ყველა საფოსტო გზავნილი, მათ შორის, საფოსტო ამანათებით გაგზავნილი დახმარების ტვირთები და სხვა ქვეყნებიდან ინტერნირებულთა სახელზე გადმოგზავნილი ან მათ მიერ გაგზავნილი ფულადი თანხები, იქნება ეს უშუალოდ თუ 136-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობათა ბიუროსა და 140-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, თავისუფლდება ყოველგვარი საფოსტო გადასახადისაგან როგორც გამგზავნ და დანიშნულების ქვეყნებში, ისე შუალედურ სახელმწიფოებშიც. ამ მიზნით, კერძოდ, 1947 წლის მსოფლიო საფოსტო კონვენციითა და მსოფლიო საფოსტო კავშირის ხელშეკრულებებით მოწინააღმდეგე ქვეყნის სამოქალაქო პირებისათვის, რომლებიც ბანაკებსა და სამოქალაქო საპატიმროებში იმყოფებიან, გათვალისწინებული საფოსტო შეღავათები ვრცელდება წინამდებარე კონვენციით დაცულ ყველა ინტერნირებულ პირზეც. სახელმწიფოები, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულებების მონაწილენი არ არიან, ვალდებულნი არიან იმავე პირობებით უზრუნველყონ საფოსტო გადასახადებისაგან გათავისუფლება.

ინტერნირებულთათვის განკუთვნილი დახმარების ტვირთების ტრანსპორტირების ხარჯებს, რომლებიც მათი წონის ან სხვა მიზეზის გამო ფოსტით ვერ იგზავნება, გაიღებს სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ყველა ტერიტორიაზე. წინამდებარე კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიებზე ტრანსპორტირების ხარჯებს თავად გაიღებენ.

ასეთი ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც ზემოაღნიშნული აბზაცებით არ არის დაფარული, გამგზავნები გაიღებენ.

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ ინტერნირებულების მიერ გაგზავნილი ან მათთვის გაგზავნილი დეპეშების საფასურ