1. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის გათვალისწინებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა დაითვალონ აღნიშნული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები ამ მუხლის შესაბამისად.
2. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკის მიხედვით შეწონვას ექვემდებარება ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა:
ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ ექსპორტის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები რისკის პოზიციის ვალუტაში;
ბ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებით რისკის პოზიციის ვალუტაში;
გ) ფული და მისი ეკვივალენტები კომერციულ ბანკში;
დ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ მიღებული შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა აღნიშნული შემოსავლები სათანადოდ ჰეჯირებულია და ეფექტურად უზრუნველყოფს შემოსავლების რისკის პოზიციის ვალუტაში დენომინაციას;
ე) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა შემოსავლების სიდიდე რეალურად არ იცვლება რისკის პოზიციის ვალუტის კურსის ცვლილებით, რადგან მსესხებლის შემოსავლები არაელასტიური საქონლის გაყიდვიდან მიიღება (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვის საქმიანობა, თუ აღნიშნული საქონელი არაელასტიურია ფასის მიმართ, რაც ადგილობრივი გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში და, შედეგად, ლარში დენომინირებული ფასების დონის გაზრდისას არ იწვევს მოცემული საქონლის გაყიდვების მოცულობისა და შესაბამისად მიღებული შემოსავლების შემცირებას). იმისათვის, რომ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციები არ დაექვემდებაროს სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობების ასეთად მიჩნევაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს უნდა შეეძლოს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ რისკის პოზიციაზე, რომლებიც ამ ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას.
3. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული რისკის პოზიციები იწონება 75% რისკის წონით.