1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.
2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირად იქნება დაკომპლექტებული:
a. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, დავის საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.
b. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან განახორციელოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს რანგით ყველაზე მაღალი ვიცე-პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელიც იგივე მიზეზით არ არის დისკვალიფიცირებული. პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ დანიშნული არბიტრი ან არბიტრები, არ უნდა იყვნენ ამ შეთანხმების წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები.
3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო სასამართლო, ამ შეთანხმების შესაბამისად, თვითონ განსაზღვრავს არბიტრაჟის სხდომის ჩატარების ადგილს და თავისი იურისდიქციის ფარგლებს. საარბიტრაჟო სასამართლო დააწესებს საკუთარ პროცედურას. საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლოში ჩატარდება კონფერენცია განსახილველი საკითხების განსაზღვრის მიზნით.
4. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, ან საარბიტრაჟო სასამართლოს სხვაგვარად არ დაუდგენია, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. პასუხები გაცემული უნდა იქნეს 60 დღის შემდეგ. საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, პასუხის გაცემის ვადის დადგომიდან 30 დღის განმავლობაში.
5. საარბიტრაჟო სასამართლო შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში ან, თუ საქმის მოსმენა არ შედგა, ორივე პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.
6. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნები წარადგინონ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. განმარტება გაცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან 15 დღის განმავლობაში.
7. ხელშემკვრელი მხარეები შეასრულებენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ პირობას, შუალედურ განჩინებას ან საბოლოო გადაწყვეტილებას.
8. საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები თავად დაფარავენ მათ მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს. საარბიტრაჟო სასამართლოს სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეებს შორის, მათ შორის, ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც გასწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი ამ მუხლის მე-2(b) პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას.
9. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ შეთანხმებით მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებებ