საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკი (შემდგომში - „ბანკი“) უფლებამოსილია განახორციელოს პირის საკრედიტო გადახდის ოპერაცია შესაბამისი საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე პირის საგადახდო ანგარიშზე ხელმისაწვდომი მისი ფულადი სახსრების, ასევე სესხისა და/ან ოვერდრაფტის ფარგლებში, ან მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
გადამხდელის ანგარიშზე საკრედიტო საგადახდო დავალებების შესასრულებლად საკმარისი ხელმისაწვდომი თანხების არარსებობისას, გადამხდელის ბანკი ვალდებულია პირველ რიგში შეასრულოს ის საგადახდო დავალება, სადაც მიმღების ბანკის რეკვიზიტებში მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში „სახელმწიფო ხაზინა“), ხოლო შემდეგ სხვა საკრედიტო საგადახდო დავალებები გადამხდელის მიერ განსაზღვრული რიგითობით.
გადამხდელის პროვაიდერი უფლებამოსილია გადამხდელის მიერ ერთჯერადად გაცემული მუდმივი დავალების საფუძველზე განახორციელოს რეგულარული საკრედიტო გადახდის ოპერაციები. გადამხდელი უფლებამოსილია მორიგი საკრედიტო გადახდის ოპერაციის შესრულებამდე (ოპერაციის თანხით მისი ანგარიშის დადებეტებამდე) გააუქმოს მუდმივი დავალება.
ბანკი, როგორც გადამხდელი, გადახდის ოპერაციას სხვა იურიდიულ პირთან ახორციელებს მხოლოდ უნაღდო გადახდის ფორმით - საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე.
თუ რეზიდენტი ფიზიკური პირის გადახდის ოპერაციის განხორციელება ხდება მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გადამოწმების საფუძველზე, ბანკი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტობის დადგენა აღნიშნულ ბაზაში არსებული ფოტოსურათის შემცველი მონაცემების საფუძველზე.
საკრედიტო საგადახდო დავალების დისტანციური საშუალებით გაცემის/მიღების მიზნით სავალდებულოა, გადამხდელის ბანკსა და გადამხდელს შორის გაფორმებული იყოს ხელშეკრულება ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით საკრედიტო საგადახდო დავალებების მიღების/გაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს გადამხდელსა და ბანკს შორის დისტანციური საშუალებებით ინფორმაციის გაცვლასთან, საკრედიტო საგადახდო დავალების გაცემასთან, მიღებასთან და უარყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დისტანციური საშუალებით კლიენტების მომსახურებისას, ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული საშუალებებით ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოება.
პროვაიდერის შიდა სააღრიცხვო სისტემაში მომხმარებლის ყველა გადახდის ოპერაციას უნდა გააჩნდეს უნიკალური კოდი