1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს და მიმწოდებელს ამ წესების შესაბამისად. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებლებს მოემსახუროს არადისკრიმინაციულობის პრინციპით და თანაბარი პირობებით.
2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის გამართულ მუშაობაზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ მიღებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისი მიმწოდებლისთვის მიწოდება;
3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია:
ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობების, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, მოვლა-პატრონობასა და შემოწმებაზე;
ბ) ამა თუ იმ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე მიმწოდებლის მოთხოვნის ოპერატიულად შესრულებაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვაზე;
დ) მომხმარებელთა მუდმივი მომსახურების – მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების უზრუნველყოფაზე;
ე) ამ წესებით და სალიცენზიო პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე.
4. მიმწოდებელსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ყველა მიმწოდებელთან გააფორმოს სტანდარტული ხელშეკრულება გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გადაუხადოს მომსახურების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისად; ასევე, უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხიდან განაწილების მომსახურების საფასურის ავტომატური გადარიცხვა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე.