„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#333/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ2“და „ფ3“ ქვეპუნქტი: „ფ2) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნას, აგრეთვე იმას, რომ უცხოელის მიმართ არ მიმდინარეობს გაძევების საკითხის განხილვა ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ არის მიღებული გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება; ფ3) უცხოელი − „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა;“; ა.ბ) „ჰ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“ ქვეპუნქტი: „ჰ11) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების გაწევა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ10“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს უცხოელის მიერ სააგენტოში ან სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი განცხადების ან/და ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა, ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად სავალდებულო არ არის მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება.“. 3. მე-6 მუხლის: ა) „ჰ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი: „ჰ6) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა – 50 ლარი.“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი: „26. საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 4. მე-7 მუხლის: ა) „კ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ4“ ქვეპუნქტი: „კ4) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა – 10 სამუშაო დღე;“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობას იმ უცხოელისთვის, რომელიც სახელმწიფო სერვისის მიღებას მოითხოვს, ხოლო აღნიშნული ცნობა გაიცემა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მიზნით აუცილებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქციად განისაზღვროს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა, ამასთან დადგინდეს ცნობის გაცემის ვადა და საფასური. ზემოაღნიშნულის მიზნით მომზადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, საფასურის განაკვეთებს, მათი გადახდის წესსა და პირობებს, ამიტომ აუცილებელია ცვლილება შევიდეს დასახელებულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წინამდებარე კანონის პროექტის მიღებით სააგენტოს ფუნქციად განისაზღვრება საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა, დადგინდება ცნობის გაცემის ვადა და საფასური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ − კანონი) და მე-3 მუხლს ემატება ტერმინი – საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა. დასახელებული ტერმინის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნას, აგრეთვე იმას, რომ უცხოელის მიმართ არ მიმდინარეობს გაძევების საკითხის განხილვა ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ არის მიღებული გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება. ამასთან, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლში და სააგენტოს ფუნქციებს ემატება ახალი ფუნქცია − საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა. ამავე მუხლში განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილება ზემოხსენებული ცნობის გაცემისას, უზრუნველყოს უცხოელის მიერ სააგენტოში ან სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი განცხადების ან/და ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად სავალდებულო არ იქნება მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის კანონის მე-6 და მე-7 მუხლებში, რომლითაც განისაზღვრება ცნობის გაცემის მომსახურების ვადა და საფასური. კერძოდ, დასახელებული ცნობა გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში, რომლისთვისაც საფასური იქნება 50 ლარი. რაც შეეხება ცნობის გაცემის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთებსა და მომსახურების ვადებს, აღნიშნული განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, აგრეთვე მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ცნობის გაცემის წესი. შესაბამისი ჩანაწერები ემატება კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შენიშვნებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. მომსახურების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით, განისაზღვრება სააგენტოს მიერ ახალი ტიპის მომსახურების გაწევა, კერძოდ, 10 დღის ვადაში საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა, რომლისთვისაც საფასური განისაზღვრება 50 ლარით. წარმოდგენილი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს. ამასთან, რამდენადაც სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობასაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ მომსახურების მიმღებ პირთა რაოდენობაზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, ბიუჯეტში მისაღები შემოსავლის ზრდა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ოდენობის საფასური და ვადები დადგინდება აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები, აგრეთვე ცნობა გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, აგრეთვე მინისტრის ბრძანებით. წარმოდგენილი კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილების აღსრულებისთვის აუცილებელია ცალკეული სამართლებრივი აქტის მიღება, რაც დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემის მომსახურებას სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც კადრების ზრდა არ იგეგმება, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები დაიფარება სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება (ახალი მომსახურების საფასურის შესახებ იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტი გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ამ ცვლილების შემდეგ ისარგებლებენ ზემოაღნიშნული მომსახურებით. ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება მისაღები სერვისის რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტით, ყალიბდება სააგენტოს მიერ ახალი ტიპის მომსახურების გაწევა, კერძოდ 10 დღის ვადაში საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემისთვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი მომსახურების საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული მსგავსი მომსახურების წლიური სტატისტიკა და მისი უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები. დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი საფასური შეესაბამება მომსახურების რეალურ თვითღირებულებას და წარმოადგენს თანაზომიერ ზომას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.