„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) „1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ბ) 2. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. გ) 6. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. “ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინი „მთავარი პროკურორი“ ჩანაცვლებულია ტერმინით „გენერალური პროკურორი“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 18. იმუნიტეტი 1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 2. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. 3. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის. 4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. 5. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით. 6. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.