„საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37269
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016871
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (24 მუხლი)
 
 
 

 

საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ
 

ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდი (UNICEF) შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 11 დეკემბრის 57(1) რეზოლუციით, როგორც გაეროს ორგანო და მას, ამ და შემდგომი რეზოლუციებით დაეკისრა პასუხისმგებლობა ბავშვთა გადაუდებელ და გრძელვადიან დახმარებაზე, ფინანსური მხარდაჭერის, უზრუნველყოფის, მომზადებისა და რჩევის მიცემის გზით, ზომების მიღებაზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, კვების, წყლით მომარაგების, ზოგადი განათლების სფეროში, აგრეთვე გაუწიონ დახმარება ქალებს განვითარებად ქვეყნებში, იმ პროგრამებისა და მოღვაწეობის გაფართოების მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ ბავშვთა დაცვას, გადარჩენასა და განვითარებას ქვეყნებში, რომლებთანაც თანამშრომლობს UNICEF-ი;

ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ UNICEF-ს და საქართველოს მთავრობას სურთ შექმნან პირობები, რომლის თანახმად UNICEF-ი ითანამშრომლებს საქართველოში განხორციელებულ პროგრამებში, გაეროს ოპერატიული მოქმედებებისა და თავისი მანდატის ჩარჩოებში;

ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ გაერომ და საქართველოს მთავრობამ 1993 წლის 27 იანვარს დადეს შეთანხმება გაეროს წარმომადგენლობის, გაეროს სააგენტოების, პროგრამებისა და ფონდების საქართველოში დაფუძნების შესახებ, რომელიც მე-18 მუხლის I პარაგრაფით ითვალისწინებს, რომ ასეთ წარმონაქმნებს შეუძლიათ დადონ სამთავრობო დამატებითი შეთანხმებები იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ისინი დაეხმარებიან საქართველოს მთავრობას მისი შესაბამისი პროგრამების განხორციელებასა და ოპერატიულ საქმიანობაში მათ მანდატის საქმეში;

UNICEF-მა და საქართველოს მთავრობამ მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით დადეს ეს შეთანხმება.


მუხლი 1

განსაზღვრებები

ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული იქნება შემდეგი განმარტებები:

a) „ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები“ ნიშნავს ცენტრალურ, ადგილობრივ და ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპეტენტურ ორგანოებს;

b) „კონვენცია“ ნიშნავს 1946 წლის 13 თებერვალს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ კონვენციას გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ;

c) „წარმომადგენლობის შეთანხმება“ ნიშნავს 1993 წლის 27 იანვარს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დაფუძნების შესახებ გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ შეთანხმებას;

d) „მივლინებული ექსპერტები“ ნიშნავს ექსპერტებს, რომლებზეც ვრცელდება კონვენციის VI და VII მუხლების დებულებები;

e) „მთავრობა“ ნიშნავს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას;

f) „მისალოცი ბარათების წარმოება“ ნიშნავს UNICEF-ის ფარგლებში შექმნილ ორგანიზაციულ ერთეულს, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი აზრი, მხარი დაუჭიროს და შექმნას დამატებითი ფონდები UNICEF-ისათვის მისალოცი ბარათებისა და სხვა პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გზით;

g) „წარმომადგენლობის ხელმძღვანელი“ ნიშნავს UNICEF-ის წარმომადგენლობის პასუხისმგებელ თანამდებობის პირს;

h) „ქვეყანა“ ნიშნავს საქართველოს;

i) „მხარეები“ ნიშნავს UNICEF-სა და მთავრობას;

j) „UNICEF-ში მომსახურე პირები“ ნიშნავს კონტრაქტის ინდივიდუალურად დამდებ პირებს, გარდა თანამდებობის პირებისა, რომლებიც მიწვეულნი არიან UNICEF-ის თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების მიზნით;

k) „თანამშრომლობის პროგრამები“ ნიშნავს იმ ქვეყნის პროგრამებს, რომლებშიც თანამშრომლობს UNICEF-ი ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად;

l) „UNICEF“ – ნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდს;

m) „UNICEF-ის წარმომადგენლობა“ ნიშნავს ნებისმიერ UNICEF-ის ორგანიზაციულ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც UNICEF-ი თანამშრომლობს პროგრამებში. ის აგრეთვე შეიძლება შეიცავდეს ქვეყანაში შექმნილ დარგობრივ წარმომადგენლობებს;

n) „UNICEF-ის თანამდებობის პირები“ ნიშნავს UNICEF-ის პერსონალის ყველა წევრს, რომლებიც მუშაობენ გაეროს პერსონალის წესდებისა და წესების თანახმად, გარდა იმ შემადგენლობისა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მუშაკებისაგან და მსახურობენ საათობრივ განაკვეთზე, გენერალური ასამბლეის 1946 წლის დეკემბრის 76(1) რეზოლუციის თანახმად.

 

მუხლი 2

შეთანხმების მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შეთანხმება ითვალისწინებს ზოგად დებულებებსა და პირობებს, რომლის თანახმადაც UNICEF-ი ითანამშრომლებს საქართველოში განხორციელებულ პროგრამებში.

2. UNICEF-ის თანამშრომლობა საქართველოში განხორციელებულ პროგრამებში უზრუნველყოფილი იქნება გაეროს კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი რეზოლუციებით, გადაწყვეტილებებით, დებულებებით და წესებით, UNICEF-ის აღმასრულებელი საბჭოს ჩათვლით.

 

მუხლი 3

თანამშრომლობის პროგრამები და მოქმედების ძირითადი გეგმა

1. UNICEF-სა და მთავრობას შორის შეთანხმებული თანამშრომლობის პროგრამები შეტანილი უნდა იქნეს მოქმედების ძირითად გეგმაში, რომელიც დაიდება UNICEF-ს, მთავრობასა და საჭიროების შემთხვევაში სხვა მონაწილე ორგანიზაციებს შორის.

2. მოქმედების ძირითადი გეგმა განსაზღვრავს თანამშრომლობის პროგრამების დეტალებს, განსახორციელებელ მოქმედებათა მიზნებს, UNICEF-ს, მთავრობასა და მონაწილე ორგანიზაციების ვალდებულებებს და გამოანგარიშებულ ფინანსურ რესურსებს, რომლებიც საჭიროა თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებისათვის.

3. მთავრობა ნებას დართავს UNICEF-ის თანამდებობის პირებს, მისიით მივლინებულ ექსპერტებს და UNICEF-ში მომსახურე პირებს, მეთვალყურეობა გაუწიონ და შეამოწმონ თანამშრომლობის პროგრამები ყველა ეტაპზე და ასპექტში.

4. მთავრობა შეინახავს სტატისტიკურ მონაცემებს მოქმედების ძირითადი გეგმის შესრულების შესახებ, რაც მხარეებმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიონ, და მიაწვდის UNICEF-ს ნებისმიერ მსგავს ანგარიშს მოთხოვნის საფუძველზე.

5. მთავრობა ითანამშრომლებს UNICEF-თან, რათა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის ამ შეთანხმების თანახმად განხორციელებული თანამშრომლობის პროგრამების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

 

მუხლი 4

UNICEF-ის წარმომადგენლობა

1. UNICEF-ს შეუძლია გახსნას და იქონიოს თავისი წარმომადგენლობა ქვეყანაში, როგორც ქვეყანაში გაეროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი წარმომადგენლობისა, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წარმომადგენლობის შეთანხმების შესაბამისად და როგორც მხარეებმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალონ თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის.

2. UNICEF-ს შეუძლია, მთავრობასთან შეთანხმებით, გახსნას და იქონიოს რეგიონალური/საოლქო წარმომადგენლობა საქართველოში, რათა დახმარების პროგრამებით უზრუნველყოს რეგიონში/ოლქში სხვა ქვეყნები.

3. იმ შემთხვევაში, თუ UNICEF-ი არ იქონიებს თავის წარმომადგენლობას საქართველოში, მას შეუძლია, მთავრობასთან შეთანხმებით, დახმარება გაუწიოს თანამშრომლობის იმ პროგრამებს, რომლებიც შეთანხმებულია UNICEF-სა და მთავრობას შორის, სხვა ქვეყნებში შექმნილი რეგიონალური/საოლქო წარმომადგენლობის მეშვეობით.

 

მუხლი 5

UNICEF-ის წარმომადგენლობაში დანიშვნა

1. UNICEF-ს შეუძლია დანიშნოს საქართველოში თავის წარმომადგენლობაში თანამდებობის პირები, მისიით მივლინებული ექსპერტები და პირები, რომლებიც მსახურობენ UNICEF-ში, როგორც UNICEF-ი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლობის პროგრამებში დახმარების აღმოჩენის მიზნით შემდეგ საკითხებში:

a) თანამშრომლობის პროგრამების მომზადება, მიმოხილვა, კონტროლი და შეფასება;

b) UNICEF-ის მიერ მოწოდებული მომარაგების, მარაგის, აღჭურვილობის, მოწყობილობისა და სხვა მასალების ჩამოტანა, მიღება, განაწილება ან მოხმარება;

c) მთავრობისათვის რჩევების მიცემა თანამშრომლობის პროგრამების განვითარების შესახებ;

d) ნებისმიერი სხვა საკითხი ამ შეთანხმების შესრულების შესახებ.

2. UNICEF-მა დროდადრო უნდა შეატყობინოს მთავრობას თავისი თანამდებობის პირების, მისიით მივლინებული ექსპერტებისა და იმ პირთა გვარები, რომლებიც მსახურობენ UNICEF-ში. UNICEF-ი აგრეთვე შეატყობინებს მთავრობას მათ სტატუსში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

 

მუხლი 6

მთავრობის მიერ გაწეული დახმარება

1. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მთავრობამ, შეძლებისდაგვარად, უნდა უზრუნველყოს UNICEF-ი:

a) შესაბამისი შენობებით UNICEF-ის წარმომადგენლობისათვის, ცალკე ან გაეროს სისტემის ორგანიზაციებთან ერთად;

b) UNICEF-ის მიერ მოწოდებული მომარაგებისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა საქონლისათვის შესაბამისი საწყობი ან საცავი შენობებით;

c) სამსახურებრივი მიზნით გამოყენებული ყველა საჭირო საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ღირებულების დაფარვით;

d) წარმომადგენლობის შენობების აღჭურვის, შეკეთებისა და ფუნქციონირებისათვის UNICEF-ის საჭირო ღირებულების ადგილობრივი მომსახურების დაფარვით;

e) თანამდებობის პირების, მისიით მივლინებული ექსპერტებისა და UNICEF-ში მომსახურე პირების გადაადგილებით საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად.

2. მთავრობა აგრეთვე დაეხმარება UNICEF-ს:

a) საერთაშორისო წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული UNICEF-ის თანამდებობის პირთა, მისიით მივლინებულ ექსპერტთა და UNICEF-ში მომსახურე პირთა შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფასა და განთავსებაში;

b) UNICEF-ის წარმომადგენლობის შენობაში კომუნალური მომსახურების: წყლის, ელექტროენერგიის, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებების დაყენებასა და უზრუნველყოფაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ UNICEF-ი არ იქონიებს თავის წარმომადგენლობას საქართველოში, მთავრობა იღებს ვალდებულებას, UNICEF-ის მიერ ნებისმიერ სხვა ადგილზე რეგიონალური/საოლქო წარმომადგენლობის შენახვისათვის გაღებული ხარჯებიდან აანაზღაუროს ურთიერთშეთანხმებული თანხის ფარგლებში ნაწილი, რომელიც ეხმარება საქართველოში თანამშრომლობის პროგრამებს, მთავრობის მიერ ამგვარი დახმარების აღმოჩენის გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 7

UNICEF-ის მომარაგება, აღჭურვილობა და სხვა სახის დახმარება

1. UNICEF-მა თანამშრომლობის პროგრამებში შეიძლება შეიტანოს ფინანსური და სხვა სახის წვლილი. ამ შეთანხმების მიხედვით, თანამშრომლობის პროგრამებისათვის გათვალისწინებული მომარაგება, აღჭურვილობა და სხვა სახის დახმარება გადაეცემა მთავრობას საქართველოში ჩამოსვლისთანავე, თუ ეს სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული მოქმედების ძირითად გეგმაში.

2. UNICEF-ს შეუძლია განათავსოს თანამშრომლობის პროგრამებისათვის გათვალისწინებულ მომარაგებაზე, აღჭურვილობასა და სხვა მასალებზე ისეთი ნიშნები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება UNICEF-ის მიერ გამოგზავნილ მასალად ამოცნობა.

3. მთავრობა მიანიჭებს UNICEF-ს მომარაგების, აღჭურვილობისა და სხვა მასალების იმპორტირებისათვის აუცილებელ ყველა ნებართვასა და ლიცენზიას ამ შეთანხმების თანახმად. მთავრობა პასუხისმგებელია მომარაგების, აღჭურვილობისა და სხვა მასალის მიღება–განბაჟებაზე, გადმოტვირთვაზე, დაზღვევაზე, შენახვაზე, გადაადგილებასა და განაწილებაზე მათი საქართველოში ჩამოტანის მომენტიდან და იკისრებს ხსენებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

4. ჯეროვნად აფასებს რა საერთაშორისო კონკურენციის პრინციპებს, UNICEF-ი, შესაძლებლობების ფარგლებში, უპირატესობას მიანიჭებს მომარაგების, აღჭურვილობისა და მასალების უზრუნველყოფას ადგილობრივი რესურსებით, რომლებიც უპასუხებენ UNICEF-ის მოთხოვნებს ხარისხის, ფასისა და მიწოდების პირობებთან დაკავშირებით.

5. მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს მომარაგების, აღჭურვილობისა და სხვა მასალების, ისევე როგორც თანამშრომლობის პროგრამებისათვის გათვალისწინებული ფინანსური და სხვა დახმარების ძირითადი სამოქმედო გეგმის მიზნების შესაბამისად გამოყენება და სამართლიან და საკმარის მოხმარებას სქესის, რასის, რწმენის, ეროვნებისა ან პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. UNICEF-ის მომარაგების, აღჭურვილობისა და სხვა მასალების მიმღები პირი არ იხდის არანაირ გადასახადს და თუ იხდის, იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია ძირითადი სამოქმედო გეგმით.

6. ძირითადი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, თანამშრომლობის პროგრამებისათვის გათვალისწინებული მომარაგება, აღჭურვილობა და სხვა მასალები არ იბეგრება პირდაპირი გადასახადით, დამატებითი ღირებულების გადასახადით, საგზაო გადასახადით, მოსაკრებლებით ან ბაჟით. რაც შეეხება ადგილობრივად შეძენილ მომარაგებისა და აღჭურვილობისათვის აუცილებელ საგნებს, გათვალისწინებულს თანამშრომლობის პროგრამით, მთავრობამ კონვენციის მე-8 კარის შესაბამისად, უნდა მიიღოს სათანადო ადმინისტრაციული ზომები, რათა ანაზღაურებულ ან დაბრუნებულ იქნას ნებისმიერი სააქციზო ან სხვა სახის გადასახადი, რომელიც შედის ღირებულებაში.

7. მთავრობამ, UNICEF-ის მოთხოვნისთანავე, უნდა დაუბრუნოს ნებისმიერი თანხა, მომარაგება, აღჭურვილობა და სხვა მასალები, რომელიც არ იქნა გამოყენებული თანამშრომლობის პროგრამით.

8. მთავრობა აწარმოებს სათანადო ფინანსურ ანგარიშებს, ჩანაწერებსა და დოკუმენტაციას ფონდების, მომარაგების, აღჭურვილობისა და სხვა სახის დახმარების თაობაზე, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით. საჭირო ანგარიშების, ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის ფორმა და შინაარსი შეთანხმებული იქნება მხარეებს შორის. UNICEF-ის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს უფლება ეძლევათ გაეცნონ ყველა სათანადო ანგარიშს, ჩანაწერსა და დოკუმენტაციას მომარაგების, აღჭურვილობისა და სხვა მასალების განაწილებისა და თანხის გადახდის თაობაზე.

9. მთავრობა UNICEF-ის ფინანსური წლის დამთავრების შემდეგ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს სამოცი (60) დღისა, მოაწვდის UNICEF-ს ანგარიშს თანამშრომლობის პროგრამის შესახებ და დამოწმებულ ოფიციალურ მოხსენებებს, რევიზირებულს მოქმედი სამთავრობო წესებისა და პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 8

უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე

1. მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და გაცვალონ ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებით განხორციელებული პროგრამით გათვალისწინებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული აღმოჩენების, გამოგონებებისა და ნაშრომების შესახებ, რათა უზრუნველყონ მათი UNICEF-სა და მთავრობის მიერ სრული და ეფექტური გამოყენება და ექსპლოატაცია, მოქმედი სამართლის შესაბამისად.

2. საპატენტო, საავტორო და სხვა მსგავსი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ნებისმიერ აღმოჩენაზე, გამოგონებასა და ნაშრომზე, რომლებზეც ლაპარაკია ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფში და გამომდინარეობენ იმ პროგრამებიდან, რომლებშიც თანამშრომლობს UNICEF-ი, შეიძლება UNICEF-მა ხელმისაწვდომი გახადოს საავტორო ჰონორარის გარეშე სხვა მთავრობებისათვის, რომლებთანაც თანამშრომლობს პროგრამაში მათი გამოყენების მიზნით.

 

მუხლი 9

კონვენციის გამოყენების სფერო

კონვენცია mutatis mutandis გამოიყენება UNICEF-ის, მისი წარმომადგენლობის, საკუთრების, ფონდების, თანხების, ასევე საქართველოში მისიით მივლინებულ ექსპერტებისა და თანამდებობის პირების მიმართ.

 

მუხლი 10

UNICEF-ის წარმომადგენლობის სამართლებრივი სტატუსი

1. UNICEF-ს, მის საკუთრებას, ფონდებსა და აქტივებს, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ და ვინც არ უნდა განაგებდეს მათ, მინიჭებული აქვთ იმუნიტეტი ყველა სამართლებრივი პროცედურის მიმართ, გარდა ყოველი კონკრეტული შემთხვევისა, როცა გაეროს გენერალური მდივანი მოხსნის მის იმუნიტეტს; ამასთან, ნათელია, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ გავრცელდება აღსრულების არცერთ ზომაზე.

2. a) UNICEF-ის წარმომადგენლობის შენობები ხელშეუხებელია. მისი ფონდები და თანხები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა განაგებდეს მას, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციისა და სხვა ამგვარი სახის ჩარევის მიმართ, მიუხედავად იმისა, ხორციელდება იგი აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სამართლებრივი თუ საკანონმდებლო ქმედებით;

b) შესაბამისი ორგანოები არ შევლენ წარმომადგენლობის შენობაში ნებისმიერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არის წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობა მასთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

3. შესაბამისი ორგანოები განახორციელებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყონ UNICEF-ის წარმომადგენლობის დაცვა, უსაფრთხოება და რომ წარმომადგენლობის სიმშვიდე არ იქნეს დარღვეული პირთა ან პირთა ჯგუფების უკანონო შეჭრით ან არეულობებით მიმდებარე ტერიტორიებზე.

4. UNICEF-ის არქივები და ყველა დოკუმენტი, რომელიც მას ეკუთვნის, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა განაგებდეს მათ, ხელშეუხებელია.

 

მუხლი 11

UNICEF-ის ფონდები, აქტივები და სხვა სახის საკუთრება

1. ფინანსური კონტროლის რეგულირების ან ნებისმიერი სახის მორატორიუმების შეუზღუდავად:

a) UNICEF-ს შეუძლია იქონიოს და გამოიყენოს ფონდები, ოქრო ან ნებისმიერი სახის მიმოქცევადი დოკუმენტები; შეინარჩუნოს და აწარმოოს ანგარიშსწორება ნებისმიერ ფულად ერთეულში და მოახდინოს მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ვალუტის კონვერტაცია სხვა ვალუტაზე;

b) UNICEF-ს შეუძლია თავისუფლად გადასცეს თავისი ფონდები, ოქრო და ფულადი ერთეულები ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ნებისმიერი ქვეყნის შიგნით გაეროს სისტემის სხვა ორგანიზაციებს ან სააგენტოებს;

c) UNICEF-ისთვის ფინანსური საქმიანობის პროცესში ხელმისაწვდომი იქნება ყველაზე მისაღები და კანონით დაშვებული სავალუტო კურსი.

2. UNICEF-ი, მისი ქონება, შემოსავალი და სხვა საკუთრება:

a) თავისუფლდება ყველა სახის პირდაპირი გადასახადისაგან, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან, შესატანისაგან, მოსაკრებლებისა და სხვა სახის ფულადი გადასახადებისაგან; აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ UNICEF-ი არ ითხოვს ისეთი გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია კომუნალურ მომსახურებასთან, რომელიც იმართება მთავრობის ან სამთავრობო უწყების მიერ, ფიქსირებული კურსით, გაწეული მომსახურების მოცულობის შესაბამისად, რომელიც შეიძლება კონკრეტულად იქნეს იდენტიფიცირებული, აღწერილი და მითითებული;

b) თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადებისაგან, იმპორტზე შეზღუდვებისაგან, სამსახურებრივი დანიშნულებისათვის აუცილებელი საქონლის იმპორტირებასა და ექსპორტირებაზე გადასახადისაგან. აქედან გამომდინარე, გადასახადისაგან გათავისუფლებული, იმპორტირებული საქონელი არ გაიყიდება საქართველოში, გარდა მთავრობასთან შეთანხმებული შემთხვევებისა;

c) თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან და მისი გამოცემების იმპორტისა და ექსპორტისას აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან.

 

მუხლი 12

მისალოცი ბარათები და UNICEF-ის სხვა პროდუქცია

იმპორტირებული ან ექსპორტირებული ნებისმიერი მასალა UNICEF-ის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც მოქმედებს UNICEF-ის სასარგებლოდ და დაკავშირებულია მისალოცი ბარათების წარმოების მიზნებთან, თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადებისაგან, აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, აგრეთვე, ამგვარი მასალის გაყიდვა UNICEF-ის სასარგებლოდ თავისუფლდება ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადისგან.

 

მუხლი 13

UNICEF-ის თანამდებობის პირები

1. UNICEF-ის თანამდებობის პირები:

a) მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წერილობითი ან სიტყვიერი ინფორმაციის ან ყველა ქმედების განხორციელებისას, სარგებლობენ იმუნიტეტით სამართლებრივი პროცედურების მიმართ. ამგვარი იმუნიტეტი არ წყდება UNICEF-ში ამ პირთა მუშაობის დასრულების შემდეგ;

b) თავისუფლდებიან UNICEF-ის მიერ მათთვის გამოყოფილი ხელფასისა და კომპენსაციის დაბეგვრისაგან;

c) თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისაგან;

d) თავისუფლდებიან მათზე დამოკიდებულ მეუღლეებთან და ნათესავებთან ერთად იმიგრაციაზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგისტრაციისაგან;

e) სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით, როგორც მთავრობის დიპლომატიურ მისიათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირნი;

f) მათზე დამოკიდებულ ოჯახის წევრებთან ერთად, საერთაშორისო კრიზისის დროს, სარგებლობენ რეპატრიაციის შესაძლებლობით, ისევე როგორც დიპლომატიური წარგზავნილები;

g) უფლება აქვთ თავისუფლად, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მიმღებ სახელმწიფოში ჩამოსვლისას ჩამოიტანონ ავეჯი და ყველა აუცილებელი პირადი თუ საოჯახო ნივთები.

პრივილეგიები, იმუნიტეტები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფილია (e), (f) და (g) ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ UNICEF-ის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო დონეზე იქნებიან შერჩეულნი.

2. საერთაშორისო დონეზე შერჩეული UNICEF-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, როგორც ეს შეიძლება შეთანხმებული იყოს UNICEF-სა და მთავრობას შორის, ისარგებლებენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებითაც სარგებლობენ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის პირები. ამ მიზნით UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გვარი შეიძლება შეტანილ იქნეს დიპლომატიურ სიაში.

3. UNICEF-ის წარმომადგენლებს ასევე მინიჭებული ექნებათ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის პირებზე გათვალისწინებული შემდეგი პრივილეგიები:

a) საბაჟო გადასახადისაგან თავისუფალი გარკვეული რაოდენობის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ნივთების შემოტანა შესაბამისი სამთავრობო წესების შესაბამისად;

b) საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლება სატრანსპორტო საშუალებების შემოტანისას, იმ სამთავრობო გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც გამოიყენება დიპლომატიური მისიის შესაბამისი რანგის წარმომადგენლების მიმართ.

 

მუხლი 14

მისიით მივლინებული ექსპერტები

1. მისიით მივლინებულ ექსპერტებს მიენიჭებათ კონვენციის მე-6 მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტებით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობის უფლება.

2. მისიით მივლინებულ ექსპერტებს, მხარეთა ორმხრივი შეთანხმების შედეგად, შეიძლება მიენიჭოთ დამატებითი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობის უფლება.

 

მუხლი 15

UNICEF-ში მომსახურე პირები

1. UNICEF-ის პერსონალი:

a) მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წერილობითი ან სიტყვიერი ინფორმაციის ან ყველა ქმედების განხორციელებისას, სარგებლობენ იმუნიტეტით სამართლებრივი პროცედურების მიმართ. ამგვარი იმუნიტეტი არ წყდება UNICEF-ში ამ პირთა მუშაობის დასრულების შემდეგ;

b) ოჯახის წევრებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად, საერთაშორისო კრიზისის დროს, სარგებლობენ რეპატრიაციის შესაძლებლობით, ისევე როგორც დიპლომატიური წარგზავნილები;

c) იმ მიზნით, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობები დამოუკიდებლად და ნაყოფიერად შეასრულონ, შეიძლება სარგებლობდნენ ისეთი სხვა პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, როგორც ეს მოცემულია მე-13 მუხლში და შეთანხმებულია მხარეთა შორის.

 

მუხლი 16

უპირატესი ხელშეწყობის პირობები

1. UNICEF-ის თანამდებობის პირების მიმართ, მისიით მივლინებული ექსპერტების და UNICEF-ში მომსახურე პირებს უფლება აქვთ:

a) საჭიროების შემთხვევაში მათთვის სწრაფად და უფასოდ გაფორმებული და გაცემული იქნეს ვიზები, ნებართვები და ლიცენზიები;

b) ეძლევათ საქართველოს ტერიტორიაზე შეუფერხებელი შესვლისა და გასვლის, ქვეყნის შიგნით თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის ყველა სფეროში შეღწევის შესაძლებლობა.

 

მუხლი 17

საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი ადგილობრივი პერსონალი

საათობრივ ანაზღაურებაზე ადგილობრივი პერსონალის დაკომპლექტების პირობები და წესები განისაზღვრება გაეროს რეზოლუციების, გადაწყვეტილებების, რეგლამენტისა და გაეროს კომპეტენტური ორგანოების წესებისა და პოლიტიკის, მათ შორის, UNICEF-ის წესებისა და პირობების თანახმად. ადგილობრივად დაკომპლექტებულ პირებს ენიჭებათ ყველა ის შეღავათები, რაც აუცილებელია UNICEF-ში მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის.

 

მუხლი 18

საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეღავათები

1. UNICEF-ი თავისი ოფიციალური კომუნიკაციების განსახორციელებლად, დაფუძნების, საქმიანობის, პრიორიტეტების, ტარიფების, ფოსტის, ფაქსიმილიის, ტელეფონის, ტელეგრაფის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების, ისევე როგორც რადიოთი და პრესით ინფორმაციის გადაცემის გადასახადების დაწესებისას, სარგებლობს მთავრობის მიერ მინიჭებული არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმით, ვიდრე ნებისმიერი დიპლომატიური მისია.

2. UNICEF-ის ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა კომუნიკაცია არ ექვემდებარება ცენზურას. ამგვარი იმუნიტეტი ვრცელდება ბეჭდვით, ფოტოგრაფიულ და ელექტრონულ ინფორმაციაზე და მხარეებს შორის შეთანხმებულ კომუნიკაციის სხვა ფორმებზე. UNICEF-ი უფლებამოსილია გამოიყენოს კოდები, გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია კურიერის ან დალუქული ფოსტის საშუალებით, რომელიც მთლიანად ხელშეუხებელია და არ ექვემდებარება ცენზურას.

3. UNICEF-ს უფლება აქვს აწარმოოს რადიო და სხვა სატელეკომუნიკაციო გადაცემები გაეროს რეგისტრირებულ სიხშირეებზე, ისევე როგორც მთავრობის მიერ გამოყოფილ სიხშირეებზე, თავის წარმომადგენლობებს შორის საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ, კერძოდ ნიუ-იორკში UNICEF-ის შტაბ-ბინაში.

4. UNICEF-ს ენიჭება უფლება ოფიციალური საკომუნიკაციო საშუალებების დაარსებისა და მოქმედების დროს ისარგებლოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონვენციის (ნაირობი, 1982) და თანდართული შეღავათების დებულებების თანახმად.

 

მუხლი 19

სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული შეღავათები

მთავრობა ანიჭებს UNICEF-ს საჭირო ნებართვებსა და ლიცენზიებს, რომელიც არ დაექვემდებარება შეზღუდვებს, რათა შეიძინოს, გამოიყენოს და იქონიოს/შეინარჩუნოს სამოქალაქო საჰაერო და სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებისათვის.

 

მუხლი 20

პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მოხსნა

მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები მინიჭებულია გაეროს ინტერესების გათვალისწინებით და არა დაინტერესებულ პირთა პირადი სარგებლობისათვის. გაეროს გენერალურ მდივანს უფლება აქვს და მოვალეა მე-13, მე-14, მე-15 მუხლების თანახმად, ნებისმიერ პირს მოუხსნას იმუნიტეტი ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც, მისი აზრით, ამგვარი იმუნიტეტი ხელს შეშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და მისი მოხსნა არ გამოიწვევს გაეროსა და UNICEF-ის ინტერესების შელახვას.

 

მუხლი 21

UNICEF-ისადმი წაყენებული საჩივრები

1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პროგრამებში UNICEF-ის თანამშრომლობა მიმართულია საქართველოს მთავრობისა და ხალხის საკეთილდღეოდ და მთავრობა თავის თავზე იღებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა რისკს.

2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ქმედებების საფუძველზე წამოჭრილი და მათთან პირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც შეიძლება წამოაყენოს მესამე მხარემ UNICEF-ის, UNICEF-ის თანამდებობის პირთა, მისიით მივლინებულ ექსპერტთა და UNICEF-ის სახელით მომსახურე პირთა წინააღმდეგ, დაექვემდებარება წარმომადგენლობის შესახებ შეთანხმების მე-19 მუხლის დებულებებს.

 

მუხლი 22

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა UNICEF-სა და მთავრობას შორის, დაკავშირებული ამ შეთანხმების განმარტებასა და შესრულებასთან, რომელიც არ არის გადაწყვეტილი მოლაპარაკების ან სხვა შეთანხმებული ფორმით, გადაწყდება წარმომადგენლობის შესახებ შეთანხმების მე-20 მუხლის დებულებების თანახმად.

 

მუხლი 23

ძალაში შესვლა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერის შემდეგ და UNICEF-ის მხრიდან ოფიციალური დამტკიცების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მთავრობის მხრიდან სარატიფიკაციო სიგელის გაცვლის დღიდან.

2. ეს შეთანხმება წარმოადგენს წარმომადგენლობის შესახებ შეთანხმების დამატებითსა და განუყოფელ ნაწილს. აქედან გამომდინარე, თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულება და წარმომადგენლობის შესახებ შეთანხმების ნებისმიერი დებულება შეეხება ერთსა და იმავე საკითხს, ორივე დებულება შეძლებისდაგვარად განიმარტება როგორც დამატებითი, გამოყენებადი, ისე რომ ერთ-ერთი მათგანი არ შეზღუდავს მეორის ეფექტურობას.

 

მუხლი 24

დამატებები

წინამდებარე შეთანხმება შეიძლება იყოს შეცვლილი ან შევსებული მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით.

 

მუხლი 25

შეთანხმების შეწყვეტა

წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ექვსი თვის შემდეგ, როცა ერთ-ერთი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს მის გადაწყვეტილებას შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმება შესაძლოა ძალაში დარჩეს დამატებითი დროის მანძილზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს UNICEF-ის საქმიანობის სრული შეწყვეტისათვის და მხარეთა შორის ნებისმიერი დავის მოგვარებისათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვემორე ხელისმომწერნი, UNICEF-ის მიერ შესაბამისად დანიშნული და მთავრობის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას ინგლისურ და ქართულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტების მიზნებისათვის და უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

შესრულებულია ქ. თბილისში 1999 წლის 3 დეკემბერს.

 

 


 

 

📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.1999.
როდის იქნა მიღებული „საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“?
„საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ მიღებულია 03.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №37269. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016871.
სად არის „საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საბაზო შეთანხმება გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“, №37269, 03.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016871 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6986386/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.1999. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება