1. ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება, წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ, მოქმედებენ: „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის, „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციისა და "პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით" 1991 წლის 1 მარტს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის და ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის სავალდებულო ნებისმიერი სხვა კონვენციისა და ოქმის შესაბამისად, რომელიც შეეხება სამოქალაქო საავიაციო უშიშროებას.
2. ხელშემკვრელი მხარეები, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუწევენ ყველა სახის აუცილებელ დახმარებას, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროებისადმი მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე.
3. ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი ურთიერთობისას, იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების დებულებათა შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გაფორმებულია როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის დანართები, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ამგვარი უშიშროების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე; ისინი მოითხოვენ, რომ საჰაერო ხომალდების ოპერატორებმა, რომელთა რეგისტრაციის, საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა, და ასევე მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ოპერატორებმა იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ზემოაღნიშულ დებულებათა შესაბამისად.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ საჰაერო ხომალდის ოპერატორებმა შეასრულონ ამ მუხლის (3) პუნქტში მითითებული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს თავის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის, ან ტერიტორიიდან გასვლისთვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ეფექტიანი ზომების გატარებას, საჰაერო ხომალდის დაცვისა და მგზავრების, ეკიპაჟის, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის და ბორტზე არსებული მარაგების ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს შემოწმების მიზნით; თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე დადებითად განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას გონივრულობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების სპეციალური ზომები კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან ამგვარი საფრთხის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დაეხმარებიან კომუნიკაციის გამარტივებისა და სხვა შესაბამისი ზომების გატარების გზით, რომლებიც მიმართულია ამგვარი ინცინდენტის ან საფრთხის შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ აღმოფხვრისკე