1. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი გაზომვის საშუალებები.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე და/ან ექსპლუატაციაში გაშვებამდე იმპორტიორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, გაზომვის საშუალებაზე დატანილია ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება და თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და საჭირო დოკუმენტაცია და რომ მწარმოებელმა დააკმაყოფილა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
3. თუ იმპორტიორი მიიჩნევს ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტის I დანართით ან გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია გაზომვის საშუალება არ განათავსოს ბაზარზე, სანამ გაზომვის საშუალება არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. თუ გაზომვის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
4. იმპორტიორმა გაზომვის საშუალებაზე უნდა დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს გაზომვის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაში და მის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის I დანართის 9.2 პუნქტის შესაბამისად. საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
5. იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გაზომვის საშუალებას თან ახლდეს ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ამ რეგლამენტის I დანართის 9.3 პუნქტის შესაბამისად ქართულ ენაზე.
6. იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გაზომვის საშუალების მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას ამ რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალებების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებთან.
7. საჭიროების შემთხვევაში, იმპორტიორმა, გაზომვის საშუალებების ფუნქციონირებასთან მიმართებით, უნდა განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებების ნიმუშების გამოცდა, საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, ასევე შეუსაბამო და ამოღებული გაზომვის საშუალებების რეესტრი და ამგვარი მონიტორინგის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს.
8. იმპორტიორი, რომელიც მიიჩნევს, ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული გაზომვის საშუალების შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს გაზომვის საშუალების ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
9. იმპორტიორი ვალდებულია, გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად და უზრუნველყოს, მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაცია მიაწოდოს ამ ორგანოს.
10. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ქართულ ენაზე ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია გაზომვის საშუალების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა