8.1. თუ მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაავალოს მხარეს:

(ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;

(ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

(გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

(დ) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.

8.2. მხარემ, რომელიც შუადგომლობით მიმართავს არბიტრაჟს მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გერემოებების არსებობა:

(ა) უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

(ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანის, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს ღონისძიებები, ამ ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში;

(გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

8.3. უზრუნველყოფის საკითხს და ფორმას გადაწყვეტს საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე). საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია გამოიყენოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებები ან რამდენიმე საშუალება ერთად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

8.4. საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

8.5. საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში მხარეთათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.

8.6. საარბიტრაჟო კოლეგიის (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

8.7. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს გადაწყვეტს საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) შუამდგომლობის წარდგენიდან ერთი დღის ვადაში, მხარეთა დასწრების გარეშე. თუ საარბიტრაჟო კოლეგიამ (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ) საჭიროდ ჩათვალა, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვა შესაძლებელია მოხდეს მხარეთა მონაწილეობით, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ გახდება ასეთი საკითხის განხილვის გადადების ან მის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში განხილვის ვადა საარბიტრაჟო კოლეგიამ (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ) შეიძლება გააგრძელოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ხუთი დღისა.

8.8. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის რა კონკრეტული ღონისძიება იქნება გამოყენებული.

8.9. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, უფლება აქვს მიმართოს საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) ამ ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნით, თუ დაამტკიცებს, რომ:

(ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო; საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია; უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია იმ დავიდან გამომდინარე, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით; ან დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

(ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის შესახებ არ იქნება შესრულებული;

(გ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

8.10. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს როგორც საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენასთან ერთად, ასევე საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე. ამასთან, საარბიტრაჟო სარჩელი წარდგენილი უნდა იქნას საარბიტრაჟო კოლეგიის (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის) მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო თუ ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში. მოცემულ ვადაში საარბიტრაჟო სარჩელის წარუდგენლობა საკმარისი საფუძველია, რათა საარბიტრაჟო პალატამ მეორე მხარის მოთხოვნით ან მის გარეშე, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.11. თუ მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს), უფლება აქვს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის და გაუქმების საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

8.13. საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) უფლება აქვს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვა დანიშნოს ზეპირი მოსმენით, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საქმის განხილვას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 8.7. პუნქტის დებულება.

8.14. თუ მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ერთი სახის მეორეთი შეცვლის და გაუქმების შესახებ საარბიტრაჟო კოლეგიის (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის) გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე