ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (49 მუხლი)
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“
საზღვაო ომისათვის ჟენევის 1906 წლის კონვენციის პრინციპების გამოყენების შესახებ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის X კონვენციის გადასინჯვის მიზნით, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა ქვემორე ხელმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ნებისმიერ გარემოებაში დაიცვან და უზრუნველყონ წინამდებარე კონვენციის დაცვა.
მუხლი 2🔗
იმ დებულებათა გარდა, რომლებიც გამოიყენება მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს საომარ მდგომარეობას.
კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.
თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს.
მუხლი 3🔗
ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია, სულ მცირე, გამოიყენოს შემდეგი დებულებანი:
პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც დაყარეს იარაღი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე.
ამ მიზნით, აკრძალულია და ნებისმიერ დროსა და ადგილას აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებები:
პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
მძევლად აყვანა;
ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
სასჯელის დაკისრება და აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იმ სასამართლო გარანტიებს, რომლებიც ცივილიზებული ერების მიერ სავალდებულოდ არის აღიარებული.
დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები უნდა შეიფარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი მომსახურება.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ სპეციალური შეთანხმებების გზით წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ ძალაში შეიყვანონ.
ზემოაღნიშნული დებულებების გამოყენება გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე.
მუხლი 4🔗
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სახმელეთო და საზღვაო ძალებს შორის საომარი მოქმედებების შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ხომალდზე მყოფი შეიარაღებული ძალების მიმართ.
ხმელეთზე გადმოსხმისთანავე ეს ძალები მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მოქმედებას დაექვემდებარება.
მუხლი 5🔗
ნეიტრალური სახელმწიფოები წინამდებარე კონვენციის დებულებებს ანალოგიურად გამოიყენებენ კონფლიქტის მხარეთა შეიარაღებული ძალების დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ, რომლებიც მიღებული ან ინტერნირებული არიან მათ ტერიტორიაზე, ასევე ნაპოვნი ცხედრების მიმართაც.
მუხლი 6🔗
მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 31-ე, 36-ე, 37-ე და 52-ე მუხლებით სპეციალურად გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე, რომლის ცალკე დარეგულირებასაც ისინი მიიჩნევენ მიზანშეწონილად. არცერთი ასეთი სპეციალური შეთანხმება არ უნდა აუარესებდეს ავადმყოფთა და დაჭრილთა, სამედიცინო პერსონალისა და სამხედრო სასულიერო პირების წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას და არ უნდა შეეზღუდოთ კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებები.
ავადმყოფები, დაჭრილები და ხომალდდაღუპულები, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალი ისარგებლებენ აღნიშნული შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამ, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული ან შემდგომი შეთანხმებები შეიცავს ცალსახად საპირისპირო დებულებებს, ან კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ გამოიყენება უფრო ხელსაყრელი ზომები.
მუხლი 7🔗
ავადმყოფებს, დაჭრილებსა და ხომალდდაღუპულებს, აგრეთვე სამედიცინო პერსონალს და სასულიერო პირებს არცერთ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის წინამდებარე კონვენციით არის მინიჭებული ან გათვალისწინებულია წინა მუხლში აღნიშნული სპეციალური შეთანხმებებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗
წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მფარველი სახელმწიფოების თანამშრომლობითა და ზედამხედველობით, რომელთაც ეკისრებათ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ საკუთარი ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა. ამ დელეგატების დანიშვნისთვის საჭიროა იმ სახელმწიფოს თანხმობა, სადაც მათ უნდა შეასრულონ თავიანთი მისია.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს მათი მოვალეობების შესრულებისას.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ. მათი საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საგამონაკლისოდ და დროებით, როდესაც ეს გამოწვეულია გადაუდებელი სამხედრო აუცილებლობით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ უქმნის ჰუმანიტარულ საქმიანობას, რომლის განხორციელება შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან ნებისმიერ სხვა მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დაცვისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.
მუხლი 10🔗
მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ და წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება ანდონ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის ყველა გარანტიას.
თუ დაჭრილებსა და ავადმყოფებზე, აგრეთვე ხომალდდაღუპულებზე, ან სამედიცინო პერსონალსა და სასულიერო პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან წინამდებარე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, დამკავებელმა სახელმწიფომ თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, რომელიც ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დანიშნულ მფარველ სახელმწიფოს.
თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის უზრუნველყოფა, დამკავებელმა სახელმწიფომ, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ან მიიღოს ასეთი ორგანიზაციის, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შეთავაზება, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.
ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს სათანადო გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.
ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია, რომელიც მოწვეულია დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ ან თავად სთავაზობს ამ მიზნით საკუთარ მომსახურებას, ვალდებულია იმოქმედოს პასუხისმგებლობის გრძნობით კონფლიქტის იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციით დაცული პირები და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ ის შეძლებს შესაბამისი ფუნქციების საკუთარ თავზე აღებასა და მათ მიუკერძოებლად შესრულებას.
წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება ზემოთხსენებული მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.
მუხლი 11🔗
მფარველი სახელმწიფოები, დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის წინამდებარე კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების შემთხვევაში, როდესაც ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, კეთილ სამსახურს გაუწევენ მხარეებს აღნიშნული უთანხმოების მოსაგვარებლად.
ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების შეხვედრის გამართვა, კერძოდ, იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ ზრუნვაზე, შესაძლოა სათანადოდ შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მათთვის წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დასამტკიცებლად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები
მუხლი 12🔗
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მომდევნო მუხლში მითითებული სხვა პირები, რომლებიც ზღვაზე იმყოფებიან და არიან დაჭრილნი, ავადმყოფნი ან ხომალდდაღუპულნი, ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ პატივისცემითა და დაცვით. იგულისხმება, რომ ტერმინი „ხომალდის დაღუპვა“ მოიცავს ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ხომალდის დაღუპვას და აგრეთვე მოიცავს იძულებით დაშვებას ზღვაში თვითმფრინავით ან თვითმფრინავიდან.
აღნიშნულ პირებს კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი აღმოჩნდებიან, ყველა შემთხვევაში უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და მოუარონ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავსი კრიტერიუმების საფუძველზე. მათი სიცოცხლისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება მკაცრად აკრძალულია; კერძოდ, მათი მოკვლა ან სიცოცხლის მოსპობა, მათზე წამების ან ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო დახმარებისა და მოვლის გარეშე დატოვება, აგრეთვე განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მათ დასნეულებას გამოიწვევს.
სამედიცინო დახმარების გაწევისას უპირატესობა შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებით.
ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესისათვის შესაბამისი სათანადო ყურადღებითა და პატივისცემით.
მუხლი 13🔗
წინამდებარე კონვენცია ვრცელდება იმ დაჭრილებზე, ავადმყოფებზე და ხომალდდაღუპულებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს:
კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, აგრეთვე ამ ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების წევრები.
სხვა სახალხო ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების წევრები, აგრეთვე ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების წევრები, რომლებიც ეკუთვნიან კონფლიქტის მონაწილე მხარეს და მოქმედებენ როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები, რაზმები და მოძრაობები აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ჰყავთ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია თავის ხელქვეითებზე;
გააჩნიათ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;
ღიად ატარებენ იარაღს;
თავიანთ ოპერაციებს ახორციელებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.
რეგულარული შეიარაღებული ძალების წევრები, რომლებიც თავს მიიჩნევენ იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად, რომელსაც არ ცნობს მათი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო.
პირები, რომლებიც თან ახლავენ შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ არ შედიან მათ შემადგენლობაში, როგორებიც არიან: სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები,აგრეთვე შეიარაღებული ძალების ყოფითი მომსახურების უზრუნველყოფაში ჩართული პირები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელთაც თან ახლავენ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, კაპიტნები, ლოცმანები და იუნგები, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟები, თუ ისინი საერთაშორისო სამართლის სხვა დებულებების საფუძველზე არ სარგებლობენ უფრო შეღავათიანი რეჟიმით.
არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სპონტანურად იღებს იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ისე რომ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ორგანიზებას და, ამასთან, ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.
მუხლი 14🔗
მეომარი მხარის ნებისმიერ სამხედრო ხომალდს აქვს უფლება, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, მოითხოვოს სამხედრო ჰოსპიტალურ ხომალდებზე, აგრეთვე საქველმოქმედო საზოგადოებათა ან კერძო პირთა ჰოსპიტალურ გემებზე, ასევე სავაჭრო გემებზე, იახტებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდდაღუპულების გადაცემა, იმ პირობით, რომ დაჭრილთა და ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა მათი გადაყვანის საშუალებას და რომ სამხედრო ხომალდს შეუძლია უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო მოვლისათვის სათანადო პირობები.
მუხლი 15🔗
იმ შემთხვევაში, როდესაც დაჭრილები, ავადმყოფები ან ხომალდდაღუპულები აყვანილნი არიან ნეიტრალური სამხედრო ხომალდის ბორტზე ან ნეიტრალური სამხედრო საჰაერო ხომალდზე, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ მათ აღარ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.
მუხლი 16🔗
მე-12 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ჩაითვლებიან სამხედრო ტყვეებად და მათზე ვრცელდება საერთაშორისო სამართლის ნორმები სამხედრო ტყვეების შესახებ. ტყვედ ამყვანს უფლება აქვს, გარემოებათა გათვალისწინებით გადაწყვიტოს, მიზანშეწონილია თუ არა ტყვეების დაკავება, გადაყვანა საკუთარი სახელმწიფოს პორტში, ნეიტრალურ პორტში ან თუნდაც მოწინააღმდეგის პორტში. უკანასკნელ შემთხვევაში, ამ წესით საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული სამხედრო ტყვეები ომის განმავლობაში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში.
მუხლი 17🔗
ნეიტრალურ პორტში ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები, ნეიტრალურ სახელმწიფოსა და მეომარ მხარეებს შორის საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად, იმგვარად უნდა იყვნენ დაცულნი ნეიტრალური სახელმწიფოს მიერ, რომ ვერ შეძლონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.
ჰოსპიტალიზაციისა და ინტერნირების ხარჯები იმ სახელმწიფომ უნდა გაიღოს, რომელსაც მიეკუთვნებიან დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპული პირები.
მუხლი 18🔗
ყოველი შეტაკების შემდეგ კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა ხომალდდაღუპულთა, დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსაძებნად და მათ ასაყვანად, მათი დაცვისათვის გაძარცვისა და არაჰუმანური მოპყრობისაგან, მათი სათანადო მოვლის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დაღუპულთა მოსაძებნად და მათი გაძარცვის თავიდან ასაცილებლად.
როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა დადონ ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარშემორტყმული ზონიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა საზღვაო გზით ევაკუაციის შესახებ, აგრეთვე ამ ზონისკენ მიმავალი სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის გატარების შესახებ.
მუხლი 19🔗
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აწარმოონ იმ მონაცემების აღრიცხვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ხელში აღმოჩენილი მოწინააღმდეგე მხარის ხომალდდაღუპულთა, დაჭრილთა, ავადმყოფთა და დაღუპულთა ვინაობის დადგენას. ეს ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად, უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი;
სამხედრო ნაწილის, პირადი ან სერიული ნომერი;
გვარი;
სახელი ან სახელები;
დაბადების თარიღი;
ყველა სხვა მონაცემი, რომელიც მითითებულია მის პირადობის მოწმობაში ან ამოსაცნობ მედალიონზე;
დატყვევების ან გარდაცვალების თარიღი და ადგილი;
მონაცემები დაჭრის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა გადაეცეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს, რომელიც ამ ინფორმაციას მფარველი სახელმწიფოსა და სამხედრო ტყვეების საქმეთა ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით გადასცემს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა მოამზადონ გარდაცვალების მოწმობები ან სათანადოდ დამოწმებული გარდაცვლილთა სიები და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცენ. მათ ასევე უნდა შეაგროვონ და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცენ ორმაგი ამოსაცნობი მედალიონის ნახევარი ან, თუ მედალიონი ერთმაგია, თვით მედალიონი, ანდერძები და სხვა დოკუმენტები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ გარდაცვლილთა ოჯახისათვის, აგრეთვე ფული და ყველა ნივთი, რომელსაც აქვს მატერიალური ან სენტიმენტალური ღირებულება და რომელიც გარდაცვლილებთან იქნა ნაპოვნი. ეს ნივთები, აგრეთვე ამოუცნობი ნივთები, გადაიგზავნება დალუქულ ამანათებში, რომელთაც ერთვის განცხადება, რომელიც შეიცავს გარდაცვლილთა მესაკუთრეების ვინაობის დასადგენად საჭირო ყველა მონაცემს, აგრეთვე ამანათის შიგთავსის სრულ ნუსხას.
მუხლი 20🔗
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, შეძლებისდაგვარად, უნდა უზრუნველყონ, რომ გარდაცვლილთა ზღვაში დასაფლავება განხორციელდეს ინდივიდუალურად და მას წინ უძღოდეს ცხედართა საგულდაგულო გამოკვლევა, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევა, სიკვდილის დადასტურების, ვინაობის დადგენისა და ანგარიშის შედგენის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ორმაგი ამოსაცნობი მედალიონი, მისი ერთი ნახევარი უნდა დარჩეს ცხედარზე. თუ გარდაცვლილები ხმელეთზე გადმოყვანილნი არიან, მათზე ვრცელდება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დებულებები.
მუხლი 21🔗
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ნეიტრალური სავაჭრო გემების, იახტებისა და სხვა მცურავი საშუალებების მეთაურებს დახმარების გაწევის მოწოდებით, რათა მათ ბორტზე აიყვანონ დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები, მოუარონ მათ და აგრეთვე მოიძიონ გარდაცვლილები.
ნებისმიერი ტიპის ხომალდები, რომლებიც ასეთ მოწოდებას გამოეხმაურებიან, აგრეთვე ისინი, რომლებიც საკუთარი ინიციატივით აიყვანენ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდდაღუპულებს, ამ დახმარების გაწევისათვის სარგებლობენ სპეციალური დაცვითა და ხელშეწყობით.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი დაკავება ასეთი ტიპის გადაყვანის განხორციელების გამო; თუმცა, საწინააღმდეგო დაპირების არარსებობის შემთხვევაში, ისინი შეიძლება დაექვემდებარონ დაკავებას ნეიტრალიტეტის შესაძლო დარღვევის გამო.
ჰოსპიტალური ხომალდები
მუხლი 22🔗
სამხედრო ჰოსპიტალურ ხომალდებზე, ანუ იმ ხომალდებზე, რომლებიც სახელმწიფოების მიერ სპეციალურად და მხოლოდ დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა დახმარების, მკურნალობისა და გადაყვანის მიზნით არის აგებული ან აღჭურვილი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათზე თავდასხმა ან მათი დაკავება. ისინი ყოველთვის უნდა სარგებლობდნენ პატივისცემითა და დაცვით, იმ პირობით, რომ მათი დასახელება და აღწერილობა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ეცნობებათ მათ გამოყენებამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.
შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული სარეგისტრაციო ბრუტო-ტონაჟის მონაცემები, ხომალდის სიგრძე ცხვირიდან კიჩომდე, აგრეთვე ანძებისა და მილების რაოდენობა.
მუხლი 23🔗
დაუშვებელია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ სანაპირო დაწესებულებებზე ზღვიდან თავდასხმა ან ცეცხლის გახსნა.
მუხლი 24🔗
ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებიც გამოიყენება წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებების, ოფიციალურად აღიარებული დახმარების საზოგადოებების ან კერძო პირების მიერ, სარგებლობენ სამხედრო ჰოსპიტალური ხომალდებისათვის მინიჭებული იმავე დაცვით და არ ექვემდებარებიან დაკავებას, იმ პირობით, რომ კონფლიქტის მონაწილე იმ მხარემ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, მათ მიანიჭა ოფიციალური უფლებამოსილება და დაცულია 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მოთხოვნები.
ამ ხომალდებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც ადასტურებს, რომ აღჭურვისა და გაგზავნის მომენტში ისინი აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მუხლი 25🔗
ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებიც გამოიყენება წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებების, ოფიციალურად აღიარებული დახმარების საზოგადოებების ან კერძო პირების მიერ, სარგებლობენ სამხედრო ჰოსპიტალური ხომალდებისათვის მინიჭებული იმავე დაცვით და არ ექვემდებარებიან დაკავებას, იმ პირობით, რომ თავიანთი მთავრობის წინასწარი თანხმობითა და შესაბამისი კონფლიქტის მხარის ნებართვით ისინი თავს დაუქვემდებარებენ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს და რომ დაცულია 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მოთხოვნები.
მუხლი 26🔗
22-ე, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება ნებისმიერი ტონაჟის ჰოსპიტალურ ხომალდებზე და მათ სამაშველო ნავებზე, მიუხედავად მათი მოქმედების ადგილისა. თუმცა, მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა ეცადონ, შორ მანძილებზე და ღია ზღვაში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა გადასაყვანად გამოიყენონ მხოლოდ 2,000 ბრუტო ტონაზე მეტი ტონაჟის მქონე ჰოსპიტალური ხომალდები.
მუხლი 27🔗
სახელმწიფოს ან ოფიციალურად აღიარებული დახმარების საზოგადოების მიერ სანაპირო სამაშველო ოპერაციებისთვის გამოყენებული მცირე ხომალდები სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით იმავე პირობებით, რომლებიც 22-ე და 24-ე მუხლებითაა გათვალისწინებული, იმდენად, რამდენადაც ამას ოპერატიული მოთხოვნები იძლევა.
იგივე წესი ვრცელდება ფიქსირებულ სანაპირო ნაგებობებზე, რომლებიც ამ ხომალდების მიერ გამოიყენება მხოლოდ მათი ჰუმანიტარული მისიების შესასრულებლად.
მუხლი 28🔗
სამხედრო ხომალდის ბორტზე საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, ლაზარეთები უნდა სარგებლობდეს პატივისცემით და დაცვით, შეძლებისდაგვარად. ლაზარეთები და მათი აღჭურვილობა ექვემდებარება ომის კანონებს, თუმცა არ შეიძლება მათი თავისი დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნით გამოყენება მანამ, სანამ ისინი საჭიროა დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის. თუმცა, მეთაურს, რომლის ხელშიც ისინი აღმოჩნდებიან, შეუძლია, უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ისინი სხვა მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია იქ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სათანადო მოვლა.
მუხლი 29🔗
ნებისმიერ ჰოსპიტალურ ხომალდს, რომელიც იმყოფება პორტში, რომელიც მოწინააღმდეგის ხელშია, უნდა მიეცეს ამ პორტის დატოვების უფლება.
მუხლი 30🔗
22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდები დახმარებას უწევენ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდდაღუპულებს მათი ეროვნული კუთვნილების განურჩევლად.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, არ გამოიყენონ ეს ხომალდები რაიმე სამხედრო მიზნისათვის.
ამგვარმა ხომალდებმა არ უნდა შეუშალონ ხელი მებრძოლთა მოძრაობას.
საბრძოლო მოქმედებების დროს და მათი დასრულების შემდეგ ისინი მოქმედებენ საკუთარი რისკით.
მუხლი 31🔗
კონფლიქტის მხარეებს აქვთ 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდების კონტროლისა და დათვალიერების უფლება. მათ შეუძლიათ უარი თქვან ხომალდების მხრიდან დახმარების მიღებაზე, მოსთხოვონ მათ ტერიტორიის დატოვება, განსაზღვრონ მათი კურსი, აკონტროლონ რადიოაპარატურისა და კავშირის სხვა საშუალებების გამოყენება და დააკავონ ეს ხომალდები არაუმეტეს 7 დღის ვადით, დათვალიერების მომენტიდან, თუ ამას მდგომარეობის სერიოზულობა მოითხოვს.
მხარეებს შეუძლიათ ხომალდზე დროებით დანიშნონ კომისარი, რომლის ერთადერთი მოვალეობა იქნება წინა პარაგრაფში მითითებულ დებულებათა საფუძველზე გაცემული ბრძანებების შესრულებაზე ზედამხედველობა.
შეძლებისდაგვარად, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ჰოსპიტალური ხომალდის ჟურნალში, ხომალდის მეთაურისთვის გასაგებ ენაზე, შეიტანენ მათ მიერ გაცემულ ბრძანებებს.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივი აქტით ან სპეციალური შეთანხმებით საკუთარ ჰოსპიტალურ ხომალდებზე განათავსონ ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც დაადასტურებენ წინამდებარე კონვენციის დებულებათა ზედმიწევნით შესრულებას.
მუხლი 32🔗
22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდები ნეიტრალურ პორტში ყოფნისას არ სარგებლობენ სამხედრო ხომალდებისათვის მინიჭებული სტატუსით.
მუხლი 33🔗
საომარი მოქმედებების განმავლობაში დაუშვებელია ჰოსპიტალურ ხომალდებად გადაკეთებული სავაჭრო ხომალდების გამოყენება სხვა მიზნებისთვის.
მუხლი 34🔗
დაცვა, რომლითაც ჰოსპიტალური ხომალდები და ლაზარეთები სარგებლობენ, შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის ზიანის მისაყენებლად მათი ჰუმანიტარული ვალდებულებების ფარგლებს გარეთ. დაცვა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება გონივრული ვადა. თუ ეს გაფრთხილება შედეგს არ გამოიღებს, დაცვა შეიძლება შეწყდეს.
კერძოდ, ჰოსპიტალურ ხომალდებს ეკრძალებათ საიდუმლო კოდების ფლობა ან გამოყენება რადიოგადამცემის ან კავშირის სხვა საშუალებებისათვის.
მუხლი 35🔗
ჰოსპიტალურ ხომალდებსა და მათზე არსებულ ლაზარეთებზე გავრცელებული დაცვის შეწყვეტის საფუძვლად არ ჩაითვლება შემდეგი გარემოებები:
ხომალდის ეკიპაჟი ან ლაზარეთის პერსონალი შეიარაღებულია წესრიგის დაცვის, თავდაცვის ან დაჭრილთა და ავადმყოფთა დაცვის მიზნით.
ხომალდზე არსებული აპარატურა გამოიყენება მხოლოდ ნაოსნობისა და კავშირის უზრუნველყოფისათვის.
ჰოსპიტალურ ხომალდებზე ან ლაზარეთებში აღმოჩენილია დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდდაღუპულებს ჩამორთმეული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჯერ არ ჩაბარებია შესაბამის სამსახურს.
ჰოსპიტალური ხომალდებისა და ლაზარეთების ჰუმანიტარული საქმიანობა ვრცელდება დაჭრილ, ავადმყოფ და ხომალდდაღუპულ სამოქალაქო პირებზე.
ჩვეულებრივ საჭირო რაოდენობაზე მეტი, მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების პერსონალის გადაყვანა და აღჭურვილობის გადატანა.
პირადი შემადგენლობა
მუხლი 36🔗
ჰოსპიტალური ხომალდების სასულიერო, სამედიცინო და სანიტარიული პერსონალი და მათი ეკიპაჟი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით; ჰოსპიტალურ ხომალდებზე სამუშაოს შესრულების დროს მათი დაკავება დაუშვებელია, იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ბორტზე დაჭრილები და ავადმყოფები.
მუხლი 37🔗
მე-12 და მე-13 მუხლებში ჩამოთვლილი პირების სამედიცინო და სასულიერო მომსახურებისათვის განკუთვნილი სასულიერო, სამედიცინო და სანიტარიული პერსონალი, მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში, სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით; მათ უფლება ექნებათ განაგრძონ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება დაჭრილთა და ავადმყოფთათვის. ამის შემდეგ პერსონალი უნდა დაბრუნდეს, როგორც კი ამას შესაძლებლად ჩათვლის მთავარსარდალი, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან. ხომალდის დატოვებისას მათ შეუძლიათ თან წაიღონ თავიანთი პირადი ნივთები.
თუმცა, თუ სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სასულიერო მოთხოვნილებების გამო აუცილებელი გახდება აღნიშნული პერსონალის ნაწილის დაყოვნება, უნდა იქნეს მიღებული ყველა ზომა მათი უმოკლეს ვადაში ხმელეთზე დაბრუნებისათვის.
ხმელეთზე გადასხმის შემდეგ დაკავებულ პერსონალზე ვრცელდება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დებულებები.
სანიტარიული ტრანსპორტი
მუხლი 38🔗
ამ მიზნით დაქირავებული ხომალდები უფლებამოსილნი არიან გადაიტანონ მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების დაჭრილთა და ავადმყოფთა მკურნალობისათვის ან დაავადებების პრევენციისათვის, იმ პირობით, რომ მათი რეისის შესახებ მონაცემები წინასწარ ეცნობება მოწინააღმდეგე სახელმწიფოს და მის მიერ დამტკიცდება. მოწინააღმდეგე სახელმწიფოს უფლება აქვს დაათვალიეროს ეს ხომალდები, თუმცა არ შეუძლია მათი დაკავება ან ამ ხომალდების მიერ გადატანილი აღჭურვილობის ჩამორთმევა.
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, გადატანილი აღჭურვილობის შემოწმების მიზნით, ამ ხომალდების ბორტზე შეიძლება განთავსდნენ ნეიტრალური დამკვირვებლები. ამ მიზნით, აღნიშნული აღჭურვილობა მათთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მუხლი 39🔗
სამედიცინო საჰაერო ხომალდები, ესე იგი საჰაერო აპარატები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა ევაკუაციისათვის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის გადატანისთვის, არ შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი; ისინი უნდა სარგებლობდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა პატივისცემით, იმ შემთხვევებში, როდესაც ასრულებენ ფრენას კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმებით განსაზღვრულ სიმაღლეზე, დროსა და მარშრუტებზე.
ეროვნული დროშის ფერებთან ერთად, ქვედა, ზედა და გვერდით ზედაპირებზე მათ უნდა ჰქონდეთ 41-ე მუხლში მითითებული მკაფიოდ განსაზღვრული განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, უნდა ჰქონდეთ დადგენილი სხვა ნიშანი ან ამოსაცნობი საშუალებები საომარი მოქმედებების დასაწყისში ან მათი მიმდინარეობისას.
თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, კონფლიქტის მეორე მხარის ტერიტორიაზე ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაფრენა აკრძალულია.
სამედიცინო საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ მიწაზე დაფრენის ან წყალზე დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი ბორტზე მყოფ პირებთან ერთად აგრძელებს ფრენას.
კონფლიქტის მეორე მხარის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იძულებითი დაშვების შემთხვევაში, ეკიპაჟი, აგრეთვე დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ითვლებიან სამხედრო ტყვეებად. სამედიცინო პერსონალს უნდა მოეპყრონ 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 40🔗
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, წინამდებარე მუხლის მეორე აბზაცში მითითებული პირობების დაცვით, შეუძლიათ გადაუფრინონ ნეიტრალური სახელმწიფოების ტერიტორიას და დაეშვან აღნიშნულ ტერიტორიაზე აუცილებლობის შემთხვევაში ან შუალედური გაჩერების მიზნით. მათ წინასწარ უნდა აცნობონ ნეიტრალურ სახელმწიფოებს თავიანთი გადაფრენის შესახებ და დაემორჩილონ მიწაზე დაფრენის ან წყალზე დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. ისინი თავდასხმისაგან დაცული იქნებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ფრენას ასრულებენ იმ მარშრუტებზე, სიმაღლეებსა და დროებში, რომლებიც სპეციალურად არის განსაზღვრული კონფლიქტის მონაწილე მხარეებსა და შესაბამის ნეიტრალურ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით.
ნეიტრალურ სახელმწიფოებს შეუძლიათ, საკუთარ ტერიტორიაზე, დააწესონ სამედიცინო საჰაერო ხომალდების ფრენის ან დაფრენის პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც თანაბრად გავრცელდება კონფლიქტის ყველა მხარეზე.
თუ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ნეიტრალურმა სახელმწიფომ, როდესაც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, უნდა დააყოვნოს იმგვარად, რომ მათ ვეღარ შეძლონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. მათი ჰოსპიტალიზაციისა და ინტერნირების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან.
განმასხვავებელი ემბლემა
მუხლი 41🔗
კომპეტენტური სამხედრო ხელისუფლების ზედამხედველობით, თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის ემბლემა გამოისახება დროშებზე, სამკლაურებსა და სამედიცინო სამსახურის მიერ გამოყენებულ ყველა აღჭურვილობაზე.
თუმცა, იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც ემბლემის სახით წითელი ჯვრის ნაცვლად უკვე იყენებენ თეთრ ფონზე გამოსახულ წითელ ნახევარმთვარეს ან წითელ ლომსა და მზეს, ეს ემბლემებიც აღიარებულია წინამდებარე კონვენციით და ასევე სარგებლობენ დაცვით.
მუხლი 42🔗
36-ე და 37-ე მუხლებში ნახსენები პერსონალი მარცხენა ხელზე ატარებს წყალგამძლე სამკლაურს, რომელზეც გამოსახულია განმასხვავებელი ემბლემა, რომელიც გაცემულია და ბეჭდით დამოწმებულია სამხედრო ხელისუფლების მიერ.
ამ პერსონალს, მე-19 მუხლში მითითებული პირადობის დამადასტურებელი მედალიონის გარდა, უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ემბლემით აღჭურვილი სპეციალური პირადობის მოწმობა. ეს მოწმობა უნდა იყოს წყალგამძლე და ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება. იგი შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ენაზე და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, მფლობელის გვარსა და სახელს, დაბადების თარიღს, სამხედრო წოდებასა და პირად ნომერს, აგრეთვე მითითებას იმ საფუძვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი სარგებლობს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დაცვით. მოწმობაზე უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, მისი ხელმოწერა ან თითის ანაბეჭდი, ან ორივე ერთად. იგი უნდა იყოს დამოწმებული სამხედრო ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით.
ჯარს შიგნით უნდა არსებობდეს ერთნაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, უნდა იყოს ერთიანი ფორმის და, შეძლებისდაგვარად, მსგავსი ტიპის მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებულ ძალებშიც. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშით. საომარი მოქმედებების დაწყებისას ისინი ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. პირადობის მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა დამზადდეს მინიმუმ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს შეინახავს სახელმწიფო, რომელსაც ეს პირი მიეკუთვნება.
ზემოთაღნიშნულ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას განმასხვავებელი ნიშნები ან პირადობის მოწმობა, ისევე როგორც სამკლაურის ტარების უფლება. მათი დაკარგვის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს მოწმობისა და განსხვავების ნიშნების დუბლიკატები.
მუხლი 43🔗
22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდები უნდა გამოირჩეოდნენ შემდეგი ნიშნებით:
გარეთა ზედაპირი უნდა იყოს მთლიანად თეთრი;
ერთი ან რამდენიმე მუქი წითელი ჯვარი, რაც შეიძლება დიდი ზომის, უნდა იყოს გამოსახული კორპუსის თითოეულ მხარესა და ჰორიზონტალურ სიბრტყეებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური ხილვადობა ზღვიდან და ჰაერიდან.
ყველა ჰოსპიტალურმა ხომალდმა საკუთარი ამოცნობისათვის უნდა აღმართოს ეროვნული დროშა და თუ იგი ნეიტრალურ სახელმწიფოს ეკუთვნის, ასევე კონფლიქტის იმ მხარის დროშა, რომლის განკარგულებაში იმყოფება. თეთრი დროშა წითელი ჯვრის გამოსახულებით მთავარ ანძაზე რაც შეიძლება მაღლა უნდა იყოს აღმართული.
ჰოსპიტალური ხომალდების სამაშველო ნავები, სანაპირო მაშველი გემები და სამედიცინო სამსახურის მიერ გამოყენებული ყველა მცირე გემი უნდა იყოს თეთრად შეღებილი და მასზე მკაფიოდ უნდა იყოს გამოსახული მუქი წითელი ჯვრები; ისინი, ზოგადად, უნდა შეესაბამებოდნენ ჰოსპიტალური ხომალდებისათვის დადგენილ ამოცნობის წესებს.
ზემოაღნიშნულმა ხომალდებმა და გემებმა, თუ ისინი მიზნად ისახავენ მათთვის მინიჭებული დაცვით ეფექტიან სარგებლობას ღამისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, კონფლიქტის იმ მხარის თანხმობით, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებიან, უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა მათი შეფერილობა და განმასხვავებელი ემბლემები მკაფიოდ ჩანდეს.
31-ე მუხლის შესაბამისად, მეორე კონფლიქტის მხარის მიერ დროებით დაკავებულმა ჰოსპიტალურმა ხომალდებმა უნდა დაუშვან იმ მხარის დროშა, რომლის სამსახურშიც იმყოფებიან ან რომლის დაქვემდებარებაშიც არიან.
სანაპირო სამაშველო გემებს, თუ ისინი აგრძელებენ მოქმედებას ოკუპირებული ბაზებიდან ოკუპანტი სახელმწიფოს თანხმობით, შეიძლება მიეცეთ უფლება ზღვაში ყოფნისას კვლავ აღმართონ საკუთარი ეროვნული დროშა თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის დროშასთან ერთად, იმ პირობით, რომ ამის შესახებ წინასწარ ეცნობება კონფლიქტის ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ამ მუხლში წითელი ჯვრის ემბლემასთან დაკავშირებული ყველა დებულება თანაბრად ვრცელდება 41-ე მუხლში მითითებულ ყველა სხვა ემბლემზე.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყოველთვის შეეცდებიან დადონ შეთანხმებები, რათა გამოიყენონ ყველაზე თანამედროვე ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს ჰოსპიტალური ხომალდების ამოცნობას.
მუხლი 44🔗
43-ე მუხლში მითითებული განმასხვავებელი ნიშნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მშვიდობიან დროს, ისე ომის დროს მხოლოდ იმავე მუხლში მითითებული ხომალდების აღნიშვნის ან დაცვის მიზნით. გამონაკლისები შეიძლება განისაზღვროს სხვა საერთაშორისო კონვენციით ან კონფლიქტის მონაწილე ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დადებული შეთანხმებით.
მუხლი 45🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, თუ მათი არსებული კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს შესაბამის რეგულირებას, ვალდებულნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ნებისმიერ დროს თავიდან აიცილონ და აღკვეთონ 43-ე მუხლით გათვალისწინებული განმასხვავებელი ნიშნების ნებისმიერი ბოროტი გამოყენება.
კონვენციის შესრულება
მუხლი 46🔗
კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე, თავისი მთავარსარდლობის მეშვეობით და წინამდებარე კონვენციის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოფს წინა მუხლების ზედმიწევნით შესრულებას და მიიღებს ზომებს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის.
მუხლი 47🔗
აკრძალულია რეპრესალიები კონვენციით დაცული დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდდაღუპულების, პერსონალის, ხომალდებისა და აღჭურვილობის მიმართ.
მუხლი 48🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, თავიანთ სახელმწიფოებში წინამდებარე კონვენციის ტექსტი რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მისი პრინციპები ცნობილი გახდეს მთელი მოსახლეობისათვის და, განსაკუთრებით, შეიარაღებული ძალების, სამედიცინო პერსონალისა და სამხედრო სასულიერო პირებისთვის.
მუხლი 49🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო საომარი მოქმედებების დროს მფარველი სახელმწიფოების მეშვეობით, ერთმანეთს გადასცემენ წინამდებარე კონვენციის ოფიციალურ თარგმანებს, აგრეთვე კანონებსა და დადგენილებებს, რომელთაც ისინი შეიძლება მიიღონ მისი შესრულების უზრუნველსაყოფად.
ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა
მუხლი 50🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას მიიღონ ყველა აუცილებელი საკანონმდებლო ღონისძიება, რათა დაწესდეს ეფექტური სისხლისსამართლებრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩაიდენენ ან გასცემენ ბრძანებას მომდევნო მუხლით განსაზღვრული კონვენციის მძიმე დარღვევების ჩასადენად.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ედებათ ბრალად ასეთი მძიმე დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა, და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, წარადგინოს ისინი საკუთარი სასამართლოების წინაშე. მას ასევე შეუძლია, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი პირები გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს სასამართლოს წინაშე წარსადგენად, იმ პირობით, რომ ამ მხარეს აქვს ბრალდებისათვის საკმარისი პირველადი მტკიცებულებები. ასევე შეუძლია ასეთი პირები, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, თუ ამ მხარეს ბრალდებისათვის საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები წინამდებარე კონვენციის დებულებების საწინააღმდეგო სხვა ქმედებების აღსაკვეთად, გარდა მომდევნო მუხლით განსაზღვრული მძიმე დარღვევებისა.
ბრალდებული პირები ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებითა და დაცვის უფლებით, რომლებიც არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით.
მუხლი 51🔗
წინა მუხლში მითითებული მძიმე დარღვევები მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახ მკვლელობას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას, წინასწარ განზრახ მძიმე ტანჯვის ან სხეულისათვის ან ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენებას, აგრეთვე სამხედრო აუცილებლობით გაუმართლებელ, ფართომასშტაბიან უკანონო და თვითნებურ ქონების განადგურებასა და მითვისებას.
მუხლი 52🔗
არცერთ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს უფლება გაათავისუფლოს საკუთარი თავი ან სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარე პასუხისმგებლობისაგან, რომელიც წარმოიშობა წინა მუხლში მითითებული დარღვევების გამო.
მუხლი 53🔗
კონფლიქტის რომელიმე მხარის მოთხოვნით, დაინტერესებულ მხარეთა მიერ შეთანხმებული წესით, უნდა ჩატარდეს გამოძიება კონვენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ.
თუ გამოძიების პროცედურაზე მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც განსაზღვრავს გამოსაყენებელ პროცედურას.
როგორც კი დადგინდება დარღვევა, მხარეები დაუყოვნებლივ აღკვეთენ მას და უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს პასუხისმგებელ პირთა დასასჯელად.
დასკვნითი დებულებები
მუხლი 54🔗
წინამდებარე კონვენცია შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო უზრუნველყოფს კონვენციის ოფიციალური თარგმანის შესრულებას რუსულ და ესპანურ ენებზე.
მუხლი 55🔗
მოცემული თარიღით დათარიღებული წინამდებარე კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოსაწერად ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ 1949 წლის 21 აპრილს ჟენევაში გახსნილ კონფერენციაში, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ამ კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ არიან მხარეები 1907 წლის 18 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის საზღვაო ომში ჟენევის კონვენციის პრინციპების გამოყენების შესახებ (X კონვენცია) ან ჟენევის 1864, 1906 ან 1929 წლების კონვენციების, მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
მუხლი 56🔗
წინამდებარე კონვენცია უნდა იქნეს რატიფიცირებული შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში.
ყოველი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებული ასლი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გადაეცემა ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან გაკეთდა განცხადება შეერთების შესახებ.
მუხლი 57🔗
წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შემდგომში იგი თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 58🔗
მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობებში წინამდებარე კონვენცია ცვლის 1907 წლის 18 ოქტომბრის ჰააგის X კონვენციას საზღვაო ომში ჟენევის 1906 წლის კონვენციის პრინციპების გამოყენების შესახებ.
მუხლი 59🔗
წინამდებარე კონვენცია მისი ძალაში შესვლის დღიდან ღიაა შეერთებისათვის ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია.
მუხლი 60🔗
შეერთების შესახებ შეტყობინებები წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს და ძალაში შევა მათი მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეერთების შესახებ აცნობებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომლის მიერ შეერთების შესახებ შეტყობინება იქნა გაკეთებული.
მუხლი 61🔗
დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას, ასევე განცხადებები შეერთების შესახებ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა გააკეთეს საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დაწყებამდე, ან მის შემდეგ ძალაში შედის დაუყოვნებლივ. შვეიცარიის ფედერალური საბჭო უმოკლეს ვადაში აცნობებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან მიღებულ სარატიფიკაციო სიგელების ან შეერთების შესახებ განცხადებების თაობაზე.
მუხლი 62🔗
ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია.
დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც ამ შეტყობინებას გადასცემს ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას.
დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც მოცემული სახელმწიფო კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და იმ ოპერაციების დასრულებამდე, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციით დაცული პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან.
დენონსაცია იმოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართ, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, რადგან ისინი გამომდინარეობს ცივილიზებულ ხალხთა შორის დამკვიდრებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის კანონებიდან და საზოგადოებრივი სინდისის კარნახით.
მუხლი 63🔗
შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო ასევე აწვდის ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ ყველა სარატიფიკაციო სიგელის, შეერთებისა და დენონსაციის თაობაზე.
რის დასტურადაც, წინამდებარე კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა.
შესრულებულია ქ. ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი ან შეუერთდა მას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.08.1949.
- როდის იქნა მიღებული „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““?
- „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““ მიღებულია 12.08.1949. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12081949 - 2. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016861.
- სად არის „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.1949 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““, №12081949 - 2, 12.08.1949, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016861 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.1949). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6944953/