbilisi/archives/downloads/Cases4.pdf). საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მესამე სექციის მიერ განხილულ საქმეზე - „გივი ჯანიაშვილი, საქართველოს წინააღმდეგ“ 2012 წლის 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე სახელმწიფომ თავად „აღიარა, რომ მომჩივანი გასწევდა გარკვეულ იურიდულ ხარჯებს და სთავაზობს სასამართლოს, მომჩივანს მიაკუთვნოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა“. გარდა ამისა „სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივანმა არ წარმოადგინა ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა დანახარჯებისა და ადვოკატის გასამრჯელოს გადახდას მისი მხრიდან. თუმცა როგორც მთავრობამ აღიარა, მომჩივნისთვის გაწეული იურიდიული დახმარება არ იქნებოდა უფასო“. მიუხედავად ამისა, „საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მომჩივნისთვის 1.000 ევროს მიკუთვნება მის წინაშე წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების სახით.“ (საჩივარი N35887/05, გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 27/02/2013; ხსენებული გადაწყვეტილება იხილეთ ქართულ ენაზე სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"-ს ოფიციალურ ვებ-გბერდის ბმულზე, გამოქვეყნდა 19/04/2013; ბმულის მისამართი:https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1899856&lang=ge#).

 

3.12. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, „გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი“, ხოლო იგივე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, „გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით“. სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო წესით შედგენილი და დადასტურებული დოკუმენტით გათვალისწინებული შინაარსი თავსებადია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლთან, რომლის თანახმად, „დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე“. იგივე კოდექსის იგივე მუხლის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი“. „დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება ხელშეკრულებათა იმ ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის განჩინება საქმეზე Nას-39-489-06)“. კონსესუალურია, ვინაიდან იგი დადებულად ითვლება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან. ხოლო ორმხრივია, რადგან მისი ორივე მხარე ერთდროულად იძენს უფლებებს და იღებს ვალდებულებებს მეორე მხარის მიმართ“. „სახეზე გვყავს „ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედებების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე“. „ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედებების შესრულება. ეს მოქმედებები მიმართულია მარწმუნებლისათვის მესამე პირებთან ურთიერთობებში გარკვეული სუბიექტური უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტისკენ“. „სსკ 709–ე მუხლი მიუთითებს, რომ რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელით და მარწმუნებლის ხარჯზე. შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულის მიერ დადებული გარიგებებით, მესამე პირებთან უფლება-მოვალეობები წარმოშობა უშუალოდ მარწმუნებელს“. დავალების ხელშეკრულების ფორმაზე კანონი არ მიუთითებს, ამიტომ ფორმის საკითხის განსაზღვრისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო წესებით გარიგების ფორმის შესახებ“. იგი შეიძლება გაფორმდეს როგორც ზეპირად, ისე წერილობით“ (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალი - „ადვოკატი“, 2014 წელი, N4, „დავალების ხელშეკრულების მნიშვნელობა და ძირითადი მახასიათებლები“, ავტორი სოფიო ბერიანიძე, იხ. გვერდები 51-58). ამდენად, ქართული საპროცესო სამართლის საფუძვლით, და ასევე არამარტო, შიდასახელმწიფოებრივი, არამედ ევროპული მყარი სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებითაც გამართლებული და მხარდასაჭერია ხსენებული მოთხოვნის სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილება. ანალოგიური დასაბუთებით, იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება N330210014592339 (N2/15800-2014) საქმეზე (მოსამართლე შორენა ჯანხოთელი, მხარდაჭერილი ზემდგომი სასამართლოების მიერ) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება N330310014642520 (N3/4193-2014) საქმეზე (მოსამართლე ლელა ცანავა). მოცემულ საკითხზე მოთხოვნის დადებითად და საინტერესოდ გადაწყვეტილებას გვთავაზობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება N190310015716798 - N3ბ/698-2015 საქმეზე (აპელანტი - რ----------------–--ე, მოწინააღმდეგე მხარე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გადაწყვეტილება შემოწმებულია საკასაციო წესით და ის უცვლელადაა დატოვებული ძალაში საკასაციო პალატის Nბს-9-8(2კ-6კს-2016) განჩინებით), სადაც ხსენებული ხარჯი ანაზღაურებულია იმ დასაბუთებით, როგორც აქ არის მოცემული და აქ დასახელებული მაქსიმალური ოდენობით (2400 ლარი), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკის გათვალისწინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, წერილობითი მტკიცებულების გარეშე ადვოკატის ხარჯს აკუთვნებს მოწინააღმდეგე მხარეს მაშინაც, როდესაც კასატორის საკასაციო პრეტეზია განუხილველი რჩება დაუშვებლობის გამო (კვლავ იხილეთ, Nას-444-423-2015 საქმეზე 2015 წლის 30 ოქტომბერს მიღებული განჩინებები). საკასაციო პალატის ეს მიდგომა გამართლებულია, რადგან კასატორის დაუშვებელ მოთხოვნებზე თუ წინააღმდეგობის გაწევა მოუწია მოწინააღმდეგე მხარეს და ამისათვის ის აღჭურვილი იყო ადვოკატით, ადვოკატის დახმარებისათვის გათვალისწინებული ხარჯის დაკისრება არსებითად სწორია. საგულისხმოა, რომ პროცესში წარმატებული მხარისათვის წერილობითი მტკიცებულების გარეშე ადვოკატის ხარჯის მიკუთვნებას მხარს უჭერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატა, იხ Nას-444-423-2015 საქმეზე 2015 წლის 30 ოქტომბერს მიღებული ერთობლივად რამოდენიმე განჩინება მოცემულ საქმეზე. გარდა აღნიშნულისა, ხაზგასმით მნიშვნელოვანია მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით დადგენილი პრაქტიკა Nბს-776-768(2კ-4კს-15) საქმეზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იურიდიული მომსახურების (ზეპირი/წერილობითი) ხელშეკრულების არსებობა და მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, პარაფრაფი 145, 146)“. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამოც სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ. Nბს-1330-1315(კ)-11; 30.10.15წ. Nას-444-423-2015 25; 25.03.2016წ. Nას-12-12-2016 გადაწყვეტილებები). მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხლი). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთვევაში (სკ-ის 710-ე მუხ). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, ხარჯის განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.2008წ. Nას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლო ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება“ (დეტალურად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინება Nბს-776-768(2კ-4კს-15) საქმეზე, მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე).

 

3.13. აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივრის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 50 ლარის, სააპელაციო საჩივრის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 50 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 5 ლარის, საქმის მიმდინარეობისას სხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გამოწვეული გაღებული ხარჯის 70 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 50 ლარის, სასამართლოში, სარჩელის ჩასაბარებლად აპელანტისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩაბარებისათვის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის - 200 ლარის, ასევე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 700 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 7 000 ლარის ოდენობით. აპელანტის განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოებისათვის გაღებული ხარჯების, ოდენობის, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს. პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი იურიდიული შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა. სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, ისევე, როგორც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სხვა პროცესუალური მოთხოვნა, არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე, დამოუკიდებელი სარჩელის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დამოუკიდებელ ობიექტს, ვინაიდან სარჩელი აღიძვრის იმ უფლებათა დასაცავად, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითდა განმტკიცებულია მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობით. საპროცესო სამართალი განსაზღვრავს იმ საპროცესო უფლებების კლასიფიკაციას და მათით სარგებლობის პირობებს, რომლებიც აუცილებელია მატერიალურ-სამართლებრივიუფლებების ეფექტიანად დაცვის უზრუნველსაყოფად. საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დასაშვები და შესაძლებელია როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის თანამდევი პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, პირველის გარეშე იგი არ შეიძლება დამოუკიდებლად არსებობდეს. პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნები წარმოიშობა და ქრება მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან ერთად. სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის მიზეზითაც სასამართლოს მოუწია კონფლიქტის (დავის) გადაწყვეტა. ეს შეიძლება იყოს მოპასუხე (სარჩელის დაკმაყოფილების), ან მოსარჩელე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში), სასამართლოს გარეშე ხარჯები განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე. აღსანიშნავია, რომ მოგვარებულ სასამართლო დავაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებაზე დამოუკიდებელი სარჩელის წარდგენა, ვერ იქნება ცალკე, დამოუკიდებელი სარჩელით მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი, რამდენადაც ასე სახეზეა არა სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ, დასრულებულ სამართალწარმოებაში გამოუყენებელი საპროცესო უფლების მატერიალური შინაარსის უფლებად წარმოსახვის მცდელობა, რისი შესაძლებლობა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი არ არის და სავსებით ლოგიკურად, ვინაიდან სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქარწყლდება ყველა საპროცესო უფლება, რომლითაც მხარეებს შეეძლოთ ესარგებლათ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ, მხარემ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების შესახებ დანაწესს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არ ანიჭებს სასამართლოს საპროცესო კომპეტენციას, თავისი ინიციატივით, მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებში გადაწყვიტოს სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების საკითხი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე №ბს-1665-1619(კ-08). ხსენებული მსჯელობა წარმოშობს სასარჩელო მოთხოვნასთან თანადროულად საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მიზნით შესაბამისი მოთხოვნის სარჩელშივე ჩამოყალიბებას.

 

3.14. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესკო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“. გარდა საპროცესო ნორმებისა, ხსენებული მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ნორმის საფუძველზე გამოუყენებელ საპროცესო უფლებაზე ცალკე სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს კანონი, ანუ სამართლებრივად დაუშვებელია საპროცესო უფლების მატერიალურ უფლებასთან გათანაბრების სამართლებრივი შესაძლებლობის დაშვება და თანმდევ საპროცესო უფლებაზე სარჩელის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ Nბს-1665-1619(კ-08) საქმეზე მიღებული 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, საგულისხმოა მოცემულ საკითხთან დაკავშირებული მყარი, სტაბილური და 2012 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განზოგადებული სასამართლო პრაქტიკაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით Nას-165-158-2013 საქმეზე დადგინდა ერთიანი, განზოგადებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა საპროცესო შეცდომების გაანალიზების შედეგად. ხსენებულის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის. (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR). რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც მართალია მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. აპელანტის მოსაზრებით, ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით“, რაც ამართლებს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას.

 

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.15. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკამყოფილების ნაწილში, სამართლებრივად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო საამრთლის იურიდიული პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ბრძანების 28-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობრივი გადაადგილება, სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია: სამსახურებრივი დაწინაურებისას, სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანისას, საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი განცხადებით (ატესტაციის შედეგების შესაბამისად, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად), დადებული დისციპლინური სახდელის გამო. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ბრძანება სრულად ითვალისწინებდა სამსახურეობრივი საჭიროების გამო თანამშრომლის სამსახურეობრივ გადაადგილებას, შესაბამისად, სამინისტრო ცალსახად მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით გაწერილი საფუძვლების შესაბამისად, რის გამოც, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანებით პოლიციის უფროსი ლეიტენანტი შ------------------- შ----–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობიდან გათავისუფლდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, ბრძანება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 23 დეკემბრის №23/12/01 განკარგულების შესაბამისად საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თ-----–-------- პატაკის საფუძველზე გამოიცა, მითითებული პატაკი კი შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მოთხოვნას შ------–----–--ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის გაცემაზე და განმარტებას მასზე, რომ აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.

 

4.3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე შ------–----–---ს თანამდებობრივი სარგო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე კუთვნილ სარგოზე ნაკლები ოდენობით დაენიშნა.

 

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

 

4.5. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელის მტკიცება არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანებით შ------–----–---ს შრომის უფლება დისკრიმინაციული მოტივით შეეზღუდა გ---------------ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით მონაწილეობის გამო. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში მითითებული ნიშნით დისკრიმინაციის მტკიცებისას მოსარჩელე მხარემ წარადგინა გ---------------ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული და გ---------------ს საადვოკატო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, გ---------------ს მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციისადმი სახალხო დამცველის მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 134-281, ტომი 2, ს.ფ. 246-254), ასევე, გ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციის წარდგენისა და მოწმეთა დაბარების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისადმი 2014 წლის 10 მაისის მიმართვა, რომლითაც მოწმის სახით შ------–----–---ა მითითებული (ტომი 1, ს.ფ. 128). ასევე, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი გ---------------ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით (ტ 4. ს.ფ. 50-88). სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები შ------–----–---სთან მიმართებით მეტყველებს მხოლოდ მასზე, რომ შ------–----–---მ გ---------------ს სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეული სახის ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა და მისცა ჩვება, თუმცა, განაჩენის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ დგინდება, რომ შ------–----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლება გ---------------ს საქმეში მის მონაწილეობასთან არის დაკავშირებული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განაჩენით ვერ დგინდება, რომ შ------–----–---მ გ---------------ს საქმეზე მისცა ისეთი სახის ჩვენება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა გასჩენოდა ინტერესი გ--------------- ამის გამო გაენთავისუფლებინა სამსახურიდან და გადაეყვანა სხვა განყოფილებაში. უფრო მეტიც, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი შ------------------- შ----–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობიდან გათავისუფლდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანებით, ხოლო გ---------------ს მიმართ განაჩენი გამოტანილია თითქმის 2 წლის შემდეგ - 2017 წლის 7 ნოემბერს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ დაახლოებით 2 წლით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ ეცოდინებოდა, თუ რა სახის ჩვენება შეეძლო შ------–----–---ს მიეცა მომავალში და წინასწარ ვერ დასჯიდა მომავალში ჩვენების შესაძლო მიცემის გამო, რომლის შინაარსიც შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე შ------–----–---მ არ უარყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის მიმართ არც ჩვენების მიცემამდე და არც ამის შემდეგ რაიმე სახის თუნდაც სიტყვიერი ზეწოლა გ---------------ს სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

 

4.6. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება კონკრეტული ხარჯების მოცულობა, რისი გაღებაც შ------–----–---ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში მოუხდა. აღნიშნული ხარჯების მტკიცებისას მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით (2016 წლის 14 მარტის შუამდგომლობა - ტომი 1, ს.ფ. 47-49, დაზუსტებული სარჩელი - ტომი 1, ს.ფ. 309-342), რომელიც ბუნდოვან და ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებს შეიცავს და მოკლებულია დამაჯერებლობას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბ-----–----- პოლიციის განყოფილების უ-----------------------------–ის თანამდებობაზე გამწესების შემდეგ იგი ახალქალაქის რაიონში არ იყო უზრუნველყოფილი საცხოვრებლით, რის გამო ყოველდღე თბილისიდან უწევდა 300 კმ-ით დაშორებულ სამუშაო ადგილამდე მგზავრობა და ადგილზე კვების გაზრდილი ხარჯების გაღება; მოსარჩელემ, ასევე, განმარტა, რომ ახალქალაქის რაიონში ბინის დაქირავების ხარჯიც ჰქონდა (თვიური ოდენობის დაუზუსტებლად), რამაც, სხვა ხარჯებთან ერთად 10 000 ლარი შეადგინა, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, გაურკვეველია, აღნიშნული დანახარჯი კონკრეტულად რა თანხებს მოიცავდა, იგი შ------–----–---ს სადავო ბრძანების გამოცემიდან - 2015 წლის 28 დეკემბრიდან ამ განმარტების გაკეთებამდე - 2016 წლის მარტამდე ჰქონდა, თუ ამ დრომდე დაგროვებულ ხარჯს სამომავლო სავარაუდო ხარჯიც დაემატა. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სასარჩელო წარმოების პროცესში თითოეულ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების მტკიცება, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს - მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-17 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლი). კონკრეტულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლი), თუმცა, მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც უარყოფილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ვერ იქნება მიჩნეული სადავო გარემოების დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად, მით უმეტეს, თუ ამგვარი განმარტებაც არ ხასიათდება დასაბუთებულობითა თუ სარწმუნოობაზე მეტყველი რაიმე ნიშნით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.8. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ნორმატიულ აქტებშია რეგლამენტირებული, დიდწილად საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ და უზრუნველყოფენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება. ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და, შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“ იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა-მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“ შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს აღნიშნული პრინციპის აუცილებელ გამოყენებაზე და სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ.“ ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.

 

4.9. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამის დაშვება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომლის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს, რომელიც შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით (შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 11 მუხლი). აღნიშნული წესის მიხედვით, სამინისტროში სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები (მე-3 მუხლი).

 

4.10. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლი შემდეგ რეგულაციებს ადგენს: 1. სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ა1) სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება); ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ე) პირადი განცხადებით (პატაკი); ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად; ვ1) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად; ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო. 2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სამინისტროს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას. 3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სამინისტროს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით. 4. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. იმავე წესის 29-ე მუხლის მიხედვით: 1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ: ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან სსიპ-ში არა უმეტეს 6 თვისა; ბ) სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სამინისტროს მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის. 2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, შ------–----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნა საამისოდ შ------–----–--ის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების მისაღები მახასიათებლების გამოკვეთისა და შ------–----–--ის თანხმობის ან/და მისი წინასწარი ინფორმირებულობის პირობებში შეიძლებოდა განხორციელებულიყო, თუმცა ამგვარი გარემოებების არსებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მასალებით არ დასტურდება და არც მოპასუხის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი პოზიციით ყოფილა დასაბუთებული. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე და გაუმართლებლად ზღუდავს შ------–----–--ის შრომით უფლებას.

 

4.11. შ------–----–--ის მიმართ უკანონო აქტით შრომითი უფლების შეზღუდვის მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოპასუხის ქმედება ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად, ვინაიდან დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მოსარჩელის მტკიცება არასაკმარისად ჩაითვალა შესაბამისი ვარაუდის შექმნისთვის (პუნქტი 3.5). სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში დისკრიმინაციად არ ფასდება, არამედ, საამისოდ უნდა არსებობდეს გარემოები, რომელიც რომელიმე ნიშნით მსხვერპლის უკანონო გამორჩევაზე მიუთითებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, საშუალება მიეცეთ ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. თანასწორობის იდეა და პრინციპები დღეს მოქმედ მრავალ საერთაშორისო სამართლის აქტში, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობაშია განმტკიცებული. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) ადგენს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს. ადამიანები თანასწორნი არიან იმ უფლებებით სარგებლობაში, რომლებსაც კონვენცია ადამიანის წარუვალ უფლებებად მიიჩნევს. მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ასეთივე თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებული უფლებებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისი უფლების განხორციელების ცალკეულ ნორმებს ადგენს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დისკრიმინაზიის აკრძალვა გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით. პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება.

 

4.12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანებით მოპასუხემ თავისივე 2015 წლის 28 დეკემბრის №2------ ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა და შ------–----–--- იმ თანამდებობაზე აღადგინა, რომლიდან გათავისუფლების გამოც სასამართლოში დავას აწარმოებდა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანება შ----- შ----–---ს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ ინტერესი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

 

4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანების მოქმედების პირობებში არ არსებობს დავის საგანი თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

 

4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე კუთვნილ თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ მიღებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად დამდგარი დანაკლისი.

 

4.15. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საჯარო მოხელის უფლებას, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი განსაზღვრავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდა ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება. 1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების განხორციელებისას, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია აქტიური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს აღნიშნული უფლებით სარგებლობას, არამედ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება (სუსგ Nბს-98-91(კ-13). „ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლოც ეთანხმება №ას-836-1122 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებას და მიიჩნევს, რომ იგი სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შ------–----–---ს თანამდებობიდან გადაყვანის გამო შეეზღუდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტი 2015 წლის 28 დეკემბერს არის გამოცემული და ძალაში იყო 2016 წლის მაისამდე, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება 2012-2016 წლებში შვებულების გამოყენების შეზღუდვის განმაპირობებელ აქტად, დასახელებული აქტისგან დამოუკიდებლად შრომითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს კი სარჩელი არ შეიცავს.

 

4.16. მიუღებელი ხელფასის გადახდის დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი, რომლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის კი, დამსაქმებელი ვალდებულია, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ, დავის საგანია გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და ამ აქტის გამოცემით მიუღებელი ხელფასის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან და მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან, რის გამოც შესაბამის დრომდე მოპასუხეს ვერ დაეკისრება გადახდის დაყოვნებისათვის კანონით განსაზღვრული თანხის გადახდა.

 

4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზიანი შესაძლოა იყოს ქონებრივი (მატერიალური) და არაქონებრივი (მორალური). სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა მიიჩნევა მატერიალურ ზიანად, ხოლო პირის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და თავისუფლებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც დაკავშირებულია პირის სულიერ ტანჯვასთან, არამატერიალური ზიანია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადასტურა მოპასუხის უკანონო ქმედებას მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანების გამოცემის თვალსაზრისით და გააბათილა მითითებული ბრძანება, რაც მეტყველებს მასზე, რომ მოპასუხეს ეკისრება ამ ბრძანების გამოცემით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, თუმცა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით მოპასუხის მტკიცება საქალაქო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია საკმარისად შესაბამისი გარემოების დადგენისათვის. რაც შეეხება მორალურ ზიანს, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი ანაზღაურების საფუძვლად მითითებული დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ------–----–--ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე