1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო(ები) დადგენილი მარშრუტებით სახელშეკრულებო ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, ამასთან მეორე ხელშემკვრელ მხარეს ეს წერილობით უნდა აცნობოს.
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე წერილობითი ფორმით ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის მიერ აღნიშნული ავიასაწარმოს სხვა ავიასაწარმოთი შეცვლის შესახებ.
3. ასეთი შეტყობინების მიღების შემთხვევაში მეორე ხელშემკვრელი მხარე მოცემული მუხლის 4 და 5 პუნქტების დებულებათა შესაბამისად დაუყოვნებლივ აძლევს ყველა დანიშნულ ავიასაწარმოს ფრენის შესაბამის უფლებას.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ ფრენის ნებართვის გაცემამდე შეუძლიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მოსთხოვონ იმის მტკიცებულებანი, რომ მას შეუძლია შეასრულოს პირობები, რომლებიც დადგენილია კანონებითა და წესებით, ჩვეულებრივ ეს ხელისუფალნი რომ იყენებენ საერთაშორისო საჰაერო ავიახაზების ექსპლუატაციისას, კონვენციის დებულებებით.
5. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს არ გასცეს მოცემული მუხლის 3 პუნქტით მითითებული ფრენის ნებართვა ან მოითხოვოს ისეთ პირობათა შესრულება, რომლებსაც ის საჭიროდ ჩათვლის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ წინამდებარე შეთანხმების 2 მუხლში მითითებულ უფლებათა გამოყენებისას, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აღნიშნულლ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს იმის მტკიცებულებანი, რომ ამ საწარმოს უპირატესი მფლობელი და მისდამი კონტროლის განმხორციელებელი არიან ამ ავიასაწარმო(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქენი.
6. დანიშნულ და ამრიგად ნებართვის მიმღებ ავიასაწარმოს(ებს) შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ ამოქმედებულია წინამდებარე შეთანხმების 6 და 13 მუხლების შესაბამისად დადგენილი ფრენის განრიგი და ტარიფები