„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/81/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით, რომლის მიხედვითაც, უქმდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება და იგი აღარ წარმოადგენს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს. შესაბამისად, მასზე არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების უფლებამოსილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით უქმდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება და ასევე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის გადახდისუუნარობის საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი განცხადების სასამართლოში შეტანის შესახებ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილზე. ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადახდისუუნარობა – მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა; ბ) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე – მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო; გ) მოთხოვნა – ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებსა და ჯარიმებს; დ) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, ხელშეკრულების დარღვევასთან ან შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნებს; ე) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც, ამასთანავე, მოიცავს გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც დამოკიდებულია მოვალის მიერ თავისი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე; ვ) ვადამოუსვლელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის გადახდის ვადა არ დამდგარა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის; ზ) მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონება – იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ან სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე წარმოშობილი უზრუნველყოფით მიღებული ქონება; თ) რეგისტრაცია დაუზუსტებელი მახასიათებლებით – უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მოთხოვნის გარეშე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც დასტურდება ამ უფლების დადგენის შესახებ დოკუმენტით; ი) კრედიტორი – პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა); კ) ახალი კრედიტორი – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი კრედიტორი; ლ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი ან ახალი კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებით; მ) კრედიტორთა გადაწყვეტილება – კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაწყვეტილება; ნ) მონაწილე – სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი, სააქციო საზოგადოების აქციონერი, კოოპერატივის წევრი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამხანაგობის მონაწილე, არარეგისტრირებული კავშირის წევრი; ო) დაკავშირებული პირი: ო.ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება; ო.ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; ო.გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; ო.დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი; ო.ე) იურიდიული პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებებზე; პ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი; ჟ) უცხოელი კრედიტორი – ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, ან იურიდიული პირი, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს ფარგლებს გარეთაა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არარეზიდენტ იურიდიულ პირს ფილიალი (წარმომადგენლობა, სააგენტო) საქართველოს ტერიტორიაზე აქვს; რ) სამეურვეო ქონება – ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება; ს) რეაბილიტაცია – საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით; ტ) გაკოტრების საქმის წარმოება – საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლოდ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით; უ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ და რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს; [ფ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა − ამ კანონის 31 მუხლით გათვალისწინებული სისტემა. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] მუხლი 14. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანაზე უფლებამოსილი პირები 1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალეს; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, თუ ვალის ოდენობა არანაკლებ 50 000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60 კალენდარული დღისა; ბ 1) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის გადახდისუუნარობის საკითხთან დაკავშირებით; გ) კრედიტორს, თუ იგი მოვალის მიმართ წარადგენს კანონიერ ძალაში შესულ სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ გამოტანილ არანაკლებ 2 სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც მიქცეულია იძულების წესით აღსასრულებლად და საერთო თანხა აღემატება 50 000 ლარს; დ) კრედიტორს (კრედიტორებს), რომლის (რომელთა) მოთხოვნაც ბოლო ფინანსური ანგარიშგების მიხედვით აღემატება მოვალის მიმართ არსებულ მოთხოვნათა საერთო რაოდენობის 30%-ს და მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა; ე) 2 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს; ვ) არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. 2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება ამ მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნულ პირებს აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორის (კრედიტორების) მიერ განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებაში იმავდროულად უნდა აღინიშნოს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე. 3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებელმა შეიძლება გამოითხოვოს მისი წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე. [4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სისტემაში განთავსებული ფორმით და სისტემაში მითითებული წესების დაცვით. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]