ექსპლუატაციის პრინციპები
1. თითოეული მხარე ნებას რთავს ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს სამართლიანად განახორციელონ კონკურენცია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის.
2.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს დამოუკიდებლად და ცალმხრივად განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ შეთანხმებულ მარშრუტებზე მიწოდებული მომსახურების ტევადობა და სიხშირე, რომელსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებელს გადაყვანა-გადაზიდვების ბაზარზე არსებული და რეალურად სავარაუდო მოთხოვნების გათვალისწინებით. არცერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ განსაზღვრავს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველებისათვის მიმოსვლის ტევადობას, სიხშირეს ან რეგულარობას, ან საჰაერო ხომალდის ტიპს (ტიპებს), რომლებიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა ტექნიკური, საექსპლუატაციო, საბაჟო, გარემოს დაცვის ან სხვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საჰაერო ხაზის ოპერირება, ნებისმიერ შემთხვევაში, ხორციელდება კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.
3. ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, წარუდგენენ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად ფრენის განრიგებს მათი დაწყების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული მოთხოვნა ასევე შეტანილ იქნება შემდგომ ცვლილებებში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდი შეიძლება შემცირდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
4. თითოეული სეზონისათვის (აპრილი-ოქტომბერი, ნოემბერი-მარტი) დადგენილი განრიგები დარჩება ძალაში შემდგომი შესაბამისი სეზონებისათვის მანამ, სანამ ახალი განრიგები არ დამტკიცდება ამ მუხლის პირობების შესაბამისად.
5. ფრენის განრიგი, შეძლებისდაგვარად უნდა ითვალისწინებდეს შეთანხმებულ საჰაერო ხაზზე მიწოდებულ მომსახურებას კვირის დღეების განმავლობაში თანაბრად, რეალური მოთხოვნის გათვალისწინებით და იგი წინასწარ თანხმდება მომსახურე აეროპორტებთან და ნავიგაციის ორგანოებთან