გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
190210117001869799
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/666-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.07.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ზაკია აგაბალაევა

წარმომადგენელი ტანია რაზმაძე

მოპასუხე შალალა დუნიამალიევა

ლოგმან აგაბალაევი

წარმომადგენელი გელა ჯალიაშვილი

დავის საგანი გარიგების ბათილად ცნობა, ქორწინების დროს შეძენილი ქონების გაყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2015 წლის 26 ოქტომბერს ლოგმან აგაბალევსა და შალალა დუნიამალიევას შორის დადებული უძრავი ქონების - გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კოდი 81.19.08.204 ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში და ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ზაკია აგაბალაევას აღიარება.

1.2 ლოგმან აგაბალაევისათვის ავტომობილის VOLKSWAGEN CC sport სახ ნომერი L--------, ღირებულების ნახევრის 8358,3 ლარის დაკისრება.

(10.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის გარემოებები

 

2003 წლიდან ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ლოგმან აგაბალაევთან, ქორწინების რელიგიურად დადასტურება მოხდა 2010 წლის 7 ივლისს, ხოლო 2013 წლის 3 ოქტომბერს მოხდა ქორწინების რეგისტაცია. 2015 წლის სექტემბრიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და განქორწინდნენ. მოპასუხესთან ოჯახური ცხოვრების განმავლობაში 2013 წლის 22 ივლისს შეიძინეს გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 81.19.08.204, რომელიც მეუღლეების დაშორების შემდეგ უმოკლეს ვადაში მოპასუხემ თვალთმაქცურად აჩუქა თავის დას შალალა დუნიამალიევას. თავდაპირველად სადაო სახლში ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლებთან ერთად, თუმცა ისინი შემდეგში სხვა სახლში ცალკე საცხოვრებლად გადავიდნენ, მათ გადაუხადეს თანხა. მოსარჩელის განმარტებით, შეუღლების დროს იყო არასრულწლოვანი, თუმცა ყოველთვის ეხმარებოდა მეუღლეს ოჯახის მეურნეობაში, საოჯახო ფერმაში ზრდიდნენ შინაურ ფრინველებს და საქონელს, თავად წველავდა საქონელს და ბაზარზე მათი რეალიზაციით დააგროვეს თანხა. ასევე ეხმარებოდნენ მისი მშობლები, მათი მატერიალური დახმარებით სახლში შეიყვანეს წყლის გაყვანილობა, მიაშენეს ვერანდის ტიპის ფართი, რათა მუსულმანური ტრადიციებით გადაეხადათ შვილის ნათლობა.

 

ქორწინების პერიოდში შეიძინეს ასევე ავტომობილი VOLKSWAGEN CC sport სახ ნომერი L--------, რომლის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არის 16 717 ლარი და ამ თანხის ნახევარი უნდა გადაუხადოს მოპასუხემ მოსარჩელის თანასაკუთრების წილის ასანაზღაურებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

სადაო უძრავი ქონება მეუღლეთა ქორწინების დროს შეძენილი არ არის. ქონება იყო ლოგმან აგაბალაევის მშობლების და დების კომლის ქონება და მათზე იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. ქონების თანამესაკუთრეები იყვნენ ასევე მოსარჩელე და მხარეების არასრულწლოვანი შვილები. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ყველა თანამესაკუთრემ, მათ შორის მოსარჩელემ წილი საკუთრებაში გადასცა ლოგმან აგაბალაევს, რითიც თავისი წილი ქორწინებაშივე მეუღლეზე გაასხვისა.

 

ავტომობილი შეძენილია მხარეთა განქორწინებამდე, თუმცა ავტომობილს აღმოაჩნდა მნიშვნელოვანი დეფექტი, მას ხანძარი გაუჩნდა, რის შემდეგ მანქანა 2000 აშშ დოლარად მიჰყიდა სიძეს ქამრან დუნიამალიევს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ღირებულება გადაჭარბებულია, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზაკია აგაბალაევამ და ლოგმან აგაბალაევმა ოჯახი ფაქტობრივად შექმნეს 2003 წელს, რა დროსაც ზაკია აგაბალაევა იყო 15 წლის არასრულწლოვანი. მათი ქორწინება დარეგისტრირდა 2013 წლის 3 ოქტომბერს, ხოლო განქორწინდნენ 2016 წლის დასაწყისში. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 43-46. ტომი 1)

- შესაგებელი ( ს.ფ. 110-113. ტომი 1 )

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 20. ტომი 1)

 

3.1.2. ავტომობილი VOLKSWAGEN CC sport სახ ნომერი L-------- ლოგმან აგაბალაევმა შეიძინა ქორწინების პერიოდში, რომელიც 2015 წლის 16 ოქტომბერს გაასხვისა ქამრან დუნიამალიევზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 43-46. ტომი 1)

- შესაგებელი ( ს.ფ. 110-113. ტომი 1 )

- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 47-48. ტომი1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე სამი ნაგებობა (კოდი 81.19.08.204) ზაკია აგაბალაევას და ლოგმან აგაბალაევის დაქორწინებამდე იყო მოსარჩელის მეუღლის ოჯახის საკუთრება. ქონების თანამესაკუთრე, როგორ კომლის წევრი, იყო ასევე მოსარჩელე, ხოლო 2013 წლის 22 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქონების თანამესაკუთრეებმა თავიანთი წილი გაასხვისეს ლოგმან აგაბალაევზე.

 

2012 წლის 24 დეკემბერს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (კოდი 81.19.08.204) მესაკუთრეებად 2012 წლის 18 დეკემბერიდან დარეგისტრირდნენ ელზა აგაბალაევა, ზაკია ხალილოვა, ლოგმან აგაბალაევი, რაულ აგაბალაევი, რუსლან აგაბალაევი, ურფატ აგაბალაევი, შალალა დუნიამალიევა, ჯეიხუნა აგაბალაევა. ხალილოვა არის მოსარჩელე ზაკია აგაბალაევას ქორწინებამდელი გვარი. ამდენად, ქონების თანამესაკუთრე იყო ზალია აგაბალაევა. რაულ აგაბალაევი არის ზაკია და ლოგმან აგაბალაევის შვილი. ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია საარქივო ცნობა N 2012038706-3. ამდენად, თანასაკუთრების რეგისტრაციის საფუძველია საკომლო წიგნის ჩანაწერებში კომლის წევრად აღრიცხვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ სადაო უძრავი ქონება ზაკია აგაბალაევას და მის მეუღლის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი არ არის.

 

სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მეუღლეთა ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის საფუძვლები განმარტებულია შემდეგნაირად: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყო ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელის ერთერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსსკ 1161-1162-ე მუხლით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელის შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომით და სახსრებით, ასევე ის ქონება რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი............ ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანის, თუ ორივე მეუღლის მიერ“.

 

უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმით, კანონმდებელი ხელმძღვანელობის იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეთა საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობიდან მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არა აქვთ. აგრეთვე სხვა ქონება რომელიც შეძენილია მეუღლეების ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმის, თუ ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება საქმე №ას-1169-1089-2017).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე ქონება ქორწინების პერიოდში შეძენილად მიიჩნევა, თუ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება შეძენილია ან შექმნილია მეუღლეთა ერთობლივი შრომით მოპოვებული ფულადი სახსრებით, თუნდაც ქონება ერთი მეუღლის საკუთრებად აღირიცხოს ან ერთერთ მეუღლეს საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონოდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

ამ შემთხვევაში სადაო უძრავი ქონება ქორწინების პერიოდში შეძენილი არ არის, რადგან საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელის და მის არასრულწლოვანი შვილების გარდა ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ლოგმან აგაბალაევი და მისი ნათესავები - მშობლები და დები.

 

2013 წლის 22 ივლისს ერთის მხრივ გამყიდველებს ურფატ აგაბალაევს, ელზა აგაბალაევას, შალალა დუნიამალიევას, ჯეიხუნა აგაბალაევას, ზაკია ხალილოვას, რაულ აგაბალაევის კანონიერ წარმომადგენელს ზაკია ხალილოვას, რუსლან აგაბალაევს და მყიდველს ლოგმან აგაბალაევს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სადაო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გასხვისდა ლოგმან აგაბალაევზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტში ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ლოგმან აგაბალიევი. ხელშეკრულების მიხედვით, ქონების ნასყიდობის ფასია 10 000 ლარი.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ლოგმან აგაბალაევის ნათესავებს სადაო უძრავ ქონებაში არ უცხოვრიათ, ამ ქონებით სარგებლობდნენ ლოგმან აგაბალაევი და მისი მეუღლე ზაკია აგაბალაევა და მათი შვილები, რაც დასტურდება მოწმეების ჩვენებებით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, ქონებაზე 1158-ე მუხლის საფუძველზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის წესები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 1158-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი იმ გარემოების არსებობა, რომ ქონება შეძენილი ან შექმნილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში, ოჯახის საერთო სარგებლობისათვის. ამ შემთხვევაში, მართალია ნასყიდობის ხელშეკრულება ზაკია და ლოგმან აგაბალაევის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგაა დადებული, თუმცა ეს ქონება ქორწინების რეგისტრაციამდეც ლოგმან აგაბალაევის და ზაკია აგაბალაევას თანასაკუთრებაში იყო, შესაბამისად, მეუღლეებს მასზე მხოლოდ ნასყიდობის ხელშკრულების დადების შემდეგ უფლებები არ წარმოშობიათ. ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენად უნდა ჩაითვალოს ერთერთი ან ორივე მეუღლის ისეთი ქონების შეძენა, რომელზეც რაიმე უფლებები მეუღლეებს მანამდე არ გააჩნდათ და ეს უფლება მესამე პირისაგან შეიძინეს.

 

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ქონებით სარგებლობდა მხოლოდ ზაკია აგაბალაევა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სასამართლო სხდომებზე დაკითხული მოწმეების ეკიანა ისაევას, რამილა სადიკოვას და თელმან გასანოვის ჩვენებებით დასტურდება, რომ ლოგმან აგაბალაევის მშობლები ცხოვრობდნენ ცალკე, ხოლო ზაკია აგაბალაევა და ლოგმან აგაბალაევი შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ სადაო უძრავ ქონებაში. მხარეების შეუღლების შემდეგ მეუღლეები ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას, ჰყავდათ შინაური საქონლი ფერმა და პროდუქციის რეალიზაციით გზით ჰქონდათ ფინანსური შემოსავალი. მოწმეების განმარტებით, ზაკია აგაბალაევა ფიზიკური შრომით მონაწილეობდა საოჯახო მეურნეობაში, უვლიდა შინაურ საქონელს, ბაზარზე რეალიზაციას უკეთებდა საოჯახო ფერმაში მიღებულ პროდუქციას. საცხოვრებელ სახლში შეიყვანეს წყლის მილების გაყვანილობა, მიაშენეს ფართი.

 

მოპასუხეს უძრავი ქონების სარგებლობის გარემოებების შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მას სადაოდ არ აუხდია ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ სადაო სახლში, თუმცა უარყოფს მოსარჩელის ფიზიკურად საქმიანობის და ქონების გაუმჯობესების ფაქტს. მოპასუხეს ამ საკითხზე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის საწინააღმდეგო კონკრეტული გარემოებები არ მიუთითებია და საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. იგი შემოუფარგლა მხოლოდ მოსარჩელის პოზიციის უარყოფით ისე, რომ საწინააღმდეგო კონკეტული გარემოებები არ მიუთითებია.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 43. ტომი 1)

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 2-6, ტომი 1)

- მოწმეების ჩვენება (20.07.2017წ სხდომის ოქმი CD დისკი )

 

3.2.2. 2015 წლის 26 ოქტომბერს ლოგმან აგაბალაევსა და შალალ დუნიამლიევას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების - გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე სამი ნაგებობა (კოდი 81.19.08.204) მესაკუთრე გახდა შალალა დუნიამალიევა.

 

2015 წლის 26 ოქტომბერს შალალა დუნიამალიევას და ლოგმან აგაბალაევს შორის დადებულია ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე სამი ნაგებობა (კოდი 81.19.08.204) საკუთრებაში გადაეცა შალალა დუნიამალიევას.

 

შალალა დუნიამალიევა და ლოგმან აგაბალაევი არიან და-ძმანი.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 26 ოქტომბერიდან ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია შალალა დუნიამალიევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ჩუქების ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 39-42. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 43-44. ტომი 1)

 

3.2.3. ლოგმან აგაბალაევის და ზაკია აგაბალაევას ქორწინების ფატობრივი შეწყვეტის და 2015 წლის ოქტომბერში მისი გასხვისების დროს ავტომობილის VOLKSWAGEN CC sport სახ ნომერი L--------, საბაზრო ღირებულება შეადგენდა 16 717 ლარს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 მარტის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 16 ოქტომბრისათვის ავტომობილის VOLKSWAGEN CC sport სახ ნომერი L--------, საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს 16 717 ლარს.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტიზისათვის უცნობია რა მდგომარეობაში იყო ავტოსატრანსპორტო საშუალება. ასევე უცნობია მის გარბენი შეფასების თარიღისათვის. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შესაფასებელ ობიექტს შეფასების თარიღამდე მიღებული ჰქონდა დაზიანებები, რაც გათვალისწინებული იქნა შეფასების პროცესში. გარბენის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, შეფასებისას გათვალისწინებული იქნა საშუალო წლიური გარბენი და ობიექტის შეფასება მოხდა როგორც დანიშნულებისამებრ გამოყენებადის, გამართულ მდგომარეობაში. ექსპერტიზისათვის არაა ხელმისაწვდომი შესაფასებელი ობიექტის მსგავსი ან იდენტური საქონლის გაყიდვის შესახებ მონაცემები შეფასების თარიღისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასებისას ღირებულების განმსაზღვრელ მონაცემებს წარმოდგენს გამოშვების წელი, შეფასების თარიღი არის 2015 წლის 16 ოქტომბერი, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელია 2009. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოძიებული იქნა 2011 წელს დამზადებული მსგავსი ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვის შესახებ მონაცემები, რომელიც დაკორექტირდა, გამოთვლილი იქნა ღირებულების საშუალო მაჩვენებელი და მიჩნეული იქნა, რომ 6 წლის ასაკის შესაფასებელი ავტომობილის ღირებულება დღეს შესაძლებელია გავრცელდეს 2015 წლის 16 ოქტომბრისათვის და მიჩნეული იქნას იმ პერიოდში 6 წლის ასაკის მსგავსი ავტომობილის ღირებულებად. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით 2011 წელს დამზადებული შესაფასებელი ობიექტის მსგავსი სატრანსპორტო საშუალების საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს 7000 აშშ დოლარს. შესაბამისად, 2009 წელს დამზადებული ამავე მარკის მსგავსი სატრანსპორტო საშუალების საშუალო ღირებულება 2015 წლის ოქტომბრისათვის შესაძლებელი მიჩნეული იქნეს 7000 აშშ დოლარად, რაც იმ პერიოდის სავალუტო კურსის მიხედვით (1 აშშ დოლარი 2,3882 ლარი) შეადგენს 16 717 ლარს.

 

მოპასუხე ლოგმან აგაბალაევი არ ეთანხმება ავტომობილის ამ ღირებულებას. მისი განმარტებით, ავტომობილს ჰქონდა მნიშვნელოვანი დეფექტი, ძრავის დეტალი ე.წ. ტვინი დაუზიანდა, რის გამოც ავტომობილში გაჩნდა ხანძარი. ამის გამო ავტომობილი შეკეთების შემდეგ 2000 აშშ დოლარად მიჰყიდა სიძეს ქამრან დუნიამალიევს. მოპასუხემ ავტომობილის დაზიანების შესახებ მტკიცებულებად მიუთითა მოწმეების რაფაელ უზუბოვის, ზაბით ისაევის, რომან ბაბაევის, ქამრან დუნიამალიევის ჩვენებები. მოწმეთა განმარტებით, ავტომობილი ლოგმან აგაბალიევმა იყიდა რუსთავის ავტობაზრობაზე, მანქანას ჰქონდა ძრავის დეფექტი, რის გამო თბილისი-რუსთავის გზაზე მოძრაობისას გაუჩნდა ცეცხლი. რომან ბაბაევის განმარტებით მანქანას დაზიანებული ჰქონდა ე.წ ტვინი, ამ დაზიანების გამო იგი მასთან შესაკეთებლად მოიყვანა ლოგმან აგაბალაევმა. ქამრან დუნიამალიევის განმარტებით, მან 2000 აშშ დოლარად იყიდა ეს ავტომობილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე სადაო ავტომობილის საბაზრო ღირებულებად უნდა განისაზღვროს 16 717 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ავტომობილის დაზიანება მხარეთა ქორწინების პერიოდში არ მომხდარა. მოსარჩელე მოითხოვს ავტომობილის იმ ღირებულების გაყოფას, რაც ავტომობილს ჰქონდა მათ განქორწინებამდე და მის გასხვისების დროს.

 

სასამართლო მოწმეების და თავად მოპასუხის განმარტებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომობილის დაზიანების გამო ხანძარი გაჩნდა მეუღლეების დაშორების შემდეგ. (მოწმემ ზაბით ისაევის ჩვენება 15:1622სთ-15:1648სთ).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტომობილის ღირებულებად 2000 აშშ დოლარის განსაზღვრის დამადასტურებელი მტკიცებულებად მოწმე ქამრან დუნიამალიევის ჩვენება ვერ ჩაითვლება. იგი არის მოპასუხე ლოგმან აგაბალაევის სიძე, მოპასუხე შალალა დუნიემალიევის მეუღლე. ამდენად, იგი არის მოპასუხის ოჯახის წევრი, შალალა დუნიამალიევის მიმართ საქმეში აღძრულია ქონებრივი მოთხოვნა უძრავი ქონების გაყოფაზე, რის გამოც მისი მეუღლე მიუკერძოებელი განმარტებების მიცემით დაინტერესებული პირის არ არის, მას როგორც მოპასუხის ოჯახის წევრს გარკვეული დაინტერესება აქვს საქმის მოპასუხის სასარგებლოდ დასრულების მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის დაუსაბუთებლობაზე არ მიუთითებს ის ფაქტი რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოპასუხის მოთხოვნით ექსპერტიზა არ ჩაატარა და მოითხოვა შესაფასებელი ავტომობილის წარდგენა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 აპრილის წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ავტომობილი ვერ იქნა წარდგენილი ექსპერტიზაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია გარემოებები და შეფასების მეთოდი, რომლითაც შეფასდა ავტომობილის ღირებულება. ავტომობილის ღირებულება განსაზღვრულია მსგავსი, გამოშვების წელთან ყველაზე მიახლოებულ პერიოდში გამოშვებული იმავე მარკის და მოდელის ავტომობილთან შედარების გზით. ამასთან, ექსპერტიზის განჩინებაში არ დასმულა საკითხი ავტომობილის და მისი დეტალების შეფასების შესახებ, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით (მოითხოვს 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ღირებულების გაყოფას) ექსპერტს დაესვა შეკითხვა 2015 წლის ოქტომბრისათვის ავტომობილის ღირებულების განსაზღვრის შესახებ. შესაბამისად, შეკითხვა იმთავითვე შეიცავდა მოცემულობას, რომ ავტომობილის წარდგენა მისი ღირებულების შეფასებისათვის საჭირო არ იყო, რადგან კვლევის საგანი იყო ექსპერტიზის ჩატარებამდე 2 წლის წინანდელ პერიოდში ავტომობილის შეფასება.

 

ასეთ შემთხვევაში საექსპერტო შეფასების შედეგად დგინდება მსგავს ნივთებთან შედარების გზით ქონების საშუალო ღირებულება და არა ამ კონკრეტული ნივთის ღირებულება მისი ინდივიდუალური მახასიათებლების და თავისებურების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, თუ ბაზარზე არსებული ფასებისგან განსხვავებით რა კონკრეტული გარემოების გამო არის ნივთის ღირებულება არსებითად მცირე.

 

ამ შემთხვევაში მოპასუხე ნივთს მცირე ღირებულების მქონედ მიიჩნევს იმის გამო, იგი დაზიანებული იყო. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ავტომობილს დაზიანების გამო შეკეთება დასჭირდა მეუღლეების დაშორების შემდეგ, რის გამოც ქონების ღირებულება არ შემცირებულა ქორწინების პერიოდში.

 

სასამართლოს აღნიშნული გარემოებები გამო მიაჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დასაბუთებულია, მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასკვნაში მითითებული გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულებები, მან ავტომობილის ღირებულების შესახებ ვერ წარმოადგინა მიუკერძოებელი, საქმის შედეგით დაუინტერესებელი პირის ჩვენებები, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქონების ღირებულებაა 16 717 ლარი.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 67-68. ტომი 1 )

- მოწმეთა ჩვენება (20.07.2017წ სხდომის ოქმი CD დისკი )

- აქტი ექსპერტიზის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ (ს.ფ. 204. ტომი 1)

- მოპასუხის განმარტება (10.07.2018წ სხდომის ოქმი)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ავტომობილის ღირებულების ½ ნაწილის მოსარჩელისთვის გადახდა. ქორწინების პერიოდში მეუღლეთა მიერ ჩატარებული გამჯობესებების გამო, მოსარჩელემ მოიპოვა თანასაკუთრების უფლება, რის გამო ჩუქების ხელშეკრულებს ქონების ½ წილზე ბათილია და მოსარჩელე ცნობილი უნდა იქნას ქონების ½ წილის მესაკუთრედ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე, 1161-ე, 1152-ე, 1155-ე, 1163-ე, 1168-ე, 524-ე, 54-ე, 59-ე, 319-ე, 1160-ე, 312-ე, 990-ე, 185-ე, 953-ე, 964-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

1158-ე მუხლის საფუძველზე ქორწინების პერიოდში მეუღლეთა ან ერთერთი მეუღლის მიერ შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, თუ იგი შეძენილია მეუღლეთა საერთო შრომით, საერთო სახსრებით, რადგან ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში მეუღლეთა საქმიანობის მიზანია ოჯახის საერთო მეურნეობის განვითარება, ამ საკითხში საერთო პასუხისმგებლობის გაზიარება.

 

სადაო ქონება მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი არ არის, ქორწინების რეგისტრაციამდე, ასევე ფაქტობრივად დაქორწინებამდე ქონება ეკუთვნოდა ლოგმან აგაბალაევის ოჯახს, დაქორწინებამდე ქონებაზე თანასაკუთრების უფლება მოპასუხეს მოპოვებული ჰქონდა როგორც კომლის წევრს. ქორწინების პერიოდში ქონების სხვა თანამესაკუთრეებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება მთლიანად მას გადაეცა საკუთრებაში, რაც არ არის ქონების შეძენის მიზნით ნების გამოვლენა იმ მნიშვნელობით, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. სადაო ქონება ქორწინებამდე უკვე მოპასუხის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, რის გამოც მასზე 1158-ე მუხლით გათვალისწინებული თანასაკუთრების რეჟიმი ვერ გავრცელდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით განსაზღვრულია მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობის საფუძვლები. ამ ნორმის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

სამოქალაქო კოდექსით საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობისას მეუღლეთა საკუთრების საკითხი სპეციალურადაა მოწესრიგებული და გარდა 1158-ე მუხლისა, კოდექსი მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობის სხვა საფუძველსაც ითვალისწინებს.

 

2013 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ქონებით სარგებლობდნენ მხოლოდ ზაკია და ლოგმან აგაბალაევები შვილებთან ერთად. ზაკია აგაბალაევამ, ქონების მეუღლეზე გასხვისების მიუხედავად გააგრძელა ქონებით სარგებლობა, მეუღლესთან ერთად ამ ქონებაში ცხოვრობდა, ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. ქონების სხვა თანამესაკუთრეები, ლოგმან აგაბალიევის ოჯახის წევრები ამ ქონებაში არ ცხოვრობდნენ. ლოგმან აგაბალაევის მშობლები ცხოვრობდნენ სოფელ ჯანდარაში სხვა საცხოვრებელ სახლში, ხოლო შალალა დუნიამალიევა მეუღლის ოჯახში. ამდენად, ლოგმან აგაბალაევის ოჯახი დამოუკიდებლად ცხოვრობდა ამ უძრავ ქონებაში და მეუღლეები უძღვებოდნენ საოჯახო მეურნეობას.

 

მოსარჩელე ფიზიკური შრომით მონაწილეობდა საოჯახო მეურნეობის განვითარებაში, ოჯახს ჰყავდა შინაური ცხოველების ფერმა, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, რომლის მიერ ნამეტი პროდუქტის რეალიზაციით ოჯახი ფინანსურ შემოსავალს იღებდა, უძრავი ქონებაში მოსარჩელის ნათესავების დახმარებით გაყვანილი იქნა წყლის სისტემა, სახლზე მიაშენეს ვერანდის ფუნქციის კონსტრუქცია. ზაკია აგაბალიევას მიერ საოჯახო საქმეებში მონაწილეობა, ქონების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოების შესრულების ფაქტი დასტურდება მოწმეების ჩვენებებით. მართალია მოწმეები მოსარჩელის ნათესავები არიან, მაგრამ, ეს მათ ჩვენებაში მითითებული გარემოებების უარყოფის საფუძველი არ არის.

 

მოპასუხეს უძრავი ქონების საკითხზე საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადად ამ გარემოებების უარყოფით, თუმცა სარჩელის ამ გარემოებების საწინააღმდეგო კონკრეტული მტკიცებულებები არ მიუთითებია. მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმეების ჩვენებები შეეხებოდა სადაო ავტომობილის ღირებულებას, ხოლო უძრავი ქონების სარგებლობის გარემოებების შესახებ მოპასუხეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

ლოგმან აგაბალაევთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში სადაო უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი არის 10 000 ლარი, ხოლო შალალა დუნიამალიევთან დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ განცხადებული ქონების ღირებულებაა 20 000 ლარი. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ლოგმან აგაბალაევის მიერ ქონების ღირებულება შეფასდა 20 000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასის ორმაგ თანხად.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში მოსარჩელე ფიზიკურად საქმიანობდა საოჯახო მეურნეობაში, უვლიდა საოჯახო ფერმაში შინაურ საქონელს, ახდენდნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას, რის შედეგად მისი მონაწილეობით იქმნებოდა და ვითარდებოდა ოჯახის საერთო მეურნეობა, მეუღლეთა ერთობლივი საქმიანობით მიღებული შემოსავლით ჩატარდა უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოები, საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა მიშენება, გაიყვანეს წყლის საკომუნიკაციო ქსელი. ქორწინების პერიოდში გაიზარდა ქონების ღირებულება, რადგან ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული მისი ღირებულება ორჯერ აღემატება მანამდე დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ქონების ფასს.

 

რაც შეეხება ზაკია აგაბალაევას მიერ მეუღლესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მნიშვნელობას. ამ გარიგების დადებით მოსარჩელემ განკარგა თანასაკუთრების წილი, რაც მას როგორც კომლის წევრს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა, თუმცა ქორწინების განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო ქონების გაუმჯობესებაში, საოჯახო მეურნეობის განვითარებაში, ხელშეკრულების დადების შემდეგაც გააგრძელა ქონების სარგებლობა.

 

მოპასუხის განმარტებით, სადაო საცხოვრებელი სახლი აშენებულია მისი მშობლების მიერ, რაც არც მოსარჩელის მხრიდანაა სადაო, რადგან სარჩელის ფაქტობროვ გარემოებად არ არის მითითებული რომ სახლი მისი და მისი მეუღლის აშენებულია. მოსარჩელე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტრ, რომ მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ქორწინების პერიოდში, ასევე იმ გარემოებას, რომ მისი შრომით მოპოვებული მატერიალური სახსრებით სახლის სამეურნეო დანიშნულება მკვეთრად გაუმჯობესდა.

 

მართალია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადებით მოსარჩელემ და სხვა თანამესაკუთრეებმა მისი წილი გაასხვისეს ლოგმან აგაბალაევზე, მაგრამ საქმის გარემოებიდან გამომდინარე ამ გარიგების მიზანი იყო სწორედ ლოგმან აგაბალაევის ოჯახისათვის ქონების გადაცემა. მოპასუხეზე თავიანთი თანასაკუთრების წილი გაასხვისეს მისმა ნათესავებმაც - მშობლებმა, დამ, რის გამოც ამ გარიგების მიზანი იყო ლოგმან აგაბალაევის ოჯახის კეთილდღებისათვის ზრუნვა და მისი ოჯახის განვითარების მიზნებს ემსახურებოდა. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგაც ლოგმან აგაბალაევის ოჯახი ცხოვრობდა ამ უძრავ ქონებაში. სადაო საცხოვრებელი სახლი განკუთვნილი იყო მთელი ოჯახის სარგებლობისათვის და მხოლოდ ლოგმან აგაბალაევის ინდივიდუალური მოხმარების ხასიათი არ ჰქონდა. მოპასუხის ნათესავებმა ამ ხელშეკრულების დადებით გამოვლენილი ნებით დაადასტურეს, რომ ქონებაზე უფლებები ეკუთვნოდა ლოგმან აგაბალაევის ოჯახს.

 

სასამართლო ამ გარიგების ხასიათის მნიშვნელობისათვის მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმე №ას-7-7-2016) ასახულ განმარტებას, რომელიც სასამართლოს აზრით მსგავს საკითხს შეეხება. კერძოდ, ამ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც პალატამ განმარტა, რომ მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სსკ-ის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სსკ-ის 1155-ე მუხლი), თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება-მოვალეობებიდან (სსკ-ის 1159-ე და 1160-ე მუხლები) გამომდინარე არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ ძვირადღირებული საჩუქარი, რომელიც თვის დანიშნულებით არ წარმოადგენს ინდვიდუალური მოხმარების ნივთს, წარმოადგენს ოჯახისათვის გაკეთებულ საჩუქარს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლისათვის არის იგი გადაცემული. ამ გარემოების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომ ბინა წარმოადგენდა პირადა ი.გ----ის საჩიარას, აპელანტმა ვერ უზრუნველყო“

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინების პერიოდში ჩუქების ხელშეკრულების დადების შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, თუ რა იყო დასაჩუქრების მიზანი, ოჯახის საერთო სარგებლობისათვის ნივთის გადაცემა თუ ინდივიდუალური მოხმარების ნივთის გადაცემა ერთერთი მეუღლისათვის. შესაბამისად, სსსკ 1161-ე მუხლის მიხედვით ჩუქებით მიღებული ქონებაც ყოველთვის მეუღლის ინდივიდუალური ქონებად არ ჩაითვლება.

 

ამ განმარტებიდან გამომდინარე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლების დადგენის დროს მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა იყო გარიგების მიზანი, ოჯახის საერთო ინტერესების განხორციელება თუ ერთერთი მეუღლის ინდივიდუალური ინტერესების დაკმაყოფილება.

 

ამ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზანი იყო სწორედ ლოგმან აგაბალაევის ოჯახისათვის საკუთრების უფლების გადაცემა სადაო უძრავ ქონებაზე, რადგან თანასაკუთრების წილი მხოლოდ ზაკია აგაბალაევას არ გაუსხვისებია, თანასაკუთრების წილი ლოგმან აგაბალაევზე გაასხვისეს მისმა ნათესავებმაც, რითიც მათ გამოვლინეს იმის ნება, რომ თავიანთი წილის განკარგეს ძმის და შვილის ოჯახის სასარგებლოდ, რადგან მათთვის ცნობილი იყო რომ ამ ქონებით სარგებლობდა ლოგმან აგაბალაევი არა ინდივიდუალურად, არამედ ქონებაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულებებში მითითებული ქონების ღირებულებები მათ რეალურ საბაზრო ღირებულებას არ ასახავს, ეს ღირებულება არცერთ შემთხვევაში აუდიტორული დასკვნით ან ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად ლოგმან აგაბალაევის მიერ არის მითითებული 2015 წელს ქონების ორჯერ მეტი ღირებულება, ვიდრე მის მიერ მანამდე დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. . მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ხელშეკრულებებში მოპასუხის მიერ მითითებული ქონების ღირებულების ამგვარი განსხვავება სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას, რომ მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში შეფასებით დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მეუღლეთა ერთობლივი შრომით მიღებული ფინანსური სახსრებით შესრულებული სამუშაოებით ქონება გაუმჯობესდა და მისი ღირებულება ამის გამო გაიზარდა.

 

სადაო ქონებაზე მოსარჩელის უფლებების წარმოშობის საფუძვლების ანალიზისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზაკია აგაბალაევა ქონების თანამესაკუთრედ დარეგისტრირდა სწორედ როგორც ლოგმან აგაბალაევის მეუღლე, რადგან იგი მოპასუხის ოჯახის წევრი ამ გარემოების გამო გახდა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით გამოვლენილი ნებით მოპასუხის ნათესავებმა თავიანთი თანასაკუთრების წილი მოპასუხეს გადასცეს არა ინდივიდუალურ საკუთრებაში, არამედ ოჯახის სარგებლობისათვის. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგაც ზაკია აგაბალაევა და ლოგმან აგაბალაევი რეგისტრირებულ ქორწინების პირობებში სარგებლობდნენ ამ ქონებით, ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას, მოსარჩელის და მისი მეუღლის ფიზიკური შრომით ვითარდებოდა საოჯახო მეურნეობა, მათი ერთობლივი შრომის შედეგად იქმნებოდა და უმჯობესდებოდა ოჯახის მატერიალური სახსრები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, დადგენილია სპეციალური წესი, რომლის მიხედვით, ერთი მეუღლის ინდივიდულური საკუთრება შეიძლება გარდაიქმნას მეუღლეთა თანასაკუთრებად. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი საკუთრების უფლების ამგვარი ტრანსფორმაციის სხვა შემთხვევას არ ითვალისწინებს და ეს გამოწვეულია საოჯახო ურთიერთობის განსაკუთრებული შინაარსითა და მნიშვნელობით, რადგან ოჯახის არსებობა გულისხმობს საერთო მეურნეობის წარმოებას, მეუღლეების საერთო ინტერესების შესაბამისად მონაწილეობას ქონების განვითარებაში.

 

ამ ნორმის მიხედვით მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაზე მეორე მეუღლესაც წარმოეშობა თანასაკუთრების უფლება, თუ ქორწინების განმავლობაში ქონების გადაგეგმარების, მშენებლობის დასრულების, გადაკეთების ან სხვა გარემოების გამო მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი ღირებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია აღნიშნულ ნორმაში თანასაკუთრების წარმოშობის საფუძვლად გადაგეგმარების, მშენებელობის დასრულების, გადაკეთების გარდა ზოგადაა მითითებულია სხვა საფუძვლებზეც, მაგრამ სასამართლოს აზრით სხვა საფუძვლებში არ იგულისხმება უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოები.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 1163-ე მუხლი ადგენს ერთი პირის საკუთრებაზე სხვა პირის თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, ამ ნორმით რეგულირებული ურთიერთობა განსაკუთრებული შემთხვევაა და ქონების მხოლოდ მნიშვნელოვანი და არსებითი გაუმჯობესება და არა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ქონების სარგებლობისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები იწვევს თანასაკუთრების უფლების წარმოშობას. აქედან გამომდინარე, ქონებაზე გაწეულმა ხარჯებმა არსებითად უნდა გააუმჯობესოს ქონების სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულება, რის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება მისი ღირებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება არ იწვევს არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივად შეცვლას, მის ფიზიკურ, ხარისხობრივ და თვისობრივად განახლებას, ფართობის მნიშვნელოვნად გაზრდას.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული სამუშაოები უძრავი ქონებისათვის საჭირო მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს არ წარმოადგენს, ქონების სამეურნეო დანიშნულება გაუმჯობესდა წყლის მომარაგების სისტემის გაყვანით და მონტაჟით, სახლზე ფართის მიშენებით, რაც მოსარჩელის განმარტებით საჭირო გახდა მუსლიმური ტრადიციით შვილი ნათლობის ცერემონიის აღსანიშნავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 1163-ე მუხლით დადგენილი წესით მეუღლეთა თანსაკუთრების წარმოშობის შემდეგ თანასაკუთრების გაყოფაზე ვრცელდება 1168-ე მუხლი, რომლითაც დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან თითოეული მეუღლის წილი თანაბარია. შესაბამისად, სადაო ქონებიდან ½ წილი მხარეთა განქორწინების დროისათვის შეადგენდა მოსარჩელის თანასაკუთრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ ნაწილში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილია, რადგან იგი დადებულია მოსარჩელის თანასაკუთრების წილზე, რის გამოც მოპასუხემ ქონებაზე საკუთრების უფლება უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებულ პირად მიიჩნევა პირი, რომლის კანონიერი ინტერესი და უფლება გარიგებით შეილახა, ასეთი შეიძლება იყოს როგორც გარიგების მხარე, ასევე მესამე პირი, თუ სხვა პირების მიერ გარიგების დადებით შეილახა მისი კანონიერი უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამ ნორმით აღიარებულია სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპი მხარეთა ავტონომია, რაც ნიშნავს პირის უფლებას ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილისამებრ დადოს ხელშეკრულება და განსაზღვროს მისი შინაარსი. თუმცა მხარეთა ნების ავტონომია, სახელშეკრულებო თავისუფლება არ არის შეუზღუდავი, აბსოლუტური უფლება. ამავე ნორმით დადგენილია პირის უფლება კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება. ამდენად, ხელშეკრულების დადების თავისუფლება შეზღუდულია კანონით დადგენილი სავალდებულო, იმპერატიული მოთხოვნებით. ხელშეკრულების დადების დროს დაცული უნდა იყოს ასევე უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სადაო ჩუქების ხელშეკრულებით დარღვეულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, რადგან ამ გარიგებით მოპასუხემ განკარგა სადაო ქონებიდან მეუღლის თანასაკუთრების წილი, ხოლო ქონება საკუთრებაში გადასცა ახლო ნათესავს დას.

 

სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომ რომელიც მეუღლეთა თანსაკუთრებაში ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ცნობილი ბათილად მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთახნმება გარიგებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი, მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში ერთერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს იმ მეუღლის პრეტენზიისგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ არის, თუმცა მას ეს უფლება გააჩნდა, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში თანასაკუთრების მოპოვების გამო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე შალალა დუნიამალიევას უფლებებს არ იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რადგან მთელ ქონებაზე მოპასუხე ლოგმან აგაბალაევის ინდივიდუალური საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის ნამდვილი უფლების საფუძველზე. სადაო ქონება იყო მეუღლეთა საერთო ქონება, რაც ცნობილი იყო ასევე ქონების შემძენის შალალა დუნიამალიევასათვის, რადგან იგი არის მოპასუხის და რის გამოც მისთვის ცნობილი ქონების სარგებლობის გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, 1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

სასამართლო რეესტრში რეგისტრაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ძალაში არსებობის ფაქტი, რეგისტრირებული უფლების ნამდვილობაზე არ მიუთითებს. უფლების რეგისტრაციის სისწორისათვის განმსაზღვრელია უფლების წარმოშობის საფუძველი, მისი მართლზომიერება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გარიგების მხარეები არიან ახლო ნათესავები, შალალა დუნიამაილევასთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება იყო მეუღლეთა თანასაკუთრება. შესაბამისად მათთვის ცნობილი იყო ქონებაზე მოსარჩელის უფლებების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ქონების გასვისების უფლება აქვს მხოლოდ მესაკუთრეს, პირს, რომელსაც ნამდვილი უფლების საფუძველზე აქვს მოპოვებული ქონების საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. სადაო ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა ზაკია აგაბალაევას თანხმობის გარეშე, რის გამოც ჩუქების ხელშეკრულება დადებულია კანონის დარღვევით და იგი ბათილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 990-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის, ამავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებთან ერთობლიობაში განხილვით სასამართლოს მიაჩნია, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას კანონი იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის უფლებრივი პრეტენზიისაგან. შალალა დუნიამალიევა სადაო გარიგების დადებისას კეთილსინდისიერად არ მოქმედებდა, რადგან მისთვის ცნობილი იყო მისი ძმის ქორწინების შესახებ, აქედან გამომდინარე ქონებაზე მოსარჩელის უფლებების შესახებ, რის მიუხედავად საკუთრებაში მიიღო მთელი ქონება.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლოგმან აგაბავალაევი არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სადაო უძრავი ქონება მთლიანად, რადგან ქონებაზე უასყიდლო გარიგება დადო მოსარჩელის - ქონების თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. მოპასუხე შალალა დუნიამალიევა აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სადაო ქონებაზე უფლებები გააჩნდა მისი ძმის მეუღლეს და არაკეთილსინდისიერად საკუთრებაში მიიღო მოსარჩელის კუთვნილი თანასაკუთრების წილი. ამდენად, ხსენებული ჩუქების ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია, ხოლო შალალა დუნიამალიევამ სამოქალაქო კოდექსის 990-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე უფლებამოსილ პირს - მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული ქონება - უძრავი ქონების ½ წილი.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ავტომობილის ღირებულების ½ ნაწილის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონება არის მეუღლეთა თანასაკუთრება იმის მიუხედავად, რომ ერთერთ მეუღლეს საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

ავტომობილი VOLKSWAGEN CC sport სახ ნომერი L--------, შეძენილია მხარეთა ქორწინების რეგისტრაციის განმავლობაში. შესაბამისად, ავტომანქანა არის ზაკია აგაბალაევას და ლოგმან აგაბალაევის საერთო საკუთრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან თითოეული მეუღლის წილი თანაბარია.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა ავტომანქანის ღირებულებიდან მისი კუთვნილი წილის ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 961-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნივთის ნატურით გაყოფით, რაც ნიშნავს ნივთის ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფას მისი ღირებულების შემცირების გარე. ნივთის ნატურით გაყოფა შესაძლებელია, თუ დაყოფის შედეგად წარმოქმნილი საგნები შეინარჩუნებენ თავიანთ სამეურნეო ან საყოფაცხოვრებო დანიშნულებას. ნივთის ნატურით გაყოფის საკითხის გასარკვევად გასათვალისწინებელია ნივთის ჩვეულებრივი, სამეურნეო ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების თავისებურებები.

 

მხარეთა თანასაკუთრების ობიექტია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნატურით გაყოფა, მისი ნაწილებად გაყოფა ისე, რომ არ მოისპოს ნივთის სამეურნეო დანიშნულება, შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული დეტალი წარმოადგენს ავტომანქანის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელთა გამოცალკევებაც იწვევს ავტომანქანის ჩვეულებრივი სამეურნეო დანიშნულების მოსპობას, ავტომანქანის ექსპლოატაცია შეუძლებელია მისი შემადგენელი დეტალების გარეშე. ამდენად, ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი, რომლის ნატურით გაყოფა დაუშვებელია.

 

ამასთან, ქონება ლოგმან აგაბალაევის საკუთრება არ არის. მხარეებს შორის ოჯახური ცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ ავტომობილი გაასხვისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. ამ ნორმის მიხედვით, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შეუძლებლობის შემთხვევაში, საზიარო უფლება უქმდება თანამესაკუთრეებს შორის ნივთის საფასურის გაყოფის გზით.

 

სადაო ავტომანქანის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით მიხედვით შეადგენს 16 717 ლარს, მოსარჩელე მოითხოვს მანქანის ღირებულებაში მისი წილის ასანაზღაურებლად 8358,3 ლარს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან მისი კუთვნილი 1/2 წილის შესაბამისად უნდა აუნაზღაურდეს 8358,3 ლარი.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, თუმცა თავდაპირველ მოთხოვნაში მითითებული სარჩელი ფასი შემცირდა, რადგან მოსარჩელემ შეამცირა ავტომობილის ღირებულების გაყოფის მოთხოვნა - 16 380 ლარის ნაცვლად მოითხოვა 8358.3 ლარის გადახდა. სადაო უძრავი ქონების ღირებულებაა 76 280 ლარი, ხოლო მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა 838,3 ლარი, ჯამურად სარჩელი ფასია 83 811,7 ლარი, ნაცვლად თავდაპირევლი სარჩელის ფასისა 92 170 ლარი. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 2766 ლარი, ხოლო მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნის სარჩელის ფასის 3% არის 2514,35 ლარი. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 251,65 ლარი, ხოლო მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს 2514,35 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულების 83 811,7 ლარის 4% არის 3352,46 ლარი, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრებას, რაც განსაზღვრულია მოსარჩელესა და ადვოკატ ტანია რაზმაძეს შორის 2017 წლის 10 მარტს დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით. ამდენად, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების ხარჯი მოთხოვნილია გონივრული ოდენობით და მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ზაკია აგაბალაევას სარჩელი;

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 26 ოქტომბერს ლოგმან აგაბალაევსა და შალალა დუნიამალიევას შორის დადებული უძრავი ქონების - გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ნაგებობების (კოდი 81.19.08.204) ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში;

1.2. გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე 1500 კვ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ნაგებობების (კოდი 81.19.08.204) ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარებული იქნას ზაკია აგაბალაევა;

1.3. ლოგმან აგაბალაევს დაეკისროს ზაკია აგაბალაევასათვის 8358,3 ლარის გადახდა;

 

2. ლოგმან აგაბალაევს და შალალა დუნიამალიევას დაეკისროთ ზაკია აგაბალაევასათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2514,35 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის 2000 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი