1. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტის საფუძველზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიან აქტთან ერთად ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში არ შეიყვანება:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს გრანტი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი დოკუმენტის შემდეგ ცენტრი 15 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 15 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე