1. სამუშაო ადგილებზე მიტანილი ფეთქებადი მასალები უნდა იყოს მოთავსებული ჩანთებში, კასეტებში ან ქარხნულად შეფუთული. ფეთქებადი მასალებისა და მაინიციირებელი საშუალებების ერთად შენახვა აკრძალულია.

2. აკრძალულია სამუშაო ადგილზე მიტანილი ფეთქებადი მასალების, აგრეთვე დამუხტული შპურების, ჭაბურღილებისა და კამერების უმეთვალყურეოდ (დაცვის გარეშე) დატოვება. ზედამხედველობის (დაცვის) წესს უნდა ადგენდეს საწარმოს ხელმძღვანელი. დასახლებულ პუნქტებში ან შენობების (ნაგებობების) შიგნით საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს იზოლირებულ სათავსებში დაცვის მეთვალყურეობით.

3. ფეთქებადი მასალების შენახვა მუდმივი მეთვალყურეობის (დაცვის) გარეშე დასაშვებია მიწისქვეშა გვირაბებში, თუ ისინი მოთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ შესანახ ადგილებზე – საუბნო პუნქტებში, კლიტით ჩაკეტილ ლითონის ყუთებში ან კონტეინერებში (სეიფებში).

4. სამუშაო ადგილებზე დამუხტვამდე ფეთქებადი მასალების შენახვა ნებადართულია საშიში ზონის გარეთ ერთი დღე-ღამის, ხოლო საშიშ ზონებში – ერთი  ცვლისათვის საჭირო ნორმის რაოდენობით. აკრძალულია მასობრივი აფეთქების დროს სახიფათო  ზონაში დასამუხტად საჭირო რაოდენობის ფეთქებადი მასალების შენახვა  სათანადო დაცვის გარეშე. აფეთქების საშუალებების  საშიშ ზონაში შენახვა აკრძალულია.

5. ფეთქებადი მასალების შენახვა დასამუხტ მანქანებში (მოძრავი დასამუხტი საშუალებებისა და პერფორატორული სადგურების გარდა) სამ დღე-ღამეზე მეტი ხნით აკრძალულია.

6. ჭაურებთან, შტოლნების პირთან, ჯიხურებსა და ფარდულებში ნებადართულია შენახულ იქნეს ერთი ცვლისათვის საჭირო ფეთქებადი მასალების რაოდენობა. ჯიხურები და ფარდულები ჭაურიდან ან შტოლნების პირიდან, აგრეთვე შახტის ზედა ნაგებობებიდან დაცილებული უნდა იყოს, სულ ცოტა, 50 მეტრი