1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ ვაგონში თანხლები პირის ყოფნა აკრძალულია. მისი განთავსება ნებადართულია რკინიგზის მიერ გამოყოფილ დახურულ ოთხღერძიან ვაგონში, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, უნდა ჰქონდეს გადასასვლელი მოედანი. ამგვარი ვაგონი ჩაითვლება ტვირთგამგზავნის გეგმის ანგარიშში და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტისა და სატრანსპორტო პოლიციის დაცვის განსათავსებლად რკინიგზა მას აღჭურავს ღუმელითა და საღუმელე მოწყობილობით.
2. თანმხლები სპეციალისტისა და დაცვის განსათავსებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული და მის მიერ მოწყობილი ვაგონი, რომელზეც გაცემულია სახელმწიფოს უფლებამოსილი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ორგანოს ცნობა ადამიანისა და ცხოველის გადასაზიდად მისი ვარგისობის შესახებ ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ შესაბამისად მოწყობილი მთლიანლითონური სამგზავრო ვაგონი.