1. საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ აღებული ვალდებულება დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ჩარევისგან წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის, „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი დამატებითი ოქმის, „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის დებულებების, ასევე, საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.

3. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე.

4. ორმხრივი ურთიერთობისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება როგორც კონვენციის დანართები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე.

5. გარდა ამისა, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მოითხოვონ, რომ საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა რეგისტრაციის ადგილი მათ ტერიტორიაზეა, ან საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა და თავიანთ ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებმა იმოქმედონ საავიაციო უშიშროების იმ დებულებათა შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე.

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ თავისმა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებმა დაიცვან ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე იყენებს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის, ან ტერიტორიაზე ყოფნისთვის.

7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ზომების ეფექტიანად გატარებას, საჰაერო ხომალდის დაცვის, მგზავრების, ეკიპაჟისა და ხელბარგის სკრინინგის, და ჩასხდომა-ჩატვირთვამდე ბარგის, ტვირთისა და ბორტზე არსებული მარაგების სათანადოდ შემოწმების მიზნით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე თანახმაა დადებითად გადაწყვიტოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც შეეხება კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით, გონივრულობის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღებას.

8. თუ ადგილი აქვს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ინციდენტს, ან ამგვარი ინციდენტის საფრთხეს, ან სხვა უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებისა და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელების გზით, რომელთა მიზანია ამგვარი ინცინდენტის ან მისი საფრთხის აღკვეთა შეძლებისდაგვარად სწრაფად და სიცოცხლისთვის მინიმალური რისკით.

9. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს მის მიერ პრაქტიკულად მიჩნეული ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე ხმელეთზე მყოფი მეორე ხელშემკვრელი მხარის ის საჰაერო ხომალდი, რომლის მიმართაც განხორციელდა უკანონო ხელში ჩაგდების ან უკანონო ხელყოფის სხვა აქტი, დარჩეს მის ტერიტორიაზე, თუ მისი გაფრენის აუცილებლობა განპირობებული არ არის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა სიცოცხლის დაცვის უპირატესი ინტერესით.

10. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს სათანადო საფუძველი აქვს ვარაუდისთვის, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის დებულებები, პირველი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება. ამგვარი მოთხოვნიდან (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების საფუძველს. გადაუდებელ შემთხვევებში, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ზომები მიიღოს თხუთმეტ (15)-დღიანი ვადის ამოწურვამდეც. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ზომა მოქმედებას შეწყვეტს როგორც კი მეორე ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ამ მუხლით გათვალისწინებულ უშიშროების დებულებებ