გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-7-2026
19 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.კ–ძე, შპს „რ–ს“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.წ–ძე, შპს „L.N.“ (მოსარჩელეები)
II საკასაციო საჩივრის ავტორები - მ.წ–ძე, ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე, ა.კ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „A.M.D“, მ.კ–ძე, გ.კ–ძე (მოპასუხეები)
დაინტერესებული პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება; ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განკარგულება და იმავე სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებები
I საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
II საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ასევე, სააპელაციო სასამართლოს განკარგულებისა და საოქმო განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – დამფუძნებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.წ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“), ნ.კ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“), ნ.კ–ძემ (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“ ან „მესამე კასატორი“), ა.კ–ძემ (შემდგომში - „მეოთხე მოსარჩელე“ ან „მეოთხე კასატორი“) და შპს „L.N.“-მა (შემდგომში - „მეხუთე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.კ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მეხუთე კასატორი“), გ.კ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), შპს „რ–სისა“ (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მეექვსე კასატორი“) და შპს „A.M.D“-ის (შემდგომში ასევე - „მეოთხე მოპასუხე“ ან „კომპანია/სადავო კომპანია“) მიმართ და მოითხოვეს:
- ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 29 ივნისს შპს „A.M.D“-ის დამფუძნებლის - ა.კ–ძის (შემდგომში ასევე - „მამკვიდრებელი“ ან „პირველი მოსარჩელის მეუღლე“) გადაწყვეტილება და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები ცნობილ იქნენ შპს „A.M.D“-ის 100% წილის მესაკუთრეებად პროპორციულ წილებში;
- ბათილად იქნეს ცნობილი ა.კ–ძესა და მეორე მოპასუხის კანონიერ წარმომადგენელს - პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 29 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს.კ. N......... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები ცნობილ იქნენ აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეებად;
- მესამე მოპასუხეს მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 29 423,72 ლარის გადახდა;
- პირველ მოპასუხეს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით არასრულწლოვნების - მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების ინტერესების დაცვის მიზნით, წინამდებარე საქმეში დაინტერესებულ პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხოლო, მეხუთე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა პირველი და მეხუთე მოსარჩელეების გასაჩივრებულ ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი შპს „A.M.D“-ის დამფუძნებლის - ა.კ–ძის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება აღნიშნული კომპანიის 50%-ის წილის გასხვისების ნაწილში და პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა კომპანიის 50%-ის წილის მესაკუთრედ; სხვა ნაწილში პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მესამე მოპასუხეს მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29 423,72 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე, საქმეში გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 11 ნოემბერს მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. პირველი მოსარჩელე და ა.კ–ძე 2007 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: მეორე მოსარჩელე (დაბადებული 15.11.2008 წელს), მესამე მოსარჩელე (დაბადებული 02.04.2010 წელს) და მეოთხე მოსარჩელე (დაბადებული 15.06.2012 წელს). 2012 წლის 02 ივლისიდან პირველი მოსარჩელე და ა.კ–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
8.2. ა.კ–ძემ შპს „A.M.D“-ის დამფუძნებლის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, მის საკუთრებაში არსებული შპს „A.M.D“-ის 100% წილი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა პირველ მოპასუხეს. ასევე, ამ გადაწყვეტილებით ა.კ–ძე გათავისუფლდა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და ამ პოზიციაზე დაინიშნა პირველი მოპასუხე; კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართად განისაზღვრა - „A@Mail.ru”; 2019 წლის მონაცემებით კომპანიის დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დ.ბ–ძე, ხოლო პირველი მოპასუხე წარმოადგენს კომპანიის 100% წილის მესაკუთრეს.
8.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით შპს „A.M.D“-ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ………., დაზუსტებული ფართობი 1904.00 კვ.მ, ს.კ. N……….;
8.4. 2016 წლის 29 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით ა.კ–ძემ მისი კუთვნილი სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა მეორე მოპასუხეს (კანონიერი წარმომადგენელი პირველი მოპასუხე);
8.5. ა.კ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 9 იანვარს. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში თბილისში, ………. მე-9 კილომეტრზე მდებარე ბენზინ-გასამართ სადგურ „რომპეტროლის” მიმდებარე ტერიტორიაზე ა.კ–ძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება;
8.6. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სხვა პირებთან ერთად, გამოიკითხნენ გარდაცვლილი ა.კ–ძის მეუღლე - პირველი მოსარჩელე, ძმა - პირველი მოპასუხე და ძმისშვილი - მეორე მოპასუხე;
8.7. 2019 წლის 07 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა. 2019 წლის 02 სექტემბერს სამკვიდრო მოწმობაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, გარდაცვლილი ა.კ–ძის დანაშთი ქონება საკუთრებაში გადაეცა პირველი რიგის მემკვიდრეებს - პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეებს;
8.8. პირველი მოპასუხე არის გარდაცვლილი ა.კ–ძის ძმა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ ხდის კომპანიის დამფუძნებლის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას და მამკვიდრებელსა და მეორე მოპასუხეს (კანონიერი წარმომადგენელი პირველი მოპასუხე) შორის დადებულ უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებას და მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს გავლენის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით და მოსაჩვენებლად დადებულ გარიგებებს.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 55-ე, 56.1, 81.1, 82-ე, 327-ე მუხლებით და აღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის მხედველობაში მიღებით, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა სადავო გარიგების დადების მოჩვენებითი ხასიათი, იძულება, მოტყუება ან რაიმე სახის გავლენა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი მამკვიდრებლის მიერ გარდაცვალებამდე ორ წელზე მეტი დროით ადრე გამოხატული ნების ნამდვილობა, თუმცა სათანადო ფაქტებზე და, შესაბამისად, დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებით არ დასტურდება გარიგების მონაწილე პირზე - მამკვიდრებელზე, მეორე მხარის - პირველი მოპასუხის მიერ გარიგების დადების მიზნით გავლენის ბოროტად გამოყენებისა და მოტყუების ფაქტი.
11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ლოგიკურ შეფასებას მოკლებულია გარდაცვლილ პირზე გავლენისა თუ მოტყუების ფაქტის არსებობის კვლევა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თუკი ასეთი ზეწოლით ჰქონდა ადგილი გარიგების დადებას, ამ გარიგებათა ნამდვილობა თავად გარიგების მონაწილე პირს შეეძლო გაეხადა სადავოდ, რაც არ მომხდარა. უფრო მეტიც, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ სადავო ქონებათა სამკვიდრო მასაში არარსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სამკვიდროს გახსნის შემდგომ, ლოგიკის ფარგლებს სცდება იმ გარემოების მტკიცება, რომ გარიგებათა დადების დროს მამკვიდრებელზე გარიგების მეორე მხარემ განსაკუთრებული ნდობის საფუძველზე გავლენა ბოროტად გამოიყენა ან მოატყუა და კონტრაჰენტი ცდომილებაში განზრახ შეიყვანა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მჩუქებელმა, როგორც კომპანიის 100% წილი, ასევე, უძრავი ნივთი დასაჩუქრებულს, ერთ შემთხვევაში, მის ძმას - პირველ მოპასუხეს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ძმისშვილს - მეორე მოპასუხეს უსასყიდლოდ გადასცა, არ შეიძლება გახდეს ამ გარიგებათა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამ გარიგებათა ნამდვილობას არც ის ფაქტი აყენებს ეჭქვეშ, რომ გარიგებები დაიდო მამკვიდრებელსა და მის მეუღლეს - პირველ მოსარჩელეს შორის კონფლიქტური ურთიერთობის დროს, ვინაიდან აღნიშნული ხელს არ უშლის მამკვიდრებლის მიერ მითითებული ქონების სურვილისამებრ განკარგვას. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავად ამ უკანასკნელს სიცოცხლეში აღნიშნული გარიგებების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, მისთვის სადავო ქონების გასხვისების შესახებ ცნობილი გახდა სამკვიდროს მიღების პროცესში. შესაბამისად, მამკვიდრებელს გარიგებების შესახებ პრეტენზია არ გამოუხატავს არც ზეპირსიტყვიერად, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და მოცემულ შემთხვევაში ორივე უსასყიდლო სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყურადღება მიაქცია საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოდავე მხარეთა მიერ მითითებულ შემდეგ გარემოებებს:
- საქმეში წარდგენილია კომპანიის დამფუძნებლის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ა.კ–ძემ მისი კუთვნილი 100% წილი უსასყიდლო საკუთრებაში გადასცა პირველ მოპასუხეს საკუთრების უფლებით. ასევე, ამ გადაწყვეტილებით ა.კ–ძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და პირველი მოპასუხე დაინიშნა მითითებულ პოზიციაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მოცემული ხელნაწერი - დამფუძნებლის გადაწყვეტილება შედგენილია ე.წ. ჩასწორებებითა და პირადი მონაცემების (პირადი ნომრის) ჩამატებებით, თუმცა საქმეს არ ერთვის იმ სახის მტკიცებულება, რაც ამ დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, დადგენილი წესით არ დასტურდება დამფუძნებლის სადავო გადაწყვეტილების სიყალბე. აღნიშნული გადაწყვეტილება რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, რის შედეგადაც განხორციელდა სუბიექტების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და კომპანიის 100% წილის მმართველად დარეგისტრირდა პირველი მოპასუხე.
- საყურადღებოა, რომ სადავო კომპანია რეგისტრირებულია 2011 წლის 13 აპრილს, ხოლო პირველი მოსარჩელე მამკვიდრებელთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2012 წლის 02 ივლისიდან. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, კომპანიის 100% წილი ითვლება მამკვიდრებლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რაზეც მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი არ უნდა გავრცელდეს;
- მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ქონების, მიწის და მასზე განთავსებული რესტორან ,,უ–ის“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წლების განმავლობაში იხდიდა სესხის სახით არსებულ თანხას სს „პ.ბ–ში“. საქმეს ერთვის ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, იპოთეკის ხელშეკრულება, რაც ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას - საბანკო კრედიტის დაფარვის მიზნით თანხის ყოველთვიურად გადახდის ფაქტს. გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდი ემთხვევა რესტორან „უ–ის“ ინფრასტრუქტურის მოწყობის პერიოდს. ბანკში პირველი მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის ფაქტს ადასტურებს რესტორანი „უ–ის” ბუღალტერი ტ.მ–იც, რომელიც განმარტავს, რომ ბანკში სესხს იხდიდა მხოლოდ პირველი მოპასუხე, ფინანსებს ბუღალტერი განაგებდა მხოლოდ პირველ მოპასუხესთან შეთანხმებით და ა.კ–ძეს სესხის დაფარვის მიზნით თანხა არასდროს გადაუხდია. სესხის გადახდის შესახებ მითითებულ გარემოებაზე მოსარჩელე მხარეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია;
- მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ პირველმა მოპასუხემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2016 წლის 25 იანვარს შეიძინა მიწის ფართობი, რაც საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა პირველი მოპასუხის სახელზე. ამ უკანასკნელმა 2016 წლის 18 მარტს შპს „A.M.D“-ში განახორციელა შენატანი ამ მიწის ნაკვეთის სახით და სწორედ მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად ფლობს კომპანია საკუთრების უფლებით 1904 კვ.მ ფართობს;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება. 2013 წლის 19 აგვისტოს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის N913322 ბრძანებით ა.კ–ძის მიმართ შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2015 წლის 07 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2331308 გადაწყვეტილების თანახმად, ა.კ–ძეს კვლავ მიეცა თანხმობა დასახელებულ მისამართზე I კლასის შენობის ახალ მშენებლობაზე. აღნიშნულ ნებართვებთან დაკავშირებით მოწმე თ.ა–ძემ, რომელიც მუშაობდა სადავო საცხოვრებელი სახლის დაპროექტების სამუშაოებზე, განმარტა, რომ მან დაკვეთა მიიღო პირველი მოპასუხისაგან და სწორედ მასთან ათანხმებდა ყველა დეტალს. მისთვის უცნობია დამკვეთად რატომ არის მითითებული ა.კ–ძე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ა.კ–ძე, შესაბამისად, ბუნებრივია, არქიტექტორული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა მის სახელზე განხორციელდა.
- კომპანიის 100%-იანი წილის მმართველობასთან, შპს „უ–ში” სარესტორნო ბიზნესის წარმოებასა და, ასევე, სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები:
მოწმე ა.ჩ–ძემ დაადასტურა საქმეზე წარდგენილი მისი სახელით შედგენილი განცხადების შინაარსის სისწორე. მოწმის განმარტებით, იგი არის ქვის ხელოსანი, პირველ მოპასუხეს იცნობს 2009-2010 წლიდან და მისი დაკვეთით წლების განმავლობაში ასრულებდა შესაბამის სამუშაოებს ……… ქუჩაზე. სამუშაოს ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით პირველი მოპასუხის მიერ. მოწმის განმარტებით, მას ა.კ–ძე რამდენჯერმე ჰყავს ნანახი და მისგან შესრულებული სამუშაოსათვის თანხა არასდროს მიუღია. ......... ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას რამდენჯერ მივიდა ა.კ–ძე იმ მიზნით, რომ ძმის სახლის მშენებლობა ენახა. მოწმე დამაჯერებლად უთითებს, რომ იგი სამუშაოებს ატარებდა პირველი მოპასუხის სახლში და მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა პირველ მოპასუხეს;
იგივე გარემოებას ადასტურებს მოწმე .........იც, რომელმაც ასევე დაადასტურა მის მიერ წერილობით მიცემული ახსნა-განმარტების სისწორე. მოწმის განმარტებით, მან 2011 წლიდან დაიწყო რესტორანში ხის სამუშაოების შესრულება პირველი მოპასუხის დაკვეთით და, ასევე, 2015-2016 წლებში პირველი მოპასუხის საცხოვრებელ სახლშიც (მდებარე ......... ქუჩაზე) ასრულებდა შესაბამის სარემონტო სამუშაოებს. ა.კ–ძე გაიცნო როგორც პირველი მოპასუხის ძმა, თუმცა მას მოწმისთვის არც სამუშაოები დაუკვეთავს და არც შესაბამისი ანაზღაურება გადაუხდია ხელოსნისთვის. მხოლოდ პირველი მოპასუხე უხდიდა თანხას საცხოვრებელ სახლში ხის სამუშაოების შესრულებისთვის. ......... ქუჩაზე სახლის მშენებლობისას არ ახსოვს არც პირველი მოსარჩელის და არც მისი მეუღლის მისვლა;
მოწმე მ.პ–ძემ ასევე დაადასტურა საქმეზე წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების სისწორე. მან მიუთითა, რომ იგი არის პირველი მოპასუხის მეზობელი ......... ქუჩაზე და მას იცნობს 2013 წლიდან. მოწმეს სურდა თავისი ძმისთვის მიწის ნაკვეთი, რის გამოც დაუკავშირდა პირველ მოპასუხეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა მიწის გაყიდვაზე, ვინაიდან თვითონ აპირებდა საცხოვრებლად სახლის აშენებას. მეზობლის მითითებით, სახლის მშენებლობის დაწყების დღიდან ის იქ იმყოფებოდა და მისთვის ყველა ფაქტი ცნობილია. მოწმე განმარტავს, რომ ამ სახლში, გარდა პირველი მოპასუხისა და მისი ოჯახისა, სხვას არასდროს უცხოვრია. მოწმე იცნობს ა.კ–ძეს, რომელიც სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და იცის, რომ პირველი მოპასუხის ძმაა. მოწმისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ პირველი მოპასუხე ფლობს რესტორანს, თუმცა კომპანიაში წილების თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს. პირველი მოპასუხე თემქის საცხოვრებელი ბინიდან გადმოვიდა ......... ქუჩაზე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით და თემქის ბინის ავარიულობის თაობაზე მოწმისათვის ცნობილი არ არის;
საგულისხმოა ასევე მოწმე ტ.მ–ის ჩვენება, რომელიც 2011 წლიდან არის შპს „A.M.D“-ის ბუღალტერი, ხოლო 2018 წლიდან მუშაობს ორგანიზაციის ბუღალტრად „აუთსორსზე”. მოწმე დილიდან ღამის 11 საათამდე იმყოფებოდა რესტორნის ტერიტორიაზე და სარესტორნო საქმიანობის შესახებ მისთვის ყველაფერი ცნობილია. იგი ყოველგვარ ფინანსურ ტრანზაქციას უთანხმებდა პირველ მოპასუხეს. დიჯიპასი იყო მთავარი ბუღალტერის ხელთ და ფინანსურ საკითხებს ახორციელებდა პირველ მოპასუხესთან შეთანხმებით. მასთან ერთად მიდიოდა ბანკში სესხის დასაფარად და ყველანაირ ფინანსურ აქტივობებს უთანხმებდა პირველ მოპასუხეს. ა.კ–ძე და პირველი მოპასუხე არიან მოწმის ნათესავები;
მოწმე თ.ა–ძემ ასევე სრულად დაადასტურა მისი წერილობითი ახსნა-განმარტების შინაარსის სისწორე და მიუთითა, რომ იგი არის არქიტექტორი, რომელმაც პირველი მოპასუხის დაკვეთით მის საცხოვრებელი სახლზე მოამზადა პროექტი 2013 წელს, ხოლო 2014 წელს დაიწყო თბილისში, ......... ქუჩაზე მშენებლობა. მოწმეს ა.კ–ძე შორიდან ჰყავს ერთხელ ნანახი, რომელიც პირველმა მოპასუხემ გააცნო - ჩემი ძმა არისო. მოწმე, როგორც არქიტექტორი, ხშირად იმყოფებოდა მშენებლობაზე და იქ პირველი მოსარჩელე ნანახი არ ჰყავს. მოწმე ადასტურებს, რომ დამკვეთი იყო პირველი მოპასუხე და სახლის პროექტის შედგენისთვის თანხის გადახდაც მისგან მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით;
მოწმე ვ.კ–ძის (მშენებელი) ჩვენებით, მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა პირველ მოპასუხესთან, რომელიც გაიცნო მეგობრისგან 2014 წელს. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყეს 2014 წლის მაისის თვეში, სამშენებლო მასალებით ამარაგებდა მის ბრიგადას (4 ხელოსანი) პირველი მოპასუხე და გასამრჯელოს იღებდა მხოლოდ პირველი მოპასუხისაგან. სხვისგან, მათ შორის, ა.კ–ძისგან, სამუშაოს ანაზღაურება არ მიუღია. მოწმე პერიოდულად მუშაობდა ......... ქუჩაზე ამ საცხოვრებელი სახლის აშენების პროცესის მიმდინარეობისას: 2015 წლის ბოლოს გადახურეს, შემოღობეს და ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც შეასრულეს. მშენებლობაზე საკვები მიჰქონდათ რესტორნიდან. საცხოვრებელი სახლის შიდა ტიხრებთან დაკავშირებით გაითვალისწინეს პირველი მოპასუხის მეუღლის რჩევები. მოწმე მიუთითებს, რომ მშენებლობაზე ა.კ–ძე ნანახი ჰყავდა სულ ორჯერ;
საქმეზე მოწმედ ასევე დაიკითხა პირველი მოპასუხის და მ.კ–ძე, რომელმაც განმარტა, რომ თბილისში, ......... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინა პირველმა მოპასუხემ 2002 წელს, რაც მისგან გაიგო სოფელში სუფრაზე ყოფნისას მეზობელ რ.თ–სთან საუბრის დროს. პირველი მოპასუხე ეუბნებოდა მის მეზობელს, რომ თბილისშიც, ისევე როგორც სოფელში, მის მეზობლად იცხოვრებდა საცხოვრებელ სახლს რომ ააშენებდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ა.კ–ძის სახელზე იყო აღრიცხული. ამ სახლს აშენებდა საცხოვრებლად პირველი მოპასუხე, რომელიც მშენებლობის დასრულებიდან დღემდე ამ სახლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მოწმე ხშირად სტუმრობს მითითებულ საცხოვრებელ სახლს, სადაც მას მასპინძლობას უწევს პირველი მოპასუხე და მისი ოჯახი;
მოწმე ე.კ–ის განმარტებით, პირველი მოსარჩელე არის მისი ბიძაშვილი და მის მაზლს, პირველ მოპასუხესაც იცნობს. მოწმე დაზუსტებით ვერ იხსენებს პირველმა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ როდის შეიძინეს მიწის ნაკვეთი დიღომში (ცენტრალური გზის დაბლა). მეუღლეები ერთად აშენებდნენ სახლს და ხელმძღვანელობდნენ მშენებლობის პროცესს. იგი არასდროს ყოფილა არც მშენებლობაზე და არც დასრულებულ სახლში. მეუღლეებისგან იცოდა მოწმემ, რომ აღნიშნული სახლი საცხოვრებლად დაუთმო ა–მა მის ძმას, პირველ მოპასუხეს, ვინაიდან იგი ოჯახთან ერთად ავარიულ ბინაში (სავარაუდოდ თემქაზე) ცხოვრობდა. მოწმისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ა.კ–ძეს ჰქონდა სარესტორნო ბიზნესი. ამ რესტორანში მოწმე რამდენჯერმე არის ნამყოფი ბავშვების ნათლობასა და დაბადების დღეებზე და მან ზუსტად იცოდა, რომ რესტორანი ეკუთვნოდა ა–ს;მოწმე ხ.ბ–ძეც დაახლოებით იმავე გარემოებებზე მიუთითებს, კერძოდ, იგი პირველ მოსარჩელეს იცნობს წლებია. მოწმე, როგორც სამზარეულოს საქმიანობაში გარკვეული, მენიუსთან დაკავშირებულ საკითხებს გადიოდა ა.კ–ძესთან ერთად სარესტორნო ბიზნესის დაწყებისას 2011 წელს. მოწმისთვის მეუღლეებისგან არის ცნობილი, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინეს და ერთად აშენებდნენ საცხოვრებელ სახლს, თუმცა ა–თან შეთანხმებით, ამ სახლში საცხოვრებლად გადავიდა მისი ძმა პირველი მოპასუხე. თავად მოწმე ამ საცხოვრებელ სახლში ნამყოფი არასდროს ყოფილა;
მოწმე მ.რ–მა, რომელიც წლებია იცნობს პირველ მოსარჩელეს და მის მეუღლეს, განმარტა, რომ თავადაც ბიზნეს საქმიანობას ეწევა, აქვს ბაკურიანში სასტუმრო და ოჯახებით ახლობლობდნენ. დაახლოებით 10-15 წელია მეგობრობენ, თუმცა მოწმე ა.კ–ძის საცხოვრებელ სახლში ნამყოფი არ არის. მათ შორის, არც სადავო საცხოვრებელ სახლში. მოწმე მიუთითებს, რომ მას ვალად გამოართვა ა.კ–ძემ თანხა მუშებისათვის გადასაცემად, რაც ამ უკანასკნელმა ......... ქუჩაზე მდებარე სახლის მშენებლობისას ჭიშკართან გადასცა მუშებს. თუმცა, მოწმე ეზოს შიგნით არ შესულა, არ უნახავს მშენებლობის პროცესი და მეტი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. მოწმე იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ მეუღლეებს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ბიზნეს საქმიანობაში ა.კ–ძის წილებთან და პარტნიორების მხრიდან მოტყუების ფაქტთან დაკავშირებით.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არ არის რელევანტური, ზუსტი და საკმარისი სადავო გარემოებათა დასადგენად. განსხვავებით მოპასუხის მხრიდან წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებისგან, რომელთაც თანმიმდევრულად, ზუსტად და კონკრეტულ დეტალებზე მითითებით ისაუბრეს სადავო საკითხებთან დაკავშირებით, როგორც კომპანიის წილის საკუთრების უფლებასთან, ისე სადავო უძრავი ქონების მშენებლობასა და ამ მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებულ დეტალებზე. დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს პირველი და მეორე მოპასუხეების სახელზე ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გარიგებათა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეს ერთვის მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ხელშეკრულება ავეჯის დამზადებისა და მონტაჟის შესახებ, ხელშეკრულება გაზიფიკაციის პროექტის შედგენაზე, გაზიფიკაციის ქვითარი, გადახდის ქვითრები), რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები ნამდვილად ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში მშენებლობის დასრულების მომენტიდან და დღემდე სწორედ ისინი ზრუნავენ აღნიშნული სახლის კეთილმოწყობასა და საცხოვრებელი პირობების შექმნაზე.
15. სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლისა და შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს, კერძოდ, მოსარჩელემ უცილოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ კომპანიის დამფუძნებლის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და 2016 წლის 29 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით, ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით და მოტყუებით დადებულ გარიგებებს. მითითებული საფუძვლებით გარიგების ბათილობის არცერთი წინაპირობის არსებობა საქმეზე წარდგენილი უტყუარი, რელევანტური და პირდაპირი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. გარდა იმისა, რომ თავად მჩუქებელს აღნიშნული გარიგებები სიცოცხლეში სადავო არ გაუხდია, გარიგების დადებიდან (29.06.2016 წლიდან) გარდაცვალებამდე - 09.01.2019 წლამდე, სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია მოსარჩელის მითითება მჩუქებლის ნებაზე გავლენის არსებობისა და მოტყუების ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, უცილოდ არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულებები წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ გარიგებებს, მონაწილე პირების მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცა მსვლელობა და არ მოჰყვა ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი შედეგი. სადავო ხელშეკრულებები გაფორმებულია გარდაცვლილი ა.კ–ძისა და პირველი მოპასუხის მიერ ნამდვილი ნების საფუძველზე სწორედ იმ სამართლებრივი შედეგის მისაღებად, რასაც საწარმოს 100% წილის გადაცემისა და უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება ითვალისწინებს. კერძოდ, ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებით მჩუქებელმა თავისუფალი ნების გამოვლენის გზით, უსასყიდლოდ გადასცა ქონება დასაჩუქრებულს. წილის მესაკუთრე გახდა პირველი მოპასუხე, ხოლო უძრავი ნივთი საკუთრებაში მიიღო მეორე მოპასუხემ (კანონიერი წარმომადგენელი პირველი მოპასუხე). მჩუქებლის ნებაზე რაიმე უარყოფითი გავლენის მომხდენ გარემოებათა დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეს არ ერთვის. შესაბამისად, სასამართლომ მითითებული გარიგებები მიიჩნია ნამდვილად.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ როგორც კომპანიის სადავო წილის, ასევე, უძრავი ნივთის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია შესაბამის გარიგებათა საფუძველზე მოხდა, კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლომ საქმეზე წარდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა თანმიმდევრული, ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებული და თანხვედრი ჩვენებებით დგინდება, რომ პირველმა მოპასუხემ 2013 წელს დაუკვეთა სამშენებლო პროექტი, ხოლო 2014 წლიდან დაიწყო საცხოვრებელ სახლის მშენებლობა სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც იმ დროისათვის მისი ძმის, ა.კ–ძის საკუთრებაში იყო და მშენებლობის დასრულებისთანავე პირველი მოპასუხე ოჯახთან ერთად გადავიდა ამ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს. სხვა ოჯახს ამ სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები არ არიან ინფორმირებულები სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, არ იციან დეტალები, უფრო მეტიც, არცერთი მათგანი არ არის ნამყოფი სადავო საცხოვრებელში. მხოლოდ ერთმა მოწმემ შორიდან დაინახა როგორ გადასცა გარდაცვლილმა ა.კ–ძემ ნასესხები თანხა პირს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, თუმცა მოწმე არ შესულა შიგნით ეზოში, არ უნახავს მიმდინარე სამუშაოები და მხოლოდ ა.კ–ძისგან იცის გადმოცემით, რომ ხელოსნისთვის ჰქონდა თანხა გადასახდელი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ჩვენება ვერ გააქარწყლებს იმ პირთა ჩვენებებს, რომლებიც წლების განმავლობაში პირველი მოპასუხის დაკვეთით უშუალოდ ასრულებდნენ სამუშაოებს როგორც რესტორნის ტერიტორიაზე, ასევე, მის მომავალ საცხოვრებელ სახლში. იღებდნენ ანაზღაურებას უშუალოდ პირველი მოპასუხისაგან და დღესაც მასთან აქვთ საქმიანი ურთიერთობა სარესტორნო ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მონაწილე პირები მოქმედებდნენ ნამდვილი, თავისუფალი ნების შესაბამისად და მიზნად ისახავდნენ სწორედ აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას. უდავოა, რომ სადავო გარიგებებს იურიდიული შედეგი მოჰყვა, რის გამოც, არც სსკ-ის 56-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს. რაც მთავარია, გარიგების მონაწილე პირს, მჩუქებელს არც წილის გადაცემისა და არც უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები სადავო არ გაუხდია თავის სიცოცხლეში. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული ხელშეკრულებების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან გარდაცვლილი ა.კ–ძის ნების ფორმირებაში უკანონო ჩარევას (მოტყუება, გავლენის ბოროტად გამოყენება და სხვ.). საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო, რელევანტური და პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უსასყიდლო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის აღნიშნულ საფუძველს დაადასტურებდა.
18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგებების გაფორმებისას ა.კ–ძის ნებაზე გავლენის მოხდენის შემთხვევა არ დგინდება, თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ ნიშნავს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მოსარჩელე/აპელანტი მხარე მიუთითებს, რომ პირველი მოსარჩელე წარმოადგენს გარდაცვლილი ა.კ–ძის მეუღლეს და სადავო ქონებაზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1163-ე მუხლებით და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სადავო კომპანია რეგისტრირებულია 2011 წლის 13 აპრილს, ხოლო პირველი მოსარჩელე მის მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2012 წლის 02 ივლისიდან, თუმცა ისინი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2007 წლიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადაც იწარმოება ბიზნეს საქმიანობა, კერძოდ, თბილისში, ……… გამზირზე, N…….. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება კომპანიის მიერ შეძენილი და რეგისტრირებულია პირველი მოსარჩელისა და მისი მეუღლის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში - 2016 წელს.
20. საკითხის სრული, ობიექტური და ყოველმხრივი ამოწურვის მიზნებისთვის სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ყურადღების გამახვილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით დღესდღეობით არსებულ პრაქტიკაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე Johnston and Others v. Ireland, § 56; Van der Heijden v. the Netherlands [GC], § 50 , რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე ქალის მიერ მისი სტაბილური და გრძელვადიანი პარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას შეეხებოდა, განმარტა, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლის დაცვის სფერო, რომელიც „ოჯახის“ დეფინიციას განამტკიცებს, ასევე de facto „ოჯახურ ურთიერთობასაც“ მოიცავს, ანუ ურთიერთობას სადაც პარტნიორები დიდი ხნის მანძილზე სამოქალაქო ქორწინების გარეშე ცხოვრობენ; საქმეზე Berrehab v. the Netherlands, § 21 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების თანაბრად დაცვის მიზნებისთვის განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრება შედეგობრივად არ ნიშნავს მშობლებს, ასევე, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ცხოვრების არსებობას, ქორწინება, რომელიც არ არის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული, კონვენციის მიზნებისთვის, არ ქმნის წინაღობას, რათა ოჯახური ცხოვრების არსებობის ფაქტი დადგინდეს (Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, § 63).
21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ამავდროულად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკა ეროვნულ სასამართლოებს აძლევს შესაძლებლობას, ეროვნული კანონმდებლობის უპირატესად სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით იხელმძღვანელოს და მის მიერ კონსენსუსის არარსებობის ფარგლებში დადგენილი მინიმალური სტანდარტი ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოიტანოს, რაც თავისთავად შეუწყობს ხელს ეროვნული სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას (იხ. და შეადარეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმეზე N2ბ/1156-19, 27 ივლისი, 2020 წელი).
22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის კონტექსტში ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციას, არამედ მეუღლეთა მიზანს, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის ფაქტს. ის ფაქტი, რომ პირველი მოსარჩელე და მისი მეუღლე 2007 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, ჰყავდათ შვილები, ზრუნავდნენ ოჯახის ფინანსურ სტაბილურობასა და განვითარებაზე, მნიშვნელოვანია წყვილის რეალური ნების დასადგენად. ამასთან, სადავო კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადაც იწარმოება ბიზნეს საქმიანობა, კერძოდ, თბილისში, .......... გამზირზე, N………. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება, კომპანიის მიერ შეძენილია პირველი მოსარჩელისა და მისი მეუღლის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში - 2016 წელს. მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც გაუმჯობესდა, გარემონტდა ქორწინების პერიოდში. კომპანიის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა პირველი მოსარჩელის მეუღლე, რომელიც მართავდა ბიზნეს საქმიანობას.
23. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სსკ-ის 1163-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ-ები Nას-72-2019, 19 აპრილი, 2019 წელი; Nას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; Nას-33-489-06, 16.03.2016წ; 11.01.2010წ. Nას-1078-1345-09, 08.09.2006წ.).
24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის წინაპირობებთან მიმართებით უნდა შემოწმებულიყო. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო ქონების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაზე მეტყველებს, რაც სსკ-ის 1163-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა.
25. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს-ს საკუთრებაში არსებული ქონების შეძენა და გაუმჯობესება, ბიზნესის გაფართოება სწორედ პირველი მოსარჩელისა და მისი მეუღლის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში განხორციელდა, ხოლო კომპანიის დამფუძნებლის 29.06.2016წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც პირველი მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა ამ კომპანიის 100% წილი, ასევე, განიკარგა პირველი მოსარჩელის 50%-იანი წილიც, აღნიშნულ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კომპანიის დამფუძნებლის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება და კომპანიის 50% წილის მესაკუთრედ ცნობილ უნდა იქნას პირველი მოსარჩელე.
26. რას შეეხება სადავო უძრავ ქონებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა თანმიმდევრული, ერთმანეთთან შინაასრობრივად დაკავშირებული და თანხვედრი ჩვენებებით დგინდება, რომ პირველი მოპასუხე უძღვებოდა სახლის სამშენებლო საქმიანობას და მშენებლობის დასრულებისთანავე იგი ოჯახთან ერთად გადავიდა ამ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს. სხვა ოჯახს ამ სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. ის პირები, ვინც საცხოვრებელ სახლში სამუშაოებს აწარმოებდნენ, იღებდნენ ანაზღაურებას უშუალოდ პირველი მოპასუხისაგან და დღესაც მასთან აქვთ საქმიანი ურთიერთობა. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში პირველი მოსარჩელისა და მისი მეუღლის ჩართულობა არ იკვეთება. ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
27. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მესამე მოპასუხისათვის მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ 29 423,72 ლარის დაკისრება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მეხუთე მოსარჩელე კომპანიის 100% წილის მფლობელი იყო ა.კ–ძე; კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა სამი მძიმე ტექნიკა და ამ კომპანიას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მესამე მოპასუხესთან. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ქირაობდა მძიმე ტექნიკას მეხუთე მოსარჩელისაგან; სამკვიდროს მოწმობის საფუძველზე, ამჟამად, მეხუთე მოსარჩელე კომპანიის წილები რეგისტრირებულია შემდეგი პროპორციულობით: პირველი მოსარჩელე - 62.5%, მეორე მოსარჩელე - 12.5%, მესამე მოსარჩელე - 12.5% და მეოთხე მოსარჩელე - 12.5%; დადგენილია ასევე, რომ მეხუთე მოსარჩელე კომპანიის დირექტორს წარმოადგენს პირველი მოსარჩელე, ხოლო წილის მესაკუთრეები მასთან ერთად არიან მისი არასრულწლოვანი შვილები - მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები. საქმეში წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ მეხუთე მოსარჩელის ტექნიკა მესამე მოპასუხის დაქვემდებარებაშია, ეს უკანასკნელი კი აქირავებს მას და ღებულობს შემოსავალს; მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ საწევარა ავტომობილით (სახ. ნომრით: FFI 234) მოპასუხე კომპანია სარგებლობს ა.კ–ძის გარდაცვალების თარიღიდან - 2019 წლის 09 იანვრიდან. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა ეხება სწორედ 2019 წლის 09 იანვრიდან იმავე წლის 08 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მესამე მოპასუხის მხრიდან სრულად არ მომხდარა საიჯარო ღირებულების ანაზღაურება.
28. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა დასადასტურებლად წარადგინა შპს „ზ.კ–იის” 30.10.2020წ. დასკვნა, რომლის თანახმად, 2019 წლის 10 იანვრიდან 08 აგვისტოს ჩათვლით განვლილი კილომეტრაჟია 2 773,27 კმ, ხოლო ამ ტიპის საქმიანობის შესაბამისად ნაღიარები შემოსავალია 4 262,71 ლარი. გამოდის, რომ 1 კმ-ზე საშუალოდ ნაზღაურდებოდა 1,54 ლარი, მაშინ, როცა 2018 წელს იგივე სახის მომსახურების საშუალო წლიური ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს 4 ლარს. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ გაწეული მომსახურების ანაზღაურება არ იანგარიშება კილომეტრების სიზუსტით, თუმცა კილომეტრების რაოდენობა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მომსახურების ანაზღაურებასთან, აჩვენებს მეტ-ნაკლებად მიახლოებით სურათს და 2019 წელს შემოსავლები შემცირებულად არის ნაღიარები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მესამე მოპასუხე არ დაეთანხმა აღნიშნულ საექსპერტო შეფასებას და წარადგინა საპირისპირო, შპს „ე–ის” მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვით, განხორციელდა მეხუთე მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის 2018 და 2019 წელს გაწეული მომსახურების ოპტიმიზებული ღირებულებების შედარება, შეფასების შედეგად კი დადგინდა, რომ მეხუთე მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის საწევარა ავტომობილით (სახ. ნომერი: …) 2019 წელს გაწეული მომსახურების ერთეულის ღირებულების შემცირება 2018 წლის მონაცემთან შედარებით გამოწვეულია მომსახურების ტიპის ცვლილებით და არა ანალოგიური მომსახურების ფასის შემცირებით. აღნიშნულ გარემოებაზე გარკვევით მიუთითა მოწმე მ.ბ–მაც.
29. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით, სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დასკვნა და მიიჩნია, რომ მოპასუხის დასკვნა ვერ აბათილებს საქმეზე წარდგენილ შპს „ზ.კ–იის” 30.10.2020წ. დასკვნას, რომლის მიხედვითაც, შემფასებელმა კომპანიამ შეისწავლა მეხუთე მოსარჩელის კუთვნილი საწევარა ავტომობილის (სახ. ნომერი: ……) გადაადგილებები ჯიპიეს-ის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და განხორციელდა მათი შედარება შესაბამისი პერიოდის შემოსავლებთან. დამკვეთის მიერ შესაფასებლად მიწოდებულია მონაცემები ჯიპიეს სისტემიდან 2019 წლის 09 იანვრიდან იმავე წლის 08 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მესამე მოპასუხეს მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით 29 423,72 ლარის ანაზღაურება.
30. სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა მოსარჩელის მტკიცებაზე, რომლის თანახმად, პირველი მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პირველი მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის მხრიდან განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა, რათა არ დაწყებულიყო სადავო ქონების კანონიერების გარკვევაზე სამართლებრივი მოქმედებები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნულ ქმედებას გააჩნდა სისტემატური ხასიათი, რაც მოპასუხის მიერ მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე მიჭრის, მუქარისა და გინების ფორმით გამოიხატებოდა. აღნიშნული ქმედებების თვითმხილველები კი იყვნენ პირველი მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც განიცადეს სტრესი და შიში.
31. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის პოზიცია არ არის დასაბუთებული. საქმეზე არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რაც პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურებდა. სადავო გარემოების დასადგენად საკმარისი არ არის მოსარჩელე მხარის მითითება მოპასუხის მხრიდან მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე. ქონებრივ საკითხებზე მხარეთა შეუთანხმებლობა და აქედან გამომდინარე მათ შორის დაძაბული ურთიერთობა, არ წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების კანონისმიერ საფუძვლებს. გარდა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებისა, სხვა სახის სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება იმ გარემოებათა არსებობა, რომელიც წარმოიშვა მოპასუხის ბრალეული ქმედებით და რამაც გამოიწვია არასრულწლოვნებისა და პირველი მოსარჩელის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მორალური ტანჯვა და ტკივილი.
32. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველმა და მესამე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
33. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
33.1. სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს. სასამართლომ იმსჯელა სსკ-ის 1163-ე მუხლის ფარგლებში, თუმცა სარჩელი ამ საფუძვლით საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე არ ყოფილა აღძრული. დავის საგანი არ ყოფილა ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ ხარჯების გაწევისა და ამის შედეგად ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის წინაპირობების დადგენა. არამედ, წარდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა - დაედგინა იყო თუ არა მხარეთა ნება (პირველი მოპასუხისა და ა.კ–ძის) ნამდვილი და ხომ არ იყო გარიგება დადებული თვალთმაქცურად, მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით. სწორედ აღნიშნულ გარემოებებს მიუთითებდა მოსარჩელე გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად;
33.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1160-ე მუხლი. თუკი სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას აპირებდა 1163-ე მუხლზე დაყრდნობით და, შესაბამისად, თვლიდა, რომ სარჩელი მიზნად ისახავდა ცოლ-ქმარს შორის ინდივიდუალური ან თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შედეგად მიღებული ან მიუღებელი სარგებლის დადგენას, ვალდებული იყო სწორედ 1160-ე მუხლის მიზნებიდან ემსჯელა;
33.3. სსკ-ის 1160-ე მუხლი მკაფიოდ განმარტავს რა უფლებები აქვთ მეუღლეებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის დროს. ასეთი გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად კანონმდებელი არ მოიაზრებს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის არარსებობას. კანონმდებელი არ აკეთებს დათქმას იმის თაობაზე, რომ გარიგება, რომელიც არ არის თანხმობასავალდებულო, შესაძლოა (დასაშვებია) შეცილებულ იქნას მესამე პირებთან მიმართებაში. თუ, რა თქმა უნდა, ნების გამომვლენი ამ გარიგების მიმართ კეთილსინდისიერია და არ გამოვლინდება გარიგების შეცილების რომელიმე კანონით დადგენილი საფუძველი, რაზედაც სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმები იძლევა ასევე მკაფიო განმარტებას;
33.4. სასამართლომ არ იმსჯელა ვის მიმართ უნდა ყოფილიყო 1160-ე მუხლზე დაყრდნობით სარჩელი წარდგენილი. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს ცოლ-ქმარს შორის არსებულ საკითხებს და არა მესამე პირებსა და ერთ-ერთი მეუღლის სახელშეკრულებო ურთიერთობას;
33.5. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული მსჯელობა სარჩელის წარმატების დასაბუთების მიზნებისთვის, გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად შეფასების შედეგია, ასევე, არღვევს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. სარჩელის საფუძვლებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესებზე დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა მოპასუხის მხრიდან იმ გარემოებების მტკიცება - სადავო გარიგების დადების დროს ცოლ-ქმარს შორის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება გაუმჯობესდა თუ არა და თუ გაუმჯობესდა, რა მოცულობით, რის და ვის ხარჯზე, ვისი სახსრებით. მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ მხარეთა შორის ნების გამოვლენა იყო ნამდვილი, გარიგება არ იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური, მოტყუებით, იძულებით ან გავლენის ბოროტად გამოყენებით დადებული, რაზეც მოსარჩელე მიუთითებდა. მოპასუხემ სწორედ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების უარსაყოფად წარადგინა კვალიფიციური შესაგებელი, შედავებულ იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე აყრდნობდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, წარდგენილ იქნა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სრულად გამოირიცხა სარჩელის წარმატებულობა;
33.6. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შემდეგი: სადავო კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადაც იწარმოება ბიზნეს-საქმიანობა, კერძოდ, თბილისში, .......... გამზ., ს.კ .........., კომპანიის მიერ შეძენილია პირველი მოსარჩელისა და მისი მეუღლის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, 2016 წელს. მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც გაუმჯობესდა, გარემონტდა. კომპანიის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა პირველი მოსარჩელის მეუღლე, რომელიც მართავდა ბიზნეს საქმიანობას;
33.7. უდავო ფაქტობრივი გარემოებებია, რომ: პირველი მოსარჩელე 2012 წლის 02 ივლისიდან მის მეუღლესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში; 2011 წლის 11 მაისს შპს „ბ–მ“ (დირექტორი ა.გ–ვა) გაყიდა მიწის ნაკვეთი - ს.კ. N..........., დაზუსტებული ფართობი: 1 613.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი N........ და მასზე განთავსებული მთელი აქტივი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილია სრულად შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი და დანართში მითითებულია სრულად ნასყიდობის საგანი/ნივთების ჩამონათვალი: ძირითადი შენობა -რესტორანი „უ–ი“ N4, საერთო ფართით 928 კვ.მ, საზაფხულო ფართი იყო 428,5 კვ.მ, სხვა დამხმარე ფართები ჯამში 12 ერთეული. დანართში ასევე სრულად არის აღწერილი გადაცემული აქტივები მოძრავი ნივთების სახით. ამდენად, სახეზეა მოცემულობა - რესტორანი „უ–ი“, რომელიც ჯერ კიდევ ორიათასიან წლებამდე იყო განთავსებული მიწის ნაკვეთზე საკ. კოდით: .........., .........., 2011 წელს შპს „A.M.D“-მ შეიძინა იმ პერიოდისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხად - 652 800 ლარად. ქონება შეიძინა პირველმა მოპასუხემ, თუმცა ფიქტიურად კომპანიის 100% წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ა.კ–ძე. 2011 წლის 11 მაისს პირველი მოსარჩელე და ა.კ–ძე არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი ქონება კანონის თანახმად იყო ამ უკანასკნელის ინდივიდუალური საკუთრება;
33.8. შპს „A.M.D“ 2016 წლის 18 მარტიდან რეესტრის მონაცემებით ფლობს 1 904.00 კვ.მ მიწის ფართობს. მიწის ნაკვთი ს.კ. N.........., რომელზეც სასამართლო მიუთითებს როგორც თანასაკუთრების ქონებაზე, ორი მიწის ნაკვეთის გაერთიანების, შერწყმის შედეგად გაფართოვდა 2016 წლის 18 მარტს. კერძოდ, 2011 წელს კომპანიის საკუთრებაში არსებულ 1 613 კვ.მ მიწის ფართობს (ა.კ–ძის ინდ. საკუთრებას) შეუერთდა პირველი მოპასუხის მიერ 2016 წელს შეძენილი 291 კვ.მ მიწის ფართობი (მომიჯნავედ) და, შესაბამისად, 1904.00 კვ.მ დარეგისტრირდა ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ;
33.9. პირველმა მოპასუხემ 2016 წლის იანვარში შეიძინა 291 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე, რომელიც მასზე 2016 წლის 17 თებერვალს დარეგისტრირდა, ხოლო 2016 წლის 18 მარტს მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა შპს-ს აქტივში. 2017 წლიდან აღნიშნულ ნაკვეთზე პირველი მოპასუხის დაკვეთით აშენდა რამდენიმე ე.წ. „სარესტორნე კუპე“. მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიწყო 2016 წლის 29 ივნისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ა.კ–ძე აღარ წარმოადგენდა კომპანიის დამფუძნებელს. პირველ მოსარჩელეს და მის მეუღლეს არავითარი წვლილი არ მიუძღვით აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენაში, მშენებლობასა და ინვესტირებაში. პირველი კლასის შენობები დაპროექტებულია არქიტექტორ ნ.დ–ვას მიერ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა მის წვლილზე რესტორან „უ–ის“ დაპროექტებისა და დამკვეთ პირველ მოპასუხესთან 2011 წლიდან დღემდე არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, შესრულებულ სამუშაოებზე. სასამართლო პროცესზე დაკითხვისას მან დაადასტურა, რომ „დღემდე მიმდინარეობს ამ ფართობის ინფრასტრუქტურის მოწყობა“;
33.10. სასამართლო კომპანიის 100% წილის პირველ მოპასუხეზე უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას უკავშირებს სსკ-ის 1163-ე მუხლის სამართლებრივ საფუძვლებს, რაც არსებითად მცდარია იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო იმავე გადაწყვეტილებაში ვრცლად ასაბუთებს, რომ არ გამოიკვეთა არცერთი საფუძვლით აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები;
33.11. ამასთან, საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია სსკ-ის 1161-1163-ე მუხლების მიზნებისთვის სარჩელის წარმატებისათვის დასადგენი გარემოებები. არავითარი მტკიცებულება, რომ ქონება ქორწინების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსარჩელეს არ წარუდგენია და რომც წარედგინა, ეს ვერ გახდებოდა გადაწყვეტილების (გარიგების) ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ ნების ნამდვილობა მიმართული იყო სწორედ იმ იურიდიული შედეგის მისაღებად რაც დადგა. პირველი მოპასუხე არ წარმოადგენს პირველი მოსარჩელის მოპასუხეს ზემოთ აღნიშნული საფუძვლებით. ეს საკითხი სცილდება დავას მესამე პირებთან მიმართებით, ის უნდა მოწესრიგდეს ცოლ-ქმარს შორის, საოჯახო კანონმდებლობის ფარგლებში;
33.12. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების ეტაპზე არ ხდება მოსარჩელის მიერ დავის საგნის განსაზღვრა, სასარჩელო მოთხოვნების ხელახლა დაყენება და, შესაბამისად, სარჩელის საფუძვლის შეცვლა;
33.13. მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებები, რომ სადავო წილის უსასყიდლოდ გადაცემისა და უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით, ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით და მოტყუებით დადებულ გარიგებებს. თავად მჩუქებელს სიცოცხლეში არ გაუხდია აღნიშნული გარიგებები სადავოდ;
33.14. მოსარჩელე მის ახსნა-განმარტებაშიც და სააპელაციო საჩივარშიც აცხადებდა, რომ ბიზნესი ეკუთვნოდათ ძმებს, ანუ ამით უარყოფდა შპს-ს 100% წილის საკუთრივ ა.კ–ძის მიერ ფლობის, საკუთრებაში ქონის ფაქტს. საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარადგინა რიგი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა.კ–ძემ აბსოლუტურად სამართლიანად განკარგა უსასყიდლოდ შპს-ს წილი, ვინაიდან პირველი მოპასუხე მის რეალურ დამფუძნებელს წარმოადგენდა. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი მიუთითებდა, რომ „ძმებმა ერთმანეთი დაარწმუნეს, რომ საცხოვრებელი სახლი და ასევე შპს-ს წილი უნდა გადაფორმებულიყო მოპასუხეზე“, ორივენი ვარაუდობდნენ, რომ გარდაცვლილის მეუღლე აპირებდა განქორწინებას, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა პირველი მოსარჩელის მიერ სასამართლო წესით რეგისტრირებულ ქორწინებასა და თანაცხოვრებაში შეძენილ ქონებაზე მოთხოვნა. აპელანტი ასევე აღნიშნავს - „ძმები საქმიანობდნენ საერთო კომპანიებში და გააჩნდათ ბიზნესი. სადავო გარიგებებით მოხდა ქონების გადამალვა. პირველი მოპასუხე მოქმედებდა ქვენაგრძნობით, ბოროტად გამოიყენა თავისი გავლენა-ნდობა ძმის მიმართ და მოსაჩვენებლად დადებული გარიგების პირობებში მოტყუებით დაეუფლა ბიზნესს და საცხოვრებელ სახლს“. ამდენად, აპელანტი თვლიდა, რომ საცილო გარიგებები ექცეოდა სსკ-ის 55-ე, 56.1, 88.1 და 82-ე მუხლების ქვეშ და ამ საფუძვლებით უნდა გაბათილებულიყო;
33.15. საქმეზე დართული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, დგინდება, რომ საწარმოს მართვას, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მის განაშენიანებაზე ზრუნვას 2011 წლიდან ახორციელებდა მხოლოდ პირველი მოპასუხე;
33.16. მტკიცებულება, რომელიც სრულად აქარწყლებს სარჩელში აღწერილ გარემოებებს და რომელიც სასამართლომ არ შეაფასა არის კომპანიის დირექტორის - დ.ბ–ძის წერილობითი ახსნა-განმარტება. დ.ბ–ძე არის პირველი მოსარჩელის ახლო ნათესავი, მისი დეიდაშვილი და რესტორან „უ–ში“ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2011 წელს. როგორც თავად ბრძანებს, მუშაობის დაწყების დღიდან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ პირველ მოპასუხესთან. ნებისმიერ გადაწყვეტილებას უთანხმებდა მხოლოდ მას, როგორც ქონების ერთადერთ მესაკუთრეს. რესტორნის ფუნქციონირებაში ა.კ–ძეს მონაწილეობა არ მიუღია. როგორც აღინიშნა, ეს პიროვნება არის პირველი მოსარჩელის დეიდაშვილი, რაც მოწმობს სწორედ იმას, რომ პირველმა მოსარჩელემ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ რესტორანი „უ–ი“ და, შესაბამისად, კომპანია ა.კ–ძეს არ ეკუთვნოდა;
33.17. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელის საფუძვლად მიჩნეული იქნებოდა სსკ-ის 1160-ე მუხლი, გადაწყვეტილება მაინც დაუსაბუთებელია. საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი შეფასებით ცხადად ირკვევა, რომ სადავო გარიგებების შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის და ქონების განკარგვას ეთანხმებოდა, რაც საფუძვლიანს ხდის კასატორის მითითებას ა.კ–ძის ინდივიდუალური ქონების მართლზომიერი განკარგვის თაობაზე და გამორიცხავს გარიგების მიმართ შემძენის არაკეთილსინდისიერებას;
33.18. სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემებითა და ასევე 2016 წლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2016 წლის შემდგომ ა.კ–ძეზე ირიცხებოდა საკმაოდ დიდი ოდენობის, ძვირადღირებული ქონება. შესაბამისად, თუკი იგი 2016 წელს ქონებებს ძმაზე იმ მოტივით ასხვისებდა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და შესაძლოა დავა დაწყებულიყო თანასაკუთრების გაყოფის მიზნით, მაშინ რატომ არ გაასხვისა მან მის სახელზე რეგისტრირებული დანარჩენი ქონება;
33.19. მოპასუხე სადავოდ ხდიდა სარჩელის ხანდაზმულობას, ასევე, შეცილების ვადებს, რაზეც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა;
33.20. მეხუთე მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული შემოსავლის გადახდის შესახებ გაანგარიშება არ მოდის შესაბამისობაში რეალურ საბუღალტრო მონაცემებთან. 2019 წლის 1-7 თვეების განმავლობაში კომპანიებს შორის კანონმდებლობის თანახმად შედგენილი და დადასტურებული იყო მიღება-ჩაბარების აქტები, რაზეც გაწერილია ანგარიშ-ფაქტურები. მეხუთე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტექნიკის საიჯარო მომსახურებით მისაღები თანხები მესამე მოპასუხეს სრულად აქვს დაფარული. მესამე მოპასუხეს პირველ მოსარჩელესთან შეთანხმებით იჯარით გადაეცა ტექნიკა ა.კ–ძის გარდაცვალების შემდეგ, რათა ოჯახს მიეღო შემოსავალი;
33.21. მოსარჩელის მიერ აუდიტორული კომპანია Z@company-ს მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა, გარდა იმისა, რომ არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შესრულებული, ასევე, არ არის კატეგორიული, ვარაუდებზეა დამყარებული და, როგორც თავად აუდიტი განმარტავს, მეტ-ნაკლებად მიახლოებით სურათზე მიუთითებს;
33.22. მოსარჩელემ ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო საპირისპიროდ მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა რიგი მტკიცებულებები: შპს „ე–ის“ დასკვნა, 2016-2018 წლებში მეხუთე მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის არსებული ხელშეკრულებები მძიმე ტექნიკის გადაზიდვის მომსახურების შესახებ; 08.01.2019წ. იჯარის ხელშეკრულება; ანგარიშფაქტურები; მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად, მესამე მოპასუხე კომპანიის ბუღალტრის მ.ბ–ის ახსნა-განმარტებამ, რომელიც დაიკითხა მოწმის სტატუსით, გააქარწყლა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები არ შეაფასა და საერთოდ შეფასების მიღმა დატოვა მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა;
33.23. მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, მეხუთე მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის საწევარა ავტომობილით 2019 წელს გაწეული მომსახურების ერთეულის ღირებულების შემცირება 2018 წლის მონაცემთან შედარებით გამოწვეულია მომსახურების ტიპის ცვლილებით და არა ანალოგიური მომსახურების ფასის შემცირებით. იმავე ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მესამე მოპასუხე კომპანიის ბუღალტერი მ.ბ–ი, რომელიც დაახლოებით 10 წელია დასაქმებულია მითითებულ პოზიციაზე. მისი განმარტებით, მესამე მოპასუხეს სადავო პერიოდში მეხუთე მოსარჩელისაგან იჯარით ჰქონდა მძიმე ტექნიკა ნაქირავები და მიღება-ჩაბარების აქტებისა და გამოწერილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად ხდებოდა იჯარის თანხის ანაზღაურება; მისივე განმარტებით, 2018 წელს მხარეებს დადებული ჰქონდათ არა იჯარის, არამედ გადაზიდვის ხელშეკრულებები;
33.24. მეხუთე მოსარჩელე მესამე მოპასუხეს უწევდა 2 სხვადასხვა ტიპის მომსახურებას - ტექნიკის გადაზიდვის მომსახურებას და გადამზიდი ტექნიკის ქირის, იჯარის მომსახურებას. საიჯარო მომსახურების გაწევისას ანაზღაურდება მხოლოდ უშუალოდ გადამზიდი ტექნიკის ქირის ღირებულება. ტექნიკის გადაზიდვის მომსახურებისგან განსხვავებით, ამ ტიპის (იჯარის) ხელშეკრულება არ მოიცავდა მძღოლ-ოპერატორის ანაზღაურებას, საწვავის ღირებულებასა და სხვა საექსპლუატაციო ხარჯებს;
33.25. საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ანგარიშფაქტურების შესაბამისად, მეხუთე მოსარჩელეს სადავო პერიოდში (2019 წლის 10 იანვრიდან 08 აგვისტოს ჩათვლით) მესამე მოპასუხისაგან მიღებული და დადასტურებული აქვს მომსახურების თანხა. მეხუთე მოსარჩელე ეთანხმებოდა ანგარიშფაქტურებს და იღებდა კუთვნილ შემოსავალს იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რაც იყო მხარეთა შორის დადებული. სწორედ ამიტომ, 2021 წლამდე (სარჩელის აღძვრა) მას პრეტენზიაც კი არ ჰქონია მესამე მოპასუხის მიერ ჩარიცხულ თანხებზე. მოსარჩელეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია.
34. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ასევე წარადგინეს პირველმა, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეებმა, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
35. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
35.1. სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კომპანიის 50% წილის პირველი მოსარჩელისათვის მიკუთვნების ფაქტს, ხოლო დარჩენილ სადავო 50% წილზე პირველი მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა ეფუძნება გარიგების თვალთმაქცურ და მოჩვენებით, კანონსაწინააღმდეგო და ამორალური საფუძვლების არსებობას;
35.2. რაც შეეხება სადავო საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნას, სასამართლომ დაუშვა შეცდომა, როდესაც ამ ნაწილში არ გამოიყენა სსკ-ის 1163-ე მუხლი;
35.3. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს შემდეგს: 1) 16.08.2010წ. ა.კ–ძემ შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ქუჩა N25, ს.კ. ............, დაზუსტებული ფართობი 577 კვ.მ. საქმეში წარდგენილია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლების მოწმობა N4418; ა.კ–ძის მიერ 19.08.2013 წელს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა და დამტკიცდა ერთბინიანი სახლის არქიტექტურული პროექტი; 02.11.2015წ. მან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარადგინა განცხადება დასახელებულ მიწის ნაკვეთზე ახალი მშენებლობის ნებართვის მისაღებად; 07.12.2015წ. ა.კ–ძემ მიიღო ახალი მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ფაქტები და მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ა.კ–ძის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ქონება შეძენილია პირველი მოსარჩელისა და მისი მეუღლის ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ უნდა ჩათვალოს, რომ სადავო უძრავი ქონება მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა;
35.4. დასახელებული სამი სიკეთე - 19.08.2013წ., 02.11.2015წ. და 07.12.2015წ. სამართლებრივი შედეგები დადგენილია, რომ ექცევა მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების ფარგლებში, ხოლო კანონის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). ამ შემთხვევაში შეძენილ მიწის ნაკვეთზე მოხდა გადაგეგმარება;
35.5. ამდენად, სსკ-ის 1158-ე და 1163-ე მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პირველი მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნეს სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ. აქ არაფერ შუაშია სახლის მშენებლობის საკითხი და ამ პროცესის შეფასება. ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებების გაზიარება იმის დასადგენად, ვინ ვის გადაუხადა ფული, სამართლებრივ აქტუალობას კარგავს, რადგანაც იურიდიულ შეფასებას უძრავ ქონებაზე დადებული გარიგება მოითხოვს, ხოლო გარიგება დადებულია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც საცხოვრებელი სახლი არ იყო აშენებული;
35.6. როგორც საწარმოს წილზე, ასევე, მიწის ნაკვეთზე სადავო გარიგებების დადება ხდება ერთ დღეს, ქონების პირველი მოსარჩელისაგან მოსალოდნელი დავისგან დაცვის მიზნით. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და არცერთი მხარე არ უარყოფს, რომ სადავო გარიგებების დრო და მოქმედება სრულად ემთხვევა პერიოდს, როდესაც პირველ მოსარჩელეს მის მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რაც წარმოიშვა ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მოთხოვნით. პარტნიორების მხრიდან წარსულში დაფიქსირებული სხვადასხვა მცდარი ინფორმაციისა თუ შემოსავლების ნამდვილობასთან მუდმივად არსებული შეკითხვების გამო. პირველი მოსარჩელე დაჟინებით სთხოვდა მეუღლეს, რომ ბიზნესში საერთო მონაცემები ოფიციალურად დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში და გაკონტროლებულიყო სიტუაცია;
35.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს 21:31 საათზე მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი. პირველმა მოსარჩელემ ოჯახური ძალადობის ფაქტი დააფიქსირა პოლიციასთან. შეტყობინების ოფიციალურ ამონაწერში ვკითხულობთ, რომ მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. პირველი მოსარჩელის მეუღლის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2016 წლის 30 ივნისს პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებას და მისი მეუღლის მიმართ მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი ბრალდების თავიდან არიდების მიზნით, მოითხოვა სამართლებრივი რეაგირება აღარ მისცემოდა 20.06.2016წ. განცხადებას;
35.8. ერთმნიშვნელოვნად, 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდი უკიდურესად მძიმე და რთული იყო მეუღლეების ცხოვრებაში. საკითხი დაისვა მეუღლეთა შორის განქორწინების შესახებ. პირველმა მოპასუხემ, რომელსაც გარდაცვლილ ძმაზე მნიშვნელოვანი დარწმუნების მოხდენის საშუალება ჰქონდა, პირველი მოსარჩელის მეუღლე განაწყო, რომ განქორწინების შემთხვევაში პირველი მოსარჩელე მიმართავდა სასამართლოს და მოითხოვდა წილს სახლიდან და ბიზნესიდან. სწორედ ამ მოლოდინის გათვალისწინებით, ა.კ–ძე შპს-ს წილსა და მასზე დარსებულ ბიზნესს აფორმებს პირველ მოპასუხეზე, ხოლო მიწის ნაკვეთს - ჩუქების ხელშეკრულებით ძმისშვილზე - მეორე მოპასუხეზე;
35.9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამ ფაქტებსა და გარემოებებს შეფასება არ მისცემია, რაც, სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში, სადავო გარიგებების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს ქმნიდა;
35.10. სადავო გარიგებები და სადავო ქონებები მოპასუხის სახელზე აღირიცხა ყოველგვარი სასყიდლიანი პირობის გარეშე, რაც ასევე მიუთითებს მხარეთა ურთიერთობის განსაკუთრებულ ნდობასა და გარიგების მიზანზე. მეტიც, დგინდება, რომ ამ ნდობისა და განსაკუთრებული ურთიერთობის გამოძახილს წარმოადგენდა ა.კ–ძის ოჯახის თანხმობა პირველი მოპასუხის ოჯახი დროებით საცხოვრებლად გადასულიყო სადავო სახლში. პირველი მოპასუხე ოჯახთან ერთად სადავო ფართში მას შემდეგ გადავიდა, რაც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მათი ძირითადი საცხოვრებელი კორპუსი და ახალი საცხოვრებელი ფართის შეძენამდე ა.კ–ძის ოჯახმა თანხმობა მისცა სადავო ფართში ეცხოვრათ;
35.11. პირველი მოსარჩელისათვის 2019 წლის 09 იანვრის შემდეგ, სამკვიდროს გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი სადავო გარიგებების თაობაზე. იგი შეედავა და მოითხოვა შპს-ს წილისა და ერთობლივად შეძენილი/აშენებული სახლის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, რაზეც პირველმა მოპასუხემ უარი განაცხადა და არგუმენტად აღნიშნული გარიგებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე მიუთითა;
35.12. გონიერი განსჯის საფუძველზე, მოპასუხის დღევანდელი პოზიცია და ქონებების დაუფლების მომენტში, თუნდაც ა.კ–ძის ნებისგან (ქონებების გადამალვის ნება) განსხვავებული განზრახვა უნდა შეფასდეს, როგორც არაკეთილსინდისიერი მხარის მოქმედება და სადავო გარიგებები უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც 1. გავლენის ბოროტად გამოყენებით, 2. მოტყუებით და 3. მოსაჩვენებლად დადებულ გარიგებად, რასაც აქვს განგრძობითი ხასიათი და შესაბამისად ბათილია;
35.13. დგინდება, რომ ძმებს შორის არსებობდა საერთო ბიზნესი და პირველი მოპასუხე არ საჭიროებდა დახმარებას. მის მიერ წარდგენილი სხვადასხვა მოძრავი ნივთის შეძენისთვის გადახდილი ანგარიშფაქტურები მიუთითებს იმას, რომ ისინი ცხოვრობდნენ ფუფუნებაში და არ გააჩნდათ ეკონომიკური გასაჭირი. საკუთრების უფლების სამუდამოდ დათმობის განზრახვა ა.კ–ძის მხრიდან არც იქნებოდა დამაჯერებელი იმის გათვალისწინებით, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების დროისათვის მის სახელზე სხვა უძრავი ქონება, სადაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად იცხოვრებდა, არ ირიცხებოდა;
35.14. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს V განყოფილების გამომძიებლის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი, რაც არ გასაჩივრებულა და სადაც მითითებულია, რომ 2019 წლის 09 აგვისტოს პირველი მოპასუხე მივიდა პირველი მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე, მიადგა სახლის ეზოს კარს, აბრახუნებდა და რადგანაც არავინ გაუღო, გინებით დატოვა დასახელებული ტერიტორია. ოქმში აღნიშნულია, რომ პირველი მოპასუხის მხრიდან პირველი მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალადობისას იკვეთებოდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი. ოქმში აღნიშნულია, რომ მსხვერპლი - პირველი მოსარჩელე პირველი მოპასუხის ასეთ ქმედებას უკავშირებდა მოძალადის მხრიდან ქონებრივ უფლებებზე შეზღუდვის ფაქტს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეს არ გააჩნია ვარგისი მტკიცებულება მოთხოვნისთვის, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
35.15. კასატორი ასევე ასაჩივრებს 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ საოქმო განჩინებას საქმიდან 2024 წლის 20 ივნისის განცხადებით წარდგენილი დანართების ამოღების თაობაზე. მოსარჩელეს აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. დოკუმენტების შინაარსი პირდაპირ ეხებოდა დავის საგანს, სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სარჩელში და მხარეთა მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს იქნა მითითებული. მტკიცების ტვირთის ფარგლებში მხარეს შეეზღუდა შედავების საშუალება. ამდენად, საოქმო განჩინება უკანონო, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს;
35.16. ასევე, უსაფუძვლო და უკანონოა 2025 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებაც მოწმედ ე.გ–ას დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ე.გ–ამ იმავე მხარეებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ დავაზე ჩვენება მისცა და სასამართლოს დაუდასტურა ის ფაქტი, რომ ა.კ–ძე მეუღლესთან - პირველ მოსარჩელესთან განქორწინებას გეგმავდა და ქონებრივი დავის მოლოდინში იყო. ე.გ–ას აღნიშნული განცხადება, თავის მხრივ, გაკეთებული აქვს პოლიციაში გამოკითხვის ოქმშიც, რომელიც თან ერთვის საქმეს, თუმცა განმარტების დადასტურება სასამართლოს წესით იყო ახალი გარემოება. შესაბამისად, კასატორი სწორედ ამ გარემოებაზე უთითებდა სააპელაციო სასამართლოს, რომელიც იმ მოსაზრებით არ დაეთანხმა შუამდგომლობას, რომ მხარეს შეეძლო ე.გ–ას მოწმის სახით გამოცხადება ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების დროს. თავად ფაქტი, რომ ე.გ–ამ ჩვენება მისცა სასამართლოს და მოსამართლის წინაშე დაადასტურა პოლიციის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება, განხორციელებულ იქნა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, წარდგენილი შუამდგომლობა არ იყო საფუძველს მოკლებული და მხარის მტკიცების ტვირთთან მიმართებით, მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლეოდა, რასაც დაუსაბუთებლად ეთქვა უარი;
35.17. კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე მიღებულ განკარგულებას მოსარჩელის ადვოკატის - ა.კ–ის წესრიგის დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ, ვინაიდან, მისი განმარტებით, იგი არ შეიცავს მითითებას/განმარტებას იმის თაობაზე თუ რომელი დარღვევა ჩაიდინა ადვოკატმა.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 მაისის განჩინებით მოპასუხეთა და მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
37. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი და მესამე მოპასუხეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
38. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, როგორც მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ისე მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, არაერთი საფუძვლით.
39. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს უპირველესი მსჯელობის საგანია შპს „A.M.D”-ის დამფუძნებლის ა.კ–ძის 29.06.2016წ. გადაწყვეტილების მართლზომიერება, რომლითაც აღნიშნული შპს-ს 100% წილი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მის ძმას პირველ მოპასუხეს და 29.06.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების მართლზომიერება, რომლითაც სადავო უძრავი ქონება ა.კ–ძემ ასევე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა პირველი მოპასუხის შვილს - მეორე მოპასუხეს.
40. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არ იკვეთება სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლები და მიიჩნია, რომ გარიგებების დადებისას მონაწილე პირები მოქმედებდნენ ნამდვილი, თავისუფალი ნების შესაბამისად. აღნიშნულს მოსარჩელეები/პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კასატორები, რომლებიც ა.კ–ძის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ, არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ სადავო გარიგებები დაიდო მოტყუებით, გავლენის ბოროტად გამოყენებით და მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
41. სადავო საკითხის შეფასების მიზნებისათვის საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს იმ ბათილ გარიგებათა სამართლებრივ ბუნებას, რომლებზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს:
მოჩვენებითი გარიგება
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
43. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. შესაბამისად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ საქმე Nას-862-812-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი).
44. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე, დაასკვნას განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (იხ. სუსგ საქმე Nას-1021-982-2016, 17 მაისი, 2018 წელი).
45. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება.
მოტყუებით დადებული გარიგება
46. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა; თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.
47. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე Nას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; Nას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი). ამასთან, მხარემ, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის (იხ. სუსგ საქმე Nას-1382-2018, 25 იანვარი, 2019 წელი; Nას-1324-2024 , 13 დეკემბერი, 2024 წელი).
48. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (იხ. სუსგ საქმეზე Nას-664-2022, 27 ივლისი, 2022 წელი). მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორციელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. როგორც წესი, მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-794-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი).
გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო
49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
50. დასახელებული სამართლებრივი ნორმა ადგენს მკაფიო კრიტერიუმს – განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებში ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებას. „ამ დროს მნიშვნელოვანია არა გარიგების შინაარსი, არამედ გარიგების დადების სახე. გარიგების დადების საფუძველი არის არა ინდივიდის ნამდვილი ნება, არამედ ხელშეკრულების მხარის მიერ „გარემოებათა ბოროტად გამოყენება“ (იხ. დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009 წ., გვ. 354). სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლით [სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი] კი, განმტკიცებულია კეთილსინდისიერების პრინციპი. შესაბამისად, ამ ნორმის საფუძველზე ფასდება ურთიერთობის მონაწილეთა ქცევა. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10.3 მუხლი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებული არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული (იხ. სუსგ საქმე Nას-125-2024, 01 მაისი, 2024 წელი).
51. სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა არის გარიგების მხარეებს შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა. კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატებოდეს განსაკუთრებული ნდობა, ინდივიდუალური ფაქტის შეფასების საკითხია. განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებულად შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის, ადვოკატსა და კლიენტს შორის, საკუთრების მიმნდობსა და მინდობილ მესაკუთრეს შორის და ა.შ. გარდა განსაკუთრებული ნდობის არსებობისა, ასევე, სახეზე უნდა იყოს ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენება. გავლენისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით არაკეთილსინდისიერი მხარე, როგორც წესი, იღებს სარგებელს დადებული გარიგებიდან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, თბილისი, 2017, 55-ე მუხლის კომენტარი, გვ. 325).
52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი. ამიტომ, მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.
53. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
54. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
55. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოებასთან მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გარიგებები დადებული იყო ერთი მხარის მიერ მეორის მოტყუებით ან გავლენის ბოროტად გამოყენების საფუძველზე ან მხარეებმა გარიგებები დადეს მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა, მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა.
56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
57. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ქნიან მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის (სსკ-ის 81-ე მუხლი) შემადგენლობას, რაც ამ საფუძვლით სარჩელის უარყოფის საფუძველია. მოსარჩელეს არ მიუთითებია იმგვარ დაფარულ გარემოებებზე, რამაც განაპირობა ა.კ–ძის მხრიდან სადავო გარიგებების დადება და რომლის გამჟღავნების შემთხვევაშიც ეს უკანასკნელი აღნიშნულ გარიგებებს არ დადებდა. ასეთად ვერ შეფასდება მოსარჩელის მტკიცება, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ მისი ძმა - ა.კ–ძე დაარწმუნა, რომ მეუღლეთა ჩხუბის შემდგომ პირველი მოსარჩელე მიმართავდა სასამართლოს და ბიზნესიდან და სახლიდან წილს მოითხოვდა.
58. რაც შეეხება სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნის სხვა საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები, ასევე, ვერ მიუთითა იმგვარ სარწმუნო ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა, რომ შპს „A.M.D”-ს დამფუძნებლის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება და 29.06.2016წ. ჩუქების ხელშეკრულება დაიდო პირველი მოპასუხის მიერ ა.კ–ძის მიმართ გავლენის ბოროტად გამოყენების საფუძველზე ან ისინი დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად და გარიგების მხარეებს თავიდანვე არ ჰქონდათ შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვა.
59. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ზემოაღნიშნული დასკვნის გამოტანისას დაეყრდნო თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებს, საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარდგენილ მტკიცებულებებს.
60. კერძოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ა.კ–ძემ, როგორც შპს „A.M.D”-ის დამფუძნებელმა, 29.06.2016წ. გადაწყვეტილებით შპს-ში მისი კუთვნილი 100%-იანი წილი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა პირველ მოპასუხეს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ჩასწორებებისა და ჩამატებების არსებობა, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ ქმნის ამ დოკუმენტში ეჭვის შეტანის საფუძველს. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, რის შედეგადაც განხორციელდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია და კომპანიის 100% წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა პირველი მოპასუხე.
61. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო გარიგებები დაიდო 2016 წლის 29 ივნისს, ხოლო ა.კ–ძე - გარიგების მხარე, რომელმაც უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა პირველ და მეორე მოპასუხეებს მისი კუთვნილი შპს-ს წილი და უძრავი ქონება, გარდაიცვალა 2019 წლის 09 იანვარს, აღნიშნული გარიგებების დადებიდან თითქმის სამი წლის შემდგომ. თუმცა, გარდაცვალებამდე მას მის მიერ დადებული უსასყიდლო გარიგებები სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის სადავო გარიგებების დადებისა და ქონების პირველი და მეორე მოპასუხეების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შემდგომ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თავად გარიგების მხარეს გავლენის ბოროტად გამოყენების საფუძვლით გარიგებები სადავოდ არ გაუხდია, ხოლო მოსარჩელისათვის გარიგებების თაობაზე რამდენიმე წლის შემდგომ გახდა ცნობილი, სასამართლოსათვის სარწმუნო არ არის მოსარჩელის არგუმენტი, რომ პირველმა მოპასუხემ ისარგებლა ძმის - ა.კ–ძის ნდობით, დააჯერა, რომ მისი მეუღლე ქონებასთან დაკავშირებით დავას დაიწყებდა და ამგვარად გადააფორმებინა სადავო შპს-ს წილი და უძრავი ქონება მასზე და მის არასრულწლოვან შვილზე. თუნდაც, იმ ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ამ გარიგებების დადებამდე მეუღლეებს შორის არსებობდა კონფლიქტი. ეს ფაქტი, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ წარმოადგენს სადავო გარემოების დამადასტურებელ სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებას.
62. გარდა ამისა, მოსარჩელე თავად განმარტავს, რომ მისთვის სადავო გარიგებების შესახებ ცნობილი გახდა სამკვიდროს მიღების შემდგომ. ანუ, ფაქტობრივად, იგი ადასტურებს, რომ ა.კ–ძეს სიცოცხლეში არ დაუფიქსირებია მეუღლესთან პოზიცია აღნიშნული გარიგებებისა და მათში გამოხატული ნების ნამდვილობის თაობაზე.
63. საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „A.M.D”-ის მიერ შეძენილი ქონების, მიწისა და მასზე განთავსებული რესტორანი „უ–ის“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წლების განმავლობაში იხდიდა სესხის სახით არსებულ თანხას სს „პ.ბ–ში“. ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილია სს „პ.ბ–თან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის გაცნობის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდი ემთხვევა სწორედ რესტორანი „უ–ის“ ინფრასტრუქტურის მოწყობის პერიოდს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, საკრედიტო ხელშეკრულება ბანკთან დადებული აქვს შპს „A.M.D”-ის, თუმცა სესხზე სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენს პირველი მოპასუხე და დ.ქ–ძე, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთულია დ.ქ–ძისა და ე.გ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 178-201). აღნიშნულ პიროვნებებთან დაკავშირებით პირველმა მოპასუხემ განმარტა, რომ ისინი არიან მისი მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ფულადი სახსრების მოძიებაში; ამასთან, ბანკში სესხის პირველი მოპასუხის მიერ დაფარვის ფაქტი დაადასტურა რესტორანი „უ–ის” ბუღალტერმა ტ.მ–მა, რომელმაც განმარტა, რომ ბანკში სესხს იხდიდა მხოლოდ პირველი მოპასუხე, ფინანსებს ბუღალტერი განაგებდა მხოლოდ მასთან შეთანხმებით და ა.კ–ძეს სესხის დაფარვის მიზნით თანხა არასდროს გადაუხდია.
64. გარდა ზემოაღნიშნულისა, დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .......... გამზირი, ელმავალმშენებელი ქარხნის წინ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ, 291 კვ.მ, ს.კ. ......., რომლის მესაკუთრე 2016 წლის მარტიდან გახდა შპს „A.M.D”. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ 2016 წლის 18 მარტს შპს „A.M.D”-ში განახორციელა შენატანი ამ მიწის ნაკვეთი სახით და სწორედ მიწის ნაკვეთის გაერთიანების შედეგად ფლობს შპს საკუთრებაში ჯამში 1 904 კვ.მ ფართობს.
65. დადგენილია ასევე, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ა.კ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ქ. N25. მართალია, სადავო არაა, რომ არქიტექტურის სამსახურის 19.08.2013წ. ბრძანებითა და 07.12.2015წ. გადაწყვეტილებით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი შეთანხმდა ა.კ–ძის მიმართ და სწორედ მასზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა მოწმე თ.ა–ძემ, რომელიც მუშაობდა სადავო საცხოვრებელი სახლის დაპროექტების სამუშოებზე, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ მან დაკვეთა მიიღო პირველი მოპასუხისაგან და სწორედ მასთან ათანხმებდა ყველა დეტალს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, ცხადია, რადგანაც სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა.კ–ძის სახელზე, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ნებართვების მიღება სწორედ მის სახელზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სხვა არაერთი მტკიცებულებით დასტურდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პირველი მოპასუხის მიერ განხორციელების ფაქტი, მხოლოდ ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვა ა.კ–ძის სახელზე გაიცა, ვერ იქნება იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ა.კ–ძის მიერ ან/და მისი და მისი მეუღლის - პირველი მოსარჩელის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში დროებით გადასვლის უფლება პირველი მოპასუხის ოჯახმა ა.კ–ძის ოჯახისაგან მიიღო.
66. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარდგენილ 06.11.2015წ., 07.12.2016წ. და 04.01.2017წ. ხელშეკრულებებს გაზიფიკაციის პროექტის შედგენისა და გაზიფიცირების თაობაზე ......... ქ. N25-ში, რომელიც გაფორმებულია პირველ და მეორე მოპასუხეებთან და რომლის შესაბამისადაც აბონენტია პირველი მოპასუხე. ასევე, ამ მომსახურებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 233-251).
67. მოცემულ საქმეზე სადავო გარემოებების შეფასების მიზნით აგრეთვე დაიკითხნენ მოწმეები, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მხარეს.
68. მოპასუხის მხარეს დაიკითხნენ შემდეგი მოწმეები:
მოწმე ა.ჩ–ძის ჩვენების თანახმად, იგი არის ქვის ხელოსანი, პირველ მოპასუხეს იცნობს 2009-2010 წლიდან და მისი დაკვეთით წლების განმავლობაში ასრულებდა შესაბამის სამუშაოებს რესტორანში და ......... ქუჩაზე. სამუშაოს ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით პირველი მოპასუხის მიერ. მოწმე დამაჯერებლად უთითებს, რომ იგი სამუშაოებს ატარებდა პირველი მოპასუხის სახლში და მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მას ეკუთვნოდა. მას ა.კ–ძე რამდენჯერმე ჰყავს ნანახი და მისგან შესრულებული სამუშაოსათვის თანხა არასოდეს მიუღია;
მოწმე .........ის ჩვენების თანახმად, მან 2011 წლიდან დაიწყო რესტორანში ხის სამუშაოების შესრულება პირველი მოპასუხის დაკვეთით. იგი, ასევე, 2015-2016 წლებში პირველი მოპასუხის საცხოვრებელ სახლშიც (მდებარე: ......... ქუჩაზე) ასრულებდა შესაბამის სარემონტო სამუშაოებს. მას მხოლოდ პირველი მოპასუხე უხდიდა თანხას საცხოვრებელ სახლში ხის სამუშაოების შესრულებისთვის. ა.კ–ძე გაიცნო, როგორც პირველი მოპასუხის ძმა, თუმცა მას არც სამუშაოები დაუკვეთავს მისთვის და არც შესაბამისი ანაზღაურება გადაუხდია;
მოწმე მ.პ–ძის ჩვენების თანახმად, იგი არის პირველი მოპასუხის მეზობელი ......... ქუჩაზე და მას იცნობს 2013 წლიდან. მოწმეს სურდა თავისი ძმისთვის მიწის ნაკვეთი, რის გამოც დაუკავშირდა პირველ მოპასუხეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა მიწის გაყიდვაზე, ვინაიდან თვითონ აპირებდა საცხოვრებლად სახლის აშენებას. მეზობლის მითითებით, სახლის მშენებლობის დაწყების დღიდან ის იქ იმყოფებოდა და მისთვის ყველა ფაქტი ცნობილია. მოწმე განმარტავს, რომ ამ სახლში, გარდა პირველი მოპასუხისა და მისი ოჯახისა, სხვას არასდროს უცხოვრია. მოწმისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ პირველი მოპასუხე ფლობს რესტორანს თუმცა კომპანიაში წილების თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს. მოწმე იცნობს ა.კ–ძეს, სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და იცის, რომ პირველი მოპასუხის ძმაა;
მოწმე ტ.მ–ის ჩვენების თანახმად, იგი 2011 წლიდან არის შპს „A.M.D”-ის ბუღალტერი, ხოლო 2018 წლიდან მუშაობს ორგანიზაციის ბუღალტრად „აუთსორსზე“. მოწმე დილიდან ღამის 11 საათამდე იმყოფებოდა რესტორნის ტერიტორიაზე და სარესტორნო საქმიანობის შესახებ მისთვის ყველაფერი ცნობილია. იგი ყოველგვარ ფინანსურ ტრანზაქციას უთანხმებდა პირველ მოპასუხეს. დიჯიპასი იყო მთავარი ბუღალტრის ხელთ და ფინანსურ საკითხებს ახორციელებდა პირველ მოპასუხესთან შეთანხმებით. მასთან ერთად მიდიოდა ბანკში სესხის დასაფარად და ყველანაირ ფინანსურ აქტივობებს მას უთანხმებდა. ა.კ–ძე და პირველი მოპასუხე არიან მოწმის ნათესავები. მისთვის ცნობილია, რომ 2016 წლამდე ორგანიზაციის წილი გაფორმებული იყო ა.კ–ძეზე, რასაც ფიქტიური ხასიათი ჰქონდა. ვინაიდან რესტორანს სრულად მართავდა და ხელმძღვანელობდა პირველი მოპასუხე, ა.კ–ძეს არანაირი ფუნქციური როლი არ ჰქონდა სარესტორნო ბიზნესის წარმოებისას;
მოწმე თ.ა–ძის განმარტებით, იგი არის არქიტექტორი, რომელმაც მ.კ–ძის დაკვეთით მის საცხოვრებელ სახლზე მოამზადა პროექტი 2013 წელს, ხოლო 2014 წელს დაიწყო თბილისში, ......... ქუჩაზე მშენებლობა. მოწმე ადასტურებს, რომ დამკვეთი იყო პირველი მოპასუხე და სახლის პროექტის შედგენისთვის თანხის გადახდაც მისგან მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით. მოწმეს ა.კ–ძე შორიდან ჰყავს ერთხელ ნანახი, რომელიც პირველმა მოპასუხემ გააცნო როგორც თავისი ძმა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სწორედ თ.ა–ძეა მთავარ არქიტექტორად მითითებული თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.08.2013წ. ბრძანებაში, რომლითაც შეთანხმდა საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა სამშენებლო ნებართვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 71-73);
მოწმე ნ.დ–ვას ჩვენების მიხედვით, რომელიც არის რესტორან „უ–ის” არქიტექტორი, იგი იცნობდა რესტორნის წინა მეპატრონესაც. როდესაც პირველმა მოპასუხემ შეიძინა ეს რესტორანი, მან მოიწვია ნ.დ–ვა შემდგომი საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად. მას ორი ხელშეკრულება აქვს დადებული პირველ მოპასუხესთან და დღეის მდგომარეობითაც ეწევა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს რესტორნის ტერიტორიაზე. მოწმის მითითებით, ა.კ–ძე ნანახი ჰყავს სამჯერ, მასთან არ ჰქონია საქმიანი ურთიერთობა და რესტორნის ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოები შეასრულა მხოლოდ პირველი მოპასუხის დაკვეთით და მისგან მიიღო სამუშაოს ანაზღაურებაც (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 22.06.2023წ. გადაწყვეტილება);
მოწმე ვ.კ–ძის (მშენებელი) ჩვენებით, მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა პირველ მოპასუხესთან, რომელიც გაიცნო მეგობრისგან 2014 წელს. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყეს 2014 წლის მაისის თვეში, სამშენებლო მასალებით ამარაგებდა მის ბრიგადას (4 ხელოსანი) პირველი მოპასუხე და გასამრჯელოს მხოლოდ მისგან იღებდა. სხვისგან, მათ შორის, ა.კ–ძისგან, სამუშაოს ანაზღაურება არ მიუღია. მოწმე პერიოდულად მუშაობდა ......... ქუჩაზე ამ საცხოვრებელი სახლის აშენების პროცესის მიმდინარეობისას: 2015 წლის ბოლოს გადახურეს, შემოღობეს და ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც შეასრულეს. საცხოვრებელი სახლის შიდა ტიხრებთან დაკავშირებით გაითვალისწინეს პირველი მოპასუხის მეუღლის რჩევები. მოწმე მიუთითებს, რომ მშენებლობაზე ა.კ–ძე ნანახი ჰყავდა სულ ორჯერ;
მოწმე მ.კ–ძის ჩვენების თანახმად, რომელიც არის პირველი მოპასუხის და, თბილისში, ......... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინა პირველმა მოპასუხემ 2002 წელს, რაც მისგან გაიგო სოფელში სუფრაზე ყოფნისას მეზობელ რ.თ–სთან საუბრის დროს. პირველი მოპასუხე ეუბნებოდა მის მეზობელს, რომ თბილისშიც, ისევე როგორც სოფელში, მის მეზობლად იცხოვრებდა საცხოვრებელ სახლს რომ ააშენებდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ა.კ–ძის სახელზე იყო აღრიცხული. ამ სახლს აშენებდა საცხოვრებლად პირველი მოპასუხე, რომელიც მშენებლობის დასრულებიდან დღემდე ამ სახლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მოწმე ხშირად სტუმრობს მითითებულ საცხოვრებელ სახლს, სადაც მას მასპინძლობას უწევს პირველი მოპასუხე და მისი ოჯახი.
69. მოსარჩელის მხარეს დაიკითხნენ შემდეგი მოწმეები:
მოწმე ე.კ–ის განმარტებით, პირველი მოსარჩელე არის მისი ბიძაშვილი და მის მაზლს, პირველ მოპასუხესაც იცნობს. მოწმე დაზუსტებით ვერ იხსენებს პირველმა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ როდის შეიძინეს მიწის ნაკვეთი დიღომში (ცენტრალური გზის დაბლა). მეუღლეები ერთად აშენებდნენ სახლს და ხელმძღვანელობდნენ მშენებლობის პროცესს. იგი არასდროს ყოფილა არც მშენებლობაზე და არც დასრულებულ სახლში. მეუღლეებისგან იცოდა მოწმემ, რომ აღნიშნული სახლი საცხოვრებლად დაუთმო ა–მა მის ძმას, პირველ მოპასუხეს, ვინაიდან იგი ოჯახთან ერთად ავარიულ ბინაში (სავარაუდოდ თემქაზე) ცხოვრობდა. მოწმისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ა.კ–ძეს ჰქონდა სარესტორნო ბიზნესი. ამ რესტორანში მოწმე რამდენჯერმე არის ნამყოფი ბავშვების ნათლობასა და დაბადების დღეებზე და მან ზუსტად იცოდა, რომ რესტორანი ეკუთვნოდა ა–ს;
მოწმე ხ.ბ–ძეც დაახლოებით იმავე გარემოებებზე მიუთითებს, კერძოდ, იგი პირველ მოსარჩელეს იცნობს წლებია. მოწმე, როგორც სამზარეულოს საქმიანობაში გარკვეული, მენიუსთან დაკავშირებულ საკითხებს გადიოდა ა.კ–ძესთან ერთად სარესტორნო ბიზნესის დაწყებისას, 2011 წელს. მოწმისთვის მეუღლეებისგან არის ცნობილი, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინეს და ერთად აშენებდნენ საცხოვრებელ სახლს, თუმცა ა–თან შეთანხმებით, ამ სახლში საცხოვრებლად გადავიდა მისი ძმა პირველი მოპასუხე. თავად მოწმე ამ საცხოვრებელ სახლში ნამყოფი არასდროს ყოფილა;
მოწმე მ.რ–ი, რომელიც წლებია იცნობს პირველ მოსარჩელესა და მის მეუღლეს, განმარტავს, რომ თავადაც ბიზნეს საქმიანობას ეწევა, აქვს ბაკურიანში სასტუმრო და ოჯახებით ახლობლობდნენ. დაახლოებით 10-15 წელია მეგობრობენ, თუმცა მოწმე ა.კ–ძის საცხოვრებელ სახლში ნამყოფი არ არის, მათ შორის, არც სადავო საცხოვრებელ სახლში. მოწმე მიუთითებს, რომ მას ვალად გამოართვა ა.კ–ძემ თანხა მუშებისათვის გადასაცემად, რაც ამ უკანასკნელმა ......... ქუჩაზე მდებარე სახლის მშენებლობისას ჭიშკართან გადასცა მუშებს. თუმცა, მოწმე ეზოს შიგნით არ შესულა, არ უნახავს მშენებლობის პროცესი და მეტი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. მოწმე იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ მეუღლეებს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ბიზნეს საქმიანობაში ა.კ–ძის წილებთან და პარტნიორების მხრიდან მოტყუების ფაქტთან დაკავშირებით.
70. ზემოთ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები ზუსტად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მიუთითებენ, ერთი მხრივ, შპს „A.M.D”-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რესტორნის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და რესტორნის ხელმძღვანელობის/მართვის თაობაზე დეტალებს, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო საცხოვრებელი სახლის პროექტის შედგენის, სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების განხორციელებისა და აღნიშნულისათვის საჭირო ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაცია. მოწმეებმა (მშენებელი, ხელოსნები, არქიტექტორები, კომპანიის ბუღალტერი და სხვა) ისაუბრეს კონკრეტულ დეტალებზე, რომელთა უშუალო თვითმხილველები და მონაწილეებიც გახდნენ.
71. აღნიშნულისაგან განსხვავებით, მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ არის ზუსტი/კონკრეტული, თანმიმდევრული და ძირითადად ეყრდნობა თავად მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მათი ჩვენებები მართებულად არ გაიზიარა.
72. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამ მტკიცებულების თავისებურება იმაშია, რომ ჩვენებას, უმეტესად, მოვლენის თვითმხილველი, უშუალო მონაწილე აყალიბებს. უკიდურეს შემთხვევაში, დასაშვებია, ირიბი მტკიცებულება - თვითმხილველისაგან მონაყოლი. თუმცა, ირიბი ჩვენებები უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება მეტ სიზუსტეს გაგონილის შესახებ და იძლეოდეს პირველწყაროს იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, მოწმის ჩვენება უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს თან. იმავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. თუმცა, შედავების შემთხვევაში, თუკი მოწმის ჩვენება არ იქნება გამყარებული სხვა მტკიცებულებით, ის არ შეიძლება გახდეს სადავო გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მოწმის ჩვენების, ისევე როგორც მტკიცების სხვა საშუალებათა გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მათი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ თითოეული მათგანის იურიდიული ძალის (დამაჯერებლობა და სარწმუნოობა) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; Nას-1092-2020, 22 იანვარი, 2021 წელი).
73. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ სადავო გარიგებების, კერძოდ, კი ა.კ–ძის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები საპირისპიროს მიუთითებენ, მხოლოდ ის გარემოება, რომ პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის კომპანიის წილი და უძრავი ქონება უსასყიდლოდ იქნა საკუთრებაში გადაცემული, ვერ ქმნის სადავო გარიგებებით გამოხატული ნების მიმართ ეჭვის შეტანის საფუძველს. საკასაციო სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ა.კ–ძეს 29.06.2016წ. გარიგებების დადებიდან გარდაცვალებამდე - 2019 წლის 09 იანვრამდე, თითქმის სამი წლის განმავლობაში, მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია.
74. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ შეუდავებელ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა.კ–ძის მიერ შპს-ს წილისა და სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთათვის უსასყიდლოდ გადაცემის დროისათვის (29.06.2016წ.) ამ უკანასკნელის საკუთრებაში ირიცხებოდა სხვა არაერთი ქონება, მათ შორის, მეხუთე მოსარჩელე კომპანია, რომელიც საკუთრებაში ფლობდა არაერთ მძიმე ტექნიკას. აღნიშნული კი, საფუძველს აცლის მოსარჩელის არგუმენტს, რომ სადავო კომპანიის წილი და უძრავი ქონება მოპასუხეებზე ქონების გადამალვის საფუძვლით განხორციელდა.
75. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეში არ დაადგინა სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, მიიჩნია, რომ შპს „A.M.D”-ის 100% წილი წარმოადგენდა მეუღლეების - ა.კ–ძისა და პირველი მოსარჩელის თანასაკუთრებას, რის გამოც ეს უკანასკნელი ცნო შპს „A.M.D”-ის 50% წილის მესაკუთრედ.
76. პირველი მოპასუხე/მეხუთე კასატორი აღნიშნულს არ ეთანხმება და დავობს, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს, როდესაც იმსჯელა სადავო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის წინაპირობებზე, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელი ამ საფუძვლით არ ჰქონია აღძრული. მოსარჩელე აღნიშნულ ქონებაზე დადებულ გარიგებებს სადავოდ ხდიდა, როგორც მოჩვენებით, მოტყუებითა და გავლენის ბოროტად გამოყენებით დადებულ გარიგებებს.
77. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, შეცვალოს სარჩელის საგანი და საფუძველი, გაადიდოს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა. ამდენად, სასამართლოს როლი სამოქალაქო სამართალწარმოებაში განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებით მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
78. მხარე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მოთხოვნა, ასევე, მიუთითოს მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტები და აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში. აუცილებელი არ არის მან მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მიუთითოს. მოქმედებს პრინციპი - Jura novit curia, რომლის მიხედვითაც, მხარე ვალდებულია „სასამართლოს ფაქტები მისცეს“, რადგან იგულისხმება, რომ „სასამართლომ სამართალი იცის“ (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 99).
79. შესაბამისად, მხარე ვალდებული არ არის სარჩელში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მიუთითოს, მით უფრო, მას არ ევალება, მოთხოვნის სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, მოთხოვნის საფუძველი თავად აირჩიოს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენციის დროს უპირატესად გამოსაყენებელი სამართლის ნორმის შერჩევა მოსამართლის კომპეტენციაა (იხ. ს. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, თბილისი, 2011, გვ. 21), შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის მისადაგება განსახილველი სადავო ურთიერთობისადმი სასამართლოს პრეროგატივაა (იხ. სუსგ საქმე Nას-317-300-2017, 02 ივნისი, 2017 წელი).
80. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187). ამდენად, შესაძლებელია, მხარემ სახელდებით სარჩელში სამართლის ნორმა არ მიუთითოს, თუმცა მითითებული ფაქტები სამართლის ამა თუ იმ ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს.
81. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-533-509-2016, 26 ოქტომბერი, 2018 წელი). სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით უნდა გაარკვიოს თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
82. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე წარდგენილი სარჩელით ითხოვს შპს „A.M.D”-ის დამფუძნებლის 29.06.2016წ. გადაწყვეტილებისა და სადავო უძრავი ქონების 29.06.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სარჩელში აღნიშნული მოთხოვნების საფუძვლად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, მითითებულია შემდეგი: პირველი მოსარჩელე 2007 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა.კ–ძესთან; ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი; 2012 წლის 02 ივლისიდან მათ ოფიციალურად იქორწინეს; ა.კ–ძეს საკუთრებაში ჰქონდა შპს „A.M.D”-ის 100% წილი; აღნიშნულ კომპანიას საკუთრებაში აქვს 1 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 1 356 კვ.მ შენობა-ნაგებობებით - რესტორანი „უ–ი“ აღჭურვილი სრული ინვენტარით; დაქორწინებიდან პირველი მოსარჩელე მეუღლესთან ერთად მართავდა ამ კომპანიას; მან პირადად გაიღო ფინანსური წვლილი და ეხმარებოდა კომპანიის მუშაობაში; მისი ზედამხედველობით ჩაატარეს გარკვეული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები კომპანიის რესტორნის ტერიტორიაზე; ერთობლივად ააშენეს გარკვეული შენობები, გააუმჯობესეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია; პირველი მოსარჩელის მეუღლის სახელზე ასევე საკუთრების უფლებით იყო აღრიცხული 577 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული სახლი, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ქ. N25, რომელიც პირველმა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ ქორწინების პერიოდში ერთობლივი სახსრებით ააშენეს (2014-2016 წლები) და სადაც უნდა ეცხოვრათ შვილებთან ერთად; სარჩელში ასევე აღნიშნულია შემდეგი: პირველ მოსარჩელეს და მის მეუღლეს შორის მომხდარი კონფლიქტი გამოიყენა პირველმა მოპასუხემ და დააჯერა პირველი მოსარჩელის მეუღლე, რომ პირველი მოსარჩელე აპირებდა სასამართლოში დავის დაწყებას ქონების ნახევრის მოთხოვნით და სადავო ქონება მოტყუებით გადააფორმებინა მისი და მისი შვილის სახელზე; პირველი მოპასუხე პირველი მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მუდმივად ემუქრებოდა მას, რომ არ დაეწყო დავა სასამართლოში მისი და მისი გარდაცვლილი მეუღლის ერთობლივად შექმნილი ქონების მოთხოვნით.
83. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში ასახული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს მითითებას სწორედ სადავო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების არსებობაზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა მეხუთე კასატორის/პირველი მოპასუხის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე არ არის ვალდებული სარჩელში მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა სადავო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობების არსებობაზე და, მათ შორის, მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაჯეროვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა სადავო კომპანიის წილზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების არსებობის ფაქტი.
84. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „A.M.D” წარმოადგენს პირველი მოსარჩელისა და მისი მეუღლის - ა.კ–ძის თანასაკუთრებას, ვინაიდან შპს-ს საკუთრებაში არსებული ქონების შეძენა და გაუმჯობესება, ბიზნესის გაფართოება სწორედ მათი რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში განხორციელდა. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
85. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ადგილი არ ჰქონია მეუღლეთა მიერ სადავო ქონების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტს, ხოლო, მეორე მხრივ, არ დგინდება, ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულების იმდენად გაზრდის ფაქტი, რის შედეგადაც, სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შედეგად, იგი მეუღლეთა თანასაკუთრებად გარდაიქმნა.
86. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. იმავე კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით კი, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
87. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე საერთო საკუთრების რეჟიმის გავრცელებისათვის განმსაზღვრელია მეუღლეთა ქორწინება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებას უკავშირებს და პირთა მარტოოდენ თანაცხოვრება ამავე შედეგის გამოსაწვევად საკმარისი არ არის. თუ ქონება რეგისტრირებულ ქორწინებამდეა შეძენილი ან/და იგი მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით, თუნდაც ქორწინების განმავლობაში, მასზე მეუღლეთა საერთო საკუთრება არ წარმოიშობა.
88. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმე Nას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; Nას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; Nას-1760-2018, 14 თებერვალი, 2022 წელი). ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების სამართლებრივ სტატუსს და მათ შორის ქონების განაწილებას ეხებოდა, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში ამ ნორმის სხვაგვარი განმარტება მის ნორმატიულ შინაარსს ეწინააღმდეგება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი). სხვა საქმეში, სადაც მოსარჩელე ნიშნობის შედეგად გადაცემული საჩუქრების უკან დაბრუნებას ითხოვდა, ხოლო მოპასუხე მხარეთა შორის ფაქტობრივი ქორწინების შედეგად მათზე თანასაკუთრების წარმოშობაზე მიუთითებდა, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის „დე ფაქტო“ ოჯახური ცხოვრების დადგენას სხვა - მაგალითად, მამობის დადგენის, ან მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის საქმეებზე - შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სამართლებრივი დატვირთვა (იხ. სუსგ საქმე Nას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; ასევე, იხ. დ. ბერეკაშვილი, „სავალდებულო წილი მემკვიდრეობით სამართალში“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2020, გვ. 94).
89. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის მიზნებისათვის შესაძლოა მნიშვნელობა მიენიჭოს მეუღლეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების, არარეგისტრირებული ქორწინების ფაქტს, მიუხედავად იმისა, დასტურდება თუ არა ამ დროის განმავლობაში მეუღლეთა საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის მიზანი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას და ამ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ არაერთხელ გასცა უარყოფითი პასუხი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის შესაძლებლობას.
90. წინამდებარე საქმეში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოებები, რომ შპს „A.M.D” ა.კ–ძის სახელზე რეგისტრირებულია 2011 წლის 13 აპრილს, ხოლო პირველი მოსარჩელე ა.კ–ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2012 წლის 02 ივლისიდან. ამდენად, კომპანიის ა.კ–ძის სახელზე რეგისტრაციის დროისათვის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მასზე მეუღლეთა თანასაკუთრება არ წარმოშობილა.
91. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არც ის ფაქტობრივი გარემოება დასტურდება, რომ მეუღლეებმა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში სადავო კომპანიის, კერძოდ, კი კომპანიის კუთვნილი რესტორნის განვითარებაზე იმგვარი ხარჯები გასწიეს, რამაც აღნიშნული ქონების/ბიზნესის ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდა და, შედეგად, სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შესაბამისად, ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გარდაქმნა გამოიწვია.
92. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება გარდაიქმნება თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ ღონისძიებების მაგალითად, რომელთა შედეგადაც იზრდება ღირებულება, კანონმდებელი ასახელებს: გადაგეგმარებას, მშენებლობის დასრულებასა და გადაკეთებას. ამ სამაგალითო ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით: კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვანი დანადგარებით აღჭურვა და ა. შ. აუცილებელია, რომ ყველა ეს ღონისძიება „მნიშვნელოვნად“ ზრდიდეს ქონების ღირებულებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2021 წელი, გვ. 104, 1163-ე მუხლის კომენტარი). თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობს საპატიო მიზეზის გამო და მას არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, ეს არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრებად გარდაქმნის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოდგეს. მაგრამ, თუ სახეზეა ქონების მიმდინარე რემონტი ან ხარჯების ისეთი რაოდენობით გაწევა, რომელიც მის ღირებულებას მნიშვნელოვნად არ ზრდის, მაშინ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი რეჟიმი არ შეიცვლება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2000, 1163-ე მუხლის კომენტარი, გვ. 114-115). ქონების მხოლოდ მიმდინარე რემონტი არ შეიძლება ქონების საერთო საკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. ქონების რემონტი ან თანხის დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება (იხ. სუსგ საქმე Nას-392-2021, 29 სექტემბერი, 2021 წელი).
93. ამდენად, რეგისტრირებული ქორწინების დროს მეუღლის მიერ გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში კანონმდებელი ითვალისწინებს მეუღლის ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევის შესაძლებლობას, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კანონმდებელმა მეუღლის მიერ გაღებული რემონტის ხარჯი უსასყიდლოდ არ მიიჩნია და მას ქონებრივი ეკვივალენტი მოუძებნა, რაც ინდივიდუალური ქონების თანასაკუთრებად გარდაქმნაში გამოიხატა.
94. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „A.M.D”-ის 100% წილი ა.კ–ძის სახელზე რეგისტრირებულია 2011 წლის 13 აპრილს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს-ს 100% წილის ა.კ–ძის სახელზე რეგისტრაციის პერიოდში გარემონტდა და გაუმჯობესდა შპს-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობები, ხოლო იქ წარმოებული ბიზნესი - რესტორანი „უ–ი“ გაფართოვდა. შესაბამისად, წარმოიშობა პრეზუმფცია, რომ ეს ღონისძიებები (სარემონტო სამუშაოები, ბიზნესის გაფართოება) სწორედ შპს-ს რეგისტრირებული ერთპიროვნული პარტნიორის ძალისხმევით განხორციელდა, რომელიც იმავდროულად შპს-ს დირექტორს წარმოადგენდა. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლება კი მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა, რასაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მან თავი წარმატებით გაართვა.
95. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება წინამდებარე გადაწყვეტილების 63-ე, 64-ე პუნქტებში აღნიშნულ გარემოებებსა და მოწმეების - ტ.მ–ის, .........ის, ა.ჩ–ძის, ნ.დ–ვას და მ.კ–ძის ჩვენებებს, რომელთა შესწავლისა და შეფასების შედეგად ირკვევა, რომ შპს „A.M.D”-ის კუთვნილი რესტორნის გაუმჯობესება და გაფართოება მ.კ–ძის მიერ განხორციელდა და აღნიშნულისათვის მნიშვნელოვანი ხარჯი არა ა.კ–ძისა და მისი მეუღლის, არამედ სწორედ პირველი მოპასუხის მიერ იქნა გაწეული. მოსარჩელე მხარეს აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო, სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
96. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა - ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად სადავო ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდება, რაც გამორიცხვას შპს „A.M.D“-ის წილზე ა.კ–ძის ინდივიდუალური საკუთრების მისი და მისი მეუღლის - პირველი მოსარჩელის თანასაკუთრებად გარდაქმნას.
97. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი მოსარჩელე, როგორც ა.კ–ძის მეუღლე, არამართებულად მიიჩნია შპს „A.M.D“-ის წილის თანამესაკუთრე და, შედეგად, ასევე არამართებულად ცნო მისი 50% წილის მესაკუთრედ, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
98. რაც შეეხება სადავო უძრავ ქონებას, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნულ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება არ წარმოშობილა.
99. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ აღნიშნული უძრავი ქონება ა.კ–ძის საკუთრებაში დარეგისტრირდა მასსა და პირველ მოსარჩელეს შორის ქორწინების რეგისტრაციამდე, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული ქონება წარმოადგენდა ა.კ–ძის ინდივიდუალურ საკუთრებას. რაც შეეხება ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გარდაქმნას (სსკ-ის 1163-ე მუხლი), საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაუმჯობესება და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენება ა.კ–ძის ან/და მისი მეუღლის უშუალო მონაწილეობითა და სახსრებით განხორციელდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის განვითარება და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენება პირველი მოპასუხის სახსრებითა და თაოსნობით განხორციელდა.
100. წინამდებარე საქმეში დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის, სახლის არქიტექტორი, მშენებელი, ხელოსნები, რომელთა თანმიმდევრული და თანხვედრი ჩვენებებით დასტურდება ის გარემოებები, რომ პირველი მოპასუხე უძღვებოდა სახლის სამშენებლო საქმიანობას და მშენებლობის დასრულების შემდგომ ოჯახთან ერთად გადავიდა ამ საცხოვრებელ სახლში. კერძოდ, მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საცხოვრებელი სახლის პროექტის შედგენა, სარემონტო სამუშაოების განხორციელება სწორედ პირველი მოპასუხის დაკვეთით ხდებოდა და მხოლოდ ეს უკანასკნელი ახორციელებდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას (იხ. მოწმეების - ა.ჩ–ძის, .........ის, მ.პ–ძის, თ.ა–ძის, ვ.კ–ძისა და მ.კ–ძის ჩვენებები, წინამდ. განჩინების 68-ე პუნქტი). ხოლო, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები არ არიან ინფორმირებულები სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, არ იციან დეტალები და, უფრო მეტიც, არცერთი მათგანი არ არის ნამყოფი სადავო საცხოვრებელ სახლში (იხ. მოწმეების - ე.კ–ის, ხ.ბ–ძისა და მ.რ–ის ჩვენებები, წინამდებ. განჩინების 69-ე პუნქტი).
101. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ, მართალია, სადავო საცხოვრებელი სახლის პროექტი შეთანხმდა ა.კ–ძის მიმართ და სწორედ მასზე გაიცა მშენებლობის ნებართვაც, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სხვა არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მშენებლობის პირველი მოპასუხის მიერ განხორციელების ფაქტი, მხოლოდ ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვა ა.კ–ძის სახელზე გაიცა, ვერ იქნება იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ საცხოვრებელი სახლიც მის მიერ აშენდა.
102. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამატებით აღნიშნოს, რომ, თუნდაც, მოცემულ შემთხვევაში დადგენილიყო შპს „A.M.D“-ის წილზე ა.კ–ძისა და მისი მეუღლის - პირველი მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება, არ არსებობდა პირველი მოსარჩელის, როგორც თანამესაკუთრის, შპს-ის 50%-ზე მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი წინაპირობა. კერძოდ, ერთი მხრივ, მოცემულ დავაში არ დადგინდა წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ შპს „A.M.D”-ის დამფუძნებლის 29.06.2016წ. გადაწყვეტილებისა და ჩუქების 29.06.2016წ. ხელშეკრულების მოტყუებით, გავლენის ბოროტად გამოყენებითა და მოჩვენებით დადების ფაქტი, შესაბამისად, ამ საფუძვლებით მათი ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა. ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მიზნებისათვის, სადავო გარიგებების დადებისას პირველმა მოპასუხემ იცოდა თუ არა ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების არსებობის თაობაზე, არსებობდა თუ არა პირველი მოსარჩელის, როგორც თანამესაკუთრის თანხმობა ქონების გასხვისების თაობაზე და ამ თანხმობის არსებობის/არარსებობის თაობაზე ცნობილი იყო თუ არა პირველი მოპასუხისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ საფუძვლებით სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობების არსებობაზე.
103. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის შესაბამისად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას; მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას; მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
104. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მხოლოდ მეუღლეთა შეთანხმებითაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამდენად, მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვა თანხმობასავალდებულო გარიგებაა, რადგან მეორე მეუღლის თანხმობა გარიგების ნამდვილობის წინაპირობაა. ამასთან, ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის უფლება აბსოლუტური არ არის და ქონებაზე მესაკუთრედ დარეგისტრირებული პირის მიერ მეუღლეთა თანასაკუთრების (მათ შორის მეორე მეუღლის წილის) გასხვისებისას, მეორე მეუღლის საკუთრებითი უფლებამოსილების რეალიზაცია განსაზღვრულ გარემოებაზე, კერძოდ, შემძენის არაკეთილსინდისიერების ფაქტის დადგენაზეა დამოკიდებული. სსკ-ის 1160-ე მუხლის მეორე ნაწილისა და იმავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დანაწესთა (თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში; ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც) გაანალიზებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვის დროს სადავო ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის შედავება ქონების გასხვისების გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაპირობებს, თუ დადგინდება, რომ შემძენმა არა მხოლოდ იცოდა ნასყიდობის საგანზე სხვა მესაკუთრის არსებობის თაობაზე, არამედ, ამავდროულად, ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლე ქონების გასხვისების წინააღმდეგი იყო (იხ. სუსგ საქმე Nას-571-879-09, 30 აპრილი, 2010 წელი; Nას-1432-2019, 22 იანვარი, 2020 წელი). სხვა შემთხვევაში პრეზუმირებულია, რომ რეგისტრირებული მესაკუთრე მოქმედებს მეუღლესთან ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შემძენი შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
105. მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
106. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
107. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისებაა ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში გამოიხატება (იხ. სუსგ საქმე Nას-543-518-2016, 23 დეკემბერი, 2016 წელი). ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება (სსკ-ის 413.2. მუხლი). განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად, დაზარალებულმა ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1156-1176-2011, 20 იანვარი, 2012 წელი).
108. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. სამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, პროფესია), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა. შესაბამისად, მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი; Nას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).
109. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ მიუთითეს იმგვარ გარემოებებზე და ვერ წარადგინეს ისეთი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ პირველი მოპასუხის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედების შედეგად მოსარჩელეთა ჯანმრთელობას იმგვარი ზიანი მიადგა, რასაც შედეგად მათი სულიერი ტანჯვა და ძლიერი ემოციური სტრესი მოჰყვა. მოსარჩელე კასატორების მითითება 2019 წლის 09 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, ასევე, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობს მწვავე კონფლიქტი ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით, ასეთი პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას არ იძლევა და, შესაბამისად, არ წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს.
110. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ საქმეში მიზანშეწონილად მიიჩნია თავდაპირველად ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნების მართლზომიერებასა და დასაბუთებულობაზე, ხოლო, ვინაიდან დადგინდა, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობას.
111. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრებულია მესამე მოპასუხისათვის მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში. მესამე მოპასუხის/მეექვსე კასატორის საკასაციო პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მას იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა სრულად აქვს დაფარული, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით, არის დაუსაბუთებელი.
112. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
113. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი). საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება.
114. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს მიუღებელი შემოსავლის არსებობა, უპირველეს ყოვლისა, სახეზე უნდა იყოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ დასტურდება მესამე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის, კერძოდ კი, მეხუთე მოსარჩელის მიმართ საიჯარო ქირის გადაუხდელობის ფაქტი.
115. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მეხუთე მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ეს უკანასკნელი სარგებლობდა მეხუთე მოსარჩელე კომპანიის (რომლის ამჟამინდელ მესაკუთრეებს წარმოადგენენ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები, ხოლო კომპანიის დირექტორია პირველი მოსარჩელე) კუთვნილი ტექნიკით, მათ შორის, საწევარა ავტომობილით, სახ. ნორმით: ...... მეხუთე მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე კომპანიას სრულად არ აუნაზღაურებია 2019 წლის 09 იანვრიდან იმავე წლის 08 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აღნიშნული საწევარა ავტომობილის საიჯარო ქირა; მოპასუხემ ტექნიკით სარგებლობისა და იჯარის ქირა შეამცირა ორჯერ 2017-2018 წლებთან შედარებით. მეხუთე მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დადასტურების მიზნით, სარჩელს დაურთო ZET&COMPANY-ს მიერ 30.10.2020წ. შედგენილი საექსპერტო დასკვნა მეხუთე მოსარჩელის საწევარა ავტომობილის მიერ განვლილი მანძილის შემოსავლებთან შედარების შესახებ, რომლის თანახმად, 2019 წლის 10 იანვრიდან ამავე წლის 08 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მეხუთე მოსარჩელის კუთვნილი საწევარა ავტომობილის მიერ განვლილი კილომეტრაჟია 2 773,27 კმ და ამ ტიპის საქმიანობის შესაბამისად (კომპანიას აქვს სხვა სახის შემოსავლებიც. კერძოდ, ექსკავატორების იჯარიდან შემოსავლები) ნაღიარები შემოსავალია (დღგ-ის გარეშე) 4 262,71 ლარი. გამოდის, რომ 1 კილომეტრს მანძილზე საშუალოდ ნაზღაურდებოდა 1,54 ლარი (4 262,71 ლარი/2 773,27 კმ), მაშინ, როცა 2018 წელს იგივე სახის მომსახურების საშუალო წლიური ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს 4 ლარს (33 686,43 ლარი/8 402,20 კმ). აღნიშნული დასკვნის თანახმად, სამუშაო პროცესში ექსპერტი დაეყრდნო კომპანიის დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და გააკეთა შედარება 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 84-92).
116. ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ, მესამე მოპასუხემ საქმეში წარადგინა შპს „ე–ის“ დასკვნა, რომლის თანახმად, მეხუთე მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის საწევარა ავტომობილით: MAN 33.464, სახელმწიფო ნორმით: ……, 2019 წელს გაწეული მომსახურების ერთეულის ღირებულების შემცირება 2018 წლის მონაცემებთან შედარებით გამოწვეულია მომსახურების ტიპის ცვლილებებით და არა ანალოგიური მომსახურების ფასის შემცირებით. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით, მეხუთე მოსარჩელე მესამე მოპასუხეს უწევდა ორი სხვადასხვა ტიპის მომსახურებას: ტექნიკის გადაზიდვის მომსახურებას და გადამზიდი ტექნიკის იჯარის მომსახურებას. საიჯარო მომსახურების გაწევისას ანაზღაურდება მხოლოდ უშუალოდ გადამზიდი ტექნიკის ქირის ღირებულება, რომელიც, ტექნიკის გადაზიდვის მომსახურებისაგან განსხვავებით, არ მოიცავს მძღოლ-ოპერატორის ანაზღაურებას, საწვავის ღირებულებასა და სხვა საექსპლუატაციო ხარჯებს. დასკვნის თანახმად, 2019 წელს მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საიჯარო ქირას, მაშინ როდესაც 2018 წლის შემოსავალი მიღებულია გადაზიდვის მომსახურებიდან (იხ. ტ. 2, ს.ფ. 203-206). დასკვნაში მითითებული გარემოება ხელშეკრულების ტიპებთან დაკავშირებით ასევე დასტურდება საქმეში წარდგენილი 08.01.2019წ. იჯარისა და 15.12.2016წ. გადაზიდვის ხელშეკრულებებით, რომლებიც დადებულია მეხუთე მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის (იხ. ტ. 2, ს.ფ. 211-214, 227-228).
117. მხარეთა მიერ წარდგენილი დასკვნების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ZET&COMPANY-ს მიერ 30.10.2020წ. შედგენილი დასკვნა არის არასრული და დაუსაბუთებელი, ვინაიდან დასკვნაში შედარებულია მეხუთე მოსარჩელის 2019 წლისა და 2017-2018 წლების შემოსავლები ისე, რომ მისი შედგენისას არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 09 იანვრამდე არსებობდა ტექნიკის გადაზიდვის მომსახურება, ხოლო 2019 წლის 09 იანვრის შემდგომ მხოლოდ ტექნიკის საიჯარო ხელშეკრულება. შესაბამისად, არ არის შეფასებული 2019 წელს მესამე მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობის ცვლილება 2018 წელთან შედარებით რამდენად შეიძლება ყოფილიყო განპირობებული მომსახურების ტიპის ცვლილებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, შპს „ე–ის“ დასკვნით, სათანადოდ იქნა დადასტურებული. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ZET&COMPANY-ს 30.10.2020წ. დასკვნა არამართებულად გაიზიარა და ასევე არამართებულად დააფუძნა მას მესამე მოპასუხის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
118. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართლის უზოგადესი პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა) (იხ. სუსგ საქმე Nას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი). აღნიშნული პრინციპი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
119. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტების ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, ანიჭებს ხელშეკრულების ორივე მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებსა და აკისრებს გარკვეულ მოვალეობებს. ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებას გააჩნია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ პროცესუალური მნიშვნელობა, რამდენადაც თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სწორედ მისი წილი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე (მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით), ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სადავოობისას მასვე ეკისრება ამ ვალდებულების არსებობის გამომრიცხველი ან მისი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა (საპროცესო-სამართლებრივი კუთხით) (იხ. სუსგ საქმე Nას-1328-1266-2014, 10 ივნისი, 2015 წელი).
120. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მეხუთე მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ეს უკანასკნელი სარგებლობდა მეხუთე მოსარჩელის კუთვნილი ტექნიკით, მათ შორის, საწევარა ავტომობილით (მარკა: MAN, ნომერი: .....). კერძოდ, საქმეში წარდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მათ შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 08.01.2019 წელს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ქონებით სარგებლობის ქირა განისაზღვრებოდა მხარეთა სიტყვიერი ან წერილობითი შეთანხმებით და ასახული იქნებოდა მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში ან/და ანგარიშფაქტურაში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 211-214). მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება დაიდო და მისი არსებითი პირობები, მათ შორის, იჯარის საფასურის ოდენობა, განისაზღვრა მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად; საქმეში წარდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მეხუთე მოსარჩელეს სადავო პერიოდში (2019 წლის 09 იანვრიდან 08 აგვისტოს ჩათვლით) მესამე მოპასუხისაგან მიღებული და დადასტურებული აქვს მომსახურების თანხა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 216, 218-219, 222-223, 225). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მეხუთე მოსარჩელეს არ წარუდგენია და არც საწინააღმდეგო გარემოებაზე მიუთითებია.
121. ამდენად, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას წარმოადგენდა, ხოლო მეხუთე მოსარჩელეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რამაც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, განაპირობა დაბალ საიჯარო ქირაზე დათანხმება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეხუთე მოსარჩელის მოთხოვნა მესამე მოპასუხის მიმართ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი ქირის დაკისრების თაობაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
122. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობდა მეხუთე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მესამე მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 29 423,72 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
123. მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ადვოკატის დაჯარიმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 25.09.2025წ. განკარგულების გაუქმებას.
124. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; იმავე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების მიხედვით, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა; სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.
125. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.09.2025წ. განკარგულებით მოსარჩელის წარმომადგენელი ა.კ–ი სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის დაჯარიმდა 50 ლარით (იხ. 25.09.2025წ. სხდომის ოქმი 14:50:43). კასატორს/მოსარჩელე მხარეს აღნიშნული განკარგულების საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. მისი შედავება, რომ განკარგულებაში არ არის მითითებული ადვოკატის მიერ განხორციელებული კონკრეტული დარღვევის შესახებ, არის დაუსაბუთებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულებაში მითითებულია 25.09.2025წ. სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერზე, რომელსაც მხარეს შეუძლია გაეცნოს. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების საფუძვლები.
126. მოსარჩელე/კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს 19.12.2024წ. საოქმო განჩინებებს მტკიცებულებების დართვაზე და მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე მხარეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი, როგორც მოწმის დაკითხვაზე, ისე მტკიცებულებების საქმეზე დაშვებაზე.
127. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იგივე წესი მოქმედებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების დაშვება მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (სსსკ-ის 380-ე მუხლი). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
128. ამდენად, მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.
129. საქმეზე მტკიცებულებების დართვის ზემოაღნიშნული წესი დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპთან (სსსკ-ის მე-4 მუხლი) და გულისხმობს იმას, რომ სასამართლო საქმის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაერთვება საქმეს. სხვა მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღება, თუნდაც მას საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.
130. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.12.2024წ. საოქმო განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელისათვის საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნობილი იყო აღნიშნული მოწმის შესახებ და მას შეეძლო მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაყენება საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ ამ უფლებით არ ისარგებლა, სსსკ-ის 380-ე მუხლის მიხედვით, იგი შეზღუდული იყო სააპელაციო სასამართლოში იგივე შუამდგომლობა დააყენებინა. აპელანტს იმავე დასაბუთებით ეთქვა უარი დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, გარკვეულწილად, არ იყო კავშირში მოცემულ დავასთან.
131. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობებს და მიიჩნევს, რომ აპელანტს მართებულად ეთქვა უარი, როგორც მტკიცებულებების საქმეზე დართვის, ისე მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, ხოლო კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული და სამართლებრივად ვარგისი შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული საოქმო განჩინებები სწორია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძვლები.
132. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას; იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
133. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი და მესამე მოპასუხეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მეხუთე მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
134. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2025 წლის 11 ნოემბერს მოცემულ საქმეზე მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, განსაზღვრა საპროცესო ხარჯის მხარეთა შორის განაწილებისა და წინამდებარე საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებაც, კერძოდ, მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები, ხოლო დანარჩენ ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
135. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
136. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე შპს „A.M.D“-ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, დავით .......... გამზირი N86, საკადასტრო კოდი: ........., ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1904 მ2) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დანარჩენ ნაწილში გაუქმებულია სააპელაციო სასამართლოს 11.11.2025წ. დამატებითი გადაწყვეტილებით (დამატ. გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი) და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
137. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
138. წინამდებარე საქმეში, არასრულწლოვანი მოსარჩელეები - მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდნენ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; ამასთან, ვინაიდან საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა სარჩელს სრულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, პირველი მოსარჩელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად; ხოლო, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 250 ლარის გადახდა პირველ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
139. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. შედეგად, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეთა სარჩელს სრულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე. აქედან გამომდინარე, პირველ მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4 632,2 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; ხოლო, მეხუთე მოსარჩელეს მესამე მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 471,20 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
140. პირველ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს წინამდებარე საქმეზე ზედმეტად აქვთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, პირველ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ ზედმეტად გადახდილი 4 500 ლარი, ხოლო პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6 000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1 367,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ.წ–ძის, ნ.კ–ძის, ნ.კ–ძისა და ა.კ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ.კ–ძისა და შპს „რ–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება მ.წ–ძის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შპს „L.N.“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მ.წ–ძის, ნ.კ–ძის, ნ.კ–ძის, ა.კ–ძისა და შპს „L.N.“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები, ხოლო დანარჩენ ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განკარგულება, ასევე, იმავე სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებები დარჩეს უცვლელი;
8. შპს „L.N.“-ს შპს „რ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1471,20 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. მ.წ–ძეს მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 4632,2 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
10. მ.წ–ძეს (პ.ნ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 250 ლარის გადახდა;
11. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე შპს „A.M.D“-ს (ს.კ. .......) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, დავით .......... გამზირი N86, საკადასტრო კოდი: ........., ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1904 მ2) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
12. მ.კ–ძეს (პ.ნ. ........) დაუბრუნდეს თ.გ–ის (პ.ნ. ..........) მიერ 2025 წლის 10 დეკემბერს №4405 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6 000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1367,8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
13. მ.წ–ძეს (პ.ნ. ..........) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 14 აპრილს №45935552636 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4 500 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
14. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია