1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას;

ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2. სახელის ან გვარის შეცვლის, ასევე ჩანაწერში უზუსტობის დადგენის შემთხვევაში ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნას, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, ასევე უნდა დაერთოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ შესაბამისი დოკუმენტი.

3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

4. შესაცვლელი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, მისი წარმოდგენის შემთხვევაში, ანულირების შემდეგ, პირადობის (ბინადრობის) ახალ მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

5. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

7. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი, მისი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში ექვემდებარება ანულირებას, რისთვისაც აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე. აღნიშნული წესი არ ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ცხინვალის რეგიონიდან (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომელთაც ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი დაუბრუნდებათ ანულირების გარეშ