1. მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სამართლიანი და თანაბარი პირობები.
2. ერთი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას მხედველობაში უნდა მიიღოს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები ისე, რომ არ მიაყენოს ზიანი ამ უკანასკნელი ავიასაწარმოს მიერ განხორციელებულ გადაყვანა–გადაზიდვებს იგივე მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.
3. შეთანხმებული ხაზები, რომლებზედაც ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები ახორციელებენ მომსახურებას, უნდა შეესაბამებოდნენ მარშრუტზე გადაზიდვების საზოგადოებრივ მოთხოვნებს და ყველა ავიასაწარმოს უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდნენ ისეთი ტევადობის უზრუნველყოფა, რომელიც დატვირთვის გონივრული კოეფიციენტის არსებობის შემთხვევაში უპასუხებს მხარეთა ტერიტორიებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვების არსებულ და გონივრულ მოთხოვნებს.
4. ტევადობები დადგენილ მარშრუტზე არსებითად თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები.
5. მხარეების მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ფრენების დაწყებამდე არა უგვიანეს სამოცი (60) დღით ადრე უნდა წარუდგინოს მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად სავარაუდო განრიგი, ფრენის სიხშირის, საჰაერო ხომალდის ტიპის, კომპონირებისა და გაყიდვისათვის შეთავაზებულ სავარაუდო ადგილთა რაოდენობის ჩვენებით.
6. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეძლებენ ფრენის განრიგის შეთანხმების მიღწევას, მაშინ ეს საკითხი გადაწყდება უშუალოდ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის.
7. მხარეების საავიაციო ხელისუფალთა დამტკიცების გარეშე, ფრენის განრიგი არ შეიძლება შევიდეს ძალაში. მათი ნებისმიერი შემდგომი ცვლილებები უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს