1. საწარმოდან გაფრქვევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების დროს დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრული მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართ IV-ით დადგენილი ემისიის ზღვრულ მნიშვნელობას და არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ნივთიერებისთვის ამავე დანართით განსაზღვრულ მაჩვენებლებს.

2. ემისიის ზღვრული მნიშვნელობა  განისაზღვრება საწარმოდან გაფრქვევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ისეთი ჩამდინარე  წყლების ჩაშვების წერტილში, რომლებიც შეიცავენ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ში  ჩამოთვლილ დამაბინძურებელ ნივთიერებებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება გაფრქვევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ადგილზე გაწმენდა, საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქმნილ სხვა სახის ჩამდინარე წყლებთან ერთად, ოპერატორი ვალდებულია, მიიღოს ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლით განსაზღვრული ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებლების გაზომვები:

ა) გაფრქვევის გაწმენდის პროცესის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მიმართ აღნიშნული ჩამდინარე  წყლების საერთო გამწმენდ ნაგებობაში ჩაშვებამდე;

ბ) სხვა სახის ჩამდინარე წყლების მიმართ ჩამდინარე წყლების საერთო გამწმენდ ნაგებობაში ჩაშვებამდე;

გ)  საწარმოდან გაწმენდილი ჩამდინარე  წყლების ჩაშვების ადგილზე.

3. საწარმოს ოპერატორი ვალდებულია, განახორციელოს მასის ბალანსის სათანადო გათვლები საბოლოო ჩამდინარე წყლებში იმ ემისიის დონეების დასადგენად, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნოს გაფრქვევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ით განსაზღვრულ ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შესამოწმებლად.

4. დაუშვებელია ჩამდინარე  წყლების განზავება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ით განსაზღვრულ ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

5. როდესაც გაფრქვევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ში ჩამოთვლილი დამაბინძურებელი  ნივთიერებების შემცველი ჩამდინარე წყლების გაწმენდა ხორციელდება საწარმოს ფარგლებს გარეთ არსებული ჩამდინარე  წყლების გამწმენდ ისეთ ნაგებობაში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ასეთი სახის ჩამდინარე  წყლების გაწმენდისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ით   დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობა განისაზღვრება გამწმენდი ნაგებობიდან ჩამდინარე წყლების გამოსვლის ადგილზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამწმენდი ნაგებობა განკუთვნილია არამარტო ინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე  წყლების გასაწმენდად, საწარმოს ოპერატორი ვალდებულია, განახორციელოს მასის ბალანსის სათანადო გათვლები ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო ჩამდინარე წყლებში იმ ემისიის დონეების დასადგენად, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნოს გაფრქვევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ით   განსაზღვრულ ზღვრულ მნიშვნელობებთან  შესაბამისობის შესამოწმებლად.

7. საწარმოდან გაფრქვევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცებისას:

ა) უნდა განსაზღვროს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ში ჩამოთვლილი დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მე-3 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით;

ბ) უნდა დადგინდეს ჩამდინარე  წყლების საკონტროლო პარამეტრები, სულ მცირე, pH-ის, ტემპერატურისა და ნაკადის შესამოწმებლად.

8. ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების არასანქცირებული და შემთხვევითი მოხვედრის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, საწარმოების ტერიტორია, მათ შორის, ნარჩენების შესანახი ადგილები, უნდა მოეწყოს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და კანონმდებლობით დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად.

9. საწარმოს უნდა გააჩნდეს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი დაბინძურებული ზედაპირული ჩამონადენის, დაღვრების ან ხანძრების ლიკვიდაციის შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყლების შემკრები და გამწმენდი ნაგებობები, რომლებიც უნდა იძლეოდეს ჩაშვებამდე (საჭიროების შემთხვევაში) ჩამდინარე წყლების შემოწმებისა და გაწმენდის შესაძლებლობა