2. ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალია მსხვილფეხა საქონლის ჯოგი, თუ:
ა) არც ერთ ცხოველს არ აღენიშნება ტუბერკულოზის კლინიკური ნიშნები;
ბ) ექვს კვირაზე მეტი ასაკის ყველა მსხვილფეხა საქონელს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ტუბერკულინის არანაკლებ ორ ოფიციალურ კანშიდა გამოკვლევაზე, რომელიც ჩატარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად: პირველი – ჯოგში ნებისმიერი ინფექციის აღმოფხვრიდან ექვსი თვის შემდეგ, ხოლო მეორე - ექვსი თვის მოგვიანებით, თუ ჯოგი შეგროვდა მხოლოდ ისეთი ცხოველებისგან, რომლებიც წარმოშობით არიან ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან, პირველი გამოკვლევა ტარდება შეგროვებიდან არანაკლებ 60 დღის შემდეგ, ხოლო მეორე - არ არის სავალდებულო;
გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველი გამოკვლევის დასრულების შემდეგ, ექვს კვირაზე მეტი ასაკის არც ერთი ცხოველი არ შეჰყავთ ჯოგში, ვიდრე არ დაუდგინდება უარყოფითი რეაქცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად გაკეთებულ და შეფასებულ ტუბერკულინის კანშიდა გამოკვლევაზე, რომელიც ჩატარდა ცხოველის ჯოგში შემოყვანამდე 30 დღით ადრე ან ჯოგში შემოყვანიდან 30 დღის შემდეგ; უკანასკნელ შემთხვევაში უნდა მოხდეს ცხოველ(ებ)ის ფიზიკური იზოლირება ჯოგის სხვა ცხოველებისგან, ისე რომ უარყოფითი რეაქციის დადგენამდე თავიდან იქნეს აცილებული მათი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტი სხვა ცხოველებთან.
3. სააგენტომ შეიძლება არ მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გამოკვლევის ჩატარება ქვეყანაში გადასაადგილებელ ცხოველზე იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი არის ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან.
4. მსხვილფეხა საქონლის ჯოგი შეინარჩუნებს ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალის სტატუსს, თუ:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების მოქმედება გაგრძელდება;
ბ) სადგომში შეყვანილი ყველა ცხოველი წარმოშობილია ტუბერკულოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსის მქონე ჯოგიდან;
გ) სადგომში მყოფი ყველა ცხოველი, გარდა ამ სადგომში დაბადებული ექვს კვირაზე ნაკლები ასაკის ხბოებისა, ექვემდებარება ტუბერკულინით რეგულარულ გამოკვლევას წლიური ინტერვალებით ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად. თუმცა, სააგენტოს შეუძლია ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილისთვის, რომელშიც მსხვილფეხა საქონლის ყველა ჯოგზე ვრცელდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამა, შეცვალოს რეგულარული გამოკვლევის ჩატარების სიხშირე შემდეგნაირად:
გ.ა) თუ ტუბერკულოზით დაინფიცირებულად დადასტურებული მსხვილფეხა საქონლის ჯოგის წლიური საშუალო ოდენობა – რომელიც განისაზღვრება ყოველი წლის 31 დეკემბერს - არ აღემატება განსაზღვრული ტერიტორიის შიგნით არსებული ყველა ჯოგის ოდენობის 1%-ს, უკანასკნელი წლის ორი საკონტროლო პერიოდის განმავლობაში, ჯოგის რეგულარულ გამოკვლევებს შორის ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს ორ წლამდე და იზოლირებულ ეპიდემიოლოგიურ ერთეულში მოთავსებული სუქებაზე მყოფი მამრი ცხოველები შეიძლება გათავისუფლდნენ ტუბერკულინის გამოკვლევისგან, თუ ისინი არიან ტუბერკულიოზსაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან და სააგენტო უზრუნველყოფს, რომ სუქებაზე მყოფი მამრი ცხოველები არ იქნებიან გამოყენებული სანაშენედ და პირდაპირ გაიგზავნებიან დასაკლავად;
გ.ბ) თუ ტუბერკულოზით დაინფიცირებულად დადასტურებული მსხვილფეხა საქონლის ჯოგის წლიური საშუალო ოდენობა – რომელიც განისაზღვრება ყოველი წლის 31 დეკემბერს - არ აღემატება განსაზღვრული ტერიტორიის შიგნით არსებული ყველა ჯოგის ოდენობის 0,2%-ს უკანასკნელი ორი ორწლიანი საკონტროლო პერიოდის განმავლობაში, რეგულარულ გამოკვლევებს შორის ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს სამ წლამდე ან/და ასაკი, როდესაც ცხოველი აღნიშნულ გამოკვლევებს უნდა დაექვემდებაროს შეიძლება გაიზარდოს 24 თვემდე;
გ.გ) თუ ტუბერკულოზით დაინფიცირებულად დადასტურებული მსხვილფეხა საქონლის ჯოგის წლიური საშუალო ოდენობა – რომელიც განისაზღვრება ყოველი წლის 31 დეკემბერს - არ აღემატება განსაზღვრული ტერიტორიის შიგნით არსებული ყველა ჯოგის ოდენობის 0,1%-ს უკანასკნელი ორი სამწლიანი საკონტროლო პერიოდის განმავლობაში, რეგულარულ გამოკვლევებს შორის ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს ოთხ წლამდე ან თუ შემდეგი პირობები დაკმაყოფილდა, სააგენტომ შეიძლება ჯოგები გაათავისუფლოს ტუბერკულინით გამოკვლევისგან ერთ-ერთ ქვემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში:
გ.გ.ა) ჯოგში შეყვანამდე ყველა მსხვილფეხა საქონელს უნდა ჰქონდეს უარყოფითი რეაქცია ტუბერკულინის კანშიდა გამოკვლევაზე;
გ.გ.ბ) ყველა დაკლული მსხვილფეხა საქონელი უნდა შემოწმდეს ქსოვილის ტუბერკულოზით გამოწვეულ დაზიანებებზე და ნებისმიერი ასეთი დაზიანება უნდა დაექვემდებაროს ჰისტოპათოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას ტუბერკულოზის დიაგნოზის დასადგენად.
გ.დ) თუ დაავადების მაჩვენებელი გაიზარდა, სააგენტოს შეუძლია ასევე ქვეყანაში ან მის ნაწილში გაზარდოს ტუბერკულინით გამოკვლევის სიხშირე.
5. ჯოგს შეუჩერდება ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი ერთ-ერთ ქვემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ :
ა) ამ მუხლის მე-4 პუქტით განსაზღვრული პირობები აღარ სრულდება;
ბ) ერთი ან მეტი ცხოველი მიჩნეულია ტუბერკულინის ტესტზე დადებითად მორეაგირედ ან დაკვლისშემდგომი შემოწმებისას ტუბერკულოზის შემთხვევაზე ჩნდება ეჭვი;
გ) ჯოგში შემავალ საქონელს გააჩნია დაუდგენელი სტატუსი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ჯოგის სტატუსი რჩება შეჩერებული ცხოველის სტატუსის გარკვევამდე. აღნიშნული ცხოველები იზოლირებული უნდა იქნენ ჯოგის სხვა ცხოველებისგან, სანამ მათი სტატუსი არ გაირკვევა 42 დღის შემდეგ შემდგომი გამოკვლევის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ჩატარებით და ლაბორატორიული გამოკვლევით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულის გაუთვალისწინებლად, სააგენტო ატარებს ჯოგის რეგულარულ გამოკვლევას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით განსაზღვრული ტუბერკულინის შედარებითი გამოკვლევის გამოყენებით და ისეთი ჯოგის შემთხვევაში, რომელშიც არ აღმოჩენილა დადასტურებული რეაქციის მქონე ცხოველი, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ჯოგში სხვა ცხოველების შემოყვანის შეუზღუდველობაზე, თუ ნებისმიერი გაურკვეველი რეაქციის მქონე ცხოველის სტატუსი გაირკვევა 42 დღის შემდეგ, გამოკვლევის ჩატარებით და სადგომიდან არც ერთი ეს ცხოველი არ დაიშვება ქვეყნის შიგნით ვაჭრობაზე, სანამ რომელიმე გაურკვეველი რეაქციის მქონე ცხოველის სტატუსი არ გაირკვევა. თუ შემდგომი ტესტირების შედეგად, რომელიმე ცხოველი გამოავლენს დადებით რეაქციას ან მისი რეაქცია კვლავ გაურკვეველი დარჩება, გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობები. თუ დაავადების არსებობა შემდგომში დადასტურდება, ყველა ცხოველი, რომელმაც ჯოგის გამოკვლევამდე დატოვა სადგომი, უნდა იქნეს მიკვლეული და გამოკვლეული.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ცხოველს მიიჩნევენ ტუბერკულინის ტესტზე დადებითი რეაქციის მქონედ, ხდება ჯოგიდან მისი მოცილება და დაკვლა. სათანადო დაკვლისშემდგომი, ლაბორატორიული გამოკვლევები და ეპიდემიოლოგიური მოკვლევები ტარდება დადებითი რეაქციის მქონე საქონელზე ან დაავადებაზე საეჭვო საქონელის ტანხორცზე. ჯოგის სტატუსი რჩება შეჩერებული იმ დრომდე, სანამ ყველა ლაბორატორიული შემოწმება არ დასრულდება. თუ ტუბერკულოზის შემთხვევა არ დადასტურდა, შეჩერებული ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი შეიძლება აღდგეს მას შემდეგ, რაც დადებითი რეაქციის მქონე ცხოველის ჯოგიდან მოცილებიდან სულ მცირე 42 დღის შემდეგ, ექვს კვირაზე მეტი ასაკის ცხოველებს ჩაუტარდებათ გამოკვლევა და დაუდგინდებათ უარყოფითი რეაქცია.
8. ჯოგის ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი გაუქმდება, თუ დადასტურდება ტუბერკულოზის შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევის დროს M.bovis გამოყოფით. სააგენტომ ასევე შეიძლება გააუქმოს სტატუსი ერთ-ერთ ქვემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ:
ა) ამ მუხლის მე-4 პუქტით განსაზღვრული პირობები აღარ სრულდება;
ბ) დაკვლისშემდგომი შემოწმებისას სახეზეა ქსოვილის ტუბერკულოზით გამოწვეული კლასიკური დაზიანებები;
გ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევა დაადგენს ინფექციის მოსალოდნელობას;
დ) სხვა რაიმე მიზეზით, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულოზის კონტროლის მიზნისთვის.
9. სააგენტომ უნდა განახორციელოს ყველა იმ ჯოგის მიკვლევადობა და შემოწმება, რომელიც მიჩნეულია ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებულად. ჯოგის ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი რჩება გაუქმებულად, ვიდრე არ დასრულდება შენობებისა და ინვენტარის დასუფთავება და დეზინფექცია და ექვს კვირაზე მეტი ასაკის ყველა ცხოველი გამოავლენს უარყოფით რეაქციას ტუბერკულინის სულ მცირე ორ თანმიმდევრულ გამოკვლევაზე, აქედან პირველი უნდა ჩატარდეს უკანასკნელი დადებითი რეაქციის მქონე ცხოველის მოცილებიდან არანაკლებ 60 დღის, ხოლო მეორე – არანაკლებ ოთხი თვისა და არაუმეტეს 12 თვის შემდეგ .
10. ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფლად, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ტუბერკულოზით დაინფიცირებულად დადასტურებული მსხვილფეხა საქონლის ჯოგების რაოდენობა არ აღემატება ყველა ჯოგის ოდენობის 0,1%-ს ყოველ წლიურად ექვსი თანმიმდევრული წლის განმავლობაში და სულ მცირე ჯოგების 99,9%-მა მოიპოვა ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსი ყოველ წელს ექვსი თანმიმდევრული წლის განმავლობაში, ამ უკანაკნელი პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა ხდება ყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბერს;
ბ) თითოეული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ყველა დაკლული მსხვილფეხა საქონელი ექვემდებარება ოფიციალურ დაკვლისშემდგომ შემოწმებას;
დ) შესრულებულია ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების პროცედურები.
11. ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი ინარჩუნებს ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალ სტატუსს, თუ სრულდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობები. მიუხედავად ამისა, თუ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში, რომელიც ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფლად იყო აღიარებული, ტუბერკულიოზთან მიმართებაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, შეიძლება მიღებული იქნეს გადაწყვეტილება სტატუსის შეჩერების ან გაუქმების შესახებ იქამდე, სანამ არ შესრულდება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები.
ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი და ბრუცელოზისაგან თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯო