1. სარკინიგზო საწარმოები, ბილეთების გამყიდველები და ტუროპერატორები მგზავრებს უნდა სთავაზობდნენ ბილეთებს და, არსებობის შემთხვევაში, ერთიან ბილეთებსა და ჯავშნებს.

2. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შეუზღუდავად, სარკინიგზო საწარმოებმა, პირდაპირ ან ბილეთების გამყიდველების ან ტუროპერატორების მეშვეობით, მგზავრებს უნდა შესთავაზონ ბილეთები ქვემოთ მოცემული სულ მცირე ერთი სარეალიზაციო საშუალების გამოყენებით:

ა) საბილეთო სალაროები, სხვა სარეალიზაციო პუნქტები ან საბილეთო-სავაჭრო ავტომატები;

ბ) ტელეფონი, ინტერნეტი ან სხვა ფართოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციული ტექნოლოგია;

გ) მატარებლის ბორტი.

3. კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს მოსთხოვოს ბილეთების შეთავაზება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის, ერთზე მეტი სარეალიზაციო საშუალების გამოყენებით.

4. თუ გამგზავრების რკინიგზის სადგურზე არ არის საბილეთო სალარო ან საბილეთო-სავაჭრო ავტომატი, მგზავრებს რკინიგზის სადგურზე (გარდა გადამყვან-გადამზიდველის მიერ განსაზღვრული ცალკეული ბაქნებისა) უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია:

ა) ბილეთების ტელეფონით ან ინტერნეტით, ან მატარებლის ბორტზე შეძენის შესაძლებლობისა და შეძენის პროცედურის შესახებ;

ბ) რკინიგზის უახლოესი სადგურის ან ადგილის შესახებ, სადაც ხელმისაწვდომია საბილეთო სალაროები ან საბილეთო-სავაჭრო ავტომატები.

5. თუ გამგზავრების რკინიგზის სადგურზე არ არის საბილეთო სალარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ადაპტირებული საბილეთო-სავაჭრო ავტომატი ან სხვა ადაპტირებული საშუალება ბილეთის წინასწარ შესაძენად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა მიეცეთ ბილეთების მატარებლის ბორტზე შეძენის შესაძლებლობა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. სარკინიგზო საწარმოებს უფლება აქვთ ეს უფლება შეზღუდონ ან მასზე უარი თქვან საფუძვლიანი მიზეზით, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ბილეთების რეალიზაცია წინასწარ განსაზღვრული ადგილების რაოდენობის მიხედვით. თუ მატარებლის ბორტზე პერსონალი არ არის, სარკინიგზო საწარმომ უნდა აცნობოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ თუ არა ბილეთის შეძენა და თუ შეუძლიათ, მაშინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბილეთის შეძენის პროცედურის შესახე