1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის დაინტერესებულ პირს, მესამე პირს ან მხარესთან კავშირში მყოფ პირს ჩამოართვას ჩვენება.

2. მოწმის მიერ ჩვენების მიცემა ნებაყოფლობითია. თუ მოწმე გადაწყვეტს ჩვენების მიცემას, იგი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.

3. ჩვენების ჩამორთმევის მიზნით, მოწმის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას გამოძახებას წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით, უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელი. სამსახურის თანამშრომელია, ჩვენების ჩამორთმევის შესახებ მოწმისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, აწვდის მას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. თუ მოწმე მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის თანამშრომელია, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ჩვენების მისაცემად სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გამოძახების თაობაზე ინფორმაციის მოწმისათვის მიწოდება ან/და ჩვენების მისაცემად თანამშრომლის გამოცხადების უზრუნველყოფა სთხოვოს მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტი დაუყოვნებლივ მიაწოდოს ადრესატს და უზრუნველყოს მისი სამსახურის თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე გამოცხადება. მონაცემთა დამმუშავებელმა ან/და უფლებამოსილმა პირმა ადრესატისათვის ინფორმაციის/დოკუმენტის გადაცემის, ხოლო გადაუცემლობის შემთხვევაში აღნიშნულის მიზეზის, ასევე ჩვენების მისაცემად თანამშრომლის გამოცხადების უზრუნველყოფის შეუძლებლობის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურის თანამშრომელს.

5. არასრულწლოვანი მოწმისთვის ჩვენების ჩამორთმევის პროცესს უნდა დაესწროს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი.

6. ჩვენების მიცემისას მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას მოწმეს ჩვენების მიცემის ნებისმიერ მომენტში. მოწმის მიერ მოწოდებული გარემოებების ან დეტალების დასაზუსტებლად, დასაშვებია მოწმისთვის ჩვენების განმეორებით ჩამორთმევა, აგრეთვე მოწმის მხარესთან ან სხვა მოწმესთან დაპირისპირება მათ ახსნა-განმარტებების/ჩვენებებს შორის წინააღმდეგობათა გასარკვევად.

7. მოწმის ჩვენების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად - სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. მოწმისთვის ზეპირი ფორმით ჩვენების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

8. ჩვენების ზეპირად ჩამორთმევის, ასევე ჩვენების ჩამორთმევის მიზნით მოწმის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ