1. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურებმა უნდა აწარმოონ დაკვირვებები და მოამზადონ შესაბამისი შეტყობინება იმ ღრუბლების რაოდენობის, სახეობისა და ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ, რომლებიც ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბლიანობის აღსაწერადაა აუცილებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც ცის მდგომარეობის განსაზღვრა გართულებულია, ღრუბლების რაოდენობას, სახეობას და ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დაკვირვების ნაცვლად წარმოებს დაკვირვება და გადაიცემა ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლისა და ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები გადაიცემა მეტრებით ან ფუტებით. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა იყოს გამოყენებული ადზ-ის ზღურბლზე არსებული პირობების ამსახველი. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია შეტყობინებებისათვის METAR და SPECI, უნდა ჩატარდეს აეროდრომისა და მისი შემოგარენისათვის.
2. თუ ღრუბლიანობის რაოდენობისა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სენსორული ხელსაწყოების გამოყენებით. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ხელსაწყოების ისეთი განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიღებას, იკაოს ოფიციალური გამოცემის „საავიაციო მეტეოროლოგიური პრაქტიკა“ (Doc 8896) შესაბამისად. აეროდრომებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, ხელსაწყოები ღრუბლიანობის რაოდენობასა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დასაკვირვებლად, რომელთა მონაცემებიც გამოიყენება ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა განლაგდეს ისე, რომ მიღებულ იქნეს ყველაზე ზუსტი მონაცემები ღრუბლიანობის რაოდენობისა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ გამოყენებული ადზ-ის ზღურბლის მიმართ. ამ მიზნით, ხელსაწყო უნდა განთავსდეს, ადზ-ის ზღურბლიდან 1200 მეტრზე (4000 ფუტი) ნაკლებ მანძილზე.
3. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის გასაზომად ავტომატიზებული მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის მონაცემთა ეკრან(ებ)ი უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო შესაბამისი ეკრან(ებ)ი სმმ-ს სათანადო პუნქტებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებში განთავსებულ ეკრანებზე ასახული მონაცემები ერთი და იმავე სენსორიდან უნდა მიიღებოდეს. ცალკეული სენსორების გამოყენების შემთხვევაში, ეკრანებზე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული თითოეული სენსორის მიერ კონტროლირებული არეალი.
4. ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე მითითებულ უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლების მიმართ. ასაფრენად ზუსტი შემოსავლისათვის აღჭურვილი ადზ-ის გამოყენებისას, რომლის ზღურბლის შემაღლება 15 მეტრით (50 ფუტი) ან მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე, მუშავდება ლოკალური შეთანხმება იმისათვის, რომ მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის ღრუბელთა სიმაღლე მიეთითოს ადზ-ის ზღურბლის შემაღლების მიმართ. ღია ზღვაში განლაგებული ნაგებობებიდან წარმოდგენილ შეტყობინებებში ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე გადაიცემა ზღვის საშუალო დონესთან მიმართებით.
5. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე მიეთითება 30 (100 ფუტი) მეტრის სიდიდის სიზუსტით 3000 (10 000 ფუტი) მეტრამდე.
6. აეროდრომებზე, რომლებზეც გამოიყენება დასაფრენად შესვლის და დაფრენის სქემები, დაბალი ხილვადობის პირობებში ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ მონაცემები გადაიცემა 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 3000 მეტრამდე (10000 ფტ), ხოლო ვერტიკალური ხილვადობის პირობებში – 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 600 მეტრამდე (2000 ფტ). ნებისმიერი სხვა სიდიდე, რომელიც ზუსტად ვერ ჯდება გამოყენებად ათვლის სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ.
7. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებაში METAR და SPECI:
ა) ღრუბლების რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს შემოკლებით „FEW“ (1-2 ოქტანტი), „SCT“ (3-4 ოქტანტი), „BKN“ (5-7 ოქტანტი) ან „OVC“ (8 ოქტანტი);
ბ) გროვა-საწვიმარი და კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები მითითებული უნდა იქნეს შემოკლებებით „CB“ და „TCU“;
გ) ვერტიკალური ხილვადობა მითითებულ უნდა იქნეს 30 მეტრის (100 ფუტი) სიდიდის სიზუსტით 600 მეტრამდე (2000 ფუტი);
დ) თუ ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ღრუბლები არ არის და ვერტიკალური ხილვადობა შეუზღუდავია, ხოლო შემოკლება „CAVOK“ ამინდის პირობების აღწერისათვის მიუღებელია, მაშინ მითითებულ უნდა იქნეს შემოკლება „NSC“;
ე) იმ შემთხვევებში, როდესაც დაიკვირვება საექსპლუატაციო მნიშვნელობის მქონე ღრუბლების რამდენიმე ფენა ან ცალკეული მასივი, მათი რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე უნდა მიეთითოს ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის ზრდის თანმიმდევრობით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
ე.ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, მიეთითება შესაბამისად FEW, SCT, BKN ან OVC;
ე.ბ) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს, მიეთითება შესაბამისად SCT, BKN ან OVC;
ე.გ) შემდეგი უფრო მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს, მიეთითება, როგორც, BKN ან OVC; და
ე.დ) გროვა-საწვიმარი (CB) და/ან კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები (TCU), როდესაც ისინი დაიკვირვებიან, მაგრამ მონაცემები არ აისახება ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში;
ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც ღრუბელთა ცალკეული ფენა (მასივი) შედგება გროვა-საწვიმარი და კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლებისაგან საერთო ქვედა საზღვრით, შეტყობინებაში ღრუბლის ფორმა მიეთითება მხოლოდ როგორც გროვა-საწვიმარი;
ზ) როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე ერთგვაროვანია ან დაფლეთილია ან მკვეთრად იცვლება, მიეთითება ღრუბლის ქვედა საზღვრის მინიმალური სიმაღლე.
შენიშვნა: მძლავრი გროვა ღრუბელი აღნიშნავს დიდი ვერტიკალური განვითარების მქონე გროვა ღრუბლებს.
8. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) მიეთითება საზომი ერთეულები, რომლებიც გამოიყენება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის და ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მონაცემების წარსადგენად;
ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე ადზ და ღრუბლების ქვედა საზღვარზე დაკვირვებები წარმოებს ხელსაწყოების მეშვეობით, შეტყობინებებში მიეთითება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე თითოეული ადზ-ისათვის და მიეთითება ის ადზ, რომელსაც ეკუთვნის ეს მონაცემები.
9. ავტომატიზებულ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, შეტყობინებებში METAR და SPECI:
ა) თუ ღრუბლის ტიპის დადგენა შეუძლებელია ავტომატური დაკვირვების სისტემის მეშვეობით, ღრუბლის ტიპი ყველა ღრუბლის ჯგუფში უნდა შეიცვალოს აღნიშვნით „///“;
ბ) თუ დაკვირვების ავტომატური სისტემა არ აფიქსირებს ღრუბლებს, გამოიყენება შემოკლება „NCD“;
გ) თუ დაკვირვების ავტომატური სისტემის მიერ ხდება გროვა-საწვიმარი ან მაღალი გროვა ღრუბლის (კოშკის მაგვარი) დაფიქსირება, ხოლო ღრუბლის რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლის დადგენა შეუძლებელია, ღრუბლის რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე უნდა გადაიცეს აღნიშვნით „///;
დ) თუ ცის თაღი დაფარულია და დაკვირვების ავტომატური სისტემის მეშვეობით ვერტიკალური ხილვადობის დადგენა შეუძლებელია სისტემის/ხელსაწყოს დროებითი მწყობრიდან გამოსვლის გამო, ვერტიკალური ხილვადობის სიდიდე შეიცვლება აღნიშვნით „///