1. კონსერვების დამზადება ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებში, რომლებშიც წარმოებს ყოველთვიური მიკრობიოლოგიური კონტროლი.
2. კონსერვების დამზადების ძირითადი წარმოება უნდა განთავსდეს საერთო სათავსში, სადაც აუცილებლად უნდა გამოიყოს სოუსის მოსახარში, ავტოკლავის განყოფილებები და ტარისა და ინვენტარის რეცხვისათვის ორი განცალკევებული განყოფილება, აგრეთვე: ნედლეულის, შესაწვავი, ბლანშირებისა და დაფასოების უბნები.
3. საწარმოო სათავსების განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობას და გამორიცხავდეს ნედლეულისა და მზა პროდუქციის ნახევარფაბრიკატების ნაკადის შეხვედრას.
4. კონსერვების წარმოებაში გამოსაყენებელი ნედლეული უნდა პასუხობდეს ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
5. სანიტარიულ-ტექნოლოგიური კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად.
6. კონსერვების სტერილიზაცია უნდა ჩატარდეს დადგენილი სანიტარიული რეჟიმის მიხედვით.
7. ავტოკლავები აღჭურვილი უნდა იყოს თვითმწერი საკონტროლო-სარეგისტრაციო მოწყობილობებით. ავტოკლავებზე გაუმართავი თერმოგრაფებით ან მათ გარეშე მუშაობა აკრძალულია.
8. ლაბორატორიაში თერმოგრამების, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები, შენახვის ვადა 6 თვით უნდა აღემატებოდეს კონსერვების შენახვის საგარანტიო ვადას. თერმოგრამაზე მკვეთრად უნდა იყოს აღნიშნული კონსერვების დასახელება, ავტოკლავირების, ცვლის, სტერილიზაციის რეჟიმის ნომერი, აპარატზე მომუშავის გვარი. თერმოგრამების აღრიცხვა წარმოებს სპეციალურ ჟურნალში.
9. პროდუქციის ექსპორტისას შემთხვევითი არჩევის მეთოდით პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს სტერილიზაციის პროცესის ეფექტურობა, კერძოდ:
ა) საინკუბაციო ტესტები – 370C-ზე შვიდი დღის ან 350C-ზე ათი დღის განმავლობაში.
ბ) ქილების ვიზუალური დათვალიერება და წარმოების ლაბორატორიაში მათი შიგთავსის მიკრობიოლოგიური ანალიზი.
10. ყოველდღიურად დადგენილი ინტერვალებით უნდა შეირჩეს სინჯები მოხუფვის ეფექტურობის შემოწმების მიზნით; ამასთან, საამქროში უნდა არსებობდეს სპეციალური მოწყობილობა ქილების შემაერთებელ ნაკერებში ჭრილების შესამოწმებლად.
11. პროდუქციის ექსპორტისას მოხუფვის ნაკერის შესამოწმებლად 30 წუთიანი ინტერვალებით უნდა შეირჩეს ორ-ორი ქილა თითოეული მოსახუფი აპარატიდან.
12. უნდა ტარდებოდეს შემოწმებები ქილების დაზიანების გამოსავლენად.
13. ყველა ქილას, რომელმაც სითბური დამუშავება გაიარა პრაქტიკულად ერთსა და იმავე პირობებში, უნდა ჰქონდეს პარტიის ამოსაცნობი ნიშანი.
14. ყოველდღიურად, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მთელი ცხიმი და სხვა სითხეები სისტემიდან უნდა გადმოიღვაროს, ხოლო სისტემა და ჩამოსასხმელი მანქანები გაირეცხოს მდუღარე წყლით სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი გაივლოს სუფთა ცხელი წყლით.
15. დამამზადებელ საწარმოში კონსერვების შესანახად გათვალისწინებულ უნდა იყოს მშრალი სასაწყობე სათავსი ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისი რეჟიმის პირობებით (ტემპერატურა, ტენიანობა). ბომბაჟიანი და სხვა წუნდებული კონსერვები ექვემდებარება დამოუკიდებელ სათავსში შენახვას