1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არ დაექვემდებარება ნაციონალიზაციას, პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპროპრიაციას (შემდგომში „ექსპროპრიაცია“), ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე სხვა ზომებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ემსახურება საზოგადოებრივ მიზანს. ექსპროპრიაცია ხორციელდება არადისკრიმინაციულ საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურის დაცვით, და მყისიერი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის თანხლებით. ამგვარი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრირებული ინვესტიციის იმ საბაზრო ღირებულებას, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე, ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე, ან ექსპროპრიაციის მომენტისთვის, ამ ორს შორის რომელიც უფრო ადრე მოხდება, და გადახდილ იქნას გაჭიანურების გარეშე, იყოს ეფექტურად რეალიზებადი და თავისუფლად გადაცემადი თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. დაგვიანების შემთხვევაში ის შეიძლება მოიცავდეს პროცენტს ექსპროპრიაციის დღიდან ფაქტობრივი გადახდის დღემდე ბაზარზე არსებული გონივრული კომერციული კურსით.
2. ინვესტორი, რომლის ინვესტიციის მიმართაც განხორციელდა ექსპროპრიაცია, სარგებლობს უფლებით მოითხოვოს საქმის სწრაფი განხილვა და ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მისი ინვესტიციის ღირებულების განსაზღვრა ექსპროპრიაციის განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის:
a. პირდაპირ ექსპროპრიაციას ადგილი აქვს, როდესაც ინვესტიცია ექვემდებარება ნაციონალიზაციას ან სხვაგვარად ხდება მისი პირდაპირი ექსპროპრიაცია ქონებაზე უფლების ოფიციალურად გადაცემის ან პირდაპირი კონფისკაციის გზით;
b. არაპირდაპირ ექსპროპრიაციას ადგილი აქვს, როდესაც ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებულ ზომას ან ზომებს აქვს პირდაპირი ექსპროპრიაციის ტოლფასი ეფექტი იმ კუთხით, რომ ის ართმევს ინვესტორს ინვესტიციაში ჩადებული ქონების საკუთრებასთან დაკავშირებულ ძირითად ატრიბუტებს, მათ შორის, საკუთარი ინვესტიციის გამოყენების, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ქონებაზე უფლების ოფიციალურად გადაცემის ან პირდაპირი კონფისკაციის გარეშე.
4. იმის განსაზღვრა, თუ რამდენად წარმოადგენს ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული ზომა ან ზომები არაპირდაპირ ექსპროპრიაციას მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში, მოითხოვს ინდივიდუალურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შესწავლას, რომლის დროსაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
a. ზომის ან ზომების ეკონომიკური ზემოქმედება, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული ზომა ან ზომები ინვესტიციის ეკონომიკურ ღირებულებაზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, არ ნიშნავს, რომ განხორციელდა არაპირდაპირი ექსპროპრიაცია;
b. ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული ზომის ან ზომების ხანგრძლივობა;
c. ზომის ან ზომების ხასიათი, განსაკუთრებით მათი მიზანი და შინაარსი.
5. უფრო მეტი სიცხადისთვის, გარდა იმ იშვიათი გარემოებებისა, როდესაც გატარებული ზომა ან ზომები დასახული მიზნის მიღწევის თვალსაზრისით იმდენად მკაცრია, რომ აშკარად გადაჭარბებულ ხასიათს ატარებს, ხელშემკვრელი მხარის მიერ გატარებული არა-დისკრიმინაციული ზომები, რომლებიც შემუშავებულია და მიმართულია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ისეთი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოციალური მომსახურებები, სახელმწიფო განათლება, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მორალის, სოციალური ან მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პირადი ცხოვრებისა და პირად მონაცემთა დაცვა, ან კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და დაცვა, ან გადასახადების ან სხვა მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდა, არ წარმოადგენს არაპირდაპირ ექსპროპრიაციას.
6. წინამდებარე მუხლი არ ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით გაცემულ სავალდებულო ლიცენზიებზე, ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაუქმებაზე, შეზღუდვაზე, ან შეძენაზე, თუ ამგვარი გაცემა, გაუქმება, შეზღუდვა ან შეძენა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების 1C დანართში „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების (TRIPS-ის შეთანხმება) შესაბამისი