1. უიმედო ვალებად აღიარებული მოთხოვნები და დებიტორული დავალიანებები საინვენტარიზაციო კომისიის მიერ
ექვემდებარება ბალანსიდან ამოღებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მომზადებული დასკვნის შესაბამისად და იგი მიეკუთვნება „საეჭვო/უიმედო დებიტორული დავალიანებების და წინასწარი გადახდების ხარჯების“ – №5-91-0000 ნომინალურ ანგარიშის დებეტს და 5 წლის განმავლობაში ექვემდებარება ასახვას ბალანსის საცნობარო მუხლში – „გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები“, დებიტორების რეკვიზიტებისა და თანხების მითითებით, ხოლო №5-91-0000 ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით, ექვემდებარება გადახურვას საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე.
2. 5 წლის განმავლობაში, სათანადო გამამართლებელი დოკუმენტების საფუძველზე საცნობარო მუხლში რიცხული დებიტორული დავალიანების ან მოთხოვნის თანხების აღდგენა მიეკუთვნება შესაბამისი ანგარიშების დებეტს, აღიარდება, როგორც სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები და მიეკუთვნება „საეჭვო/უიმედო დებიტორული დავალიანებების და წინასწარი გადახდების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავალების“ – №4-91-0000 ანგარიშის კრედიტს.
3. პირობითი მოთხოვნები და დებიტორული დავალიანებები, არსებობის შემთხვევაში, სსბასს 19-ის – „ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივების“ შესაბამისად, თუ არ ექვემდებარება ერთეულ(ებ)ის კონტროლს, სანამ არ გაირკვევა ერთეულის მიმდინარე მოთხოვნა და შეუძლებელი იქნება მოთხოვნის ან დებიტორული დავალიანების თანხის საიმედო შეფასება, მიეკუთვნება პოტენციურ მოთხოვნებს და დებიტორულ დავალიანებას, არ ექვემდებარება აღრიცხვაში აღიარებას და ექვემდებარება ასახვას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
4. ერთეულ(ებ)ის მოთხოვნებით და დებიტორული დავალიანებებით წარმოებული არსებითი მოვლენები ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.