1. სააპელაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. სააპელაციო საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. სააპელაციო საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. სააპელაციო საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, ავტორიზაციის საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს სხვა წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. სააპელაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას, სააპელაციო საბჭოს წევრი არ მონაწილეობს სააპელაციო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, სააპელაციო საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის პოზიცია.
8. სააპელაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააპელაციო საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სააპელაციო საბჭოს სამდივნოს შემადგენლობა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. სააპელაციო საბჭოს სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას;
გ) ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
10. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, სააპელაციო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სააპელაციო საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტაციის მიწოდება