1. მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება და საშუალო სიჩქარე უნდა გაიზომოს, აგრეთვე უნდა დაფიქსირდეს ქარის მიმართულებისა და სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილებები (დაქროლვა). აღნიშნული მონაცემები უნდა გადაიცეს გრადუსებში (გეოგრაფიული გრადუსებით ჩრდილოეთის მიმართ) და მეტრებში წამში ან კვანძებში.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, მიწისპირა ქარზე დაკვირვებები, რომლებიც საჭიროა ამ შეტყობინებების შესადგენად, განკუთვნილი უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივი პირობებისათვის, ხოლო მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის – ადზ-ის შეხების არისთვის.
3. METAR და SPECI შეტყობინებების შესადგენად, დაკვირვებები მიწისპირა ქარზე უნდა იყოს მთელი ადზ-ის თავზე არსებული პირობების ამსახველი, ხოლო ერთზე მეტი ადზ-ის მქონე აეროდრომებისთვის, ადზ-ის მთელი კომპლექსის თავზე არსებული პირობების ამსახველი.
4. მიწისპირა ქარის გაზომვა უნდა განხორციელდეს მიწის ზედაპირიდან 10 ± 1 მეტრის (30 ± 3 ფუტის) სიმაღლეზე.
5. მიწისპირა ქარზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს სათანადოდ განლაგებული სენსორული მოწყობილობების გამოყენებით.
6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისათვის განკუთვნილი მიწისპირა ქარის სენსორების განლაგება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) და შეხების ზონის გასწვრივ არსებული პირობების მაქსიმალურად ზუსტი ასახვა.
7. იმ აეროდრომებზე, სადაც რელიეფი ან გაბატონებული ამინდის პირობები იწვევს მიწისპირა ქარის მნიშვნელოვან განსხვავებას ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სხვადასხვა მონაკვეთზე, უნდა დამონტაჟდეს დამატებითი სენსორული მოწყობილობები.
შენიშვნა: ვინაიდან მიწისპირა ქარის გაზომვა უშუალოდ ადზ-ზე შეუძლებელია, აფრენისა და დაფრენისთვის განხორციელებული დაკვირვებები შეიძლება ჩაითვალოს მიწისპირა ქარის საუკეთესო მაჩვენებლად, მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისთვის.
8. მიწისპირა ქარის თითოეულ სენსორთან დაკავშირებული ჩვენების მოწყობილობები უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურში, აგრეთვე შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტში.
9. მეტეოროლოგიურ სადგურში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ჩვენების მოწყობილობები უნდა იყოს დაკავშირებული ერთსა და იმავე სენსორებთან.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გამოიყენება განცალკევებული სენსორები, ჩვენების მოწყობილობები მკაფიოდ უნდა იყოს ნიშანდებული, რათა უზრუნველყოს შესაბამისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მისი მონაკვეთის იდენტიფიკაცია, რომელსაც თითოეული სენსორი აკონტროლებს.
11. მიწისპირა ქარის მიმართულებისა და სიჩქარის საშუალო მნიშვნელობები, აგრეთვე მათი მნიშვნელოვანი ცვლილებები თითოეული სენსორისთვის, უნდა განისაზღვროს და აისახოს ავტომატური მოწყობილობების მეშვეობით.
12. მიწისპირა ქარზე დაკვირვების გასაშუალოების პერიოდი უნდა იყოს:
ა) 2 წუთი – ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, აგრეთვე საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ქარის ჩვენების მოწყობილობებისთვის;
ბ) 10 წუთი – შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული 10-წუთიანი პერიოდი მოიცავს ქარის მიმართულებისა და/ან სიჩქარის მკვეთრ ცვლილებას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ცვლილების შემდგომი მონაცემები. ამ შემთხვევაში გასაშუალოების პერიოდი შესაბამისად მცირდება.
შენიშვნა: მკვეთრი ცვლილება აღინიშნება მაშინ, როდესაც 2 წუთის განმავლობაში ფიქსირდება ქარის მიმართულების მკვეთრი და მდგრადი ცვლილება 30°-ით ან მეტით, თუ ცვლილებამდე ან მას შემდეგ ქარის სიჩქარე შეადგენს 5 მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს, ან ქარის სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით (10 კვანძით) ან მეტით, რომელიც გრძელდება არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში.
13. ქარის საშუალო სიჩქარის გადახრის (დაქროლვის) განსაზღვრისათვის, ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, აგრეთვე METAR და SPECI შეტყობინებებისთვის და საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ჩვენების მოწყობილობებისთვის, გასაშუალოების ინტერვალი უნდა შეადგენდეს 3 წამს.
14. მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულებისა და სიჩქარის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები, აგრეთვე საშუალო მნიშვნელობიდან გადახრები, უნდა აკმაყოფილებდეს გაზომვის ოპერატიულად სასურველ სიზუსტეს, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესის №10 დანართში.
15. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე METAR და SPECI შეტყობინებებში, მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე უნდა გადაიცეს შესაბამისად 10°-იანი და 1 მ/წმ-ის (ან 1 კვანძის) ნაბიჯებით.
16. ნებისმიერი დაკვირვებული მნიშვნელობა, რომელიც არ შეესაბამება გამოყენებულ საანგარიშო სკალას, უნდა დამრგვალდეს ამ სკალის უახლოეს მნიშვნელობამდე.
17. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ, აგრეთვე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:
ა) მიეთითება ქარის სიჩქარის განმსაზღვრელი საზომი ერთეული;
ბ) ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა ბოლო 10 წუთის განმავლობაში, თუ საერთო ცვლილება შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მიეთითება შემდეგნაირად:
ბ.ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ (3 კვანძი) ან მეტს, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობით, რომელთა შორის დაიკვირვებოდა მიწისპირა ქარის მიმართულების ცვლილება;
ბ.ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ-ზე (3 კვანძი) ნაკლებს, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა, როგორც ცვალებადი, ქარის საშუალო მიმართულების გარეშე;
ბ.გ) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 180 გრადუსს და მეტს, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა, როგორც არამდგრადი, ქარის საშუალო მიმართულების გარეშე;
გ) ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა), რომელიც დაიკვირვება ბოლო 10 წუთის განმავლობაში, გადაიცემა მაშინ, როცა ქარის მაქსიმალური სიჩქარე აჭარბებს საშუალო სიჩქარეს:
გ.ა) 2.5 მ/წმ-ით (5 კვ) ან მეტით ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, როცა გამოიყენება ხმაურის შესამცირებელი პროცედურები „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) 7.2 პუნქტის შესაბამისად; ან
გ.ბ) 5 მ/წმ-ით (10 კვ) და მეტით სხვა დანარჩენ შემთხვევებში;
დ) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარეა 0,5 მ/წმ-ზე (1 კვ) ნაკლებია, ის გადაიცემა, როგორც უქარო;
ე) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე გადაიცემა 50 მ/წმ (100კვ) ან მეტი, ის მიეთითება, როგორც 49მ/წმ (99 კვ);
ვ) იმ შემთხვევებში, როდესაც ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულების ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, მიეთითება მხოლოდ ქარის საშუალო სიჩქარის და მიმართულების ის გადახრა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ არასტაბილური პერიოდის შემდეგ.
18. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) თუ ქარზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, მიეთითება დაკვირვების ადგილის ადგილმდებარეობა, რომელთათვის ეს სიდიდეები მისაღებია;
ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და დაკვირვებები მიწისპირა ქარზე წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებზე, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ქარის სიდიდე და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები;
გ) თუ ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა გადაიცემა ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობით, რომელთა შორის დაიკვირვებოდა მიწისპირა ქარის მიმართულების ცვლილება;
დ) თუ ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა გადაიცემა ამ მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი ცვლილება გადაიცემა მიღებული ქარის სიჩქარის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვენლობის მითითებით.
19. შეტყობინებებში METAR და SPECI, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) მიეთითება ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, გადაიცემა ქარის სიჩქარის მაქსიმალური მნიშვნელობ