1. დაწესებულებაში ხელმძღვანელის მიერ უნდა დაინიშნოს ბიოუსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ რჩევებსა და მითითებებს აძლევს თანამშრომლებს. დაწესებულების ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, ბიოუსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციები შესაძლებელია შეითავსოს დაწესებულებაში მომუშავე შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელმა.  ბიოუსაფრთხოების ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე და აქვს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები. იგი არ ექვემდებარება სამუშაოს განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს.

2. ბიოუსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:

ა) ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე ყველა გეგმის, პროტოკოლის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურის (სოპ) ბიოუსაფრთხოების საკითხების განხილვა და შეთანხმება, ასევე ქიმიური საფრთხის შემცველი მასალის და/ან ინფექციური აგენტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის/სწავლებისა და სადიაგნოსტიკო სამუშაოებისათვის უკვე დამტკიცებული სოპ-ების ცვლილებების მომზადება;

ბ) ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს შექმნა, მოდიფიცირება, პერიოდული შესწორება და დაწესებულების პერსონალისათვის გაცნობა;

გ) ბიორისკებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა პერსონალთან ერთად;

დ) პერიოდული ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა ლაბორატორიული სამუშაო მეთოდებისა და პროცედურების დასაცავად;

ე) უბედური შემთხვევისა თუ ინციდენტის შესახებ ანგარიშის მომზადებასთან, მოკვლევასთან და შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და/ან მათში მონაწილეობის მიღება და აღნიშნულ საკითხებზე ანგარიშგება ხელმძღვანელობასა და ბიორისკის მართვის კომიტეტთან;

ვ) სამეცნიერო და/ან სხვა პერსონალისათვის ბიორისკებთან დაკავშირებული  შესაბამისი განახლებული ინფორმაციისა და რჩევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) ბიორისკის მართვასთან დაკავშირებული რჩევების მიწოდება დაწესებულების სხვადასხვა განყოფილებისა და ხელმძღვანელობისათვის;

თ) ბიორისკებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ი) კონტროლის დაწესება, რათა ყველა სამუშაო შესრულდეს ბიორისკის რეგულაციების მოთხოვნების დაცვით და გაიცეს ბიორისკთან დაკავშირებული ყველა სამუშაო ნებართვა;

კ) ბიოუსაფრთხოების კომიტეტის გადაწყვეტილებების დანერგვაში მონაწილეობა;

ლ) უბედური შემთხვევებისა და ლაბორატორიული ინციდენტების მოკვლევა და მათზე რეაგირება. გადაუდებელი რეაგირების გეგმის შემუშავება ბიოლოგიური საფრთხის შემცველი მასალის შემთხვევით დაღვრასა და პერსონალის კონტამინაციაზე საპასუხოდ;

მ) ბიოუსაფრთხოების წესების, სამუშაო მეთოდების ან პროცედურების ნებისმიერი მნიშვნელოვანი პრობლემის და კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი შემთხვევის ან დაავადების შესახებ ხელმძღვანელობისათვის შეტყობინება;

ნ) რესპირატორული სისტემის დაცვის პროგრამის დანერგვა და განხორციელება;

ო) სამედიცინო ზედამხედველობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

პ) ბიოუსაფრთხოების კუთხით დაწესებულების მშენებლობის და რეკონსტრუქციის გეგმის და საინჟინრო-ტექნიკური მახასიათებლების განხილვისა და შემდგომი ინსპექტირების უზრუნველყოფა;

ჟ) შესაბამისი სოპ-ების და გაიდლაინების შექმნის, დამტკიცებისა და დანერგვის ზედამხედველობა.

3. საველე ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის ხელმძღვანელი პირი პასუხისმგებელია, განახორციელოს მის დაქვემდებარებაში მყოფი საველე ეპიდემიოლოგების, ვეტერინარების კონტროლი და დარწმუნდეს, რომ ისინი იყენებენ ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის კარგ პრაქტიკას/ჩვევებს და წესებს საველე პირობებში მუშაობისას.

4. ბიოუსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე მომუშავე პირს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, სამედიცინო, ბიოლოგიურ ან ვეტერინარულ მეცნიერებაში და ასევე უნდა გააჩნდეს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში პათოგენებზე მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების ცოდნა. ინსტიტუტის ბიუსაფრთხოების ოფიცერს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სწავლების კურსი პროფესიულ ბიოუსაფრთხოებაში და  ასევე თეორიული სწავლების შესაბამისი კურსი, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით ან სხვა მსგავსი დოკუმენტით. ცალკეულ დაწესებულებებში (კლინიკები, ლაბორატორიული უზრუნველყოფის სადგურები და სეს-ის საველე ოფისები) უნდა დაინიშნოს პირი, რომელსაც დაეკისრება მცირე ზომის დაწესებულებასთან ასოცირებული გარკვეული პასუხისმგებლობები ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის კუთხით. აღნიშნულ ბიოუსაფრთხოების წარმომადგენლებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლებები ბიოუსაფრთხოებასა და ბიოდაცვაში მათი პასუხისმგებლობის დონის შესაბამისა