1. პირმა, რომელიც თავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევს, თუ შესაძლებელია, სავარაუდო შემავიწროებელს უნდა შეატყობინოს, რომ მისი ქცევა არის არასასურველი და მიუღებელი. ასევე, სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს როგორც სავარაუდო შემავიწროებელს, ისე თავის უშუალო ხელმძღვანელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. სავარაუდო მსხვერპლმა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა, თავი შეიკავოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სავარაუდო შემავიწროებლის ინფორმირებისგან. მსხვერპლის მიერ სავარაუდო შემავიწროებლის ინფორმირება არ წარმოადგენს სავარაუდო მსხვერპლის ვალდებულებას.
3. სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს (შემდგომში – საბჭოს წევრი) ან საჩივრით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერიის კომისიას ან/და კომისიის რომელიმე წევრს.
4. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი საჩივარს წარადგენს ზეპირი ან წერილობითი (ელექტრონული ან მატერიალური) ფორმით, ამ მექანიზმის დანართის შესაბამისად (იხ. დანართი №1).
5. იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო მსხვერპლისთვის უფრო კომფორტულია, რომ შეტყობინება მოახდინოს ვერბალური ან სხვა ფორმით, საჩივრის მიღებაზე პასუხისმგებელი საბჭოს წევრი, შეავსებს საჩივრის ფორმას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც სავარაუდო მსხვერპლი წარუდგენს და გადასცემს მას შევსებული ფორმის ასლს. სავარაუდო მსხვერპლი ხელმოწერით ადასტურებს საჩივრის მიღებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს.
6. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა საჩივარში უნდა მიუთითოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია, როგორიცაა: სავარაუდო სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, ინფორმაცია მათი სამსახურებრივი/პროფესიული ურთიერთობის შესახებ, სექსუალური შევიწროების ფაქტი (ფაქტები). არსებობის შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია საჩივარს თან დაურთოს მტკიცებულებები (წერილობითი, ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალა, მესამე პირების ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ) ან წარადგინოს აღნიშნული მტკიცებულებები საქმისწარმოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. აღნიშნული რეგულაციით განსაზღვრული საჩივრის პროცედურის გამოყენებამდე, მისი გამოყენებისას ან გამოყენების შემდეგ, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი არც ერთ ეტაპზე არ არის შეზღუდული, სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ მიმართოს სასამართლოს, საქართველოს სახალხო დამცველს ან/და შრომის ინსპექციის სამსახურს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით