1. მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროები (შემდგომ – რენტგენოდანადგარები), რომლებიც გამოიყენება ვეტერინარული პროცედურებისთვის, ექსპლუატაციაში შეყვანისას უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტებს და გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. ვეტერინარული რ/დანადგარების დოკუმენტები, რადიაციული დაცვის ინსტრუქციები, სამუშაო პროცედურების აღწერა და მწარმოებლის მიერ მოწოდებული წყაროს გამოყენების ინსტრუქციები ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

3. ვეტერინარული რენტგენოდანადგარების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს მათი მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დანიშნულებას.

4. ვეტერინარული რენტგენოდანადგარების მომსახურება უნდა იყოს გაწერილი ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამაში.

5. ვეტერინარული  რენტგენოდანადგარების და გამოსახულების სისტემის ტექნიკური პარამეტრების გამოცდის სახეებია:

ა) ახალი რენტგენოდანადგარების მიღების გამოცდა;

ბ) დანადგარის ექსპლუატაციის პერიოდში, ხანგრძლივი სტაბილურობის გამოცდა (სტატუს ტესტი) წელიწადში ერთხელ;

გ) დანადგარის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების განსაზღვრის ან ჩამოწერის მიზნით;

დ) არაგეგმური, რომელიც წარმოებს დანადგარის ექსპლუატაციის პირობების შეცვლისას (მილაკის შეცვლა, ავარიული სიტუაცია, დანადგარების რემონტი) და სხვა.

6. იმ შემთხვევაში, თუ რენტგენის დანადგარის გამოშვების თარიღიდან გასულია 15 წელი, მისი ტექნიკური პარამეტრების კონტროლი/გამოცდა უნდა წარმოებდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ.

7. ვეტერინარული რენტგენოდანადგარების ტექნიკური პარამეტრების კონტროლს აწარმოებენ დაწესებულებები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ავტორიზაცია ტექნიკური გაზომვების განხორციელებაზე და სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. ვეტერინარული რ/დანადგარის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად და მათში მითითებული სიხშირით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ტექნიკური მომსახურება და დანადგარის შეკეთება უნდა დაფიქსირდეს ვეტერინარ – ოპერატორის მიერ მომზადებულ ჟურნალში. რომელშიც უნდა იყოს მითითებული:

ა) ტექნიკური  მომსახურების/სერვისის განმახორციელებელი ფირმა;

ბ) ტექნიკური მომსახურების ან შეკეთების თარიღი;

გ) ტექნიკური ან შეკეთების შედეგები და დასკვნები;

დ) სახელი, გვარი, ხელმოწერა და  თარიღი იმ პერსონალის, რომელმაც მიიღო ნამუშევარი.

9. ტექნიკური პარამეტრების გამოცდა წარმოებს დამტკიცებული მეთოდიკებით, გაიდლაინებით, ამ მიზნებისათვის განკუთვნილი შესაბამისი გამზომი საშუალებების გამოყენებით, რომელთაც გააჩნია დაკალიბრების სათანადო დოკუმენტაცია.

10. ტექნიკური პარამეტრების გამოცდის შედეგები უნდა გაფორმდეს შესაბამისი ოქმით (მიმდინარე კონტროლის შედეგები – ჩანაწერები ჟურნალში) ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ინახება ორგანიზაციაში, რომელმაც განახორციელა გაზომვა, მეორე კი – რენტგენოდიაგნოსტიკურ კაბინეტში.

11. ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობის შემთხვევაში, შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ავტორიზებულ პირს და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, ასევე მარეგულირებელ ორგანოს.

12. ვეტერინარული რენტგენის დანადგარის ტექნიკური პარამეტრების ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დანადგარის ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებამდე. ხელახალი შემოწმების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მისი ექსპლუატაციის გაგრძელებაზე.

13. რენტგენის დანადგარების ექსპლუატაციიდან გამოყვანა მოიცავს რენტგენოდანადგარის დემონტაჟს და რენტგენის მილაკის ამოღებას მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს მარეგულირებელ ორგანო