1. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის კოორდინაცია ხორციელდება დარგობრივი უნარების ორგანიზაციისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ფუნქციებია:

ა) შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირება/პროგნოზირება და პროფესიის სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება;

ბ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის:

ბ.ა) სასწავლო საწარმოებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება;

ბ.ბ) დუალურ სწავლებაში სასწავლო საწარმოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;

ბ.გ) პროგრამის შემუშავების/განხორციელებისა და პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესებში დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მხარდაჭერა;

ბ.დ) სასწავლო საწარმოსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი და კონფლიქტების პრევენციის მიზნით ღონისძიებების განხორციელება;

ბ.ე) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების დანერგვა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ბ.ვ) დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მხარდაჭერა, მათ შორის, სასწავლო საწარმოების კონსულტირება და სასწავლო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია;

გ) შუალედური შეფასებისას  დაწესებულებებსა და სასწავლო საწარმოებთან თანამშრომლობა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა-ორგანიზების უზრუნველყოფა ან/და მასში მონაწილეობა;

დ) დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან იურიდიული პირის/მეწარმე სუბიექტის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის შესაბამისობის შეფასების საკითხებში/პროცესებში დაწესებულებების ხელშეწყობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. პროფესიული უნარების სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართული მხარეების შესაძლებელობების გაძლიერება, მათ შორის, სწავლების, შეფასებისა და გამოცდების ორგანიზების საკითხებზე;

ბ) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი დარგის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების განხორციელება;

გ) დარგობრივი უნარების ორგანიზაციების მეთოდოლოგიური გზამკვლევის შემუშავება და დამტკიცება;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი III. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმე