1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი ელექტრომოწყობილობა.
2. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია სათანადო შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იგი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა შეადგინა შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, ელექტრომოწყობილობაზე დატანილია შესაბამისი ინფორმაცია, მას თან ერთვის ყველა სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია და რომ მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ვალდებულია, არ განათავსოს ელექტრომოწყობილობა ბაზარზე, სანამ არ მოხდება მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ მოთხოვნებთან. როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
3. იმპორტიორი ვალდებულია ელექტრომოწყობილობაზე იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს ელექტრომოწყობილობის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
4. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ელექტრომოწყობილობას იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, თან ახლდეს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.
5. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში ელექტრომოწყობილობა ინარჩუნებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
6. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, იმპორტიორი ვალდებულია მომხმარებლისა და შინაური ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან საკუთრების დაცვის მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმება და შესაბამისი გამოკვლევა. აუცილებლობის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია შეინახოს საჩივრების, მათ შორის, შეუსაბამო და ბაზრიდან გამოთხოვილი პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნულის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს.
7. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიება პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად და შესაბამის შემთხვევებში გამოითხოვოს ან ამოიღოს იგი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, იმპორტიორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
8. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად, მის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის.
9. იმპორტიორი ვალდებულია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა იმპორტიორის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების აღმოსაფხვრელა