„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/2/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არქიტექტურული პროექტი - არქიტექტურული პროექტი არის არქიტექტურული შემოქმედების შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომლის დეტალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი - სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები და სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტები;“; დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება 1. არქიტექტურული პროექტის შედგენისა და დამოწმების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ არქიტექტორს, რომელიც ფლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ სერტიფიკატს. 2. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე.“. 4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-8 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა 1. სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას პროექტში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია თავისი არქიტექტურული ობიექტის საქართველოს კანონდარღვევით ცვლილებების შემთხვევაში მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.“. 7. მე-17 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს შესაბამისი პროფესიის პირი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. გარდამავალი დებულებები 2017 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს არქიტექტორთა სერტიფიცირების წესი. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემუშავებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს მთელ რიგ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამან „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოიწვია ცვლილების შეტანის საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შემდეგი ცვლილების განხორციელებას: 1. ახლებურად ყალიბდება არქიტექტურული პროექტის განმარტება, რომლის შესაბამისადაც არქიტექტურული პროექტი არის არქიტექტურული შემოქმედების შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომლის დეტალური შემადგენლობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მითითება ხდება საქართველოს კანონმდებლობაზე. 2. მე-2 მუხლიდან ამოღებულია ტერმინთა განმარტება - საპროექტო დოკუმენტაცია და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ვინაიდან ეს განმარტებები მოძველებულია, ისინი არ მოქმედებენ და არ არსებობს მათი თავიდან განმარტების საჭიროება. 3. ახლებურად ყალიბდება მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც ხდება ახალი რეგულაციებისათვის რელევანტური ტერმინოლოგიის გამოყენება 4. კანონიდან ხდება მე-3 მუხლის ამოღება. საქმე ისაა, რომ არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება მოქმედ კანონმდებლობაში არ გამოიყენება. მისი შემცვლელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც დეტალურადაა დარეგულირებული მოქმედ კანონმდებლობაში. 5. ახალი მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბდა მე-4 მუხლი, რომლის თანახმადაც არქიტექტურული პროექტის შედგენისა და დამოწმების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ არქიტექტორს, რომელიც ფლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ სერტიფიკატს. ხოლო არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება უნდა დარეგულირდეს სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე. 6. კანონიდან ამოღებულ იქნა მე-5 მუხლი, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები ახლებურად და დეტალურად წესრიგდება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით. 7. ახლებურად ჩამოყალიბდა მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ საავტორო ზედამხედველობის საკითხები დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მხრივ იმოქმედებს მშენებლობის კოდექსი და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, რამდენიმე კანონში მისი დარეგულირება არ არის მიზანშეწონილი. ამით შესაძლებელია კოლიზია წარმოიშვას საკანონმდებლო რეგულაციებს შორის. ამავე დროს ახლებურად ყალიბდება კანონის მე15 მუხლი, რითაც ნათლად განისაზღვრება არქიტექტორის საავტორო უფლებების საკითხი. 8. მე-17 მუხლში გასწორდა მთავარი არქიტექტორთან დაკავშირებული ხარვეზები. საქმე ისაა, რომ დღევანდელი მოქმედი აქტუალური კანონმდებლობა არ იცნობს მთავარი არქიტექტორის ცნებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო და მინიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, არქიტექტორთა სერტიფიცირების წესის დადგენის შემთხვევაში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე არქიტექტორთა სერტიფიცირების წესის დადგენის შემთხვევაში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს ფინანსური გავლენა არქიტექტორის სერტიფიკატის მაძიებელ პირებზე არქიტექტორთა სერტიფიცირების წესის დადგენის შემთხვევაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახადელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება დაკავშირებულ ვალდებულებებთან: საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები გამოყენებული ტერმინები: ა) არქიტექტორი _ შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე; ბ) არქიტექტურული საქმიანობა _ არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინროტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა; გ) არქიტექტურული ნაწარმოები _ არქიტექტურული პროექტის და არქიტექტურული ობიექტის სახით არსებული არქიტექტურული საქმიანობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს; დ) არქიტექტურული პროექტი _ არქიტექტურული შემოქმედების შედეგად დოკუმენტურად დაფიქსირებული ავტორისეული ჩანაფიქრი, სადაც ჩამოყალიბებულია არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების პრინციპი, რომელიც ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად კომპლექსურად წყვეტს ქალაქთმშენებლობით, მხატვრულ-ესთეტიკურ, ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებს, წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს და არ საჭიროებს ლიცენზირებას; ე) საპროექტო დოკუმენტაცია _ არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის საფუძველზე დადგენილი მოცულობით მომზადებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია _ არქიტექტურული საქმიანობის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს და საჭიროებს ლიცენზირებას; ვ) არქიტექტურული ობიექტი _ არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი კომპლექსი, შენობა, ნაგებობა, ინტერიერი, ლანდშაფტური გარემო (საბაღე-საპარკო ან სხვა ტერიტორია) ან ისტორიული განაშენიანება და შენობა-ნაგებობა, რომელსაც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ორგანოს მოთხოვნათა შესაბამისად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეგენერაცია; ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი _ ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმები, საწარმოო, სამეურნეო და სხვა ფუნქციური ზონების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია; თ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება − საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს. მუხლი 3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება 1. არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა. 2. არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას დამკვეთის განაცხადის საფუძველზე გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო დადგენილი წესით. 3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებართვა, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ მიწის ნაკვეთი შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა. 4. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შეიცავდეს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დებულებებს, ეკოლოგიური, სანიტარიულ-ჰიგიენური უსაფრთხოების, ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის სავალდებულო პირობებსა და სხვა განსაკუთრებულ მოთხოვნებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვის პირობებს, რომელთა ინტერესებზედაც ზეგავლენას მოახდენს მომავალი მშენებლობა. 5. დაუშვებელია არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რომლებიც ზღუდავს დამკვეთისა და პროექტის ავტორის უფლებებს, გარდა კანონმდებლობით ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით გავალისწინებული შემთხვევებისა. 6. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემაზე უარის თქმა შეიძლება, თუ დამკვეთის განზრახვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნებს. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. ცალკეული არქიტექტურული ობიექტების მშენებლობისას, როდესაც არ არსებობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო სამუშაოების საფუძველზე, რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს დამკვეთი, ხოლო მის შინაარსსა და მოცულობას განსაზღვრავს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო. 8. განსაკუთრებული ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნების არსებობისას არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესადგენად ან საუკეთესო არქიტექტურული გადაწყვეტის შერჩევისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანოს წინადადებით, დამკვეთთან შეთანხმებით ტარდება ტენდერი (კონკურსი). 9. ტენდერი (კონკურსი) ტარდება არქიტექტორთა პროფესიული კავშირების მონაწილეობით. მუხლი 4. არქიტექტურული საქმიანობის ლიცენზირება 1. არქიტექტურული პროექტის შემოქმედებითი პროცესის მონაწილე არქიტექტორს არ სჭირდება ლიცენზია. 2. საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციასთან (დოკუმენტაციის მომზადების პროცესის ორგანიზება, ექსპერტიზა, მშენებლობის გაძღოლა), საჭიროებს ლიცენზირებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. მშენებლობის ნებართვა. ობიექტის რეალიზაციაზე ზედამხედველობა და საექსპლუატაციოდ მიღება 1. არქიტექტურულ პროექტს შეითანხმებს და ობიექტის მშენებლობის ნებართვას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პროექტები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, სახელმწიფო სარეზერვო და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და სახელმწიფოს მიერ ან მისი გარანტიით მშენებლობისათვის აღებული კრედიტების ხარჯზე, ექვემდებარება სახელმწიფო ექსპერტიზას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დაფინანსებული პროექტების ექსპერტიზა ტარდება სათანადო შემთანხმებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. არქიტექტურული პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. არქიტექტურულ პროექტზე საექსპერტო დასკვნას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ორგანოსთან არსებული ექსპერტიზის სამსახური, აგრეთვე შესაბამისი ლიცენზიის მქონე დამოუკიდებელი ექსპერტი. 5. არქიტექტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნებს, შედგენილია არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების პირობების დაცვით და შეთანხმებულია დადგენილი წესით, წარმოადგენს სავალდებულო დოკუმენტს არქიტექტურული პროექტის რეალიზაციაში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის. 6. ზედამხედველობას არქიტექტურული პროექტის რეალიზაციაზე ახორციელებს: ა) დამკვეთი, პროექტის ავტორი საავტორო ზედამხედველობის წესით; ბ) არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. არქიტექტურული ობიექტი საექსპლუატაციოდ მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8. არქიტექტორის უფლებები არქიტექტორს დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და მიიღოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანოსაგან არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და სხვა საწყისი დოკუმენტები არქიტექტურული ობიექტის წინასაპროექტო კვლევის, დაპროექტებისა და მშენებლობისათვის; ბ) დაიცვას და შეათანხმოს არქიტექტურული პროექტი არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის და სხვა ორგანოებში განხილვისას; გ) მონაწილეობა მიიღოს დოკუმენტაციის ყველა ნაწილის დამუშავებაში, შეათანხმოს ცვლილებები არქიტექტურულ პროექტში; დ) იყოს დამკვეთის წარმომადგენელი და დაიცვას მისი ინტერესები არქიტექტურული ობიექტის ასაშენებლად ხელშეკრულების დადებისას; ე) დაეხმაროს დამკვეთს ხელშეკრულების დადებაში ან მისი დავალებით მოაწყოს ტენდერი (კონკურსი); ვ) განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა და იყოს დამკვეთის წარმომადგენელი; ზ) შეამოწმოს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ხარისხი, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და განახორციელოს საფინანსო კონტროლი; თ) მიიღოს მონაწილეობა ან იყოს დამკვეთის წარმომადგენელი არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას; ი) ჩაატაროს პროექტების ექსპერტიზა. მუხლი 15. არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა 1. სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას პროექტში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მისი ავტორის თანხმობით. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებიდან გადახვევის შემთხვევაში საჭიროა შეთანხმება ამ დავალების მიმცემ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოსთან. 2. თუ დადგენილი წესით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ავტორი აღმოაჩენს თავისი არქიტექტურული გადაწყვეტილების უნებართვო ცვლილებებს ობიექტის რეალიზაციის დროს, იგი აცნობებს ამას ორგანოს, რომელმაც გასცა მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თავისი საავტორო უფლების დასაცავად. ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ორგანო ვალდებულია შეაჩეროს სამშენებლო სამუშაოები სადავო საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. მუხლი 17. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია 1. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობის შესაბამისად. 2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს არქიტექტურის დარგში სახელმწიფო პროგრამებს, უზრუნველყოფს ნორმატიული ბაზის შექმნას, წარმართავს სალიცენზიო და საკონტროლო სამსახურების საქმიანობას. 3. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მთავარ არქიტექტორთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება. 5. საბჭოს მუშაობის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.