1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები დადგენილია  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ითვალისწინებს აღნიშნული კანონის მოთხოვნების შესაბამისი აქტივობებისა და შეზღუდვების გატარებას.

2. ზოგადი დამცავი ზონებია:

ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;

ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა;

გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;

დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა.

3. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა უძრავი ობიექტების დიდი კონცენტრაცია, ავთენტიკური სახით შენარჩუნებული ქუჩათა ქსელი, განაშენიანება, გეგმარებითი სტრუქტურა და მორფოლოგია.

4.  განაშენიანების რეგულირების ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც ავთენტიკური სახით შემორჩენილია ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის ფრაგმენტები ან/და ცალკეული ძეგლები, კულტურული ღირებულების მქონე სხვა უძრავი ობიექტები, ფონური განაშენიანება. განაშენიანების რეგულირების ზონა შეიძლება ასევე იყოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი სხვა ზონის ბუფერული ზონა.

5. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონად განისაზღვრება ისტორიული, კულტურული, ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი, სასოფლო ან ურბანული ტერიტორია, რომლის ჩამოყალიბება ისტორიული განვითარების მანძილზე მთლიანად ან ნაწილობრივ ადამიანის საქმიანობის შედეგია ან რომელიც ცალკეული ძეგლების ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემოა.

6.  არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და არქეოლოგიური ობიექტები.

7.  ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის საზღვრებში პრიორიტეტად განისაზღვროს ბუნებრივი ლანდშაფტების ისტორიულად შენარჩუნებული არეალების დაცვა.  ტერიტორიები, რომლებიც მოცემული ზონის ფარგლებში შესაძლოა არ ან/და აღარ ატარებდეს ისტორიულ ან ლანდშაფტურ ღირებულებებს და რომელთა განვითარება/შენარჩუნების საკითხები უკვე განსაზღვრულია დეტალური ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებითა და გაცემული ნებართვებით განვითარდეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა და ასევე შესაბამისი უფლებრივი ზონირების რუკის შესაბამისად.

8. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში შესაბამისი რეჟიმის დადგენამდე მოქმედებს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების გათვალისწინები