განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
010210016001403979
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001403979

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1187-2018 25 სექტემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი/მოწინააღმდგე მხარე - ც---–- პ-------

წარმომადგენელი - დ----------------ე

მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - თ----- თ------ე

წარმომადგენელი - ვ--–----------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ-----– ზ-------ე, გ---- თ------ე

წარმომადგენელი - ვ--–----------------ე

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება; გამოსახლება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება; 1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის სრულად დაკისრება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ც---–- პ-------ს სარჩელი, მოპასუხეების მ-----– ზ-------ის, თ-----ა ზ-------ის და თ----- თ------ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე. დაკმაყოფილდა თ----- თ------ის შეგებებული სარჩლი მოპასუხე ც---–- პ-------ს მიმართ. ც---–- პ-------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თ----- თ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ტ----ის ქუჩა #1, ბინა #67 (ს/კ 0------------------) და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე თ----- თ------ეს. მოსარჩელე ც---–- პ-------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხე ც---–- პ-------ს მოსარჩელე თ----- თ------ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით. მოპასუხე ც---–- პ-------ს მოსარჩელე თ----- თ------ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოპასუხეების მ-----– და თ-----ა ზ-------ეების ძმა - გ------- ზ-------ე და მოსარჩელე ც---–- პ------- 1985 წლის 22 ივნისიდან გ. ზ-------ის გარდაცვალებამდე - 2014 წლის 23 მარტამდე, ქორწინების რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ოჯახად, გ------- ზ-------ის კუთვნილ, ქ. ბათუმში, გ. ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე #67 საცხოვრებელი ბინაში. ც---–- პ-------ს და გ------- ზ-------ეს თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შესძენიათ. 2.2. გ------- ზ-------ის გარდაცვალების შემდეგ, მის კუთვნილ უძრავ ქონებას - ქ. ბათუმში, გ. ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე #67 საცხოვრებელ ბინას ფლობს ც---–- პ------- და ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს თ----- თ------ეს არ აძლევს ქონებით სარგებლობის უფლებას. 2.3. მოპასუხეების მ-----– და თ-----ა ზ-------ეების ძმა - გ------- ზ-------ე საკუთრების უფლებით ფლობდა უძრავ ქონებას - ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე #67 საცხოვრებელ ბინას. 2.4. 2014 წლის 21 მარტს გ------- ზ-------ე გარდაიცვალა. მას პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. ც---–- პ-------სა და გ------- ზ-------ეს, ურთიერთზრუნვასა და პატივისცემაზე დაფუძნებული 29-წლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ქორწინების რეგისტრაცია არ მოუხდენიათ. 2.4.1. მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეები, რომლებმაც მიუთითეს ც---–- პ-------სა და გ------- ზ-------ის ურთიერთსიყვარულზე, მზრუნველობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული მრავალწლიანი თანაცხოვრების შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ არის. 2.4.2. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება, რომ ც---–- პ-------სა და გ------- ზ-------ეს 29-წლიანი თანაცხოვრების მიუხედავად ქორწინების რეგისტრაცია არ მოუხდენიათ. 2.5. გ------- ზ-------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში - 2014 წლის 29 მაისსა და 2014 წლის 5 სექტემბერს, გ. ზ-------ის და-ძმამ - მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე განცხადებებით მიმართეს ნოტარიუსს. 2014 წლის 1 ოქტომბერს, ნოტარიუს ნ---- ბ-------ის მიერ, გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით გ------- ზ-------ის მეორე რიგის მემკვიდრეებმა მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა თანაბარ წილად, სრულად მიიღეს ძმის - გ------- ზ-------ის სამკვიდრო ქონება - აქტივებითა და პასივებით. 2.6. 01.10.2014 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე #67 საცხოვრებელი ბინა, ფართით - 34.80 კვმ, საკადასტრო კოდით - 0------------------, 2015 წლის 4 მარტს საჯარო რეესტრში აღირიცხა მ-----– და თ-----ა ზ-------ეების თანასაკუთრებად. თითოეულის კუთვნილი წილი შეადგენდა საერთო ქონების ½ ნაწილს. 2.7. 2015 წლის 26 მარტს მ-----– და თ-----ა ზ-------ეებსა და თ----- თ------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება მ-----– და თ-----ა ზ-------ეების თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე #67 საცხოვრებელ ბინაზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა თ----- თ------ე. 2.8. ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე #67 საცხოვრებელ ბინას ფაქტობრივად ფლობს ც---–- პ------- და უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს თ----- თ------ეს არ აძლევს უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლებას. თ----- თ------ე ც---–- პ-------ს წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოების წარმოებას. 2.9. 2014 წლის 16 დეკემბერს ც---–- პ-------მ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ---- ბ-------ეს და მოითხოვა ინფორმაცია - იყო თუ არა შეტანილი განცხადება გ------- ზ-------ის სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ. ნოტარიუს ნ---- ბ-------ის 2014 წლის 18 დეკემბრის წერილით ც---–- პ-------ს ეცნობა, რომ 2014 წლის 1 ოქტომბერს გ------- ზ-------ის სამკვდროზე სრულად - მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ც---–- პ-------მ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2015 წლის ნოემბრის თვეში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე ც---–- პ-------მ უფლების დაცვის მიზნით მიმართა რა სასამართლოს, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 29-წლიანი ოჯახური თანაცხოვრების მხედველობაში მიღებით, ის წარმოადგენდა მამკვიდრებელ გ------- ზ-------ის პირველი რიგის ერთადერთ მემკვიდრეს, რის გამოც მეორე რიგის მემკვიდრეების (მოპასუხეების) მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემა წარმოადგენდა მისი, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრის საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული უფლებების დარღვევას. მოსარჩელემ თავისი პოზიციის მართებულობის დასასაბუთებლად და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 და მე-14 მუხლებზე, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 16.3 მუხლსა და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ 10.1 მუხლზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე - „მუნოზ დიასი ესპანეთის წინააღმდეგ“ (Muñoz Díaz v. Spain. 08.12.2009) და განმარტა, რომ ქორწინების რეგისტრაციის არ არსებობა ისეთ ვითარებაში, როცა გ------- ზ-------ესთან გააჩნდა მეუღლეთა ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთზრუნვაზე დამყარებული მრავალწლიანი ოჯახური ურთიერთობა, დაუშვებელია გახდეს მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველი. მოპასუხე მხარემ კი მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1151-ე და 1336-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ც---–- პ-------სა და აწ გარდაცვლილ გ------- ზ-------ეს შორის ქორწინების რეგისტრაციის არ არსებობის ფაქტი, გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებისა და განსახილველი საქმის მოცემულობის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი შეფასების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელე ც---–- პ-------ს უფლებრივი მდგომარეობა გ------- ზ-------ის მემკვიდრეობასთან მიმართებით. ასევე, გ------- ზ-------ის მეორე რიგის მემკვიდრეების - მ-----– და თ-----ა ზ-------ეების სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. დადგენილია, რომ გ------- ზ-------ე გარდაიცვალა 2014 წლის 23 მარტს, რითაც გაიხსნა სამკვიდრო. ასევე დადგენილია, რომ გ------- ზ-------ეს ანდერძი არ დაუტოვებია. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი. დადგენილია, რომ გ------- ზ-------ეს პირველი რიგის მემკვიდრეები მშობლებისა და შვილების სახით არ დარჩენია. მხარეთა შორის სადავოა წარმოადგენს თუ არა გ------- ზ-------ის პირველი რიგის მემკვიდრეს მოსარჩელე ც---–- პ-------, მამკვიდრებელთან თანაცხოვრების 29-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით. მითითებული სადავო საკითხის შეფასებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის დანაწესით, რომლის მიხედვით ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით დანაწესით, რომელიც განმარტავს რა ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნლობას, ადგენს, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. მითითებული ნორმით გათვალისწინებული დანაწესი მეუღლეთა უფლებებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მოიცავს მემკვიდრეობის უფლებასაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე და 1336-ე მუხლების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირველი რიგის მემკვიდრეობის უფლება ენიჭებათ პირებს (მეუღლეებს), მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში. ამდენად, მითითებული ნორმების თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია წარმოადგენს კანონისმიერი მემკვიდრეობის წარმოშობის აუცილებელ/სავალდებულო წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ც---–- პ------- და გ------- ზ-------ე ცხოვრობდნენ ერთად 1985 წლიდან 2014 წლის 23 მარტამდე. ნათესავები, მათ შორის მოპასუხეები, ც---–- პ-------სა და გ------- ზ-------ეს მიიჩნევდნენ ერთი ოჯახის წევრებად - ცოლ-ქმრად. ისინი ერთობლივად წყვეტდნენ საოჯახო საქმეებს და როგორც ოჯახის წევრები ზრუნავდნენ ერთმანეთზე, თუმცა ურთიერთობის რეგისტრაცია ქორწინების სახით, რაც ც---–- პ-------ს წარმოუშვებდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებას, არ მოუხდენიათ. იქედან გამომდინარე, რომ ც---–- პ------- ქორწინებაში არ იმყოფებოდა გ------- ზ-------ესთან, სახეზე არ არის ც---–- პ-------ს, როგორც გ------- ზ-------ის მეუღლის და პირველი რიგის მემკვიდრის უფლებების წარმოშობის კანონისმიერი და ფაქტობრივი მოცემულობა. სასამართლომ, მოცემულ დავასთან მიმართებით, არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე და 1151-ე მუხლების დისკრიმინაციულ ხასიათთან დაკავშირებით. ასევე, არ გაიზიარა პოზიციას - საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი მართლწესრიგისადმი სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმების დანაწესის წინააღმდეგობრივ ხასიათთან დაკავშირებით. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით კი, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 16.3 მუხლისა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 10.1 მუხლის თანახმად ოჯახს, რომელიც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია, უნდა ჰქონდეს შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო დაცვა და დახმარება. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით კი, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია კი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. მითითებული ნორმების საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს აბსოლუტურ თანასწორობას, სახელდობრ კი ადამიანთა მიმართ მოპყრობას მათი ინდივიდუალური კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების გარეშე, არამედ იგი ასახიერებს პრინციპს, რომლის თანახმადაც თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში, ხოლო არა თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი, ვინც არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში. განსახილველ საქმესთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები არ ზღუდავენ პირთა უფლებას იცხოვრონ ერთად ქორწინების გარეშე. მოქმედი ნორმების ფარგლებში ნებისმიერ პირს გააჩნია არჩევანის თავისუფლება - გააკეთოს არჩევანი საოჯახო თანაცხოვრებისა ქორწინების გარეშე ან ქორწინებაში. ბუნებრივია, სახელმწიფო სამართლებრივი ნორმების მიღებით აწესრიგებს რა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, უფლებამოსილია საზოგადოებრივი საჭიროებიდან და მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს კონკრეტული საკითხის ამა თუ იმ ფორმით მოწესრიგება, მათ შორის ნორმატიული ფორმით დააწესოს ამა თუ იმ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიული აქტი არაგონივრულად არ ზღუდავდეს და გაუმართლებელ ბარიერს არ უქმნიდეს პირს არჩევანის გაკეთებისას. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი, რაც გულისხმობს იმასაც, რომ პირი უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციით, მის მიერ გაკეთებული არჩევანის - საკუთარი ქმედებების შედეგებთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე და 1151-ე მუხლები განსაზღვრავს რა ქორწინების რაობასა და ქორწინების სამართლებრივ შედეგებს - ქორწინების რეგისტრაციას უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას, რაც თავის მხრივ განმსაზღვრელია სამემკვიდრეო უფლებების წარმოშობისა. სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე არ დავობს მითითებული ნორმების განჭვრეტადობასა და ხელმისაწვდომობაზე. უდავოა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაწესი მოქმედებდა/მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების მომენტიდან და ის ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის, მათ შორის ის ხელმისაწვდომი იყო მოსარჩელისა და აწ გარდაცვლილი გ------- ზ-------ისათვის, განათლებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული პირებისათვის. აღსანიშნავია, რომ მეუღლეთა უფლებრივი მდგომარეობის ანალოგიური მოწესრიგების წესს ითვალისწინებდა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსიც. უდავოა, რომ რაიმე საკანონმდებლო (ნორმატიული) ბარიერი, რაც დააბრკოლებდა მოსარჩელისა და გ------- ზ-------ის ქორწინებას, გარდა მათივე თავისუფალი არჩევანისა, არ არსებობდა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ც---–- პ-------მ და გ------- ზ-------ემ გააკეთეს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი ყოფილიყვნენ ოჯახურ თანაცხოვრებაში ქორწინების გარეშე, სამართლებრივ შედეგით - არ წარმოშობოდათ ერთმანეთის მიმართ მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მტკიცება, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან, მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად ერთმევა უფლება იყოს მეუღლის მემკვიდრე, ქორწინების რეგისტრაციის არ არსებობის გამო. მოსარჩელემ თავისი პოზიციის მართებულობის დასასაბუთებლად ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 08.12.2009 წლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე - „მუნოზ დიასი ესპანეთის წინააღმდეგ“, (Muñoz Díaz v. Spain), რომელიც სასამართლოს მოსაზრებით განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებული ვერ იქნებოდა, მოცემულ საქმეთა სხვადასხვა ფაქტობრივი მოცემულობების გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეების - მ-----– და თ-----ა ზ-------ეების სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა კანონიერად, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბერს გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 23 მარტს გარდაცვლილი გ------- ზ-------ის სამკვიდრო ქონება მემკიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით გადაეცათ გ.ზ-------ის და-ძმას - მ-----– და თ-----ა ზ-------ეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. გ------- ზ-------ეს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. მოპასუხეები მ-----– ზამბაიძე და თ-----ა ზ-------ე, როგორც გ------- ზ-------ის და და ძმა წარმოადგენენ გ. ზ-------ის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს. სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს სამკვიდროს მიღების ერთიან წესს, როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. ამასთან, კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს სამკვიდროს მიღების გარკვეულ წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მეორე ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს შეიძლება მიღებულ იქნეს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით, ან სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით და მართვით, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხეებმა მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა მამკვიდრებლის გ------- ზ-------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში - 2014 წლის 29 მაისსა და 2014 წლის 5 სექტემბერს მიმართეს ნოტარიუსს, რითაც კანონით განსაზღვრულმა სუბიექტმა - მეორე რიგის მემკვიდრეებმა, დადგენილი წესით გამოხატეს სამკვიდროს მიღების ნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსათვის მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. 1500-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა - მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა, მოთხოვნის საფუძველზე, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მიიღეს სამკვიდრო მოწმობა გ------- ზ-------ის ქონებაზე - აქტივებზე და პასივებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი მიხედვით მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით კი დადგენილია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის წესი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. დადგენილია, რომ გ------- ზ-------ის სამკვიდრო მასა მოიცავდა ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავ ქონებას - #67 საცხოვრებელ ბინას, რაც კანონით (სკ-ის 1421, 1424 მუხლები) დადგენილი წესით მიიღეს მეორე რიგის მემკვიდრეებმა. ასევე დადგენილია, რომ მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა საკუთრების უფლება მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე - ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე #67 საცხოვრებელ ბინაზე აღრიცხეს 04.03.2015 წელს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა, როგორც გ------- ზ-------ის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, მემკვიდრეობა მიიღეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ სცნეს რა სარჩელის მოთხოვნა, სხვა საფუძვლებთან ერთად ასევე მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც. მათი განმარტებით, მოთხოვნის უსაფუძვლობის გარდა ასევე გასულია სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნისათვის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით დადგენილია სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა. სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვის თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადგენილია, რომ ც---–- პ-------სათვის 2014 წლის 01 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის თაობაზე ცნობილი გახდა იმავე წელს. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ნოტარიუს ნ---- ბ-------ის 18.12.2014 წლის წერილით (ს.ფ. 28) დასტურდება, რომ ც---–- პ-------ს, მისივე 2014 წლის 16 დეკემბრის განცხადების პასუხად, (რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას - არსებობდა თუ არა მოთხოვნა გ------- ზ-------ის სამკვიდრო დანაშთი ქონების მიღების თაობაზე), ეცნობა, რომ ნოტარიუს ნ---- ბ-------ის სანოტარო ბიუროში შეტანილი იყო შესაბამისი განცხადებები, რის საფუძველზეც 2014 წლის პირველ ოქტომბერს გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა გ------- ზ-------ის სამკვიდრო ქონებაზე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სადავო უძრავი ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2015 წლის 4 მარტს დაირეგისტრირეს საკუთრებაში. მოსარჩელეთა განმარტებითაც ც---–- პ------- იმთავითვე ფლობდა ინფორმაციას მათ სახელზე სამკიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, თუმცა ეს საკითხი მან სადავოდ გახადა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიტყო მოპასუხეთა გადაწყვეტილების შესახებ - გაესხვისებინათ უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების წინააღმდეგ მოსარჩელეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნა, რომ მეორე რიგის მემკვიდრეების სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას მოსარჩელე ფლობდა ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბრის თვიდან, თუმცა მან სასამართლოს სარჩელით მომართა 2015 წლის ნოემბრის თვეში ანუ სამკვიდროს მიღებაზე შედავებისათვის დადგენილი ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც ასევე წარმოადგენდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეებმა თ----- თ------ესთან გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ამჟამად სადავო უძრავი ნივთი აღირიცხა თ----- თ------ის საკუთრებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგებათა სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეთანხმების სამართლებრივი შინაარსის გარიგებად აღიარებისათვის საჭიროა, მას გააჩნდეს სამართლებრივი მიზანი, ანუ მიმართული იყოს კონკრეტული შედეგებისაკენ, შეესაბამებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ-----– და თ-----ა ზ-------ეებმა თ----- თ------ეს ნამდვილი უფლების საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცეს ამჟამად სადავო უძრავი ქონება. მ-----– და თ-----ა ზ-------ეების საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ მთლიან უძრავ ქონებაზე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო აღრიცხული. ამდენად, მათ როგორც მესაკუთრეებს, სრული უფლება ჰქონდათ თავიანთი შეხედულებისამებრ განეკარგათ კუთვნილი უძრავი ნივთი, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ც---–- პ------- არ წარმოადგენს გ------- ზ-------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს და მას რაიმე უფლება გ------- ზ-------ის სამკვიდრო ქონებისადმი არ გააჩნია. სასამართლომ ასევე დადასტურებულად ცნო მეორე რიგის მემკვიდრეების მხრიდან სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღებისა და საკუთრების უფლების მართლზომიერად მოპოვების ფაქტი. მოპასუხეების (გამყიდველების) საკუთრების უფლება აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში და თ----- თ------ისათვის ამ გარემოების შესახებ ცნობილი იყო. ის ფაქტი, რომ თ----- თ------ეს ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა გ------- ზ-------ესთან და იცოდა მისი ც---–- პ-------სთან თანაცხოვრების შესახებ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ წარმოადგენდა თ----- თ------ის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის საფუძველს. აღნიშნული კი შესაძლოა გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველიც გამხდარიყო, იმ შემთხვევაში, თუ ც---–- პ-------ს მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართული იქნებოდა. 2.12. მოსარჩელე თ----- თ------ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ც---–- პ-------ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე, რომლის მიხედვით ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს პირის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით იმპერატიულადაა რეგლამენტირებული, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. მოსარჩელემ მომართა რა სასამართლოს, ამტკიცებს, რომ საკუთრებაში აქვს ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა, (ს/კ 0------------------), რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე ც---–- პ------- და არ აძლევს საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფლად სარგებლობის უფლებას. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა, ბინიდან მოპასუხის გამოსახლების გზით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ სასამართლოსათვის მომართვის გზით მოეთხოვა ხელშეშლის აღკვეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის გზით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 170.3 მუხლის მიხედვით, მესაკუთრე თავად წყვეტს ისარგებლოს თუ არა თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას, იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას, ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ტ----ის ქუჩა #1-ში (ს/კ 0------------------) წარმოადგენს თ----- თ------ის საკუთრებას. შესაბამისად, ის უფლებამოსილია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ამ ქონებით. სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან ამ ქონებით სარგებლობა/დაუფლება, მისი თანხმობის გარეშე, განხილულ უნდა იქნეს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონების ფლობა/სარგებლობად. უდავოდ დადგენილია, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელე თ----- თ------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე ც---–- პ------- და ამ ქონებით ის სარგებლობს მოსარჩელის თანხმობის გარეშე, მისი ნების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, ემყარება საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, იარსებებს საკუთრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლა. სასამართლომ განმარტაა, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია). ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მისი უფლება შეზღუდული არ არის მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის სამართლებრივი საფუძვლით ფლობით - მოპასუხე არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, მიუხედავად ამისა, მოპასუხე დღემდე ახორციელებს უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელობას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის (მესაკუთრის) ნების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელეს კი არ ეძლევა საკუთრების თავისუფალი ფლობა-სარგებლობის უფლება. მოსარჩელეს ჰქონდა სრული უფლება მოეთხოვა კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განეკარგა საკუთარი ნივთი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ც---–- პ-------მ, ხოლო თ----- თ------ემ წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ც---–- პ-------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 3.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გასარკვევად ყველას აქვს გონივრულ ვადებში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებული სასამართლოს მიერ. 3.1.1. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ასევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს ის მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია. ამდენად, უფლების სასამართლო წესით განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მარტო პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ანუ უფლებას მიიღოს მის პრეტენზიებზე დასაბუთებული პასუხი. 3.1.2. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან საქმის განხილვა კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის მაგივრად მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში. სასამართლომ აპელანტის ძირითად პრეტენზიებზე საერთოდ არ გასცა პასუხი და გამოიტანა აშკარად მიკერძოებული გადაწყვეტილება. 3.1.3. აპელანტი ჯერ კიდევ სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყველას აქვს უფლება დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა“. ეს დანაწესი მოიცავს ოთხ ელემენტს: პირად ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელს და მიმოწერას. სახელმწიფოს პირველადი ვალდებულება მე-8 მუხლის ფარგლებში ნეგატიურია და მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებებში. „მიუხედავად ამისა, გარკვეულ გარემოებებში მუხლი ადგენს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც მდგომარეობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაში სადავო უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად“ (ფილიპ რიჩი). საქმეში „გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლო განმარტავს, რომ „აღნიშნული გულისხმობს ისეთი ზომების მიღების აუცილებლობას, რომელიც მიმართული იქნება პირადი ცხოვრების დაცვისაკენ ინდივიდებს შორის ურთიერთობებშიც“. რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, ევროსასამართლომ საქმეზე „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს, რომ ეროვნულმა სამართლებრივმა სისტემამ უნდა მისცეს საშუალება ადამიანებს, ჰქონდეთ ნორმალური ოჯახური ცხოვრება და ოჯახური კავშირები განვითარდეს ნორმალურად. ნათელია, როდესაც არსებობს ბიოლოგიური კავშირი, არსებობს პრეზუმცია იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება არსებობს და ასეთი ურთიერთობები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არ იქნება დაცული. ოჯახური ცხოვრების კონცეფციით ოჯახური ცხოვრება იცავს არა მარტო ოჯახებს, რომლებიც ქორწინებით არის შექმნილი, არამედ სხვა, დე ფაქტო ურთიერთობებში მყოფ პირებს, რომლებიც ოჯახური ცხოვრების დემონსტრირებას ახდენენ ან და ერთად ცხოვრებით ან სხვა ფაქტორებით. ოჯახური ცხოვრების ცნება აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მემკვიდრეობა. სამართლის დოქტორი გ------- ბოხაშვილის აზრით „ეს არის პირველი და ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომელშიც დადასტურებული იქნა, რომ ფაქტიური თანაცხოვრება გულისხმობს ოჯახურ თანაცხოვრებას და მემკვიდრეს აქვს სამკვიდროს მიღების უფლება“. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კი საერთოდ არ არის ნახსენები ეს არგუმენტები, ისინი არ არის გაქარწყლებული და მითითებულია მხოლოდ „მუნოს დიაზი ესპანეთის წინააღმდეგ“ საქმე, როცა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით არსებობს ევროსასამართლოს მრავალი გადაწყვეტილება, ანუ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების მემკვიდრეობის უფლების შესახებ. ასე, რომ საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებული იყო ეღიარებინა აპელანტის მემკვიდრეობის უფლება ჩემი მეუღლის სამკვიდრო ქონებაზე. 3.1.4. ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში მომხდარი სოციალური და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით, ოჯახური ცხოვრების განმარტება სტრასბურგის ორგანოების მიერ გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და მოიცვა ასევე ფაქტობრივი კავშირები პარტნიორებს შორის. ამდენად, თუ პარტნიორებს არა აქვთ ფორმალური ურთიერთობა, არის თუ არა ასეთი ურთიერთობა ოჯახური ცხოვრება, დამოკიდებული იქნება ფაქტობრივ მდგომარეობაზე. ამ მიმართებით ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ „ოჯახური ცხოვრების“ არსებობა-არარსებობის საკითხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურ არსებობის ფაქტზე. საქმეში „კრონი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „სასამართლო იხსენებს, რომ მე-8 მუხლით გათვალისწინებული „ოჯახური ცხოვრების“ ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობებით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე“. ბათუმის სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებს, რომ „განსახილელ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ც---–- პ------- და გ------- ზ-------ე ცხოვრობდნენ ერთად 1985 წლიდან 2014 წლის 23 მარტამდე. ნათესავები, მათ შორის, მოპასუხეები ც---–- პ-------სა და გ------- ზ-------ეს მიიჩნევდნენ ერთი ოჯახის წევრებად - ცოლ-ქმრად. ისინი ერთობლივად წყვეტდენ საოჯახო საქმეებს და როგორც ოჯახის წევრები ზრუნავდნენ ერთმანეთზე (გადაწყვეტილების მე-9 გვერდის ბოლო აბზაცი). შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სწორად გამოეყენებინა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების უფლება. 3.1.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უმართებულოდ გაიზიარა მოპასუხეების წარმომადგენლის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან სამკვიდროს მიღების შედავება და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა რეგულირდება სკ-ის სხვადასხვა ნორმებით. მით უმეტეს, რომ სასამართლო არასწორად განსაზღვრავს სამკვიდრო მოწმობის გასაჩივრების ვადას და მას აიგივებს სამკვიდროს მოწმობის გასაჩივრების ვადასთან. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2004 წლის 8 იანვრის №ას-250-899-03 გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას,რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, როდესაც 1450-ე მუხლით სამკვიდრო მოწმობის გაუქმებაზე მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. აღნიშნული ნორმით დადგენილია,რომ სამკვიდროს მიღება ან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავოდ გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისთვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალხმრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სკ-ის 1421-1451 მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად,სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სკ-ის 1450-მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას“. ანალოგიური განმარტებაა სუზგ 2008 წლის 17 სექტემბრის №ას-41-326-08 საქმეზე. 3.1.6. სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მ-----– ზ-------ე არის მოსარჩელის მეუღლის, აწ გარდაცვლილი გ------- ზ-------ის (მამკვიდრებლის) ძმა, მეორე მოპასუხე თ-----ა ზ-------ე -და, ხოლო მესამე მოპასუხე თ----- თ------ე - დის შვილი, მაგრამ აკეთებს არასწორ დასკვნებს. ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ კეთილსინდისიერ შემძენებად, რადგან მათ იცოდნენ, რომ სადავო ქონება ეკუთვნის მოსარჩელის ოჯახს, ამიტომ მათზე 185-ე და 312-ე მუხლების გავრცელება უკანონოა. კანონის ცოდნის პრეზუმციიდან გამომდინარე მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ სცოდნოდათ, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულია მოსარჩელის მემკვიდრეობის უფლება. 3.1.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების დარღვევას, როცა ამავე გადაწყვეტილებით აღიარებს, რომ მას მეუღლესთან ჰქონდა სრულყოფილი ოჯახი. მემკვიდრეობის უფლება ვერ განახორციელა მხოლოდ იმიტომ, რომ გ------- ზ-------ესთან არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში. საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ევა გოცირიძე განმარტავს, რომ „კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსი ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა უფლებასა და თავისუფლებაზე. ამ მუხლის შინაარსობრივი ფარგლების განმარტებისას ასევე უნდა დავეყრდნოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს საკუთრივ კონვენციით გაცხადებული უფლებების მიმართ“. საქმეზე მარქსი ბელგიის წინააღმდეგ ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლი მოცემულ შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს მე-14 მუხლთან მიმართებით (დისკრიმინაციის აკრძალვა). გამოქვეყნებულია არაერთი გადაწყვეტილება, სადაც ევროპული სასამართლო მემკვიდრეობის, საკუთრების უფლებას განიხილავს მე-14 მუხლთან შესაბამისობაში. მაგალითად, საქმე „ინზე ავსტრიის წინააღმდეგ“, განაცხადი №869579 28.10.87 წ. რომლის მიხედვით მომჩივანმა ვერ მიიღო ფერმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფერმაში იმუშავა 23 წელი, რადგან ის დაბადებული იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო დედამ მას ანდერძი არ დაუტოვა. სასამართლომ დაადგინა მე-14 მუხლის დარღვევა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლ მუხლთან ერთობლიობაში. იდენტურია საქმე „მაზურეკი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (საქმე №34406/97 01.02.2000წ). ამ საქმის მიხედვით 1990 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული შვილი ორჯერ ნაკლებ მემკვიდრეობას იღებდა, ვიდრე ქორწინებაში დაბადებული შვილი. დადგინდა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. საქმეზე „კამპი და ბურუმი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ დადგინდა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების დარღვევები. ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში აღითქმება დისკრიმაციად, მაგალითად კანადის უზენაესმა სასამართლომ 1995 წელს საქმეზე „მირონ ვ.ტრიდელი“ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც არ ითვალისწინებს დაურეგისტრირებელი საწინააღმდეგო სქესის პარტნიორის უფლებას ავტომობილის დაზღვევის ჯილდოს მიღებაზე, არღვევს უფლებათა ქარტიას, რადგან ეს წარმოადგენს ქორწინებაში არმყოფი თანამცხოვრები პირის დისკრიმინაციას ოჯახური მდგომარეობის გამო. ჩვენთან კი „ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვის შესახებ“ კანონის ფონზეც პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ ხედავს დისკრიმინაციას. 3.1.8. გასაჩივრებული გარიგებები უკანონობასთან ერთად ამორალურიცაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს“. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი მოპასუხე აპელანტის მაზლია, მეორე - მული და მე-3 ქმრის დისშვილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი იმის მაგივრად, რომ შეემსუბუქებინათ აპელანტისათვის ყველაზე ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტრავმა, რეიდერული სიშმაგით საკუთრებაში იფორმებენ მისი ოჯახის ერთადერთ თავშესაფარს და იქედან ასახლებენ. 3.1.9. აპელანტი არ ეთანხმება ასევე გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან სადავო ბინაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, 14-ე, 21-ე მუხლების, ევროკონვენციის მე-8 მუხლისა და დამატებითი ოქმის 1 მუხლის საფუძველზე, აპელანტს ბინაზე მოპოვებული მაქვს საკუთრების უფლება. 3.1.10. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზრუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით დაცულია ოჯახური ცხოვრების უფლება, რომელიც მოიცავს მემკვიდრეობის უფლებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელთან აპელანტი ცხოვრობდა ოჯახური ცხოვრებით და მის ქონებაზე მოპოვებული აქვს მემკვიდრეობის უფლება. სასამართლო კი სადაო გადაწყვეტილებას აფუძნებს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, როცა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების უპირატესი ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. თ----- თ------ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 3.2. მოცემული დავის ფარგლებში, იმისათვის რომ სასამართლოში დაეცვა თავისი ინტერესები, მოპასუხე თ----- თ------ე იძულებული გახდა აეყვანა ადვოკატი. 2016 წლის 08 ივლისს თ----- თვზაძესა და შპს „საადვოკატო კომპანია ბარისტერ“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად საადვოკატო კომპანია თ----- თ------ის ინტერესებს დაიცავდა ადვოკატ ვ--–----------------ის მეშვეობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად თ----- თ------ეს ჰონორარის სახით საადვოკატო კომპანიისათვის უნდა გადაეხადა 2500 ლარი, რაც გადაიხადა კიდეც (საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები). შესაბამისად მოპასუხე ითხოვდა მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის, 2500 ლარის მის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის გადასახდელად დაკისრებას. 3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 3.2.2.სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც---–- პ-------ს მოპასუხე თ----- თ------ის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით დააკისრა მხოლო 200 ლარი. გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სასამართლომ (მოცემული არც გადაწყვეტილებაშია მითითებული), როდესაც ჩათვალა, რომ 200 ლარი იყო ის გონივრული ფარგლები 2500 ლარიდან, რომელიც უნდა დაკისრებოდა მოსარჩელე ც---–- პ-------ს მოპასუხე თ----- თ------ის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით. 3.2.3. მოცემულთან დაკავშირებით საყუღადღებოა ის გარემოებაც, რომ ძირითადი სარჩელის მიხედვით დავის საგნის ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს, შესაბამისად მოცემული თანხის 4 პროცენტი არის 1200 ლარი, ხოლო შეგებებული სარჩელი საერთოდ არაქონებრივი დავაა (უკანონო მფობელობიდან ნივთის გამოთხოვა), რომლის შემთხვევაშიც კანონის მიხედვით შესაძლებელია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სახით 2000 ლარამდე დაკისრება წაგებული მხარისათის. 3.2.4. იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც თ----- თ------ე თავს იცავდა მოსარჩელისაგან ძირითადი სარჩელთან მიმართებაში და იმავდროულად დაყენებული ჰქონდა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, მისი მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი, 2500 ლარის ოდენობით, მის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებოდა ძირითადი სარჩელით მოსარჩელესა და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს ც---–- პ-------ს სრულ შესაბამისობაში მოდიოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესთან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ ც---–- პ-------ს სააპელაციო საჩივარი და თ----- თ------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ც---–- პ------- და გ------- ზ-------ე 1985 წლის 22 ივნისიდან 2014 წლის 23 მარტამდე, ქორწინების რეგისტრაციის გარეშე, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. თანაცხოვრების პერიოდში მათ შვილი არ შესძენიათ. 4.2. გ------- ზ-------ეს ეკუთვნოდა ქ. ბათუმში, გ. ტ----ის ქუჩა N1-ში მდებარე ბინა N67. ამ ქონების საკადასტრო კოდია N0------------------. 4.3. გ------- ზ-------ე გარდაიცვალა 2014 წლის 23 მარტს. 4.4. 2014 წლის 29 მაისს გ------- ზ-------ის ძმამ, მ-----– ზ-------ემ და დამ, თ-----ა ზ-------ემ სანოტარო ორგანოში შეიტანეს განცხადება გ------- ზ-------ის სამკვიდროს მიღების თაობაზე. 4.5. 2014 წლის 1 ოქტომბერს ნოტარიუსმა მ-----– ზ-------ესა და თ-----ა ზ-------ეზე გასცა სამკვიდრო მოწმობა. 4.6. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მ-----– ზ-------ე და თ-----ა ზ-------ე დარეგისტრირდნენ გ------- ზ-------ის კუთვნილი ქონების მესაკუთრედ. 4.7. 2015 წლის 26 მარტს კი მათ სადავო ქონება 30 000 ლარად მიჰყიდეს თ----- თ------ეს. 4.8. ამჟამად, N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე თ----- თ------ეა, თუმცა სახლში ც---–- პ------- ცხოვრობს და თ----- თ------ეს კუთვნილი ქონებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.9.1. პალატის აზრით საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად ც---–- პ-------ს მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. 4.10. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). 4.10.1. პალატის აზრით, ოჯახი იმ პირების ერთობლიობაა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერთად, ეწევიან საერთო მეურნეობას და, დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, ითვლებიან ოჯახად. 4.10.2. ამის შესაბამისად, ქალისა და მამაკაცის მუდმივი და მყარი თანაცხოვრება, რეგისტრაციის მიუხედავად, ოჯახია, ხოლო თანამცხოვრები ქალი და მამაკაცი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მეუღლეები არიან. 4.11. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს. 4.11.1. ამრიგად, აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს, ე.ი. ამ თვალსაზრისით იგი, არსებითად, თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირებს, „რეგისტრირებულ“ და „არარეგისტრირებულ“ მეუღლეებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. 4.12. ამის მიუხედავად, პალატის აზრით, კანონით დადგენილი ამგვარი განსხვავება დისკრიმინაციული არ არის. 4.12.1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, დისკრიმინაციად არ ითვლება არათანაბარი მოპყრობა ან პირობების შექმნა, თუ ეს ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 4.13. პალატის აზრით, ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნას, საჯარო სამართლებრივი მიზნების გარდა, კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი მიზნებიც გააჩნია. 4.14. როგორც აღინიშნა, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. 4.14.1. ეს ნიშნავს, რომ ქალი და მამაკაცი თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორც, ზოგადად, თანაცხოვრების, ისე ამ თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების თაობაზე. 4.14.2. შესაძლებელია, ქალსა და მამაკაცს, თანაცხოვრების მიუხედავად, სულაც არ ჰქონდეთ მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის სურვილი. თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების ქორწინებასთან გათანაბრების შემთხვევაში, მათ მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენა უაღრესად გართულდება და შეუძლებელიც კი გახდება. 4.14.3. ამ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი გახდებიან ყოველი ცალკეული გარიგება ცალკე შეათანხმონ და დააფიქსირონ, რაც ყოვლად არაგონივრულია. 4.14.4. საბოლოოდ, კი ამ ვითარებამ, შეიძლება, უფლება-მოვალეობათა წარმოშობაზე უარის თქმის რეგისტრაცია, ე.ი. ნეგატიური ფორმით დადგენილი განსხვავება გამოიწვიოს. 4.14.5. ამის შესაბამისად, ქორწინების რეგისტრაცია მეუღლეთა ნების დასადგენად, მათ უფლება-მოვალეობათა განსასაზღვრად და ურთიერთობათა მოსაწერიგებლად ძალზედ მნიშვნელოვანია. 4.15. ეს მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე მესამე პირთა უფლებების დასაცავადაც. 4.15.1. ასე, მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის საფუძველზე, ქორწინების რეგისტრაცია უზრუნველყოფს მეუღლეთა ან ერთ-ერთი მეუღლის მიმართ კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. 4.15.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი შესაძლებელს ხდის შემძენის მიერ შესაძენ ქონებაზე განსხვისებლის უფლების დადგენას და ა.შ. 4.16. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული განსხვავება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს ემსახურება. 4.17. გარდა ამისა, ქორწინების რეგისტრაციას ზნეობრივი ნორმების დაცვის მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია. 4.17.1. ასე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება: ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ. პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე. იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. 4.17.2. საქართველოს კანონმდებლობა, ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობისაგან განსხვავებით, პოლიგამიის ან ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირისათვის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს (ამასთან დაკავშირებით, იხ. მაგ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე შტუბინგი გერმანიის წინააღმდეგ - STÜBING v. GERMANY (Application no. 43547/08 ). 4.17.3. ამ ვითარებაში, ზნეობის დარღვევით წარმოშობილი ცოლ-ქმრული ურთიერთობების სამართლებრივად შემზღუდავი, სწორედ, ზემოხსენებული ნორმაა. 4.17.4. ამგვარი ურთიერთობების რეგისტრაციის დაუშვებლობით სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში, თანამცხოვრებ პირთა მიმართ მისი სამართლებრივი შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს. 4.17.5. ეს ნიშნავს, რომ ქორწინების რეგისტრაციას ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრული მიზანიც გააჩნია. 4.18. ქორწინების რეგისტრაცია სუბიექტური და ირაციონალური მოთხოვნა არ არის. იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს და გონივრული ახსნაც გააჩნია. 4.18.1. აღსანიშნავია, რომ ქორწინების, ამათუიმ ფორმით, რეგისტრაციას იცნობს პალატისათვის ცნობილი ყველა სამართლებრივი სისტემა. 4.18.2. ეს კი ნიშნავს, რომ, საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე, იგი აუცილებელია და დემოკრატიის პრინციპებს სავსებით შეესაბამება. 4.19. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის წესს სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“ განსაზღვრავს. 4.19.1. ინსტრუქციის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ისე ნოტარიუსის მიერ. 4.19.2. ინსტრუქციის 41-ე მუხლის თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია, ჩვეულებრივ, განცხადების შეტანის დღესვე ხორციელდება - განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია, მხოლოდ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებათა სიმრავლის გამო. 4.19.3. ინსტრუქციის 39-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, ჩვეულებრივ, ქორწინების რეგისტრაციისათვის, მხოლოდ, დაქორწინების მსურველ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც საკმარისია. 4.19.4. ქორწინების რეგისტრაცია სპეციალური სარიტუალო ცერემონიალის გარეშე საქართველოში უფასოა. 4.20. ამის შესაბამისად, საქართველოში ქორწინებისათვის დადგენილი პროცედურები არის სწრაფი, მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. 4.20.1. პალატის აზრით, თუ ქალსა და მამაკაცს ქორწინების რეგისტრაცია სურთ და სამართლებრივად დამაბრკოლებელი გარემოებები არ გააჩნიათ, საქართველოში მათ ამისათვის ყველაზე მინიმალური დრო და საშუალება დასჭირდებათ. 4.20.2. ამის შესაბამისად, კანონით გამოყენებული საშუალებები ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად უაღრესად თანაზომიერია. 4.21. ამრიგად, ქორწინებაში არ მყოფი მეუღლისათვის მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვა დისკრიმინაცია არ არის. 4.22. პალატას მიაჩნია, რომ ეს პოზიცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სავსებით შეესაბამება. 4.22.1. პალატა აღნიშნავს, რომ ც---–- პ-------ს წარმადგენლის მიერ მითითებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმეები: „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ - MARCKX v. BELGIUM (Application no. 6833/74 )“; „ინზე ავსტრიის წინააღმდეგ - INZE v. AUSTRIA (Application no. 8695/79 )“, „მაზურეკი საფრანგეთის წინააღმდეგ - MAZUREK v. FRANCE (Application no. 34406/97 )“, „კროონი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ KROON AND OTHERS v. THE NETHERLANDS (Application no. 18535/91 )“ - თანაცხოვრების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს ეხება. 4.22.2. პალატის აზრით, ე.წ. არარეგისტრირებული ან, თუნდაც, დროებითი, ან შემთხვევითი სქესობრივი ურთიერთობის შედეგად დაბადებული ბავშვის სამართლებრივი მდგომარეობა თანამცხოვრები მეუღლეების სამართლებრივი მდგომარეობისაგან მნიშვნელოვნად და არსებითად განსხვავდება. 4.22.3. პირველ ყოვლისა, ამ ურთიერთობის შედეგად დაბადებული ბავშვი მისი მშობლების ოჯახის წევრი და ნათესავია, თავისთავად, ბიოლოგიური კავშირიდან გამომდინარე. 4.22.4. და, რაც მთავარია, თანამცხოვრები, სრულწლოვანი მეუღლეებისაგან განსხვავებით, ბავშვი სამართლებრივ ურთიერთობებში მისი ნებისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად შედის - იგი მშობლებს ვერ აირჩევს. 4.22.5. ამ ვითარებაში „რეგისტრირებული“ და „არარეგისტრირებული“ ურთიერთობის შედეგად დაბადებულ ბავშვთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, არა მარტო, დისრიმინაციულია, არამედ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას არღვევს. 4.23. რაც შეეხება ც---–- პ-------ს წარმადგენლის მიერ მითითებულ კიდევ ერთ საქმეს „მუნოს დიაზი ესპანეთის წინააღმდეგ - MUÑOZ DÍAZ v. SPAIN (Application no. 49151/07 )“ - აქ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა სახელმწიფოს მიერ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისადმი გაუმართლებელი, განსხვავებული მოპყრობის გამო. 4.24. პალატის აზრით, ც---–- პ-------ს შემთხვევას ყველაზე მეტად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე „შერიფე იითი თურქეთის წინააღმდეგ - ŞERİFE YİĞİT v. TURKEY (Application no. 3976/05 )“. 4.24.1. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1976 წელს განმცხადებელი რელიგიური წესით დაქორწინდა ომერ კოჩთან (Ömer Koç). მეუღლეებს ექვსი შვილი შეეძინათ. მათ ქორწინების რეგისტრაცია გადაწყვიტეს, მაგრამ 2002 წლის 10 სექტემბერს ომერ კოჩი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 4.24.2. 2003 წლის 11 სექტემბერს განმცხადებელმა როგორც საკუთარი, ისე შვილის, ემინეს სახელით სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და ქორწინების ნამდვილობისა და შვილის მამად ომერ კოჩის აღიარება მოითხოვა. 4.24.3. რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ქორწინების ნამდვილად აღიარებასა და რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე უარი ეთქვა, ემინეს მამად ომერ კოჩის აღიარების თაობაზე მოთხოვნა კი დაკმაყოფილდა. 4.24.4. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 4.24.5. ამის შემდეგ, შერიფე იითმა ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეორე სექციის 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა. 4.24.6. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს განმცხადებლის მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლები არ დაურღვევია. 4.25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველი საქმე შეადარა საქმეს მუნოს დიაზი ესპანეთის წინააღმდეგ განმარტა, რომ ამ შემთხვევისგან განსხვავებით, შერიფე იითს ვერ ექნებობა სახელმწიფოსაგან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების აღიარების მართლზომიერი მოლოდინი. სასამართლომ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო ქორწინების მარეგულირებელი ნორმების სიცხადესა და ხელმისაწვდომობას და სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება დაადასტურა (ŞERİFE YİĞİT v. TURKEY (Application no. 3976/05 ) პ. 86). 4.26. პალატა აღნიშნავს, რომ არც 1985 წელს მოქმედი საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსი, არც 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც, ამ პერიოდში, საქართველოში მოქმედი რომელიმე ნორმატიული აქტი ქორწინებასთან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების გათანაბრებას არ ითვალისწინებდა და ითვალისწინებს. 4.27. ამის შესაბამისად, ც---–- პ-------ს სახელმწიფოსაგან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების აღიარების მართლზომიერი მოლოდინი ვერანაირად ექნებოდა. 4.28. ეს, გარკვეულწილად, ც---–- პ-------ს თავდაპირველი სარჩელიდანაც დგინდება, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ გ------- ზ-------ესთან ქორწინება რეგისტრირებული ჰქონდა. 4.29. მოსარჩელისათვის თანაცხოვრებისა და ქორწინების სამართლებრივ შედეგებს შორის განსხვავება ნათელი რომ არ ყოფილიყო, სარჩელში ამ ფაქტზე მითითება საჭირო არც გახდებოდა. 4.30. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1985 წლის 22 ივნისს ც---–- პ------- 44 წლის იყო, ხოლო გ------- ზ-------ე - 49 წლის, მათ ერთად 29 წელი იცხოვრეს. 4.30.1. ამის შესაბამისად, ისინი თავისი ქმედების სამართლებრივ შედეგებს სავსებით აცნობიერებდნენ და თუ დაქორწინებას გადაწყვეტდნენ, ამის შემაფერხებელი არავითარი გარემოება იარსებებდა. 4.30.2. პალატის აზრით, ც---–- პ-------ს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემული განმარტება იმის თაობაზე, რომ მეუღლეები საცხოვრებელი ფართის გაზრდის მიზნით არ ქორწინდებოდნენ, სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. 4.30.3. წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ განუმარტავს, 1985 წლიდან 2014 წლამდე, თუ ვისგან და რა საფუძვლით უნდა მიეღოთ მეუღლეებს საცხოვრებელი ფართი და რა კავშირში იყო ამასთან ქორწინების რეგისტრაცია. 4.31. საინტერესოა, რომ შერიფე იითის საქმისაგან განსხვავებით, ც---–- პ------- და გ------- ზ-------ე რელიგიური წესით მაინც არ იყვნენ დაქორწინებულნი და უფლებამოსილი ორგანოსათვის ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნითაც არასდროს მიუმართავთ. 4.32. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, ც---–- პ------- გ------- ზ-------ის მემკვიდრე არ იყო და მის სამკვიდრო ქონებაზე უფლებები არ გააჩნდა. 4.33. პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ, ასევე, სავსებით მართებულად გადაწყვიტა, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა. 4.33.1. ამასთან დაკავშირებით, პალატა, დამატებით, აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პირმა შეიძლება სასამართლოს მიმართოს თავისი და არა სხვისი დარღვეული უფლების დასაცავად. 4.33.2. გ------- ზ-------ის დანაშთ ქონებაზე ც---–- პ-------მ პრეტენზია განაცხადა, მხოლოდ, თანაცხოვრების ფაქტიდან გამომდინარე. სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც სადავო ქონებაზე მის უფლებებს დაადასტურებდა, ც---–- პ-------ს სასამართლოსათვის არ მიუთითებია. 4.33.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 4.33.4. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.33.5. ამ ნორმათა შესაბამისად, თანაცხოვრების გარდა სადავო ქონებაზე ც---–- პ-------ს უფლების წარმოშობის სხვა საფუძვლებზე სასამართლო ვერ იმსჯელებს, თანაცხოვრება კი მას ქონების მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს. 4.33.6. ამის შესაბამისად, სადავო ქონებასთან დაკავშირებით რა გარიგებაც არ უნდა დადებულიყო, ც---–- პ-------ს მისი შეცილების უფლება არ ჰქონდა, რადგან ისინი მის უფლებებსა ან კანონით გათვალისწინებული ინტერესებს არ ეხებოდა. 4.34. ამავე მიზეზით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ სავსებით სწორად დააკმაყოფილა თ----- თ------ის სარჩელი ც---–- პ-------ს მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის თაობაზე. 4.34.1. დადგენილია, რომ ამჟამად სადავო ქონება თ----- თ------ეს ეკუთვნის და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მას ამ ქონებით სარგებლობა შეუძლია. 4.34.2. დადგენილია ისიც, რომ თ----- თ------ე კუთვნილ სახლში ც---–- პ------- ცხოვრობს და, ამის გამო, მესაკუთრე ქონებით ვერ სარგებლობს. 4.34.3. მართალია, თავდაპირველად, ც---–- პ------- სადავო ქონებას გ------- ზ-------ის, ე.ი. მესაკუთრის თანხმობით ფლობდა, თუმცა ახალმა მესაკუთრემ, თ----- თ------ემ მას მფლობელობის შეწყვეტა მოსთხოვა, ე.ი. მესაკუთრემ მფლობელს დასაბუთებული პრეტენზია წაიყენა. 4.34.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. 4.34.5. ამ ნორმის საფუძელზე, ც---–- პ-------ს მფლობელობის უფლება შეწყვეტილია და, ამის შესაბამისად, მან სადავო ქონება მესაკუთრეს უნდა დაუბრუნოს. 4.35. ამრიგად, ც---–- პ-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თ----- თ------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 4.35.1. პალატის აზრით, საქმის განხილვის ვადის დაცვა დავის საგანთან კავშირში არ არის და სასამართლო მას ვერ შეაფასებს. 4.36. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ თ----- თ------ისათვის ასანაზღაურებელი სასამართლოსგარეშე ხარჯი, არსებითად, სწორად განსაზღვრა. 4.36.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 4.36.2. პალატის აზრით, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობის დასადგენად გასათვალისწინებელია დავის ხასიათი და სირთულე, წარმომადგენლის მიერ გაწეული საპროცესო მოქმედებების რაოდენობა და სახე, მხარეთა მატერიალური მდგომარეობა და ა.შ. 4.36.3. ც---–- პ-------ს სარჩელზე დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 30 000 ლარს, ხოლო თ----- თ------ის სარჩელზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - 4 000 ლარს. ამის შესაბამისად, მთლიანობაში, დავის საგნის ფასი 34 000 ლარი იყო. 4.36.4. 34 000 ლარის 4% 34 000X4%=1360 ლარია. 4.36.5. თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებს აქვთ ერთგვაროვანი და მყარი სასამართლო პრაქტიკა; მსგავსი კატეგორიის საქმეზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები; საქმე არ მოითხოვდა მხარეთა წარმომადგენლების მიერ მრავალი მტკიცებულების მოპოვებასა და წარდგენას; ც---–- პერტაია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია. 4.36.6. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა გონივრული და სამართლიანია. 4.37. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არსებითად, სწორია და მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ირმა ც---–- პ-------ს სააპელაციო საჩივარი და თ----- თ------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. ც---–- პ------- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია; 6.2. თ----- თ------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ც---–- პ-------ს სააპელაციო საჩივარი და თ----- თ------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ც---–- პ------- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. თ----- თ------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

6. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე