1. საფრთხეშემცველი ტვირთის გადასაზიდად გამოიყენება რკინიგზის პარკის დახურული სატვირთო და ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საკუთარი საპეციალიზებული ვაგონი, ან რკინიგზის პარკიდან საგანგებოდ გამოყოფილი ვაგონი, რომელიც ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) გადაეცემა იჯარის ან ქირავნობის უფლებით. საძიებელში გათვალისწინებული ზოგიერთი საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა ნებადართულია ღია მოძრავ შემადგენლობაზე (ნახევარვაგონში ან ბაქანზე), ამ წესის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, აგრეთვე რკინიგზის უნივერსალურ ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ კონტეინერში, თუ ეს გათვალისწინებულია გადასაზიდი ტვირთის სტანდარტით ან ტექნიკური პირობით.
2. საფრთხეშემცველი ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონის (კონტეინერის) კონსტრუქცია და პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი სტანდარტისა და ტექნიკური პირობის მოთხოვნებს, აგრეთვე უზრუნველყოფდეს ტარის დაცულობასა და გადაზიდვის უსაფრთხოებას.
3. მე-3, მე-5, მე-6 და მე-8 კლასის თხევადი საფრთხეშემცველი ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილ სპეციალიზებულ კონტეინერ-ცისტერნას (შემდგომ – კონტეინერ-ცისტერნა) არ უნდა ჰქონდეს ქვედა ჩამოსასხამი ხელსაწყო და უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი მისი პერიოდული შემოწმებისა და მოცემული ტვირთის გადასაზიდად ვარგისობის შესახებ. საფრთხეშემცველი ტვირთის გადასაზიდად ვაგონის ნებადართული სახეობა და კონტეინერის ტიპი განსაზღვრულია საძიებელში.