გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
080210017002062502
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2447-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ტასო კ------ა

წარმომადგენელი - ნინო ლ--–--–---–ი, მ-------ა მა-------ა

მოპასუხე - შპს ,,ხო---–-------–----ა’’

წარმომადგენელი - დავით შვ--–--ე

დავის საგანი - შრომის ხელშეკრულების უვადოდ დადებულად ცნობა. ტასო კ------ას სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა. იმავე თანამდებობაზე აღდგენა. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 750 ლარის ოდენობით (დასაბეგრი) 2017 წლის 02 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე დაყოვნებისას ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადახდა, 4 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ტასო კ------ას და მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა”-ს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადო შრომით სამართალურთიერთობად აღიარება.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა“-ს დირექტორის 2017 წლის 31 ივლისის N13/კ ბრძანების, მოსარჩელე ტასო კ------ას მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ -ბათილად ცნობა.

 

1.3. ტასო კ------ას შპს ,,ხო---–-------–----ის“ ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე აღდგენა.

 

1.4. ტასო კ------ას სასარგებლოდ, მოპასუხეზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება თვეში 750 ლარის ოდენობით (დასაბეგრი) 2017 წლის 02 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე დაყოვნებისას ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადასახდელად დაკისრება.

 

1.5. მოსარჩელე ტასო კ------ას სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა“-ზე, მოსარჩელის მიერ 4 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ასანაზღაურებლად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1988 წლის 16 აგვისტოს ქ. ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის ბრძანება №43 შესაბამისად, დაინიშნა ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე 0,5 განაკვეთზე. 1989 წლის 1 თებერვლის, ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის ლ. ხონელიძის №8 ბრძანებით ექიმ ლაბორანტი ტასო კ------ა ჩაირიცხა ძირითად შტატში.

 

2000 წელს, ქ. ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლი გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქუთაისის სამეანო-გინეკოლოგიურ საავადმყოფოდ’’ (ს/ნ 212693487). აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობა გააგრძელა ისევ ექიმი ლაბორანტის თანამდებობაზე. 2013 წლის 17 აპრილიდან მოხდა შპს-ს საფირმო სახელწოდების შეცვლა და მისი სახელწოდება გახდა შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა’’. ამ წლების განმავლობაში კლინიკასა და ტასო კ------ას შორის შრომითი ურთიერთობა მიმდინარეობდა უწყვეტად. 2017 წლის 10 აგვისტოს საფირმო სახელწოდება გახდა შპს ,,ხო---–-------–----ა’’. 2017 წლის 1 მაისს შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკასა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო ბოლო შრომითი ხელშეკრულება . ხელშეკრულება ძალაში იყო 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე. 2017 წლის 3 აგვისტოს ტასო კ------ა ჩვეულებრივად გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა საქმიანობას, მაგრამ როგორც დირექტორ დავით ხონელიძისგან შეიტყო, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო აღარ მუშაობდა აღნიშნულ შპს-ში, რასაც არ დათანხმდა ტასო კ------ა და ამის შესახებ განუცხადა დირექტორს. შესაბამისად, დარღვეული უფლების აღსადგენად მომართა სასამართლოს.

 

მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ტასო კ------ას სამსახურიდან გათავისუფლების ძირითადი მიზეზია ის ფაქტი, რომ მან არ შეასრულა დავით ხონელიძის მითითება, ყოფილი სიდედრის მიმართ, რომელიც მათ ორგანიზაციაში მუშაობდა, უარყოფითი დახასიათების გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერი საფუძვლები არსებობდა და სამსახურიდან მისი დათხოვნა არ მომხდარა მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის გამო, მოსარჩელე ვერ ადასტურებს პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილ იურიდიულ ინტერესის არსებობას. ნამდვილი იურიდიული ინტერესის გარეშე აღიარებით სარჩელის დაკმაყოფილებას კანონმდებლობა არ იცნობს. მოსარჩელე სამართლებრივად საერთოდ არ ასაბუთებს მოთხოვნას სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე. ვინაიდან არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც. იმდენად, რამდენადაც მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც დადასტურებულია ამ შესაგებელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებებით, არ არსებობს სამსახურში მისი აღდგენის საფუძველი. არც მისთვის იძულებითი განაცდურისა და მითუმეტეს დაყოვნებული თანხისათვის რაიმეს გადახდის ვალდებულება არ არსებობს. მოსარჩელე თავის ამ მოთხოვნას (შვებულების გამოუყენებლობის გამო კომპენსაცია) სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს შრომის კოდექსის 21-ე მუხლზე, მაგრამ ამ მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციისათვის აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც დადგენილია, 2017 წლის 15 ივლისის ბრძანების საფუძველზე, 13 სამუშაო დღის ოდენობით, მან კუთვნილი შვებულებით ისარგებლა. ამ პირობებში, შრომის კოდექსის 21-ე მუხლის გამოყენება არ შეიძლება. ამასთან, მათი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას და სამსახურიდან კ------ას გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნება ცნობილი, შრომის კოდექსის 21-ე მუხლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან შრომითი ურთიერთობა აღდგენილი იქნება სამსახურიდან მისი გათავისუფლების დღიდან, ხოლო ამ მუხლის მოთხოვნა იმ შემთხვევას აწესრიგებს, როცა შრომითი ურთიერთობა დასაქმებულის ინიციატივით შეწყდება. გარდა ამისა, მუშაკის სამსახურში ყოფნას აუცილებლად თან ახლავს მისი ფინანსური უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ------ას კლინიკაში სამსახურისათვის განსაზღვრული ჰქონდა ანაზღაურება თვეში 750 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელზე 600 ლარი უნდა მიეღო (ან მის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად ეს თანხა უნდა ჩარიცხულიყო). მარტო უკანასკნელი ათთვიანი პერიოდისათვის, მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, ნაცვლად 6.000 ლარისა, მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხულია 6.618 ლარი და 25 თეთრი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პერიოდში, მოსარჩელეს იმაზე მეტი თანხა აქვს მიღებული, ვიდრე ეს მასთან დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 1988 წლის 16 აგვისტოს №43 ბრძანებით ქუთაისის №2 სამშობიარო სახლისადმი, დადგენილია, რომ საშტატო ერთეულების მატებასთან დაკავშირებით ექიმ ლაბორანტის 0.5 განაკვეთზე შეთავსებით დაინიშნა ქუთაისის ავტოქარხნის მედნაწილის 0.5 განაკვეთზე მომუშავე ექიმ ლაბორანტი კ------ა ტასო იაკობის ასული 1988 წლის 8 აგვისტოდან და დაევალა სისხლის რეზუს კუთვნილების დადგენა. საფუძველი: ქალაქ ქუთაისის ჯანდაცვის განყოფილების 1988 წლის 01 აგვისტოს ბრძანება №70/ო. კადრების შემრჩევი კომისიის სხდომის ოქმი №1 1988 წლის 8 აგვისტოს და ქუთაისის ავტოქარხნის მედნაწილის ადმინისტრაციის თანხმობა ტასო კ------ას შეთავსებით მუშაობაზე.

მტკიცებულება:

ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.28);

 

3.1.2. 1989 წლის 01 თებერვლის №8 ბრძანებით, ქუთაისის №8 სამშობიარო სახლისადმი, დადგენილია, რომ შეთავსებით 0.5 განაკვეთზე მომუშავე კ------ა ტასო იაკობის ასული ჩაირიცხა ძირითად შტატში ა/წლის 30 იანვრიდან. საფუძველი: ტასო კ------ას განცხადება

მტკიცებულება:

ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.30);

 

3.1.3. 1989 წლის 04 მაისის №28 ბრძანებით, ქუთაისის №2 სამშობიარო სახლისადმი, დადგენილია, რომ ექიმ ლაბორანტის 0.5 განაკვეთზე მომუშავე კ------ა ტასო იაკობის ასულს გაუმთელდა განაკვეთი 1989 წლის 04 მაისიდან. საფუძველი: ტასო კ------ას განცხადება.

მტკიცებულება:

ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.29);

 

3.1.4. 2016 წლის 27 სექტემბრის შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის’’ დირექტორის №17/კ, ბრძანებით, ექიმ ლაბორანტის ტასო კ------ას შრომითი ანაზღაურება 2016 წლის 3 ოქტომბრიდან განისაზღვრა 750 ლარით.

მტკიცებულება:

ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.27);

 

3.1.5. დადგენილია, რომ ტასო კ------ას 2008 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით მოპასუხე ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 195.703.7 ლარი.

მტკიცებულება:

შემოსავლების სამსახურის ცნობა. (ტ.1. ს.ფ. 51-55).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2011 წლის 1 თებერვალს შპს ,,სამეანო-გინეკოლოგიურ საავადმყოფოსა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რომლის თანახმადაც დამსაქმებელმა სამუშაოზე მიიღო დასაქმებული ექიმი ლაბორანტის თანამდებობაზე, ხოლო დასაქმებულმა გამოთქვა თანხმობა და იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა შრომითი საქმიანობა მითითებულ სამუშაო ადგილზე ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებითა და დაცვით. დასაქმებულს უფლება ჰქონდა მოეთხოვა დასაქმებულისათვის ხელშეკრულებისა და საავადმყოფოს შინაგანაწესის შესრულება და ამ მიზნით კონტროლი გაეწია მის საქმიანობას; დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების, შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დამრღვევის მიმართ გამოეყენებინა კანონმდებლობითა და სამშობიაროს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული ღონისძიებები; მოეთხოვა დასაქმებულისაგან იმ ზიანის ანაზღაურება, რაც დასაქმებულის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან უმოქმედობით იქნებოდა გამოწვეული. დამსაქმებელი ვალდებული იყო შეექმნა დასაქმებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო და სათანადო პირობები; მოეხდინა შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ფორმით; დროებით შრომის უუნარობა თანამშრომლისთვის აენაზღაურებინა 30 კალენდარული დღის ოდენობით; დაეცვა და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობები. დასაქმებული უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა; მოეთხოვა შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით; მოეთხოვა დასაქმებულისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ესარგებლა ანაზღაურებადი და უხელფასო შვებულებით, დასვენებით უქმე დღეებში; მიემართა თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის. დასაქმებული ვალდებული იყო ემუშავა ხელშეკრულებაში მითითებულ სამუშაო ადგილზე, ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეესრულებინა მისთვის მინდობილი სამუშაო, დაეცვა შრომის შინაგანაწესი, შეესრულებინა დამსაქმებლის ბრძანებები და მითითებები; დაეცვა შრომის დისციპლინა და უსაფრთხოება; არ გაემჟღავნებინა დასაქმებულის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდებოდა სამუშაოს შესრულების დროს; გაფრთხილებოდა დაწესებულების ქონებას , უზრუნველ ეყო მისთვის ჩაბარებული ინვენტარისა და დოკუმენტაციის ჯეროვანი გამოყენება და დაცვა; დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დამსაქმებლისათვის ზიანი, რაც მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან უმოქმედობით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული; დაეცვა კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები. დამსაქმებელს დასაქმებულისთვის ყოველთვიურად, შრომის ანაზღაურების სახით უნდა გადაეხადა ხელფასი ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული წესით; ხელფასი უნდა გაცემულიყო ყოველი თვის პირველ ნახევარში, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 1 თებერვლიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო: მხარეთა შეთანხმება; ხელშეკრულების ვადის გასვლა; მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების დარღვევა; დასაქმებულის პროფესიული, ჯანმრთელობის ან სხვა უნარ-ჩვევების შეუთავსებლობა დაკავებულ თანამდებობასთან; საქართველოს შრომის კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები; თითოეული მხარე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, რის შესახებაც მეორე მხარისათვის უნდა ეცნობებინა 30 კალენდარული დღით ადრე; დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს უნდა მიცემოდა ერთი თვის გასამრჯელო.

მტკიცებულება:

- შრომითი ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.31-33);

- მხარეთ ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.2. 2012 წლის 1 თებერვალს შპს ,,სამეანო გინეკოლოგიურ საავადმყოფოსა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება 2011 წლის 1 თებერვლის პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე.

მტკიცებულება:

შრომითი ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.35-38);

 

3.2.3. 2013 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკასა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება 2011 წლის 1 თებერვლის და 2012 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მაისამდე.

მტკიცებულება:

შრომითი ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.39-41);

 

3.2.4. 2014 წლის 1 მაისს შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკასა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება 2011 წლის 1 თებერვლის, 2012 წლის 1 თებერვლის და 2013 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე

მტკიცებულება:

შრომითი ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.40-42);

 

3.2.5. 2014 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკასა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტასო კ------ა მიღებული იქნა ექიმი ლაბორანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 1 დეკემბრამდე.

მტკიცებულება:

შრომითი ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.43-45);

 

3.2.6. 2016 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკასა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტასო კ------ა მიღებული იქნა ექიმი ლაბორანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 01 მაისამდე.

მტკიცებულება:

შრომითი ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.46-48);

 

3.2.7. 2017 წლის 1 მაისს შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკასა’’ და ტასო კ------ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტასო კ------ა მიღებული იქნა ექიმი ლაბორანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 აგვისტომდე.

მტკიცებულება:

შრომითი ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.49-51);

 

3.2.8.შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის’’ 2017 წლის 7 აპრილის №12/ო ბრძანებით, შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის’’ ლაბორატორიის ექიმ-ლაბორანტს ტასო კ------ას სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადებისათვის მიეცა გაფრთხილება.

მტკიცებულება:

ახსნა-განმარტება (ტ.1.ს.ფ.)

ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.);

 

3.2.9. შპს ,,ლერი ხონელიძის’’ კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის უფროსის მ-------ა ფურცელაძის ახსნა-განმარტებით - ლაბორატორიული განყოფილების ექიმ-ლაბორანტი ტასო კ------ა მრავალგზის მითითებისა, კვლავ განაგრძობდა ლაბორატორიული განყოფილების უფროსის მ-------ა ფურცელაძის დავალებების უგულებელყოფას. ვერ ახორციელებდა კვლევებს იმუნოლოგიური, ბიოქიმიური კლინიკის ანალიზატორებზე, რაც განპირობებულია მისივე თქმით, უცხო ენის არცოდნით. არც ცდილობდა დაკავშირებოდა დახმარების მიზნით საჭიროების შემთხვევაში და მიმართავს სხვა ლაბორატორიებს დირექტივის მისაღებად. მისი მორიგეობის დროს ჩატარებული კვლევები არაკომპეტენტურია და არ შეესაბამება პაციენტის მდგომარეობას. ასეთ შემთხვევას არაერთხელ ჰქონია ადგილი. ლაბორატორიული სამსახურის უფროსი ცდილობდა გადაეწყვიტა პრობლემები საკუთარი ძალებით, მრავალჯერ განახორციელა ახალი ლაბორატორიის დალაგება-დასუფთავება მის გარეშე, რომელიც მითითებული იქნა ბატონი რობინზონის მიერ. სამედიცინო ხარისხის მართვის სისტემის კომისიის გადაწყვეტილების შედეგად მიღებული მითითება კვლავ არ სრულდება ტასო კ------ას მიერ და არ ხდება სამედიცინო გადაცდომების აღმოფხვრა. ასევე წინააღმდეგობებია მისი მხრიდან მორიგეობის დროს გამოძახების შემთხვევაშიც. ყოველივე ამას ემატება ის პირადი შეურაცხმყოფელი განცხადებები ლაბორატორიული სამსახურის უფროსის მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში.

მტკიცებულება:

ახსნა-განმარტება (ტ.1.იხ.ს.ფ.);

 

3.2.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ივნისს შპს ,,ლერი ხონელიძის’’ კლინიკაში შედგა ხარისხის მართვის სისტემის ერთეულის №23 სხდომა. დღის წესრიგს წარმოადგენდა სამედიცინო შეცდომა - გადაცდომის შემთხვევები ლაბორატორიაში. კრებამ განიხილა შპს ,,ლერი ხონელიძის’’ კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის უფროსის მ-------ა ფურცელაძის მოხსენებითი ბარათი. მ-------ა ფურცელაძემ კრებას გააცნო ლაბორატორიაში მომხდარი სამედიცინო შეცდომის და გადაცდომის შესახებ. მათ შორის ლაბორანტ ტასო კ------ას მიერ საშოს ნაცხის მზეზე ბუნებრივად გაშრობის თაობაზე.

კრებამ დაადგინა, რომ ტასო კ------ამ ჩაიდინა ეთიკური გადაცდომა, რომლის თაობაზეც მან ახსნა-განმარტების დაწერაზე უარი განაცხადა.

მტკიცებულება:

სხდომის ოქმი (ტ.1.იხ.ს.ფ.);

 

3.2.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს შპს ,,ლერი ხონელიძის’’ კლინიკის დირექტორის დ. ხონელიძის მიერ გამოიცა ბრძანება №13/კ, რომლის მიხედვით შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის’’ ექიმ-ლაბორანტი ტასო კ------ა, მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის არაერთჯერადი დარღვევისათვის, დასაქმებულის კვალიფიკაციის და უნარ ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესრულებულ სამუშაოსთან და შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა დაკავებული სამუშაო ადგილიდან 2017 წლის 01 აგვისტოდან.

მტკიცებულება:

ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.26-27);

 

3.2.12. მოსარჩელის მიერ მოწვეულმა მოწმედ დაკითხულმა მადონა მღვდელაძემ განმარტა, რომ პროფესიით არის ექიმი ლაბორანტი. მუშაობდა შპს ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში და გათავისუფლდა საკუთარი განცხადებით.

მისივე განმარტებით, ტასო კ------ა არის კვალიფიციური მუშაკი. ის შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში“ მარტო მუშაობდა როგორც ექიმი ლაბორანტი. იმუნოლოგიის აპარატთან ასევე მუშაობდა კვალიფიციურად.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.13. მოსარჩელის მიერ მოწვეულმა მოწმედ დაკითხულმა ლალი ჩეჩელაშვილმა განმარტა, რომ პროფესიით არის ექიმი ლაბორანტი. მუშაობდა შპს ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში. სამსახურიდან გათავისუფლეს, რის გამოც არის ნაწყენი მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე. ამჟამად მუშაობს ,,LG კომპანია“-ს ექიმ ბაქტეროლოგად.

მისივე განმარტებით, ტასო კ------ა არის კვალიფიციური მუშაკი. ის შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში“ მარტო მუშაობდა როგორც ექიმი ლაბორანტი. არის ბიოქომიკოსი.

მოწმემ განმარტა, რომ ნაცხი შრება ოთახის ტემპერატურაზე. პაციენტს აღებული ანლიზი თვითონ მიჰქონდა ლაბორატორიაში სადაც ხდებოდა მისი კვლევა.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.14. მოწმის სახით დაკითხულმა მაია კენჭოშვილმა განმარტა, რომ არის შპს ,,მულტი მედი“-ს ლაბორანტი. 1989 წლიდან მუშაობდა და 16 წელი იყო ლაბორატორიის გამგე. გაათავისუფლეს 2016 წლიდან. ტასო კ------ა იყო მისი მასწავლებელი და კარგი სპეციალისტი. მისივე განმარტებით, ნაცხის ოთახის ტემპერატურაზე გაშრობა არ არის დარღვევა. მისივე განმარტებით, წყენა აქვს მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ, რადგან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ლალი ჩეჩელაშვილის და მაია კენჭოშვილის ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან მათ წყენა გამოთქვეს მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ და შესაძლოა მათი ჩვენება არაობიექტური იყოს.

 

3.2.15. მოპასუხის მიერ მოწვეულმა მოწმე მ-------ა ფურცელაძემ განმარტა, რომ არის მოპასუხე ორგანიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

მისივე განმარტებით, ტასო კ------ა გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა ახალ აპარატურაზე ვერ მუშაობდა. არ ემორჩილება ხელმძღვანელს, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ დაწერა ახსნა-განმარტება.

მოწმემ განმარტა, რომ ნაცხი უნდა შრებოდეს ან ოთახის ტემპერატურაზე ან/და თერმოსტატში. მოსივე განმარტებით, ანალიზი (ნაცხი) პაციენტს მოაქვს მასალის ასაღები ოთახიდან და ხდება ტრანსპორტირება დერეფანში.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.16. მოწმის სახით დაკითხულმა ლანა ხუნდაძემ განმარტა, რომ ბრძანებით მივიდა უნივერსიტეტიდან პრაქტიკაზე მოპასუხე ორგანიზაციაში. ახსოვს, რომ მეუღლის ავტომანქანით, ტასო კ------ა ანალიზების (გამოსაკვლევად) პასუხის მოსამზადებლად წაიყვანეს ქ. ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ კლინიკაში.

მისივე განმარტებით, ვერაფერი ისწავლა პრაქტიკის განმავლობაში.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.17. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

3.2.18. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონშესაბამისად.

 

3.2.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

-დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხია და სასამართლოს კვლევის საგანია, ტასო კ------ასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების უვადო შრომით ხელშეკრულებად ცნობის საკითხის გარკვევა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ტასო კ------ას უნარ-ჩვევების შესაბამისობა მის თანამდებობასთან და მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის გამო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება.

 

-სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი - შპს ,,ხო---–-------–----ა“-ს დირექტორის, 2017 წლის 31 ივლისის N13/კ ბრძანება, მოსარჩელე ტასო კ------ას მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

ამასთან, ტასო კ------ას და მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა”-ს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა უნდა ჩაითვალოს უვადო შრომით სამართალურთიერთობად.

 

მოსარჩელე ტასო კ------ა აღდგენილი უნდა იქნას შპს ,,ხო---–-------–----ის“ ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე და უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური თვეში 750 ლარის ოდენობით, (დასაბეგრი) 2017 წლის 02 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე უნადა აუნაზღაურდეს დაყოვნებისას ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%.

 

სარჩელი მოსარჩელე ტასო კ------ას სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა“-ზე, მოსარჩელის მიერ 4 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

ევროპის სოციალური ქარტია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლოს დასკვნები ტასო კ------ას და მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა“-ს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადო შრომით სამართალურთიერთობად აღიარებასთან დაკავშირებით.

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-ლი, 2-ე და 3-ე ნაწილით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 

3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თავად ცნება ,,შრომის“ მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად“ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად“ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის“ ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

 

6.2. ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ,ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლს მიხედვით: ,,სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. სწორედ ამ კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მისაღწევად, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს: დასაქმების სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, დასაქმების უფასო სამსახურების შექმნას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტების დაფინანსებას და ა. შ. თავისთავად შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. შრომის უფლება ისეთ დებულებათა ნაკრებია, რომლებიც თანაბრად ითვალისწინებს როგორც ტრადიციულ თავისუფლებებს, ისე უფლებებისადმი თანამედროვე მიდგომებსა და ვალდებულებებზე ორიენტირებულ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს მკაცრად განსახორციელებელ სამართლებრივ მოვალეობებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. სიტყვა „შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის და ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად.

 

6.3. საქართველოში, შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია ,,შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით:

,,1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”.

ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილი და უზრუნველყოფილ ,,შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.

 

მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ მოსარჩელე ტასო კ------ა 1988 წლის 16 აგვისტოდან ექიმ - ლაბორანტად მუშაობს ქ. ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლში. 2000 წელს, ქ. ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლი გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქუთაისის სამეანო-გინეკოლოგიურ საავადმყოფოდ’’ (ს/ნ 212693487). მოსარჩელემ აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობა გააგრძელა ისევ ექიმი ლაბორანტის თანამდებობაზე. 2013 წლის 17 აპრილიდან მოხდა შპს-ს საფირმო სახელწოდების შეცვლა და მისი სახელწოდება გახდა შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა’’. ამ წლების განმავლობაში კლინიკასა და ტასო კ------ას შორის შრომითი ურთიერთობა მიმდინარეობდა უწყვეტად. 2017 წლის 10 აგვისტოს საფირმო სახელწოდება გახდა შპს ,,ხო---–-------–----ა“. ამდენად უდავოდ დადგენილია, რომ საქართველოში განხორციელებული სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების გამო, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაწესებულება ქ. ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლი, პროფილის შეუცვლელად გარდაიქმნა კერძო სამართლის სუბიექტად შპს-დ, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული ორგანიზაციის ერთპიროვნული დამაარსებელი არ არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა.

 

6.5. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ბ'' ქვეპუნქტის მიხედვით ,,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა”. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 13-ე მუხლით, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. (ამ მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ);

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ ტასო კ------ა უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში 1988 წლის 16 აგვისტოდან ექიმ - ლაბორანტად.

 

დადგენილია, რომ მასთან გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე. 2017 წლის 3 აგვისტოს ტასო კ------ა ჩვეულებრივად გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა საქმიანობას, მაგრამ როგორც დირექტორ დავით ხონელიძისგან შეიტყო, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო აღარ მუშაობდა აღნიშნულ შპს-ში და გათავისუფლებული იყო სამსახურიდან 2017 წლის 31 ივლისიდან.

 

6... ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება (2017 წლის 1 მაისი) დადებულია ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ტასო კ------ასთან შრომითი ურთიერთობა უწყვეტად გრძელდებოდა 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა ჩაითვალოს რომ სახეზეა უვადო შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად არ არსებობს მისი შეწყვეტის საფუძველი ვადის გასვლის გამო.

 

ამდენად ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ტასო კ------ას და მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა”-ს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა აღირებული უნდა იქნეს უვადო შრომით სამართალურთიერთობად.

 

სასამართლოს დასკვნები შპს ,,ხო---–-------–----ა“-ს დირექტორის 2017 წლის 31 ივლისის N13/კ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

6.7. დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხია დადგინდეს ტასო კ------ას გადაცდომის ხარისხი და მოპასუხის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესაბამისობა გადაცდომის ხარისხთან მიმართებით.

 

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას. ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან. სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას, სადაც მითითებულია ის ჩამონათვალი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებას.

 

6.8. დავის გადაწყვეტისას სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებისათვის ხელშემწყობი მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს მეწარმის უფლებას, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს კონტრაჰენტი, აირჩიოს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი, თავისი შეხედულებით დაიქირავოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, როგორც სამეწარმეო სუბიექტს გააჩნია საკუთარი მიზნები და იგი მოგებაზეა ორიენტირებული, აქედან გამომდინარე, საკუთარი მიზნის მისაღწევად საწარმოს შეუძლია საკუთრებითი წესრიგის მართლზომიერი მართვა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს მუშა-მოსამსახურეთა არჩევის უფლება წარმოადგენს, რომლებიც საწარმოს მიზნების რეალიზაციას უზრუნველყოფენ, თუმცა, როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

შრომითი დავის განხილვისას სასამართლო აფასებს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამათუიმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, დარღვეულია, თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.

სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის ნება, პირთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მართალია, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისია, მაგრამ აღნიშნული ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ დამსაქმებელის ეს უფლება შეუზღუდავია. ამგვარი ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები. ნებისმიერი სამოქალაქო უფლება შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით, ანუ დამსაქმებლის უფლება თავისუფალი კონკურენციისა და სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში აირჩიოს დასაქმებული, ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული.

 

6.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე ბრძანების (შპს ,,ხო---–-------–----ა“-ს დირექტორის 2017 წლის 31 ივლისის N13/კ ბრძანება) კონსტრუქცია, არ იძლევა ტასო კ------ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას, რადგან მოპასუხე ბრძანებაში არ უთითებს სამართლის არანაირ ნორმას და შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების აღწერილობით. როგორც აღინიშნა ტასო კ------ასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება უვადო შრომითი ხელშეკრულებაა. რაც შეეხება გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ საფუძვლებს, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს. თვით მოპასუხე ორგანიზაციის ხარისხის მართვის სხდომაზე მიიჩნიეს, რომ ნაცხის ანალიზის ფიზიკური საშუალებით (მზეზე) გაშრობა (რა გარემოებასაც სასამართლო სხდომაზე განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა მოპასუხის წარმომადგენელი), განიხილება ეთიკურ გადაცდომად და არა საექიმო შეცდომად, რასაც არ შეიძლება შედეგად მოჰყვეს პაციენტის უფლების (ჯანმრთელობის) ხელყოფა და რაც ბუნებრივია იმოქმედებს ორგანიზაციის ავტორიტეტზე. ამ მხრივ ასევე საყურადღებოა მოპასუხის მიერ მოწმედ მოწვეული მ-------ა ფურცელაძის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ნაცხი უნდა შრებოდეს ან ოთახის ტემპერატურაზე ან/და თერმოსტატში. მ-------ა ფურცელაძე ხელს აწერს ხარისხის მართვის კრების ოქმს, როგორც კომისიის ერთ ერთი წევრი და ამდენად მისი სასამართლოზე მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება ხარისხის ოქმის შინაარსს, რადგან დადგენილია, რომ ტასო კ------ა სწორედ ოთახის ტემპერატურაზე ახდენდა ლაბორატორიულ კვლევას.

 

რაც შეეხება სადავო ბრძანებაში მოპასუხის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ 2017 წლის 7 აპრილის 12/ო ბრძანებას ტასო კ------ას გაფრთხილების შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთერთი საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახეზე იქნებოდა სხვა ისეთი უხეში გადაცდომები, რაც აღწერილია შრომის კოდექსის 37-ე მუხლში.

 

კერძოდ - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ'' ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხოლო ერთი დისციპლინარული სახდელი - გაფრთხილება.

 

რაც შეეხება სადავო ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ მოხსენებით ბარათს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს პირადი წყენის გამომხატველ წერილს და არა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, მით უფრო არ წარმოადგენს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, რადგან დადგენილია, რომ ტასო კ------ას სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის არ ჩაუდენია ისეთი ხასიათის უხეში გადაცდომა (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ'' პუნქტი), რაც ეწინააღმდეგება მოპასუხე ორგანიზაციის შინაგანაწესს და რაიმე სახით ხელყოფს ორგანიზაციის რეპუტაციას და ავტორიტეტს.

 

ამ მხრივ ასევე უსაფუძვლოა მოწმე ლანა ხუნდაძის ჩვენება და ის გარემოება, რომ მან სასურველი ცოდნა ვერ მიიღო, არ შეიძლება რაიმე ფორმით უარყოფითად შეერაცხოს ტასო კ------ას, ხოლო მისი ჩვენების ის ნაწილი სადაც მითითებულია, რომ ტასო კ------ამ ანალიზი კვლევისთვის სხვა კლინიკაში წაიღო, სწორედ ტასო კ------ას საქმისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

 

6.10. სასამართლო აქვე აღნიშნავს, ეჭვგარეშეა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებით სასამართლო არავითარ შემთხვევაში აპირებს, წაახალისოს მუშაკის მიერ დადგენილი შინაგანაწესის დარღვევა თუმცა ამავე დროს, მოპასუხე, როგორც დამსაქმებელი, სავსებით უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიმართ გამოეყენებინა ნაკლებად მკაცრი სამსახურებრივი - დისციპლინური სახდელი (საყვედური, შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დაქვითვა და სხვა) და თავი შეეკავებინა უმკაცრესი ზომების გატარებისაგან (შინაგანაწესის 14.3 მუხლი).

სასამართლო, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პირთა სოციალური უფლებები, მიიჩნევს, რომ პირის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიღებული უმკაცრესი ზომა, მოითხოვს მეტ დასაბუთებას და არგუმენტაციას. წინამდებარე შემთხვევაში კი მოსარჩელის გათავისუფლება სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ფორმით შექმნილ (სამეწარმეო, არასამეწარმეო) სუბიექტს, უფლება აქვს, რა სამსახურში მიიღოს მუშაკი, ასევე შეუძლია მისი სამსახურიდან გათავისუფლება მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისას, თუმცა ეს უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ბრძანების გამოცემის გზით, ხოლო თავის მხრივ ბრძანება, კონსტრუქციით და შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. წინაღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია გააუქმოს კანონშეუსაბამო, ფორმის დაუცველად გამოცემული აქტი, როგორც ბათილი გარიგება.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით - გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით - მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სს კოდექსის 319-ე მუხლის მითითება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის შესახებ წარმოადგენს სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

6.11. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,..სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ გარიგების მართლსაწინააღმდეგოობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა. პალატამ განმარტა, რომ სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია.

 

6.12. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ასევე მიუთითებს შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ საერთაშორისო აქტებზე, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისგან. კერძოდ, „ევროპის სოციალური ქარტიის“, 4.4 მუხლით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის №1876-რს დადგენილებით), შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარ მიღების უფლება.

 

-ადამიანის სოციალურ უფლებებთან ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ ( ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-2 მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ, და კულტურულ დარგებში ნაციონალური მეცადინეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურის და რესურსების შესაბამისად ის უფლებები, რომელიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებისა და თავისუფალი განვითარებისათვის (იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა: გადაწყვეტილება ას-549-517-2010 19.10.2010;)

 

როგორც აღინიშნა, შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გაათავისუფლოს სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლებისათვის აუცილებელია არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები.

 

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების (გაფრთხილების) გარეშე გაათავისუფლა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან.

ყოველივე მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ მოპასუხე შპს ,,ხო---–-------–----ა“-ს დირექტორის 2017 წლის 31 ივლისის N13/კ ბრძანება, მოსარჩელე ტასო კ------ას მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლოა როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (ს.კ.54-ე მუხლი).

 

იმავე ან/და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დასაბუთება.

 

6.13. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ტასო კ------ას შრომითი ურთიერთობა მოპასუხე ორგანიზაციასთან უვადო შრომით ურთიერთობად იქნა მიჩნეული იგი უნდა აღდგეს იმავე ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მუშაკის უვადოდ სამსახურში მიღება არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელს არ შეუძლია პატივსადები მიზეზების არსებობისას მისი გათავისუფლება და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად - ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძლევადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როდესაც ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესიების გათვალიწინებით, არ შეიძლება, მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გარძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას წარმოადგენს, მაშინ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც რეგულირდება ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად მოსარჩელე აღადგინოს სამსახურში იმავე ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე, ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში ტასო კ------ას ადგილი ვაკანტურია, საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

მოტივაცია განაცდურის დაკისრების ნაწილში.

 

6.14. მოსარჩელე ითხოვს განაცდურის ანაზღაურებას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს განმარტოს ,,განაცდურის“ და ,,კომპენსაციის“ იურიდიული ,,ხასიათი“ და მათი მარეგულირებელი სამართლის ნორმები.

 

-საქართველოს ორგანული კანონით სასამართლოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით -დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

კომპენსაცია ეს არის, რაიმეს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, გასამრჯელო; ფულადი თანხა, რომელიც გაიცემა დასვენების დღეს მუშაობის, ზეგანაკვეთური მუშაობის, მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან ან გაგზავნასთან დაკავშირებით, საწარმოს, ორგანიზაციის, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების დროს, მოხელის განთავისუფლების დადგენილი წესის დარღვევისას, სამსახურიდან გათავისუფლებისას: დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის ან ატესტაციის შედეგების გამო; ასაკის ან სამსახურში მისაღებად დადგენილ მოთხოვნათა დაწესებულების მიზეზით დარღვევის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაცია - წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

6.15. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, ტასო კ------ა უნდა აღდგეს პირვანდელ ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე და მას სრული ოდენობით უნდა მიეცეს განაცდური (მოცდენა) შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობით, რაც თვეში შეადგენს 750 ლარს (დასაბეგრი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარება, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით - იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 414-ე მუხლით - ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

6.16. დადგენილია, რომ ტასო კ------ას სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა სრულიად უსაფუძვლოდ და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს, პირის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემიდან (გადაწყვეტილების აღსრულებამდე). ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ითვლება, რომ მუშაკი (მოხელე), კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან განთავისუფლებული არ არის, რის გამოც მას მიეცემა იძულებითი განაცდური ხელფასი, იმ ხელფასის შესაბამისად, რომელსაც იგი იღებდა სადავო ბრძანების გამოცემამდე, რაც ამ შემთხვევაში თვეში შეადგენს 750 (დასაბეგრი) ლარს, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

საქართველოს შრომის კოდესის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით - დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ტასო კ------ას იძულებით მოცდენა განპირობებულია დამსაქმებლის ბრალეულობით, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური გათავისუფლებიდან 2017 წლის 31 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 750.00 (დასაბეგრი) ლარის ოდენობით და ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის ასევე გადაუხადოს ტასო კ------ას დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

სასამართლოს დასკვნები - გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებაზე უარის ნაწილში.

 

6.17. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 4 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა შრომითსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას ე.წ მეცამეტე ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რაც გარდა კანონით გარანტირებული შრომის ანაზღაურებისა, დამატებითი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას მისცემდა დასაქმებულს.

 

ასევე დადგენილია, რომ ტასო კ------ა სარჩელით მოთხოვნილი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობა მოპასუხე ორგანიზაციაში და იღებდა ყოველთვიურად გასამრჯელოს, რაც დადასტურებულია თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ცნობით. (ტ.1. ს.ფ.51-55).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით - დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

მითითებული მუხლის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობის მოთხოვნა დასაქმებულის უფლებაა, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე ასახულია მხარეთა მიერ ხელმოწერილ შრომითი ხელშეკრულების 3.1. მუხლის 3.1.4. პუნქტში.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობით განხორციელდა მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია. თავად რესტიტუციის სამართლებრივი არსი გამორიცხავს დამსაქმებლისათვის იმაზე მეტი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, ვიდრე ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გვექნებოდა სახეზე. მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ ტასო კ------ამ 2017 წელს ისარგებლა კუთვნილი შვებულების ნაწილით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მას მიეცემოდა ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულება.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლომ საქმეზე Nას 578-553 განმარტა შემდეგი. ,,დამსაქმებლისათვის იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების სრულად დაკისრება გამორიცხავს დამატებით გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციას, რამდენადაც დაკისრებული თანხა მოიცავს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრულ ანაზღაურებას და დამატებით მე-13 თვის ანაზღუარებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა მოიხმობს სადავო საკითხის მარეგულირებელ ნორმას _ შრომის კოდექსის 21-ე მუხლს, რომელიც ადგენს დასაქმებულის უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 კალენდარული დღით (21.1. მუხლი). შეიძლება ითქვას, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს დასაქმებულის სოციალურ უფლებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლების _ შვებულებით სარგებლობის მინიმალურ სტანდარტს, რამდენადაც ამავე ნორმის მე-3 ნაწილით რეგლამეტირებულია შრომითი ხელშეკრულებით შვებულებით სარგებლობის განსხვავებულ ვადაზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობა იმ პირობით, რომ ეს შეთანხმება არ გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. კანონის ეს უკანასკნელი დანაწესი ნაკარნახევია ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის გენერალური დათქმიდან, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია, ასევე, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, თუმცა, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სახეზე უნდა იყოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობები... ანაზღაურებადი შვებულების უფლების არსის გასარკვევად პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, განიმარტოს ამ უფლების შინაარსი: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით შემოთავაზებულია შრომითი ურთიერთობის განსაზღვრება, კერძოდ, ეს არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რის გამოც მას ეძლევა ხელფასი, ანუ შრომის ანაზღაურება პირს სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მიეცემა. შრომის სამართალი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეჩერების ინსტიტუტს და შრომის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია შრომითი ურთიერთობის შეჩერების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა შორისაცაა ანაზღაურებადი შვებულება (შკ-ის 36.2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი). შრომითი ურთიერთობის შეჩერებასთან მიმართებით მოხმობილი ნორმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა) და „მ“ (ანაზღაურებადი შვებულება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (36.4 მუხლი). სწორედ შრომის ანაზღაურების ოდენობას უკავშირებს კანონმდებელი შვებულების თანხას და იგი განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით (შკ-ის 26-ე მუხლი), ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს შრომის სამართლით გარანტირებულ და საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც დასაქმებული არ ასრულებს სამუშაოს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას ეძლევა შრომის ანაზღაურება, შესაბამისად, გამოუყენებელი შვებულების საკითხი, თუ ხელშეკრულება სხვა დამატებითი მატერიალური სიკეთით დასაქმებულის სარგებლობას არ ითვალისწინებს (მაგალითად ე.წ მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება), მოიცავს კალენდარული წლის (იხ. სკ-ის 126.1 მუხლი) განმავლობაში დასაქმებულის შესაძლებლობას, ისარგებლოს დასვენების უფლებით, თუმცა, სრულად მიიღოს ამ პერიოდის შრომის ანაზღუარება (იხ. შკ-ის 22.1 მუხლი, დასაქმებულის უფლება, მოითხოვოს შვებულება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რაც მოპასუხემ ვერ შეძლო, ხოლო მოსარჩელემ დადასტურა მისი სამსახურიდან გათავისუფლების არაკანონიერება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ტასო კ------ას სარჩელი.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის დირექტორის დ. ხონელიძის 2017 წლის 31 ივლისის №131კ ბრძანება შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის’’ ექიმ-ლაბორანტის ტასო კ------ას სამუშაოდან გათვისუფლების თაობაზე.

 

3. ტასო კ------ა აღდგენილი იქნას შპს ,,ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის’’ ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე.

 

4. მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელე ტასო კ------ას გადაუხადოს იძულებითი განაცდური 2017 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 750 ლარი (დასაბეგრი). მოპასუხეს დაევალოს გადაუხადოს მოსარჩელე ტასო კ------ას გადასახდელად დაკისრებული იძულებითი განაცდურის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%.

 

5. სარჩელი 4 წლის გამოუყენებული შვებულების თანხის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი მოპასუხეს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე