1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურების საშუალებით პასუხისმგებელია დაკვირვებების განხორციელებაზე და მეტეოროლოგიური შეტყობინებების შედგენაზე. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური შეიძლება ცალკე სადგურს წარმოადგენდეს ან სინოპტიკურ სადგურთან ერთად იყოს განლაგებული.

შენიშვნა: საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურების ხელსაწყოები, რომლებიც განლაგებულია აეროდრომის ფარგლებს გარეთ,  წარმოადგენს სადგურის განუყოფელ ნაწილს.

2. შეტყობინებების მომზადების მიზნით, საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები აწარმოებენ რეგულარულ დაკვირვებებს დროის ფიქსირებულ შუალედებში. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის, მიმდინარე ამინდის, ღრუბლების და/ან ჰაერის ტემპერატურის გარკვეულ ცვლილებებს, აეროდრომზე რეგულარული დაკვირვებები შეივსება სპეციალური დაკვირვებებით.

3. შეტყობინებებში უნდა მიეთითოს:

ა) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;

ბ) ინფორმაცია ხილვადობაზე;

გ) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე;

დ) მიმდინარე ამინდი აეროდრომზე და მის შემოგარენში;

ე) ინფორმაცია ღრუბლებზე;

ვ) ჰაერის ტემპერატურა და ნამის წერტილი;

ზ) ატმოსფერული წნევა;

თ) დამატებითი ინფორმაცია, საჭიროებისამებრ.

4. აეროდრომზე გამოყენებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების მიღება, რომლებიც დამახასიათებელია იმ რაიონისათვის, სადაც საჭიროა გაზომვების ჩატარება.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ხელსაწყოების განლაგების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობებით“ დადგენილი მოთხოვნები.

5. მეტეოროლოგიური ხელსაწყოები საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებზე უნდა განლაგდეს, ექსპლუატირებულ და მომსახურებულ იქნეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოთხოვნების, პრაქტიკის და პროცედურების შესაბამისად.

შენიშვნა:  სახელმძღვანელო მასალა მიღებული პრაქტიკის, პროცედურებისა და  ხელსაწყოების მახასიათებლების შესახებ მოცემულია მმო-ს N8 სახელმძღვანელოში, „მეტეოროლოგიური ხელსაწყოებისა და დაკვირვების მეთოდების სახელმძღვანელო“,  ტომი I, II და III.

6. დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად უნდა განთავსდნენ აეროდრომზე იმ გათვლით, რომ მათ მიერ მიწოდებული მონაცემები დამახასიათებელი იყოს იმ რაიონისათვის, სადაც აუცილებელია ჩატარდეს დაკვირვება.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური აღჭურვილობა წარმოადგენს დაკვირვების კომპლექსური ნახევრად ავტომატური სისტემის ნაწილს, ადგილობრივი სმმ-ის  მონიტორებზე ასახული მონაცემები უნდა იყოს იმ მონაცემთა შემადგენელი ნაწილი, რომელიც აისახება ადგილობრივი მეტეოროლოგიურ საწარმოს მონიტორებზე და უნდა გადმოიცემოდეს პარალელურ რეჟიმში. ყოველ მეტეოროლოგიურ ელემენტს ასახვისას უნდა დაერთოს იმ ადგილმდებარეობის შესაბამისი აღნიშვნა,  რომლისთვისაც ეს ელემენტი დამახასიათებელია. დაკვირვების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და ხელსაწყოების და ინდიკატორების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, სარემონტო სამუშაოების, პერიოდული ტექნიკური მომსახურებისა და დაკალიბრების შესრულება, წინასწარ შედგენილი წლიური გეგმა-გრაფიკის თანახმად. ხელსაწყოების სარემონტო სამუშაოების,  ტექნიკური მომსახურებისა და დაკალიბრების შედეგად, უნდა შედგეს ჩანაწერები, ელექტრონული ან ბეჭდური სახით, რომელიც უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, 3 წლის განმავლობაში.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების მეთოდებზე, ტექნიკურ მომსახურებასა და დაკალიბრებაზე მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ავტომატური მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტემები აეროდრომზე“ (Doc 9837).

8. აეროდრომი, რომელსაც აქვს ისეთი ადზ-ები, რომლებიც განკუთვნილია სახელსაწყო წესით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის I, II და III კატეგორიების მიხედვით, დასაფრენად შემოსვლის, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა აღიჭურვოს ავტომატიზებული საკონტროლო-გამზომი სისტემით, აგრეთვე, დისტანციური ინდიკატორებით მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის, ჰაერის ტემპერატურის, ნამის წერტილისა და ატმოსფერული წნევის საჩვენებლად. საკონტროლო-გამზომი სისტემა უნდა წარმოადგენდეს კომპლექსურ და ავტომატურ სისტემას, რომელიც აწარმოებს იმ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რეალურ დროში მიღებას, დამუშავებას, გავრცელებას და მონიტორზე ასახვას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, აგრეთვე მათ ასახავენ კომპლექსურ ავტომატურ სისტემაში. კომპლექსური ავტომატური სისტემის დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელსაწყოების რეზერვირების პროცედურა და ადამიანური ფაქტორები.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელებისათვის/ასახვისათვის გამოიყენება კომპლექსური ავტომატური ან ნახევრად ავტომატური სისტემა, მან უნდა უზრუნველყოს ისეთ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე დაკვირვების მონაცემების არაავტომატიზებული შეყვანის შესაძლებლობა, რომლებზეც დაკვირვებები ავტომატური საშუალებებით შეუძლებელია.

10. დაკვირვებები არის იმ შეტყობინებების შედგენის საფუძველი, რომლებიც ვრცელდება შეტყობინებების შედგენის აეროდრომზე და მის ფარგლებს გარეთ.

11. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცითა და დროითი ცვალებადობის, დაკვირვების მეთოდების შეზღუდულობისა და ზოგიერთი ელემენტის განსაზღვრის თავისებურებების გამო, ანგარიშში მოცემული თითოეული ელემენტის კონკრეტული მნიშვნელობა მიმღების მიერ აღქმული უნდა  იქნეს, როგორც დაკვირვების მომენტში არსებული ფაქტობრივი პირობების მაქსიმალურად ახლო მიახლოება.

შენიშვნა: ოპერატიული თვალსაზრისით სასურველი გაზომვის ან დაკვირვების სიზუსტის შესახებ მითითებები მოცემულია ამ წესის №10 დანართში