1. დათქმა, რომელიც ნათლად დაიშვება ხელშეკრულებით, არ საჭიროებს შემდგომში სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების თანხმობას, თუკი თვით ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ასეთი თანხმობის საჭიროებას.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოების შეზღუდული რაოდენობიდან და ხელშეკრულების ობიექტიდან და მიზნებიდან გამომდინარე ცხადია, რომ მის ყველა მონაწილეთა შორის ხელშეკრულების მთლიანობაში გამოყენება არის არსებითი პირობა ყოველი მონაწილის თანხმობისა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, დათქმა მოითხოვს ხელშეკრულების ყველა მხარის თანხმობას.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტია და თუკი მასში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დათქმა მოითხოვს ამ ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს თანხმობას.
4. იმ შემთხვევებში, რომლებიც ვერ ექცევიან წინა პუნქტების მოქმედების სფეროში, და როდესაც ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
a) სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დათქმაზე დათანხმება ხდის იმ სახელმწიფოს, რომელმაც დათქმა ჩამოაყალიბა, ხელშეკრულების მხარედ ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში, თუკი ხელშეკრულება ძალაშია ან როდესაც იგი ძალაში შედის ამ სახელმწიფოთათვის;
b) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უარი დათქმაზე ხელს არ უშლის ხელშეკრულების ძალაში შესვლას იმ სახელმწიფოს შორის, რომელმაც გააკეთა დათქმა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელმაც უარი თქვა დათქმაზე, თუკი დათქმაზე უარის მთქმელმა სახელმწიფომ გარკვევით არ განაცხადა საწინააღმდეგო გამზრახვა ამის თაობაზე;
c) აქტი, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოს თანხმობას მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე და შეიცავს დათქმას, ძალაში შედის როგორც კი სულ ცოტა ერთ-ერთი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფო დაეთანხმება აღნიშნულ დათქმას.
5. მე-2 და მე-4 პუნქტების მიზნებისათვის და თუკი ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, დათქმა მიღებულად ითვლება სახელმწიფოს მიერ, თუკი იგი არ განაცხადებს საწინააღმდეგო პოზიციას ასეთი დათქმის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან თორმეტთვიანი პერიოდის დასრულებამდე მას შემდეგ, ან იმ თარიღიდან როდესაც იგი გამოთქვამს თანხმობას მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, იმისდა მიხედვით, ამ თარიღთაგან რომელია უფრო გვიან