1. პროექტის დაფინანსების თაობაზე ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ კინოცენტრსა და ეროვნული ფილმის პროდიუსერს/დისტრიბუტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება დაფინანსების თაობაზე. ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება დადგენილი წესით ინახება ეროვნულ კინოცენტრში და საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს საიდუმლო ინფორმაციას.

2. ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ფილმის პროდიუსერი/დისტრიბუტორი ვალდებულია, წარადგინოს ფილმის პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის განსაზღვრული წესით და ეროვნული კინოცენტრის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაფინანსების თაობაზე ძალას კარგავს.

3. ფილმის პროექტის (გარდა ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების წარმოების კონკურსში წარდგენილი ფილმის პროექტისა) ალტერნატიული დაფინანსების წყაროებია:

ა) ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის შენატანი;

ბ) ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის ტექნიკური შენატანი;

გ) ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები;

დ) სატელევიზიო ან ინტერნეტპლატფორმების ინვესტიცია;

ე) ფიზიკური ან იურიდიული პირების ინვესტიცია;

ვ) დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები (MG);

ზ) ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს;

თ) დაფინანსების სხვა წყაროები.

4. ეროვნული კინოცენტრის მიერ არ ფინანსდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ძირითადი საშუალებების შეძენა. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ძირითად საშუალებად არ ითვლება ისეთი მატერიალური აქტივი (მყარი დისკი, ფილმის რეკვიზიტი ან სხვა), რომლის ერთეულის ღირებულება 500 ლარზე ნაკლებია და რომლის ხარჯი გათვალისწინებულია თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის წესი განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსება პროდიუსერს/დისტრიბუტორს ერიცხება სრულად ან ეტაპობრივად, ტრანშის სახით.

7. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. მონიტორინგს ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8. თუ ეროვნული კინოცენტრის მიერ პროექტისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა არ აღემატება 500 000 ლარს, დაფინანსება შესაძლებელია, გაიცეს არანაკლებ ორ გადარიცხვად. 500 000 ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსების შემთხვევაში, დაფინანსება ხორციელდება არანაკლებ სამ გადარიცხვად და პირველი ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამური დაფინანსების 40%-ს.

9. ფილმის პროექტის ხარჯთაღრიცხვის პოზიციებს შორის თანხის ცვლილება, ფინანსური რესურსის სხვა ხარჯში გადატანა, ახალი პოზიციის დამატება ან ძველი პოზიციის გაუქმება დასაშვებია, თუ პროდიუსერი ცვლილების განხორციელების შესახებ ეროვნულ კინოცენტრს აცნობებს შესაბამისი თანხის ჩარიცხვამდე. მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიწვევს მხარისათვის ფინანსური სანქციის დაკისრებას, რომლის ოდენობა შეადგენს იმ ტრანშის 5%-ს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, თუ ტრანშის ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანშის ოდენობა 100 000 ლარზე მეტია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური სანქციის ოდენობა გამოითვლება ყოველ 100 000 ლარზე 7%-ის ოდენობით.

10. მომდევნო ეტაპის გადარიცხვა დასაშვებია, თუ გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი წინა ეტაპის სამუშაოების შესრულების შესახებ და თუ არ არის ცნობილი მხარის მიერ ნაკისრი რომელიმე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, შესაძლებლობის შემთხვევაში, მხარისათვის მანამდე დაკისრებული ნებისმიერი ფინანსური სანქცია გამოქვითოს შემდეგ ეტაპზე გადასარიცხი ტრანშ(ებ)იდან.

11. ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოიყენება ფინანსური სანქცია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ის ოდენობით შემდეგ შემთხვევებში:

ა) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის სათაურის ცვლილების შემთხვევაში;

ბ) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის სცენარის ცვლილების შემთხვევაში;

გ) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, ფილმის საჯარო ჩვენების შემთხვევაში;

დ) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ფილმის პირველი საჯარო ჩვენების შემთხვევაში.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით სათაურის ან/და სცენარის ცვლილების გამო იმავე პუნქტით გათვალისწინებული სანქცია მხარეს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუკი ამ დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სათაურის ან/და სცენარის ცვლილება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უარის საფუძველია.

13. პროდიუსერი/დისტრიბუტორი ვალდებულია ეროვნულ კინოცენტრს წარუდგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა როგორც ეროვნული კინოცენტრისგან (ეტაპების მიხედვით), ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებაზე.

14. მხარეთა შორის საკონკურსო დებულების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის (ვალდებულების დაგვიანებით ან არაჯეროვნად შესრულება, ვალდებულების შეუსრულებლობა ან სხვა) შემთხვევაში, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, გამოიყენოს ფინანსური სანქციები. კერძოდ, ეროვნული კინოცენტრი მხარეს დააკისრებს პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.05%-ის ოდენობით, ჯამში არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%-ისა, ხოლო სხვა, დამატებითი პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

15. ფინანსური სანქცია ან მეორე მხარის წინააღმდეგ მისაღები სხვა ზომა ეროვნული კინოცენტრის მიერ არ გამოიყენება, თუ:

ა) მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა განპირობებულია ეროვნული კინოცენტრის ბრალეულობით; ან

ბ) ეროვნული კინოცენტრის მიერ მხარისათვის შექმნილი იქნა ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მასთან მიმართებით დაშვებული იქნებოდა ისეთი შეღავათი, რომელიც პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ამ დებულებასა და „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებას“.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადაწყვეტილებას ფინანსური სანქციის ან მეორე მხარის წინააღმდეგ მისაღები სხვა ზომის გამოუყენებლობის შესახებ იღებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი სამინისტროს ან ეროვნული კინოცენტრის შიდა აუდიტის სუბიექტის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე.

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ეროვნული კინოცენტრის შესაბამის თანამშრომელთან მიმართებით შესაბამის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი