კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გარდაცვლილთა დასაფლავება ან კრემაცია მოხდეს შეძლებისდაგვარად ინდივიდუალურად და მას წინ უძღოდეს საგულდაგულო, თუ შესაძლებელია, სამედიცინო გასინჯვა სიკვდილის კონსტატაციის, ვინაობის დადგენისა და ამის შესახებ შესაძლო ანგარიშის წარდგენის მიზნით. ორმაგი ამოსაცნობი მედალიონის ერთი ნაწილი ან თავად მედალიონი, თუ ის განუყოფელია, სხეულზე უნდა დარჩეს.
ცხედრების კრემაცია დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებებით ან მიცვალებულთა რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული მოტივებით. კრემაციის შემთხვევაში ამ უკანასკნელის შესახებ დაწვრილებით უნდა იყოს აღნიშნული, კრემაციის მიზეზების მითითებით, გარდაცვალების შესახებ ცნობაში ან მიცვალებულთა დამოწმებულ სიაში.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მიცვალებულების ღირსეულად, შეძლებისდაგვარად მათი რელიგიური წესების დაცვით დაკრძალვა, მათი საფლავებისათვის პატივის მიგება, შეძლებისდაგვარად გარდაცვლილთა საფლავების ნაციონალური კუთვნილების მიხედვით თავმოყრა, მათი შესაბამისი მოვლა და იმგვარად აღნიშვნა, რომ ყოველთვის შეიძლებოდეს მათი მოძებნა, ამ მიზნით კონფლიქტის მონაწილე მხარეები საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ქმნიან სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალურ სამსახურს, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ექსჰუმაცია და უზრუნველყოფილ იქნეს, საფლავების ადგილმდებარეობისდა მიუხედავად, ცხედართა მოცნობა და სამშობლოში მათი შესაძლო გადასვენება. იგივე ეხება მიცვალებულთა ფერფლსაც, რომელსაც მიცვალებულთა სამშობლოს სურვილის მიხედვით, სათანადო განკარგულების მიღებამდე ინახავს სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალური სამსახური.
როგორც კი შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა უგვიანეს საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე, ეს სამსახურები, მე-16 მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული ცნობათა ბიუროს მეშვეობით, გაცვლიან სიებს, რომლებშიც მითითებული იქნება საფლავთა ზუსტი ადგილმდებარეობა და აღნიშვნა, ასევე დაკრძალულთა შესახებ მონაცემებ